კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთანხმოება ჩამოვარდა ივანე მაჩაბელსა და ილია ჭავჭავაძეს შორის და რით დასრულდა ის


ივანე მაჩაბელი თავისი დროის საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად განსხვავებული და კოლორიტული ფიგურაა. მას იცნობდნენ, როგორც მწერალს, მთარგმნელს, ჟურნალისტს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს, ილიას თანამებრძოლსა და, ამავდროულად, მასთან დაპირისპირებულ პიროვნებად. რამ გამოიწვია მათ შორის უთანხმოება, რა გრძნობა აკავშირებდა აკაკის თავისი მეგობრის ვანო მაჩაბლის მეუღლესთან – ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილთან, ვინ უყვარდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვანო მაჩაბელს, ამ და სხვა თემებზე ჩვენს ინტერვიუში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლიანა ფერაძე გვესაუბრება.


ლიანა ფერაძე: „ხატების წინ მრავალი სანთელი ენთო, მაგრამ ეკლესიაში მაინც ბნელოდა. ამ ბინდში მკაფიოდ მოჩანდა მხოლოდ აყვანილი 8 წლის ბავშვი, რომელსაც ხელში დიდი კელაპტარი ეჭირა და უდიდეს წიგნს „სამოციქულოს“, ხმამაღლა კითხულობდა. მის განცვიფრებულ სახეს დიდრონი მომწვანო თვალები, ქერა ხუჭუჭა თმა, სპეტაკი შუბლი, ქერა წარბები ამშვენებდა.“ ეს პატარა ბიჭი იყო ივანე მაჩაბელი. სწორედ ამ დროიდან იცნობდნენ მას გრიგოლ ორბელიანი და ეკატერინე ჭავჭავაძე. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ორბელიანი ივანეს დიდი პაპის სვიმონ მაჩაბლის უახლოესი მეგობარი გახლდათ.

ივანე მაჩაბელი დაბადებულა 1854 წლის 8 თებერვალს ქართლის ულამაზეს სოფელ თამარაშენში, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში თამარ მეფეს დაუარსებია და მის საზაფხულო რეზიდენციად ითვლებოდა. პატარა ვანოს აღმზრდელი მისი პაპიდა, დიასამიძის ქვრივი ელენე ყოფილა. პირველდაწყებითი განათლება მაჩაბელს სწორედ დიასამიძის დაარსებულ პანსიონში მიუღია. 8 წლის ასაკში მას უკვე წაკითხული ჰქონია „სახარება“, „სამოციქულო“, „ვეფხისტყაოსანი“ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილიც კი. 9 წლიდან ვანო მაჩაბელი უკვე თბილისშია და გრიგოლ ორბელიანის დახმარებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ირიცხება. ამ დროიდან ახალგაზრდა გიმნაზიელს ფართოდ გაუღეს კარი ბაგრატიონებმა, ერისთავებმა, ორბელიანებმა, ანუ, ეგრეთ წოდებულმა თბილისის მოწინავე საზოგადოებამ.

– გიმნაზიის დამთავრების შემდეგ როგორ წარიმართა ივანე მაჩაბლის ცხოვრება?

– გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მაჩაბელი პეტერბურგში განაგრძობს სწავლას. ამ დროისათვის, საბანკო საქმეებთან დაკავშირებით პეტერბურგში ჩადის ილია ჭავჭავაძე. ის ვანოს ძმასთან, ვასილ მაჩაბელთან ცხოვრობდა (ლიტეი ნაიაზე). საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში და ამავე ქალაქში გაიცნობს ივანე მაჩაბელი აკაკი წერეთელსაც. მეცხრამეტე საუკუნის ამ ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა გარკვეული კვალი დატოვა ივანე მაჩაბლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მაჩაბელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად თარგმნის „მეფე ლირს“. ამ პერიოდში იწყება მათი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 18 წელია. ილია ივანე მაჩაბლის ნიჭის დიდი დამფასებელი გახლდათ, ვიდრე მათ შორის არ დაიწყო საბანკო საკითხებზე დავა.

– როგორც ცნობილია, ამ პერიოდში საზოგადოება ორად გაიყო: „მაჩაბლისტებად“ და „ჭავჭავაძისტებად“. რამ გამოიწვია მათ შორის უთანხმოება?

