რატომ გადადიან მეგრელი გოგონები შეტევაზე ჩისამბა ლუნგუსთან და რა ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში
მართალია, ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში არაერთი შავკანიანი მოთამაშე გამოჩნდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. ეს კი ჩისამბა ლუნგუ გახლავთ, რომელიც თითქმის ერთი წელია ზუგდიდის „ბაიაში“ თამაშობს. სამბა, როგორც მას გუნდელები ეძახიან, 19 წლისაა და წარმოშობით ზამბიიდან არის. საქართველო ძალიან მოსწონს და გაოცებულია ქართული სტუმარმასპინძლობით. სამბამ გუნდელების დახმარებით მეგრული აითვისა და მათ ცოტ-ცოტას ესაუბრება კიდეც მეგრულად. როგორც „ბაიას“ გუნდის ექიმმა, სულხან გაბისონიამ გვითხრა, რომელიც ესწრებოდა ინტერვიუს, სამბას საკმაოდ კარგი იუმორი აქვს, კომუნიკაბელურია და მასზე მთელი ზუგდიდი შეყვარებულია.
– სამბა ზამბიიდან საქართველოში როგორ მოხვდი?
– თავიდან ზამბიის ნაკრებში ვიყავი. მოსკოვის „სპარტაკთან“ გვქონდა თამაში, სადაც აგენტებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, ტრანსფერისთვის. სხვა ფეხბურთელებთან ერთად რჩეულთა სიაში მეც მოვხვდი. სხვათა შორის, თოვლი პირველად მოსკოვში ვნახე.
– მერე როგორი რეაქცია გქონდა?
– ჩვეულებრივი. განსაკუთრებული არაფერია. ეს კადრები „იუთუბიზეც“ დევს.
– გააგრძელე, მერე რა მოხდა, როცა ტრანსფერი შენზეც გაკეთდა?
– თავიდან ძირითად გუნდში ვერა, მაგრამ სათადარიგოში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი კარიერისთვის ცუდი არ იყო, მივხვდი, იქ, იმ ეტაპზე, თავს ვერ დავიმკვიდრებდი. იმ პერიოდში ზვიად სიჭინავა ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი იყო. მისი ინიციატივით, წელიწადი რომ არ გამცდენოდა და პრაქტიკა მიმეღო, „ბაიაში“ წამომიყვანა და მას შემდეგ აქ ვარ.
– რამდენი ხანია რაც ზუგდიდის „ბაიაში“ თამაშობ?
– ზაფხულში ერთი წელი გახდება.
– რამდენი წლის ხარ?
– 19-ის.
– ზუგდიდი მოგწონს?
– ძალიან მომწონს. ზუგდიდში ყველა პატივს მცემს, კარგი ხალხი ცხოვრობს. გუნდშიც კარგად მექცევიან და გულშემატკივარსაც ვუყვარვარ. პირველად რომ ჩამოვედი, ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ.
– რატომ უნდა მიეღე გუნდს ცუდად?
– არ ვიცი, ასე მეგონა. მოსკოვში რომ ვთამაშობდი, ჩემს მიმართ არცთუ ისე კარგი განწყობა იყო და ყურადღებას არ მაქცევდნენ. აქ კი ყველას ვუყვარვარ.
– მოკლედ, ქართული სტუმარმასპინძლობით მოიხიბლე.
– კი, ძალიან.
– ისიც გავიგე, სამბამ მეგრულიც ისწავლაო. მართალია?
– კი, აბა, რა. ზუგდიდში მეგრული მასწავლეს, კარგად არ ვიცი, მაგრამ სალაპარაკოდ მყოფნის.
– ქართული ენა თუ ისწავლე?
– ქართულად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ მესმის. მწვრთნელი რომ გველაპარაკება იქიდან 10 პროცენტი მესმის. თუ დავალებას გვაძლევს, მაშინ გუნდის ექიმი მითარგმნის.
– რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს?
– მაისში უკვე მიმთავრდება.
– ზუგდიდის „ბაიაში“ კონტრაქტის გაგრძელება გინდა?
– თუ ამას ღმერთი ინებებს, კი.
– თანაგუნდელებზე რას იტყვი?
– გუნდში ყველასთან მშვიდი და კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთთან საკმაოდ შეხუმრებულები ვართ.
– ძალიან კარგი. შენს თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ერთ კურიოზს მაინც თუ გაიხსენებ?
– ჩვენთან ბევრი კურიოზი ხდება. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთი გუნდელი მყავს ვართაგავა, რომელსაც სულ ვეხუმრები სიტყვაზე, – „არანაირი.“ სუპერლიგის თამაშები იყო. ერთმანეთს „არსენალი“ და „ბარსელონა“ ხვდებოდნენ. მე „ბარსელონას“ ფანი ვარ. ამ დროს ვართაგავა მეუბნება, დღეს „ბარსელონას“ არანაირი შანსი არ აქვსო. თან არანაირი კი არ თქვა, ანანაირი. ჰოდა „ბარსელონამ“ რომ მოიგო, მეორე დღიდან სულ ვეხუმრები და ვაჯავრებ, „არსენალი“ – „ბარსელობა“, შანსი ანანაირი?
