რისი მომხრე არ არის კრისტი მამაკაცთან ურთიერთობაში და რა იცის მან ზუსტად
ძნელი წარმოსადგენია მშვენიერი კრისტი როგორი მამაკაცი იქნებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ძლიერი სქესი და მოდის სამყარო ამით ძალიან ბევრს დაკარგავდა. თავად კრისტი კი ამბობს, რომ ამაზე არასოდეს უფიქრია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თუ არჩევნის საშუალება ექნება, მეორე ცხოვრებაშიც არ ინატრებდა კაცის „ტყავში“ ყოფნას.
კრისტი: მართლა არასოდეს მიფიქრია, იმაზე, რომ შეიძლებოდა, კაცი ვყოფილიყავი და ამის წარმოდგენაც არ მინდა. მომწონს, რომ ქალი ვარ. საერთოდაც, ადამიანს უნდა მოსწონდეს და უნდოდეს იყოს ის, ვინც არის. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი პიროვნება ვარ, საკუთარი თავის გატანაც კარგად შემიძლია და არც პასუხისმგებლობის გრძნობა მაკლია. ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ ამისთვის კუნთებში დიდი ძალაა საჭირო. პიროვნული სიძლიერე სულ სხვა რამეა და არა აქვს მნიშვნელობა, შენ მამაკაცი იქნები, თუ ქალი. ძალიან ბევრი სუსტი მამაკაცი ვიცი და მინახავს. იმაში კი გეთანხმები, რომ მამაკაცი და ქალი ვერასოდეს იქნებიან ერთნაირები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ადამიანია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ქალსა და მამაკაცს მარტო ფიზიოლოგია კი არა, ტვინიც, აზროვნებაც განსხვავებული აქვთ. ამიტომაც არის, ალბათ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა საბოლოოდ კარგი მაინც არ გამოდის. სულ კონფლიქტში არიან, სულ რაღაც ხდება, სულ პრობლემაა. იდეალურ ურთიერთობაზე, ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი.
– ამიტომაც, ხან ერთი თმობს, ხან – მეორე.
– აი, ეგ არ მესმის. რატომ უნდა დავთმო? პატივისცემა სხვა რამეა და მე ურთიერთობაში პატივისცემის მომხრე ვარ. დათმობა ჩემთვის მსხვერპლშეწირვასთან ასოცირდება და მძაფრ პროტესტს იწვევს. როცა შენ რაღაცას თმობ, გამოდის, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. რატომ უნდა აკეთო რაღაც იძულებით, არ მესმის. კიდევ ვიმეორებ, პატივისცემა სხვა რამეა და ურთიერთობაში ეს აუცილებლად უნდა იყოს.
– იყო დრო, როცა ქალები იყვნენ დომინანტები, მატრიარქატის პერიოდს ვგულისხმობ.
– მე არც პატრიარქატის მომხრე ვარ და არც მატრიარქატის. ოქროს შუალედი მინდა. როცა ორივე, ქალიც და კაციც, ოჯახშიც და ურთიერთობაშიც, თანაბრად ინაწილებენ მოვალეობებს, პასუხისმგებლობას. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა.
– მაგრამ ძნელად მისაღწევი.
– რატომ არის ძნელად მისაღწევი. მით უმეტეს, თუ მართლა გიყვარს. მე ვერ ვხედავ ამაში სირთულეს. რატომ უნდა დაიხარჯოს ერთი მეტად, მეორე – ნაკლებად. თუმცა, ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. თავისი საქმეც უნდა ჰქონდეს და ოჯახშიც ისე უნდა ააწყოს ყველაფერი, სრული წესრიგი დაამყაროს, თანაც, თვითონაც სულ ფორმაში იყოს. არც არის ძნელი, თუკი მოინდომებ. არიან ასეთი ქალები, რომლებიც მართლა ყველაფერს ასწრებენ და თან სიტუაციასაც მართავენ.
– ასეთი ქალის გვერდით ისეთი მამაკაცი უნდა იყოს, რომელიც წინსაფარს აიფარებს, დადგება ქურასთან და გემრიელ კერძებს მოუმზადებს, თან საოჯახო საქმეებსაც მიხედავს?
– არა. ასეთი კაცი მე არ მომეწონება, მაგრამ კაცმა სხვანაირად უნდა შეუწყოს ხელი ქალს. მაგალითად, აუყვანოს დამლაგებელი, დამხმარე, შეუქმნას პირობები, გააკეთოს კაცის გასაკეთებელი საქმე, აგრძნობინოს ქალს, რომ ის ფაქიზი არსებაა. ეს არის მამაკაცის მოვალეობა. ამიტომ უნდა გყავდეს გვერდით მამაკაცი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია.
– შენ გოგონა გყავს. ხომ არ გაგიჭირდებოდა მასთან ურთიერთობა, ბიჭი რომ ყოფილიყო?
– იცი, რა არის? მე თავიდანვე ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა. მქონდა ამის განცდა. ბიჭი რომ მყოლოდა, გავუგებდი, თუ არა? – კი, რატომაც არა. შეიძლება ცოტა გამჭირვებოდა გაზრდა. ამბობენ, ბიჭის აღზრდა უფრო ძნელიაო, მაგრამ ყველაფერი მაინც შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული. მე ვეცდებოდი, გვქონოდა ნდობა ერთმანეთის მიმართ და საერთოდაც, ძალიან შევეცდებოდი, რომ კარგ ადამიანად აღმეზარდა.
