ვის, ვისი და რამდენი
„პატივსა ვხედავ და პატიჟისა მეშინის“
რაკი არჩევნები წმიდათაწმიდა საქმეა, ეს ჩვენი პოლიტიკოსები კი ისეთი თავდადებულნი არიან (სკამებისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში), რომ მათთვის უცხოა გრიგოლ ხანძთელისეული შეგონება: „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“: ზოგი იმას ფიქრობს, ვის მისცეს ხმა; ზოგიც – იმას, ვისი და რამდენი შეიძლება, მიიღოს. ამის პარალელურად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეც გადავიდა. „საგანგებომ“ გულუბრყვილოებს აფიქრებინა, რომ ხალხის რჩეულებს მუშაობის რიტმი დაეძაბათ, მაგრამ საქმე გაცილებით მარტივი და პროზაული აღმოჩნდა: საქართველოს პარლამენტმა არჩევნებამდე მუშაობა, უბრალოდ, შეწყვიტა, თუმცა, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქ-ნმა გოგორიშვილმა, განმარტა, რომ მხოლოდ სასესიო მუშაობა შეწყდება, თორემ, კომიტეტებში დეპუტატები კვლავაც აქტიურ კანონშემოქმედებით ღვწას განაგრძობენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს პარლამენტში მეტად სამოთხისეული იდილიაა (საპარლამენტო ოპოზიციად წოდებული კინკილა უმცირესობა არ ითვლება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ფუნქცია მხოლოდ დემოკრატიული ფასადის შექმნაა, თორემ, თვით საკონსტიტუციო დონის გადაწყვეტილების მისაღებადაც კი არ სჭირდება ისინი მმართველ პარტიას), გინდა – საგანგებოზე გადასულან და გინდა – მანამდე არსებულში დარჩენილან. ამის პარალელურად, ყველა ისე ცდილობს, მოინადიროს მოსახლეობის გული, როგორც შეუძლია და, ხანდახან – არც შეუძლია. ჰოდა, რაკი ცდილობს, თუ ნოდარ დუმბაძის ბებია ოლღას დავესესხებით, „მეფემ სამი დღის სიცოცხლისთვის ბრმა ლეკვი შეჭამაო“, გინდა-არ გინდა, იბადება კითხვა: პატივის ეს ჩვენი მსურველები, პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ნეტავ, აი, ამ ზემოხსენებულ მეფეს თუ მიჰბაძავდნენ?!