ვინ იყო კახა თორელი და რა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა მან
საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ვხვდებოდით გმირობისა და ანტიგმირობის მაგალითებს. ჩვენდა საბედნიეროდ, გმირები ყოველთვის გაცილებით მეტნი იყვნენ, ანტიგმირებთან შედარებით, თუმცა, სულ უმათობის ფუფუნება, მგონი, არც არასდროს გვქონია. დავით ულუს თანამედროვე ფეოდალის, კახა თორელის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი, რომელზეც დღევანდელ ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს, ღალატის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მიხედვით, უდავოდ შეგვიძლია, ვუწოდოთ თორელთა საგვარეულოს ამ წარმომადგენელს ანტიგმირი.
მიხეილ ბახტაძე: მეცამეტე საუკუნის 40-60-იან წლებში, მაშინ, როცა მონღოლებს აქვთ საქართველო დაპყრობილი, ქვეყანას განაგებს ორი მეფე: დასავლეთ საქართველოში დავით რუსუდანის ძე, იგივე ნარინი ზის, აღმოსავლეთში კი – დავით ლაშა-გიორგის ძე, ანუ ულუ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ამ დროსაც, ისევე, როგორც ყოველთვის, არის როგორც გმირობისა და მოყვასისთვის თავის გაწირვის მაგალითები, თუნდაც ცოტნე დადიანი და დავით ახალციხელი გავიხსენოთ, ისევე საპირისპირო შემთხვევებიც.
– საპირისპირო შემთხვევაში კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
– ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლავთ კახა თორელი. ცნობილი ქართველი ფეოდალი, თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელი, თორის ბატონი, ახალქალაქის ერისთავი. ერთი პერიოდი ის იყო საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესიც. მისი მეუღლე ხათუთა, მსახურთუხუცესისა და ქართლის ერისთავის გრიგოლ სურამელის ასული იყო. ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი პიროვნებაა. მონაწილეობს ძალიან ბევრ ომსა და ლაშქრობაში. მათ შორის, 1258 წელს, როდესაც მონღოლებმა ბაღდადი აიღეს. ამ ბრძოლაში ქართველთა ჯარიც მონაწილეობდა და კახა თორელმა ძალიან დიდი ალაფი ჩაიგდო ხელში. ეს ის კაცია, რომელმაც რკონის მონასტერს საკმაოდ დიდი სოფელი – ხოვლე შეწირა. ანუ, კახა თორელი არის ძალიან საინტერესო და ცნობილი მოღვაწე მეცამეტე საუკუნის საქართველოში. ერთი შეხედვით არაფერია მის ბიოგრაფიაში საჩოთირო, რომ არა, ერთი ძალიან ცუდი მომენტი.
– გვიამბეთ, ამის შესახებ.
– ეს ხდება 1260 წელს, როდესაც დავით ულუმ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება განიზრახა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლეთ საქართველო ამ დროისთვის ცალკეა და მას დავით ნარინი მართავს. ამიტომ, დავით ულუმ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები შეკრიბა და შემდეგი სიტყვით მიმართა – „უკეთუ ვისმე ნებავნ... წარმოვედინ ჩემ თანა. უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა“...
– რა უპასუხეს დავით ულუს ფეოდალებმა?
– ერთადერთი კაცი, ვინც გვერდში დაუდგა მეფეს, ეს იყო სარგის ჯაყელი. დანარჩენებმა უარი განაცხადეს აჯანყებაში მონაწილეობაზე, მათ შორის, კახა თორელმაც. მიუხედავად ამისა, აჯანყება მაინც დაიწყო. მეფე თავის მომხრეებთან ერთად სამცხეში გადავიდა და სარგისის სამფლობელოში დაბანაკდა. ამასობაში, საქართველოში მონღოლთა 20-ათასიანი დამსჯელი ჯარი შემოვიდა არღუნ-აღას მეთაურობით. დავით ულუმ და სარგისმა 8 ათასი კაცი შეკრიბეს. მეფემ სარდლად სარგის ჯაყელი დანიშნა. არღუნი სურამში გაჩერდა. მის მიერ წინ გაგზავნილი 6-ათასკაციანი მეწინავე ლაშქარი ტაშისკართან დაბანაკდა. თავის მხრივ, სარგისმა 1 500-კაციანი მეწინავე რაზმი გაგზავნა მტრის მიმართულებით. დეკემბერი იყო, ყინავდა და თოვლი იდო. სარგისის მეწინავეებმა ახალდაბასთან ხიდი გადაიარეს და ტაშისკარისკენ დაიძრნენ. მათ არაფერი იცოდნენ არღუნის ჯარის ავანგარდის მოძრაობის შესახებ და მტრის წინაშე მოულოდნელად აღმოჩნდნენ. მესხები არ შედრკნენ და ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერს შეუტიეს. მონღოლებმა ვერ გაუძლეს ქართველთა იერიშს და თავს გაქცევით უშველეს. გამარჯვებით გახარებულმა მეფემ და სარგისმა არღუნის ძირითად ძალებზე გადაწყვიტეს შეტევის განხორციელება და მტრის წინააღმდეგ დაიძრნენ.