– იყო ორი ფაქტორი. ეს ის პერიოდია, როდესაც სერგი მესხს, ავადმყოფობის გამო, გაზეთ „დროების“ რედაქტორობისთვის თავი უნდა დაენებებინა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიამ მიიწვია ივანე მაჩაბელი ბანკში სამუშაოდ, სადაც თავდაპირველად ის მოლარე იყო. იქ მუშაობის პერიოდში მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, მოგვიანებით, გაიმარჯვა კიდეც ილია ჭავჭავაძის კანდიდატ ავალიშვილთან და სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს ივანე მაჩაბლის პირველი გამარჯვება იყო. მეორე გამარჯვება მან „დროების“ რედაქტორობისთვის ბრძოლაში მოიპოვა. მისი კონკურენტი აქაც ილიას კანდიდატი ნიკო ქანანოვი იყო. ამ პერიოდში ხშირად გაიგონებდით: ვინ მაჩაბელი და ვინ ქანანოვიო.

ბრძოლა „მაჩაბლისტებსა“ და „ჭავჭავაძისტებს“ შორის წლობით გაგრძელდა.

მწუხარება, უნუგეშო სიყვარული, უსაზღვრო პატივმოყვარეობა, სურვილის შეუსრულებლობის სევდა სინამდვილედ ექცა ივანე მაჩაბელს. მისი სული სურვილების ალზე იწვოდა. ორი ცნება – სურვილი და შესაძლებლობა და შინაგანი ინსტინქტი არსებითი გახლდათ როგორც ილიასთან, ასევე მაჩაბელთან. მაჩაბელს სურვილი არ აპატიეს, რადგან ზეამაღლებულ სურვილთან შედარებით შესაძლებლობა ნაკლები ჰქონდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, სოციალ-დემოკრატებმა ილიას ორივე ერთად – სურვილი და შესაძლებლობა.

ამის შემდეგ ივანე მაჩაბლისა და ილიას გზები გაიყო. მოგვიანებით ივანე მაჩაბელი დაუახლოვდა აკაკი წერეთელს. თურმე, აკაკი მეგობარს „აჩაბეთელს“ უძახდა.

– ეს მაჩაბლის ცხოვრების ახალი ეტაპია?

– ეს ის პერიოდია, როდესაც აკაკის ყურადღება თავისი მეგობრის, ივანე მაჩაბლის ცოლისადმი, მაღალი საზოგადოების მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. რას იზამ, – ჭორი ჭორად რჩება, თუმცა, უკვდავია... მიუხედავად ამისა, აკაკიც და ივანე მაჩაბელიც მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მშვენებაა.

– ვინ იყო ივანე მაჩაბლის ცოლი და რა მითქმა-მოთქმას გულისხმობთ?

– აკაკი წერეთელი თავის დაუმთავრებელ მხატვრულ პროზაულ მოთხრობაში გატაცებით საუბრობს ივანე მაჩაბლის მეუღლეზე – ანასტასია, ანუ როგორც მას უწოდებდნენ – ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილზე და იდეალს უწოდებს. თუმცა, ნაწარმოებში საუბრისას, მის სახელს არ აკონკრეტებს. ამ დროს მგოსანი 45 წლის იყო. ასაკობრივი ზღვარი აკაკისა და ივანე მაჩაბლის მეუღლეს შორის 29 წელი გახლდათ. აკაკიმ ტასო 16 წლის ასაკში გაიცნო, ტასოს და – ნინო, ცოლად ჰყავდა აკაკის ნათესავს ბეჟან წერეთელს. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია აკაკი წერეთლის აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვა მისი თხუთმეტტომეულის მერვე ტომში. ნაწარმოების სახელწოდებაა „ის“. სადაც მგოსანი წერს: „ხორციელი რომ რამე გულში გამვლებოდა, აღარც სავსებით შემიყვარდებოდა. მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ, როგორც მოძღვარი...“

– რა ვიცით, რომ ამ სიტყვების ადრესატი მაინცდამაინც მაჩაბლის მეუღლე ტასოა?

– ამავე ნაწარმოებში მოხსენიებული „აჩაბეთელი“ ივანე მაჩაბელი გახლავთ.

1885 წელს დაიხურა „დროება“, რომელიც მაჩაბლის რედაქტორობით გამოდიოდა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი კარგა ხნით ტოვებს თბილისს. შემდეგ ბრუნდება, აკაკის ნახავს და მათი შეხვედრა, აღნიშნული ნაწარმოების მესამე თავშია აღწერილი: აჩაბეთელი გადაეხვევა მგოსანს და მიახარებს: გავიცანი, შენ რომ გიყვარს, ის ქალი. ვნახე თუ არა, მივხვდი, ვინც იყო. შემიყვარდა ისე, რომ უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. დიალოგიდან ისიც ირკვევა, რომ აჩაბეთელს ხელი უთხოვია, რაზეც ქალს უთქვამს, მგოსანს უნდა დავეკითხოო. ამიტომაც ეუბნება აჩაბეთელი აკაკის: ახლა შენს ხელთაა ჩემი ბედიცა და უბედობაცო.

