ძროხის ბედი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს საქმე თავზე საყრელად აქვს: აქეთ წყალდიდობაა (ანუ სავარგულები ეტბორება და წვრილფეხ-მსხვილფეხიანად პირუტყვი ეხოცება), იქით – ქართულ სოფლის მეურნეობაში სიახლეებს ნერგავს (იმიტომ, რომ ახალგაზრდა და ენერგიულია!). ოპონენტები ქილიკობენ, იყო დრო, ბ-ნ კვეზერელს დედალი ძროხა მამალ ძროხაში ერეოდაო, მაგრამ იმ ინფორმაციამ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გასულ კვირას ეცნობა, დაადასტურა, რომ ეს ბინძური მონაჭორია! კერძოდ, ამ ჩვენს სამშობლოში ძროხების ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი შექმნილა, რომლის ავან-ჩავანზეც, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ჩვენი მინისტრი კვეზერელი გვესაუბრა (ეს მეთოდი უფრო ხარისხიან შთამომავლობასაც მოგვცემს და პირუტყვსაც გაგვიძლიერებსო). მართალია, ბ-ნი გიგა ბოკერია ერთ დროს გვარწმუნებდა, ვისაც საქართველოში სოფლის მეურნეობის აღორძინება უნდა, ის მუდმივი ჩამორჩენილობისთვის სწირავს ამ ქვეყანასო, მაგრამ, რეალურად, ჩვენი ბედი ქართული სოფლის ხელშია. შესაბამისად, მხოლოდ მისასალმებელია, თუ ჯანსაღი და ჯიშიანი ძროხები გვეყოლება (ქართული ცხვრის არ იყოს, იქნებ ქართულმა ძროხამაც მოხიბლოს ვინმე ინვესტორი). თუმცა, თუ თავად საქართველოს მოსახლეობამ დღევანდელი ტემპით განაგრძო კლება, ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის შექმნა არც ჩვენ გვაწყენდა.