– სად გაიმართა ეს ბრძოლა?
– ბრძოლა მიმდინარეობდა დაახლოებით იქ, სადაც დღევანდელი ქვიშხეთია. თავდაპირველად, ქართველებმა საკმაოდ კარგად შეუტიეს მოწინააღმდეგეს. მონღოლებს გაუჭირდათ წინააღმდეგობის გაწევა. უკვე უკან დახევასაც აპირებდნენ და სწორედ ამ დროს მათთან გამოცხადდა ქართველი ფეოდალების ერთი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა კახა თორელი. მან მონღოლთა სარდალს საინტერესო (ანუ სამარცხვინო) რამ უთხრა.
– კონკრეტულად, რა უთხრა კახა თორელმა არღუნს?
– „ქართველნი მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩვენ ვბრძოდით თქვენ წილ“, ანუ, თქვენ არ იცით ქართველებთან ბრძოლა, ჩვენ ვიცით როგორ ვებრძოლოთ მათ და ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს ნაცვლადო. ამის შემდეგ კახა თორელი და მისი მომხრე ფეოდალები ჩაებნენ ბრძოლაში მონღოლთა მხარეს. სწორედ ამ მომენტმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედიც. დამარცხდნენ ქართველები, უფრო სწორად დავით ულუ და სარგის ჯაყელი. სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ღალატის უკანასკნელი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მას შემდეგ კიდევ არაერთხელ უბრძოლიათ ქართველებს საკუთარი მეფისა და სამშობლოს წინააღმდეგ.
თუმცა, ეს ძალიან ნიშანდობლივი მაგალითია საქართველოს ისტორიიდან. აქ შეიძლება, ერთმანეთის პირისპირ დავაყენოთ ორი პიროვნება, ერთი მხრივ ეს არის სარგის ჯაყელი, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი, კაცი, რომელიც გვერდში უდგას მეფეს და მეორე მხრივ – კახა თორელი, ანტიგმირი – კაცი, რომელიც მონღოლთა მხარეს მებრძოლ ქართველებს მეთაურობს. არის ერთი მომენტი, ვთქვათ, არ გინდა აჯანყება, არ გინდა, საკუთარი მშვიდი ყოფა დაარღვიო და სასწორზე შეაგდო შენი ბედი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ესეც ღალატია. და კიდევ, მეორე მომენტი, რაც აშკარად საკუთარი ქვეყნის მტრობაა, როდესაც მიდიხარ მტერთან და ეუბნები, მე მოგეხმარები ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ დაგამარცხებინებო.
აი, ასეთი ფაქტი მოხდა 1260 წელს. კახა თორელმა, რომელიც ცნობილი, გავლენიანი კაცი და კარგი მებრძოლი იყო, ასეთი სამარცხვინო საქმე ჩაიდინა.
– მომავალში როგორ დაუფასეს მონღოლებმა კახა თორელს ეს საქციელი?
– ეს წყაროებიდან ნათლად აღარ ჩანს. ცხადია, რომ კახა თორელიცა და მისი თანამოაზრეებიც არღუნთან იმიტომ არ გამოცხადებულან, რომ მეფესთან იდეური დაპირისპირება ჰქონდათ, ანდა მონღოლები ძალიან უყვარდათ. მათ მონღოლთა წინაშე თავის გამოჩენა, მათთვის ერთგულების დამტკიცება უნდოდათ, რათა პირადი კეთილდღეობა უზრუნველეყოთ. კონკრეტულად, რა სახით დაუფასეს, თუ არ დაუფასეს საერთოდ დამპყრობლებმა მას ეს საქცილი, მისი ბიოგრაფიის, ასეთი დეტალები წყაროებში აღარ გვხვდება. და, ეს არც არის მნიშვნელოვანი. აქ თვითონ საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა, არის ძალიან სამარცხვინო და საშინელი. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, მაგრამ მტრის მხარეს გადასვლა, მისთვის ხელის შეწყობა დაუშვებელი და გაუმართლებელია.