– რა პასუხი გასცა აჩაბეთელს აკაკიმ?

– თუ არ ვცდები, უპასუხა ეგ ქორწინება უნდა იყოს ერთ-ერთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაშიო. აკაკის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „ამომავალმა შეაჩერა ჩამავალი“ და ეს სრული ჭეშმარიტება გახლდათ.

ივანე მაჩაბლისა და ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის ქორწინება 1891 წელს შედგა. ვანო ამ დროს 37 წლის იყო.

– პირველი სიყვარული არ უნდა ყოფილიყო მაჩაბლისთვის ეს. ვინ იყვნენ ის ქალბატონები?

– ვანო მოსწონდათ, უყვარდათ... პირველი სიყვარული მას გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ეწვია. მაშინ მაჩაბელი 11 წლის იყო. მისი სიყვარულის ობიექტი სილამაზით განთქმული მოცეკვავე – დარია ბეგთაბეგიშვილი გახლდათ. სხვათა შორის, მომავალში ამ ქალბატონის სილამაზით თვით იმპერატორი ალექსანდრეც მოიხიბლება.

ახალგაზრდობის პერიოდში ივანე მაჩაბლით გატაცებული იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ანასტასია თუმანიშვილი. მაჩაბელი მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გახლდათ. იგი იცნობდა თუმანიშვილის ძმებსაც და ახლობლობდა მათთან. საპატარძლო საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ყველა პირობა არსებობდა ახალი ოჯახის შესაქმნელად, თუმცა ივანე მაჩაბელი ანასტასია თუმანიშვილის გრძნობებს თავშეკავებით და მეგობრულად პასუხობდა. ამბობენ, მან რაინდულად უარყო თუმანიშვილის ქალის სიყვარულიო.

– იმასაც ამბობენ, რომ ივანე მაჩაბელს, ფარული რომანი ჰქონია თელაველ მანდილოსანთან, რომელთანაც, თითქოს, უკანონო შვილიც შეეძინა. მართალია?

– დღეს, ეს გასაკვირი აღარაა, მაგრამ მაშინ უხმაუროდ არ ჩაუვლია მაჩაბლის ფარულ რომანს ლიზა ქართველიშვილთან. ლიზა მართლაც თელავიდან იყო. მასთან ივანე მაჩაბელს ქორწინების გარეშე შეეძინა ვაჟი – შალვა ქართველიშვილი, შემდგომში ცნობილი იურისტი.

მიუხედავად ამ ფაქტისა და იმისა, რომ მომავალში მაჩაბელმა იქორწინა კიდეც, მისთვის უჭკნობ სიყვარულად რჩება მაკო საფაროვა. იგი ქართული სცენის მშვენება გახლდათ და მაჩაბლის ყურადღება სცენაზე პირველი დანახვისთანავე დაიმსახურა. მაშინ მაკო 18 წლის იყო. მათ დიდი გრძნობა აკავშირებდათ, იმდენად დიდი, რომ ვანო, რომელმაც ერთხელ უკვე დაკარგა მაკოსთან დაქორწინების შანსი, მზად იყო, ჯვარი დაეწერა ქმარგაცილებულ, შვილიან ქალზე, თუმცა, საბოლოოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ვანოს ძმამ, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო, ძმის შვილიან ქალზე დაქორწინებისა. მიუხედავად ამისა, ამით არ დასრულდა მაკო საფაროვასა და ივანე მაჩაბლის რომანი. სიყვარულის გრძნობა ორივე მათგანისთვის ხანგრძლივი აღმოჩნდა, – სიცოცხლის დასასრულამდე.

მაკო საფაროვასთან განშორებას ივანე მაჩაბელი ვერაფრით ვერ შეეგუა, თუმცა, უყვარდა და პატივს სცემდა მეუღლეს, ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილს.

– რაც შეეხება ვანო მაჩაბლის აღსასრულს...

– 1898 წლის 26 ივნისს უკვალოდ დაკარგული ვანო მაჩაბელი ისტორიის კუთვნილება გახდა, იმ ისტორიისა, რომელმაც დღემდე არ იცის მისი კვალწმინდად დაკარგვის მიზეზი. თუმცა, არსებობს ივანე მაჩაბლის გაუჩინარების რამდენიმე დაუდასტურებელი ვერსია.


скачать dle 11.3