ცხელი გულით და შიშველი ხელებით
ამბავი წყლის წისქვილებთან მებრძოლი რაინდებისა
კახეთი წყალს მიაქვს, თუმცა, საქართველოს მთავრობამ, როგორც ქვეყნის ამაგდარ მთავრობას შეეფერება, გასულ კვირას გასვლითი სხდომა თელავში ჩაატარა (ალბათ, პათოსით: როგორც ჩემი ხალხი იტანჯება, მეც ისევე უნდა დავიტანჯოო). ვისაც „ამაგდარი“ ეხამუშა, ვურჩევ, თვალი შეავლოს ბ-ნი გილაურის ვარცხნილობას და ის მის რამდენიმე წლის წინანდელს შეადაროს: შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, თვალსა და ხელს შუა გაგვიჭაღარავდა (იქნებ ნაადრევადაც დაგვიბერდა). რაც შეეხება მთავრობის სხდომას: ბ-ნი გილაური დაგვპირდა, რომ კახეთში 130 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის პარალელურად, ლამის სრულიად მთავრობა კახეთის რეგიონში იყო მობილიზებული, ბ-ნი ხაჩიძით დაწყებული და ბ-ნი ტყეშელაშვილით დამთავრებული (კახეთის გუბერნიის ხელმძღვანელობა ხომ სულ იქ არის და არის). ერთი სიტყვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ადიდებულ მდინარეებთან შესაბრძოლებლად შიშველი ხელებითაც კი მზად იყვნენ (და, რა თქმა უნდა, მკერდშიც ცხელი გული უძგერდათ!). თავის მხრივ, წყალდიდობას ცეცხლს საერთო მაუწყებლებიც უნთებდნენ: სტიქია მძვინვარებს, ხელისუფლება კი ყველა ღონეს ხმარობს კატასტროფის თავიდან ასაცილებლადო! თუმცა, არც იმას გვიმალავენ, რომ უხვი ნალექების გამო, მხოლოდ წყლის შემოტევას ვინღა ჩივის, მეწყრული სხეულებიც გააქტიურდნენ და, რაც წყალს გადაურჩება, მეწყერი მოუღებს ბოლოსო. ერთადერთ ნუგეშად ის დაგვიტოვეს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარეებში წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყებაო. თუ გავიხსენებთ, რომ ყოველწლიურად არა მხოლოდ კახეთი იტბორება, ქართველი გეოლოგები კი, ასევე, ყოველწლიურად აკეთებენ მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების ანალიზს, ეს ჩვენი მთავრობა რაღაც უკუღმა მოქმედებს: მდინარეებში წყლის დონის დაწევისა და გამოდარების ლოდინს, სანამ არ წვიმდა და მდინარეებშიც წყლის დონე ნორმაში იდგა, ვინ უშლიდათ ან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ან წყალსაცავების გაწმენდას?! თუმცა, ისიცაა, პრევენციული ღონისძიებები რომ გაეტარებინათ, ხომ დარჩებოდათ ოხრად წყლის წისქვილებთან მებრძოლი რაინდების როლი?!