დღეგრძელი და ჟამგრძელი
ბუნებრივია, ჩვენ მეტად მძიმედ გადავიტანეთ უკრაინაში „ნარინჯისფერი“ ხელისუფლების შეცვლა (თუმცა, არც იმის აღნიშვნა დაგვავიწყდა, რომ ჩვენი „ვარდებისა“ უფრო დღეგრძელი და ჟამგრძელია, როგორც პრეზიდენტმა თქვა, იმიტომ რომ, ყველა საქმეს ცოდნა უნდაო!) და ამაზე არანაკლებ მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ვიქტორ იანუკოვიჩისა და დიმიტრი მედვედევის მიერ მიღწეული შეთანხმება შავი ზღვის რუსული ფლოტის ყირიმში დატოვების შესახებ. ამ შეთანხმებას კენჭი უკვე უყარა უკრაინულმა „რადამ“, იმის მიუხედავად, რომ „ნარინჯისფერი“ დეპუტატები ყოველმხრივ იყვნენ მობილიზებულნი კენჭისყრის ჩასაგდებად. მეტიც, კვერცხების სროლითაც კი ცდილობდნენ ამ პროცესის ჩაშლას, თუმცა, მათი მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან არც „რადას“ სპიკერის დაცვა აღმოჩნდა ჯაბანი, ხერხი იხმარა და კვერცხისროლიებს ქოლგები დაუპირისპირა. რაკი კვერცხებმა ვერ გაჭრა, დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ, თუმცა, ორთაბრძოლისთვის მეტად უჩვეულო ფორმა გამოიყენეს: ოპონენტებს თმაში სწვდნენ და, დროზე რომ არ გაეშველებინათ, ერთმანეთს ღერა-ღერა დააპუტავდნენ ქოჩორს. მთელი ამ ბაკქანალიის მიუხედავადაც, „რადამ“ ხმათა უმრავლესობით შეთანხმება მაინც დაამტკიცა. მეორე მხრივ, ქ-ნი ტიმოშენკოც გააქტიურდა და სრულიად უკრაინის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებით დაიმუქრა; მეტიც, უკრაინის 6 ოპოზიციური პარტიაც გაერთიანებულა რუსული ფლოტის ყირიმიდან გასაძევებლად (რუსული ფლოტის დატოვება უკრაინის რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებას ნიშნავსო). ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღოს, ყოველ შემთხვევაში, ბ-ნი იანუკოვიჩის მიერ თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამოწურვამდე (მაგალითად, ბორის ნემცოვი აცხადებს, რომ უკრაინამ რფ-ს იჯარის საფასურად ზღაპრული თანხაც მოსთხოვა და, არც ისაა გამორიცხული, რომ 2015 წლის არჩევნებში უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს და იმ ახალმა იანუკოვიჩის მიერ დადებული შეთანხმება გააუქმოს).
ასეა თუ ისე, ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს: მართალია, დღეს ჩვენს პარლამენტში ისეთი იდილიაა, რომ ბ-ნი თორთლაძე ხელსაც არ ამოისვამს თვალში, ბ-ნი წერეთელი რომ ჩაუვარდეს (ან, პირიქით), მაგრამ, იყო დრო, როდესაც, მაგალითად, აწ უმრავლესობის ლიდერი და რესპექტაბელური ბ-ნი ცისკარიშვილი „კასტეტით“ დარბოდა და ისეთი გაწევ-გამოწევები იმართებოდა, თავი ორთაჭალის ბაღში გეგონებოდა. ჰოდა, თუ ამ ყოველივეს „რადაში“ მომხდარს შევადარებთ, უდავოა, გარტყმა-გამორტყმაში ჩვენს რჩეულებზე უთქვამთ: „რა დედამ გშობათო“!