როგორ ვაყვავილოთ მთელი წლის განმავლობაში პელარგონიუმი და რით მრავლდება სპარსული ია
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან ერთად ვისაუბრებთ ორ ულამაზეს მცენარეზე. ორივე მათგანი ძალიან მალე აყვავდება. თუ რა პირობების შექმნაა ამ დროს მათთვის საჭირო, რომ კარგად იყვავილონ და როგორ მოვუაროთ გაზაფხულზე, ამას ბატონ თენგიზ პაპავასთან საუბრისას გავარკვევთ.
– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით პელარგონიუმის შესახებ, როგორი მცენარეა ის და რა თვისებებით ხასიათდება?
– პელარგონიუმის უამრავი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის ფერით, ფოთლების ფორმითა და სურნელებით. ზოგი მათგანი ფერადი და სურნელოვანი ფოთლებით ფასობს. პელარგონიუმის ერთ-ერთი სახეობაა სამეფო პელარგონიუმი, რომელიც გამოირჩევა დიდი, სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მისი ყვავილი შეიძლება, იყოს: შავი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის ასობით სახეობიდან მაინც ყველაზე გამორჩეული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილების კონა ძალიან ეფექტურია და ბინაში კარგადაც ხარობს.
– როგორ გავახაროთ ბინაში, სად გვირჩევთ მის დადგმას?
– ამ მცენარისთვის უპრიანია მზიანი ფანჯარა, თუმცა ახლა, როდესაც ზაფხული მალე დაგვიდგება, შესაძლებელია, მზის სხივები ძალიან მწველი იყოს. ამიტომ, შუადღის მზეს მოარიდეთ ხოლმე, რომ მცენარეს ფოთლები და ყვავილები არ დაწვას.
– მზეს რომ მოვარიდოთ, შესაძლებელია, პელარგონიუმის გახარება ნაკლებად განათებულ ადგილას?
– მართალია, ზაფხულში მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, მაგრამ ამ მცენარისთვის აუცილებელია სინათლე. უფრო მეტიც, პელარგონიუმი მთელი წლის განმავლობაში სინათლეზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება, თქვენმა მცენარემ საერთოდ არ იყვავილოს.
– როგორ მოვიქცეთ ზაფხულში, თუ მწველი მზე იქნება და ვერ შევძლებთ მის ფანჯარაზე დადგმას?
– აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ნაკლებად მოხვდება მცხუნვარე მზე, მაგრამ სინათლე არ მოაკლდება. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, პელარგონიუმი აივანზე გაიტანოთ. მცენარე კარგი განათების ქვეშ იქნება და იმავდროულად, მზის სხივებიც ნაკლებად მოხვდება, თუ შესაფერის კუთხეში დადგამთ. თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, აუცილებლად მოიძებნება რომელიმე ოთახი, სადაც ნაკლებად შევა შუადღის მზის სხივები. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებლად დადგით მზიან ფანჯარაზე, რადგანაც ზამთრის სხივები არ ავნებს პელარგონიუმს და თავს მშვენივრადაც იგრძნობს ასეთ გარემოში.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ზაფხულის დადგომისას, პელარგონიუმმა კარგად რომ იყვავილოს და გახარებული იყოს?
– საერთოდ, მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის, სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ფერადი ყვავილებითაა დაფარული. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, გარწმუნებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.
– როგორი რეჟიმით უნდა მოვრწყათ ეს მცენარე?
– ზაფხულში ეცადეთ, პელარგონიუმს ტენი არ მოაკლოთ. ეს მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, გახსოვდეთ, რომ მას მეტი სინესტე სჭირდება. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. ასე, ხელს შეუწყობთ პელარგონიუმის აყვავებას წელიწადის სხვა სეზონებზეც.
– ახლა თუ არის შესაძლებელი პელარგონიუმის გადარგვა და რას გვირჩევთ, როგორ მოვამზადოთ მცენარე ზაფხულისთვის?
– თუ თქვენს მცენარეს ჭურჭლის გამოცვლა სჭირდება, ეს სწორედ ახლა, გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ. იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, კარგად გაკრიჭეთ გაზაფხულზე და უფრო ლამაზი იქნება ზაფხულში. საერთოდ, ეს მცენარე ძალიან მაღალი არც იზრდება, დაახლოებით, 40-50 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ და თუ მცენარეს ყვავილები მოუჭკნა, აუცილებლად მოაშორეთ.
– რით მრავლდება პელარგონიუმი და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– პელარგონიუმი იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ტოტების დაფესვიანებით. მოატეხეთ მცენარეს ერთი ტოტი, ჩადეთ წყალში, ცოტა ხანში ის ფესვს გამოიღებს და შემდეგ გადარგეთ მიწაში. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რომ მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.
– როგორ ვაყვავილოთ ზაფხულში სპარსული ია?
– ეს მცენარე, პელარგონიუმისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ყვავილობით არ ხასიათდება. იმისთვის, რომ მცენარემ იყვავილოს ან ყვავილობის დრო გაუხანგრძლივოთ, აუცილებელია, არ მოაკლოთ სინათლე. ეს მცენარეც ვერ იტანს შუადღის მწველ მზეს. სპარსული ია ძირითადად ერთ-ორ თვეს ყვავილობს. დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ ხოლმე და ასე ყვავილობის პერიოდს გაუხანგრძლივებთ. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, იას მით მეტი ტენი სჭირდება. თუ თქვენს ბინაში მშრალი ჰაერია, შეგიძლიათ, მცენარე სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ. მისთვის შესაფერისი ადგილი ნებისმიერი ნათელი ოთახია.
– ხშირად მოვრწყათ თუ არა სპარსული ია და რა ტემპერატურაა მისთვის სასურველი?
– მცენარე განსაკუთრებით ზაფხულში იზრდება. ამიტომ, მთელი სეზონის პერიოდში, მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. შეგიძლიათ, რამდენიმე კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქითაც მორწყათ. ამ მცენარისთვის კარგია 24 გრადუსამდე ტემპერატურა. მას გამოსაზამთრებლად, მინიმუმ, 11 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება, რომ კარგად შეხვდეს გაზაფხულს.
– წელიწადის რომელ სეზონზე შეგვიძლია, ამ მცენარის გამრავლება და გადარგვა?
– გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ, მცენარე გადარგოთ და გაამრავლოთ კიდეც. შეიძინეთ ამ იის თესლი, ჩათესეთ და ძალიან მალე გაიხარებს. ამის შემდეგ კი, გადარგეთ. თუ ეს პროცესი მაინც გეძნელებათ, შეიძინეთ უკვე ზრდასრული მცენარე და მოვლის ამ პირობების გათვალისწინებით, მშვენივრად გაახარებთ.