ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, ძაღლის ყურებს რაიმე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება თუ ეს უმნიშვნელო საკითხია?
პასუხი: უმნიშვნელო ნამდვილად არ არის, ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ძაღლის ყურებს, რადგან, შეიძლება, უყურადღებობამ გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. თუ ძაღლს ჩამოყრილი ყურები აქვს, ორ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩხირით უნდა გავუწმინდოთ. მოუვლელობის შედეგად ძაღლებს ყურის ტკივილი ეწყებათ და თავის ქნევას იწყებენ. ამიტომ, როცა ძაღლი თავს იქნევს, ყურის ძირზე ხელი უნდა მიაჭიროთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ მას რაღაც აწუხებს. რაც შეეხება თმიანი ყურების მოვლას, შიდა მხრიდან ბეწვი აუცილებლად უნდა ამოიკრიჭოს, რათა ყური არ ჩაახუროს. ამას ძაღლი ლეკვობიდანვე უნდა შევაჩვიოთ.
კითხვა: რა სიხშირით უნდა გამოვუცვალოთ ძაღლს წყალი? თუ ბოლომდე არ აქვს დალეული, მაინც უნდა შევუცვალოთ ახალი წყლით?
პასუხი: დღის განმავლობაში, შეიძლება, ძაღლმა ბოლომდე არ დალიოს წყალი, მაგრამ, სასურველია, თუ იმავე წყალს არ დაუტოვებთ და გამოუცვლით. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დღის განმავლობაში წყალში მტვერი და სხვადასხვა მკბენარი ვარდება, რომლის გადაყლაპვის შემთხვევამაც, შესაძლოა, ძაღლის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს.
კითხვა: ამ ზაფხულს გვინდა, ძაღლი დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად წავიყვანოთ, რადგან მას ვერსად ვტოვებთ. გვყავს 1 წლის კოკერსპანიელი. მაინტერესებს, თუ შეიძლება მისი ზღვაზე წაყვანა?
პასუხი: ძაღლს თუ ზღვაზე წაიყვანთ, გახსოვდეთ, რომ ის წყლიდან ამოსვლის შემდეგ მტკნარი წყლით უნდა დაბანოთ, რადგან, მარილიან წყალში ბანაობას ბევრი დაავადება მოჰყვება თან – შეიძლება, თქვენმა ძაღლმა სოკო ან სხვა დაავადება აიკიდოს. ისე, ძაღლისთვის უკეთესია, თუ მას გამდინარ წყალში აბანავებთ.
კითხვა: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებიდან კანე კორსოს გარდა, კიდევ რომელზე შეიძლება არჩევნის გაკეთება? მინდა, რომ კარგი ჯიშის ძაღლი შევიძინო, რომელიც დაიცავს ჩემს სახლსა და ოჯახის წევრებს.
პასუხი: კანე კორსოს გარდა, სამოსამსახურეო ჯიშის კარგი წარმომადგენლები არიან: როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებულნი არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი გამოხატავენ გულგრილობასა და უნდობლობას, არიან საუკეთესო მცველები. ისინი არ გამოხატავენ აგრესიას, თუ მათ ტერიტორიას არ გადალახავთ და მათ საკუთრებაში არ შეიჭრებით.