ცვლილებების დროა
კონსერვატორი ქალები ხშირად არიან წამგებიან პოზიციაში. განახლების სურვილი ძალიან იზიდავს საპირისპირო სქესს. დააკვირდით, როგორი ტიპის ქალები უფრო მოსწონთ მამაკაცებს, კერძოდ კი, ისინი, რომლებიც მუდმივად იცვლებიან, ანუ, სწორედ ამით არიან საინტერესოები, ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებისთვის. თუ მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია: გააფართოვეთ ნაცნობების წრე. გაიცანით ახალი ადამიანები – ამით თქვენი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი გახდება და თავდაჯერებულობაც მოგემატებათ.
გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა – ჩაერთეთ საუბრებში, თუკი ამის საშუალება გაქვთ და ეს საჭიროა; გამოთქვით თქვენი აზრი უფრო თამამად; შეეცადეთ, ადამიანებში რამე კარგი დაინახოთ; როცა ვინმეს მიმართ სიმპათია გაგიჩნდებათ, ნუ დამალავთ ამას – უხერხული და მოსარიდებელი ამაში ნამდვილად არაფერია.
იყავით კეთილგანწყობილი უცნობების მიმართაც. ისინი, შესაძლოა, ხვალ თქვენი ნაცნობები გახდნენ, თანაც, კარგი ნაცნობები. ისწავლეთ მოსმენა და სწორი თანაგრძნობა. სწორი თანაგრძნობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეურაცხყოფა კი არ მიაყენოთ ამით, არამედ მიახვედროთ, რომ შეუძლია, რაღაც მომენტში თქვენი იმედი ჰქონდეს.
იყავით დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ რაღაცას სწორად ვერ გააკეთებთ. შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს.
P. S. აუცილებლად იპოვეთ საკუთარი სტილი. ექსპერიმენტები საშიში სულაც არ არის, საჭიროა.