– რამდენი წლიდან თამაშობ ფეხბურთს?
– რაც შეეხება სერიოზულ თამაშს, 12 წლიდან ვთამაშობ.
– ზამბიაში როგორ ცხოვრობდი? ამის შესახებაც მოგვიყევი.
– საზოგადოებრივი ცხოვრება ნორმალურია, მაგრამ, ფეხბურთს რაც შეეხება, მაღალი დონე არ არის.
– შენს ოჯახზე რას გვეტყვი?
– დედ-მამა არ მყავს. 3 წლის რომ ვიყავი, ისინი მალარიით გარდაიცვალნენ. სამი დედმამიშვილი ვართ. მყავს უფროსი და და უმცროსი ძმა. მე შუათანა ვარ.
– მშობლების გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩით?
– კი. დღესდღეობით ჩემს ოჯახს მე ვინახავ და თანხას აქედან ვაგზავნი. მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს.
– შენი და-ძმა რას საქმიანობს ზამბიაში?
– ჩემი ძმა ზამბიის მეორე ლიგაში თამაშობს ფეხბურთს, ხოლო ჩემი და დიასახლისია.
– შეყვარებული თუ გყავს?
– ჩემი გერლფრენდი ზამბიაში ცხოვრობს.
– ზუგდიდში არავინ გყავს?
– არა, რას ამბობთ, მე ჩემი გერლფრენდის ერთგული ვარ. ზუგდიდში ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, ბევრი „შეტევაზეც“ გადმოვიდა, მაგრამ არავის ვიკარებ. ასეთ შემთხვევაში ყველას ვეუბნები, რომ შეყვარებული ზამბიაში მყავს და სხვას არანაირი შანსი არ აქვს ჩემთან.
– მაშინ ის მითხარი, ზოგადად ქართველი გოგონები თუ მოგწონს?
– ყველა გოგო მომწონს, მაგრამ მხოლოდ ერთი გოგონას ერთგული ვარ.
– მეგრული კერძები თუ მოგწონს?
– კი. ყველაზე მეტად მეგრული ხაჭაპური და ღომი მომწონს. ღომი იმიტომ მომწონს, რომ ზამბიაში მსგავსი კერძი გვაქვს, რომელსაც „იშიმა“ ჰქვია.
– საქართველო მოგწონს?
– კი, ძალიან. ძალიან კეთილი და სტუმართ-მოყვარე ხალხი ხართ. „ბაიაში“ კარგ პირობებში ვარ. როგორც გითხარით, ჩემი ანაზღაურების წყალობით ვარჩენ ოჯახს. ეს კი ჩემთვის მთავარია.
– სად უფრო პოპულარული ხარ, საქართველოში თუ ზამბიაში?
– რა თქმა უნდა, ზამბიაში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე აქ. სხვათა შორის, ერთხელ პრობლემაც კი შემექმნა ზამბიაში. ერთი თამაშის დროს „ბაიადან“ 19-წლიანების ნაკრების თამაშზე გამომიძახეს. ეს რომ ზამბიაში გაიგეს, არ ესიამოვნათ და პატარა კონფლიქტიც მოხდა ამის გამო.
– რატომ?
– მე შემიძლია 19-იანი და 21-წლიანების ნებისმიერ ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ თუ ერთ თამაშს მაინც ჩავატარებ რომელიმე ქვეყნის ძირითად ნაკრებში, მერე უფლება აღარ მაქვს, სხვა ქვეყნის ნაკრებში ვითამაშო. ზამბიის ნაკრების წარმომადგენლები კი იმიტომ შეშფოთდნენ, რომ თუ რომელიმე აგენტი შემნიშნავდა და საქართველოს პირველ ნაკრებში გამომიძახებდა, მაშინ ისინი მე დამკარგავდნენ.
– ეგ რატომ?
– ამის მერე ზამბიის პირველ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მექნებოდა.
– ანუ, ჯერ საქართველოს მთავარ ნაკრებში არ გითამაშია?
– არა.
– საქართველოში ბევრი შავკანიანი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ შენ, თუ არ ვცდები, ერთადერთი ხარ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს.
– კი, მხოლოდ მე მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. ზვიად სიჭინავას ინიციატივით, თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა მივიღე, რისთვისაც მას დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა.
– ორმაგი მოქალაქეობა გაქვს?
– დიახ.
– საქართველოს ჰავას როგორ შეეგუე?
– კარგად. აფრიკაში ძალიან ცხელა, სამხრეთში იმდენად არა. ზამთარში ურეკში რომ ვიყავით ჩასული, მაშინ ვიგრძენი ცოტა დისკომფორტი, მეტი არსად.
– რომელი ქვეყნის გუნდში ოცნებობ თამაშს?
– „ბარსელონას“ ფანი ვარ და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, თუ იქ ვითამაშებ.
– რაც შეეხება არასპორტულ ოცნებას?
– მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში კარგად ცხოვრობდნენ.