ბუზი თუ სპილო?
როცა რაღაცას იმაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე სინამდვილეშია, მერე ვამბობთ, ან სხვები გვეუბნებიან, ბუზისგან სპილო შექმენიო. ეს გამოთქმა ძველ საბერძნეთში იშვა და პირველად მეორე საუკუნეში მოიხსენიება ლუკიანეს სატირული ჟანრის ნაწარმოებში ზუსტად იმავე მნიშვნელობით. ინგლისელები ასეთ შემთხვევაში ამბობენ: ის მთას ეძახის ერთ მუჭა მოგროვილ მიწასო. ასეა თუ ისე, არ არის საჭირო, შეცდომებს, ფაქტებსა თუ მოვლენებს გამადიდებელი შუშიდან ვუყუროთ. მით უმეტეს, ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. ფრანგებს ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა აქვთ: „არ უნდა ინერვიულო იმაზე, რასაც იცი, რომ ეშველება და, მით უმეტეს, სისულელეა ნერვიულობა იმაზე, რასაც აღარაფერი ეშველება“. ძნელი სათქმელია, ხშირად ხელმძღვანელობენ თუ არა თავად ფრანგები ამ პრინციპით, მაგრამ, ფაქტია, რომ ბუზის სპილოდ გადაქცევით მხოლოდ ვნებთ საკუთარ თავს. როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება, ჯობია, ემოციებს არ აჰყვეთ და მოვლენები საღი გონებით შეაფასოთ. ერთბაშად ამას ვერ დაეჩვევით, მაგრამ, ნელ-ნელა სიტუაციისა და საკუთარი თავის გაკონტროლებას შეძლებთ.
* ნუ იჩქარებთ განგაშის ატეხას და, მით უმეტეს, ნუ ჩავარდებით პანიკაში. არ არის საჭირო, სახე ჩამოიკაწროთ კივილით: „ყველაფერი დაიღუპა!“ დაჯექით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა მოხდა და რა შანსი გაქვთ, გამოასწოროთ სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს, გლოვას მერეც მოასწრებთ.
* თუ ემოციებს საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, გაანდეთ პრობლემა იმას, ვისი მხარდაჭერის იმედიც გაქვთ – მეგობარს, მეუღლეს და ერთად გააანალიზეთ მომხდარი, ყოველგვარი ტირილისა და ისტერიკის გარეშე.
* არასდროს დაყოთ მოვლენები „შავ“ და „თეთრ“ ფერებად. ყველაფერ ცუდში შეიძლება იყოს რაღაც კარგი. ისწავლეთ და დაინახეთ ეს კარგი. ისიც გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არ არსებობს პრობლემებისა და უსიამოვნებების გარეშე. თუ ამას შეეგუებით, მათ დასახვედრად მზად იქნებით, ყველაფერი კარგად იქნება და, მაშინ, აღარც ბუზი მოგეჩვენებათ სპილოდ.