– ბევრ მამაკაცს მიაჩნია და ბევრ ქალს, რომ ქალს უფრო მეტის დათმობა უწევს ცხოვრებაში, უნდა ეს მას, თუ არა.
– აი, ეგ სიტყვა არ მესმის და რა ვქნა. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავთმო, რატომ უნდა მოვითმინო.
– იმიტომ, რომ კაცს ღალატიც ეპატიება.
– მე ასე არ ვფიქრობ. წავიდეს და ვისაც უნდა იმას შეხედოს, კარგად იყოს. თუ ჩემს გვერდით არის, მე უნდა მიყურებდეს. მე რომ შევხედო სხვას, ეს მოეწონება?
– ო, ეგ არ შეიძლება.
– არ მინდა და არ მესმის ასეთი ურთიერთობის. პირადულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მგონი ვერც ვიპოვი.
– ფიქრობ, რომ სრულყოფილი მამაკაცები აღარ არიან?
– არა, საქმე ეს არ არის. სრულყოფილი ადამიანი კი არა, ურთიერთობა არ არის. თორემ ისე, ყველა ძალიან კარგია. სრულყოფილება საერთოდ არ არსებობს. მე არ ვიცი, რამდენ ხანს ეყვარებოდათ ერთმანეთი რომეოს და ჯულიეტას, ან იქნებოდა თუ არა მათი ურთიერთობა იდეალური, რომ არ დახოცილიყვნენ. არ არსებობს იდეალური ვარიანტი.
– იქნებ, ამიტომ არც უნდა ვეძებოთ?
– მაგას გეუბნები, რომ აღარც ვეძებ. აღარ მჯერა, რომ ვინმესთან შეიძლება სრულყოფილი ურთიერთობა მქონდეს.
– ამბობენ, მამაკაცის ტვინი წონაში ასი გრამით უფრო მძიმეა და ამიტომ კაცები ქალებზე უფრო ჭკვიანები არიან?
– არ მგონია. არ მგონია, კი არა, დარწმუნებული ვარ ამაში. ქალს რომ ინტუიცია აქვს განვითარებული და ქალი რომ გრძნობს წინასწარ რაღაცას, მამაკაცს ეს არ შეუძლია. საერთოდაც, ქალი ბევრად უფრო სრულყოფილი არსებაა, ვიდრე მამაკაცი. კაცები ელემენტარულ ტკივილსაც ვერ იტანენ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჩვენზე ამტანები უნდა იყვნენ.
– ჭკვიანი ის ქალია, რომელიც თავის ჭკუას კაცს არ ანახებსო...
– ეგ მართალია. (იცინის) მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალი კისერია, მამაკაცი კი თავი და ამ თავს ქალი იქით მიატრიალებს საითაც თავად უნდა. მთავარია, ქალმა იცოდეს, რა უნდა.
– კაცებს ასევე აღიზიანებთ ქალი საჭესთან!
– იმიტომ, რომ მცდარი წარმოდგენა აქვთ ქალებზე. დარწმუნებულები არიან, რომ ქალს არ შეუძლია, ყურადღებიანი იყოს საჭესთან. ჰგონიათ, რომ სულ სარკეში ვიხედებით და ვიპრანჭებით. ამ დროს, ძალიან ბევრი მამაკაცია ისეთი, რომელიც საერთოდ ვერ მართავს მანქანას. მე ვიცი, მანქანის მართვა და მოწმობაც მაქვს, მაგრამ არ ვგიჟდები, რომ აუცილებლად საჭესთან დავჯდე. უფრო იმიტომ ვისწავლე, რომ რა იცი, რაში დამჭირდეს. შეიძლება, უცებ ისე მოხდეს, რომ მე უნდა გადავარჩინო სიტუაცია. თორემ, გაცილებით მეტი კომფორტია, როცა გატარებენ. გეუბნები, მე ქალი მძღოლები ვიცი, კაცები მათთან ახლოსაც ვერ მივლენ. ჩემი ყოფილი დედამთილი, გიორგის დედა არაჩვეულებრივი მძღოლია. მე ასეთი ნაკითხი მძღოლი მამაკაცებს შორის არ მეგულება, ფანტასტიკურად დაჰყავს მანქანა.
– კრისტი, მკაცრი და მომთხოვნი კაცი იქნებოდი?
– მიჭირს ამის წარმოდგენა. მე რომ ვიყო კაცი? – ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ქალს თავი ბედნიერად ეგრძნო. მით უმეტეს, რომ ქალს ძალიან ცოტა სჭირდება ამისთვის. ის კაცი, რომელსაც ამ ცოტას გაკეთებაც კი არ უნდა, ჩემი აზრით, უკვე აღარ არის კაცი.
– მოდელი ცოლი გენდომებოდა?
– რატომაც არა. გიორგი, მაგალითად, ყოველთვის ამაყობდა ჩემით. ჩემსავით უხაროდა ჩემი წარმატება. მე მიყვარს ჩემი საქმე და პოდიუმზეც ამ სიყვარულით ავდივარ. ადამიანს საყვარელი საქმის კეთება არ უნდა დაუშალო. მით უმეტეს, თუკი ხედავ, რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ზოგი მარტო იმიტომ გადის პოდიუმზე, რომ გათხოვდეს. მამაკაცების უმრავლესობას კი, მაინც არ მოსწონს ცოლი მოდელი. უფრო სწორად მანამდე მოსწონთ, სანამ ცოლად მოიყვანენ.