კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეურაცხყო ბაგრატ მეოთხემ ლიპარიტ ბაღვაშის საწოლი და რით უპასუხა მას ლიპარიტმა


ბაგრატ მეოთხე 8 წლის ასაკში გამეფდა. მის სახელს უკავშირდება 16-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელსაც მეფე კლდეკარის ფეოდალის – ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათი დაპირისპირების შესახებ ბიზანტიელი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ ბაგრატის ბრძანებით ლიპარიტის მეუღლე შეურაცხყვეს, ლიპარიტმა კი ბაგრატ მეოთხის დედის – მარიამ დედოფლის შეურაცხყოფით იძიაო შური. თუ რა იგულისხმება „შეურაცხყოფაში“ და როგორ დასრულდა ეს დაპირისპირება, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს.


ჯაბა სამუშია: რამდენიმეწლიანი ბრძოლა ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან გიორგი პირველს, რომელიც ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. ქართველი მეფე იძულებული შეიქნა, 1022 წელს ზავი გაეფორმებინა ბიზანტიელებთან, რომლის პირობების თანახმად, ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ მეორემ მძევლების კონსტანტინოპოლში წაყვანა მოინდომა. მძევალთა შორის იყო 3-4 წლის უფლისწული ბაგრატიც.

– რამდენი ხანი დაჰყო ბიზანტიაში მცირეწლოვანმა უფლისწულმა ბაგრატმა?

– ბაგრატი 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა ბიზანტიაში. 1025 წელს იგი გაათავისუფლა უკვე მომაკვდავმა ბასილი მეორემ.

იმპერატორ ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ძმა – კონსტანტინე. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მდევრები დაადევნა ქართველ უფლისწულს, თუმცა, ამაოდ – ბაგრატი უკვე სამშვიდობოს იყო.

– ამის შემდეგ რა ხდება?

– ამ მოვლენის შემდეგ, ძალიან მალე, გაურკვეველ ვითარებაში იღუპება 31 წლის გიორგი პირველი. 1027 წელს საქართველოს ტახტზე ადის 8 წლის ბაგრატ მეოთხე. მისი ასაკის გამო ქვეყანას ფაქტობრივად ბაგრატის დედა – მარიამ დედოფალი განაგებს. ამ პერიოდიდან იწყება დაპირისპირება ბიზანტიასა და საქართველოს შორის, რომელიც პერმანენტულად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პირველი დაპირისპირება ბიზანტიასა და საქართველოს შორის მოხდა 1027 წელს: ბიზანტიის იმპერატორმა თავისი სარდალი გამოგზავნა საქართველოში, რომელმაც მოარბია მთელი სამხრეთ საქართველო. ამას მოჰყვა დელეგაციის ჩასვლა საქართველოდან ბიზანტიაში და ამ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების გაფორმება. 10 წლის ბაგრატი ბიზანტიის იმპერატორის ძმისშვილზე დააქორწინეს. თუმცა, მალე ბაგრატ მეოთხე დაქვრივდა – ამ დროს იგი დაახლოებით 12 წლის იყო.

– ქართველი მონარქის დაქვრივების შემდეგ ძალაში დარჩა ზავის პირობები?

– ბიზანტია ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ ჩარეულიყო საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ამ მხრივ, მშვენიერი საშუალება მიეცა, როდესაც მეთერთმეტე საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ მეოთხეს გადაუდგა და აუჯანყდა ლიპარიტ ბაღვაში.

– რა არის ცნობილი ლიპარიტ ბაღვაშის შესახებ?

– ლიპარიტ ბაღვაში კლდეკარის ერისთავი იყო. ის წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ყოფილა. ბაღვაშები კაცხის მამულს ფლობდნენ. დაახლოებით მეცხრე საუკუნიდან მკვიდრდებიან ისინი თრიალეთში, სადაც აშენებენ კლდეკარის ციხეს.

– რა იყო ლიპარიტ ბაღვაშისა და ბაგრატ მეოთხის დაპირისპირების მიზეზი?

– საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირების პერიოდში ანტიბიზანტიურ ბრძოლას სათავეში ედგა ლიპარიტ ბაღვაში. მისი ინიციატივით შეიპყრეს თბილისის ამირა და მიჰგვარეს ბაგრატს, მაგრამ თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ქართველებმა კიდევ ერთხელ დაიწყეს თბილისის შემოსაერთებლად ბრძოლა, თუმცა ბოლო მომენტში, ბაგრატმა დასავლეთ საქართველოს ფეოდალებს დაუჯერა და ზავი გააფორმა ამირასთან. ეს ამბავი 1040 წელს მოხდა. ამის შემდეგ ლიპარიტ ბაღვაში განუდგა მეფეს – ასე დაიწყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ომი, რომელიც, გარკვეული შესვენებებით, 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო დიდი ჭრილობები, რამაც შეაჩერა მისი გაერთიანების პროცესი. ლიპარიტმა ძალიან მალე მოახერხა სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოზე თავისი კონტროლი დაეწესებინა. შედეგად, ბაგრატს მარტო დასავლეთ საქართველოს მეფობა შერჩა.

1045 წელს, ბიზანტიელებმა შეიპყრეს ანისის მეფე გაგიკ მეორე და შინაპატიმრობაში გამოკეტეს. ამის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ანისის სამეფოს ხელში ჩაგდებას. ამ დროს ანისის სამეფოს დიდებულები ეახლნენ ბაგრატ მეოთხეს და გადასცეს ანისის სამეფო. ბიზანტიელებმა ალყა შემოარტყეს ანისს. ქართველები და სომხები ერთად დიდ ძალას წარმოადგენდნენ და, ნათელი იყო, რომ ალყა დიდხანს გასტანდა. ამ დროს, ბიზანტიელებთან მყოფმა ლიპარიტ ბაღვაშმა ანისის კართან მოსალაპარაკებლად მიიწვია ანისში ჩასული ბაგრატის დედის, მარიამ დედოფლის მხლებელი ქართველი დიდებულები და დააპატიმრა.

– რა მოჰყვა შედეგად მის ამ საქციელს?

– ის, რომ მეთაურის გარეშე დარჩენილმა ჯარმა ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქი ანისი დაეცა, რასაც მოჰყვა ბიზანტიელებთან ერთად ლიპარიტის საქართველოზე გამოლაშქრება. მან საბოლოოდ დაიქვემდებარა სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ამ დროს ხდება შემზარავი ფაქტი, რომლის შესახებაც გვიამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრელი, ქართველი ისტორიკოსები კი პირდაპირ არაფერს ამბობენ, თუმცა, „მატიანე ქართლისაიში“ არის გარკვეული ქვეტექსტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

– რა საკითხზეა საუბარი და რას გვიამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი?

– გიორგი კედრელი წერს: ბაგრატმა ლიპარიტის საწოლი შეურაცხყოო.

როგორც ჩანს, ბაგრატის ბრძანებით, ლიპარიტის მეუღლე შეურაცხყვეს. მართალია, წყაროში წერია, ბაგრატმაო, მაგრამ მეფე ასეთი საქციელის ჩადენას არ იკადრებდა. ამის შემდეგ, ლიპარიტს ხელთ ჩაუვარდა ბაგრატის დედა და მანაც სამაგიერო გადაუხადა მეფესო, – წერს გიორგი კედრელი.

– რას გულისხმობდა გიორგი კედრელი სიტყვა „შეურაცხყოფაში“?

– ძნელია, ვივარაუდოთ, თუ რას გულისხმობდა „შეურაცხყოფაში“ ბიზანტიელი ისტორიკოსი. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაგრატის ბრძანებით ლიპარიტის მეუღლე გააუპატიურეს და ამის შემდეგ ლიპარიტმაც სამაგიერო გადაუხადა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.

ანისის დაცემის შემდეგ ბაგრატი ჯავახეთში გარბის. ის მაგრდება თრიალეთში და ელის ლიპარიტის შემოსვლას. როდესაც ბიზანტიელებთან ერთად შემოდის ლიპარიტი, რაღაც მომენტში მოწინააღმდეგეები წყვეტენ დაპირისპირებას და იწყებენ მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით: ბაგრატი ითხოვდა ანისში აყვანილ დიდებულებს, ლიპარიტი კი – საკუთარ ვაჟს.

– როდისღა მოასწრო მეფემ მისი დატყვევება, როდესაც ქართველ ისტორიკოსს დღეებითა აქვს ეს პროცესები აღწერილი და მანამდე არაფერი იყო ნათქვამი ლიპარიტის ვაჟის, ივანე ლიპარიტის ძის შესახებ?

