„პრეზიდენტმა დაგვტოვა ნაჩუქარი თილისმით“
„პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა“
რაკი ბოლო სამიოდ კვირაა, ეულად ვართ (ვინაიდან „პრეზიდენტმა დაგვტოვა ნაჩუქარი თილისმით“), მონატრებას პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციებითღა თუ მოვიკლავთ. ჰოდა, ჩვენც ამ მეთოდს მივმართეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ 21 აპრილს ბ-ნ სააკაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. სიტყვით გამოსვლისას კი გაიხსენა, „როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ერთ საღამოს ოთახში სტუდენტის მოწმობა დამრჩა, ამის გამო კორპუსში არ შემიშვეს. პირველი ღამის გათენება, ისევე, როგორც პრეზიდენტ ობამას, მეც გარეთ მომიწია, მაგრამ, ეს არის ქალაქი, სადაც არავინ განგსჯის შენი სახელის ან შეხედულებების გამო. ბევრი რამ ვისწავლე და ახლაც ეს მეხმარება“. მონატრება იქით იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო მთლად ის ქვეყანაც ვერ არის, სადაც სახელის ან შეხედულებების გამო არ განგსჯიან, მთლად კარგადაც ვერ უსწავლებიათ ეს საკითხი ამ ჩვენი პრეზიდენტისთვის იმ ოჯახაშენებულ უნივერსიტეტში. ვერ უსწავლებიათ, რადგან, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილი მაშინვე არკადი გახდა, როგორც კი ხელისუფლებისა და მისი შეხედულებები ერთმანეთს ასცდა. იგივე ბედი ეწია ბ-ნ კიწმარიშვილსაც, რომელიც ეროსიდან უცბად იქცა ერასტად, როდესაც მისი და „ნაციონალების“ გზები გაიყარა. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჩვენ კვლავ ჩვენს მონატრებას ვუწამლოთ: „საქართველოს პრეზიდენტი ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა“; „საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა“; „საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკის მერს, მაიკლ ბლუმბერგს შეხვდა“. სულ ბოლო ცნობა 28 აპრილით თარიღდება: „მიხეილ სააკაშვილმა ლოს-ანჯელესში მიკლენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა“. კვირის მიწურულს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა კალანდაძემ გვამცნო, რომ პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში გადაიდო (რუმინეთის ეროვნულ დღესასწაულს ემთხვეოდაო). ის იყო, გულიდან კაეშანი უნდა გადაგვყროდა, რომ ქ-ნმა კალანდაძემ ცივი წყალი გადაგვასხა: „პრეზიდენტმა რუმინული მხარის შემოთავაზებით ისარგებლა (და მერე რა, რომ ეს შემოთავაზებას კი არა, უფრო უარს ჰგავდა) და ამერიკაში განაგრძო ვიზიტი“ (კერძოდ, ინვესტორებთან შეხვედრაო). ერთი სიტყვით, ჩვენი საქმე შემდეგნაირადაა: „პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა“, იმ განსხვავებით, რომ ავლილი ბევრს, ჩამოვლილი კი, აგერ უკვე სამი კვირაა, არავის უნახავს.