განშორების „სიამენი“
ძნელია და მტკივნეული, როცა საყვარელი ადამიანი შენგან, თუნდაც, დროებით მიდის. გენატრება და ნერვიულობ, თან, ეჭვებიც გკლავს... ამ დროს სწორედ ეჭვია თქვენი სიყვარულის მთავარი მტერი. როგორმე უნდა მოახერხოთ და ეს გრძნობა გააკონტროლოთ. რა თქმა უნდა, როცა ის თქვენგან შორს არის, ვერაფერი დაგარწმუნებთ იმაში, რომ არაფერს „აშავებს“, ანუ არ ცდილობს, რომანი გააბას ვიღაც სხვასთან, ან, თუნდაც, ფლირტით გაერთოს, რომელიც მას, შესაძლოა, ძალიან უწყინარიც კი ეგონოს. მამაკაცების უმრავლესობა საკმაოდ გულუბრყვილოა და ფიქრობს, რომ უწყინარი ფლირტი თქვენს ურთიერთობას არაფერს დაუშავებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მეორე „მოთამაშე“, რა გამოცდილებისა და რა განზრახვის მქონე. ამ შემთხვევაში, თქვენზე ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული, ამიტომ, თავს ტყუილად მოიშხამავთ. ნურც მას დატანჯავთ და ისე ნუ იზამთ, თქვენთან დაბრუნება აღარ უხაროდეს. არც ის არის საჭირო, თავად მოახდინოთ არარსებული ღალატის პროვოცირება. მაგალითად, მოუყვეთ პარტნიორს, მის არყოფნაში როგორ ცდილობს ვიღაც თაყვანისმცემელი, მომენტით ისარგებლოს... ძალიან კარგია, როცა ურთიერთობას საფუძვლად ნდობა უდევს, თუმცა, სიფრთხილე ზედმეტი არასოდეს არის. ხოლო, თუ ის რეკავს, კითხულობს თქვენს ამბავს, გეუბნებათ, რომ ენატრებით, ჭირვეულობითა და ზედმეტი შეკითხვებით ნუ შეაწუხებთ, ნურც მოიწყენთ: გაერთეთ, გამოიყენეთ ეს თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის – შეხვდით მეგობარს, გაისეირნეთ... ბოლოს და ბოლოს, თუკი თქვენი რჩეული ცოტათი გაერთობა და ეს თქვენ არანაირად არ შეგეხებათ, ნუ იფიქრებთ ცუდზე, ნეგატიურ ენერგიას ნუ მოიზიდავთ და ნუ მოიშხამავთ ამ რამდენიმე დღეს.