– როგორც ჩანს, ბაგრატმა ანისიდან გაქცევის შემდეგ მოასწრო ლიპარიტის ოჯახის დატყვევება. ამ დროს უნდა მომხდარიყო ის ფაქტი, რომლის შესახებაც გვიამბობს გიორგი კედრელი, ანუ, დაახლოებით, 1045 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. ამის შემდეგ ზამთარმა გაყარა მოწინააღმდეგე მხარეები, თუმცა, არ შეწყვეტილა სამოქალაქო ომი – მათ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. ლიპარიტი იწყებს სამხედრო ძალების მოზიდვას ბიზანტიის მხრიდან, ბაგრატ მეოთხე კი უცხო ქვეყნიდან დაქირავებული ძალების მეშვეობით ცდილობს გაძლიერებას. ამ დროს ჩნდებიან ქართულ წყაროებში ვარანგები – სკანდინავიელი მეომრები, ანუ ვიკინგები. მათ საქართველოში ერთ-ერთ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა ბაგრატ მეოთხის მხარდასაჭერად, მაგრამ ბაგრატ მეოთხე დამარცხდა. ამის შემდეგ მემატიანე წერს: მეფე შეშინდა მის სახელმწიფოში ასეთი განხეთქილების გამოო. ლიპარიტი ზენიტშია. მეფემ გადაწყვიტა, მცირე ამალით მისულიყო ლიპარიტთან და დაეწყო მოლაპარაკება. ლიპარიტს მიეცა საშუალება, მეფისთვის რეალური გარანტიები მოეთხოვა, მაგრამ ის ასე არ იქცევა. დაინახა თუ არა, რომ მეფე ხოვლეს უახლოვდებოდა, ლიპარიტი განერიდა. მან ლაპარაკიც კი არ ისურვა დამარცხებულ მეფესთან.

– როგორ დასრულდა ეს კონფლიქტი?

– ამ მოვლენის შემდეგ, ეს კონფლიქტი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ზემოთ აღნიშნული ბრძოლის მერე ლიპარიტმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც სულ მალე ის ტყვედ ჩაუვარდა თურქ-სელჩუკებს. თითქმის 2 წელიწადზე მეტხანს გასტანა ბაღვაშის ტყვეობამ. ბუნებრივია, ამით ისარგებლა მეფემ და კვლავ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო. თუმცა, დაბრუნების შემდეგ ლიპარიტ ბაღვაშმა შეძლო თავისი ძალაუფლების აღდგენა. ბაგრატი იძულებული შეიქნა, ამ კონფლიქტისთვის წერტილი დაესვა – ის თვითონ მიდის ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომასთან მოსალაპარაკებლად და საყვედურობს: შენ ჩემს ყმას ერთგულობ და მე არ მიჭერ მხარსო.

– რა უპასუხა იმპერატორმა?

– იმპერატორის პასუხი იყო ბაგრატ მეოთხის სამწლიანი საპატიო ტყვეობა ბიზანტიაში.

– ამ პერიოდში ვინ განაგებდა ქვეყანას?

– სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდა ლიპარიტ ბაღვაში, დასავლეთს კი – ბაგრატის მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი. ლიპარიტი გზავნის მოციქულებს ბაგრატის მეუღლესთან და სთხოვს, საკუთრივ მას გააზრდევინოს უფლისწული ერთიანი საქართველოს მეფედ. ამის შემდეგ, გიორგი მეორეს რუისის საკათედრო ტაძარში აკურთხებენ ერთიანი საქართველოს მეფედ, რომლის უზენაესობასაც აღიარებს ლიპარიტ ბაღვაში. პირობის თანახმად გიორგი მეორე იზრდება ბაღვაშთან, სადაც მამიდასთან ერთად იმყოფება.

კონსტანტინე მონომახის შემდეგ, ბიზანტიის ტახტზე ადის მისი ქვრივი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბაგრატის დედასთან – მარიამთან. ისინის ბაგრატის ტყვეობის პერიოდში დამეგობრდნენ. ბაგრატმა ამ ურთიერთობით ისარგებლა – თავისი ერთგული ფეოდალების წყალობით, ლიპარიტ ბაღვაში შვილთან ერთად შეიპყრო, მოგვიანებით კი ბიზანტიაში გააძევა.

– რაც შეეხება ბაგრატ მეოთხის აღსასრულს?

– ბაგრატმა ამის შემდეგ კარგა ხანს იცოცხლა, მოესწრო თურქ-სელჩუკთა შემოსევებს. ის საქართველოს ერთპიროვნული მმართველიც იყო. ჰყავდა სხვადასხვა შიდაპოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც, რომელნიც საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩამოიშორა გზიდან. ბაგრატ მეოთხე 45 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. იგი 1072 წელს გარდაიცვალა.


скачать dle 11.3