დახლქვეშიდან „დაძრობილი“ მწვანილი, რესპუბლიკურში გახსნილი „რეზიდენცია“, მოპარული სურნელოვანი „განძი“, ბებიის პენსიით ციხიდან დახსნილი ახალგაზრდა და ხორცსაკეპი მანქანიდან დალეული სასმელი
თბილისში დღესაც არსებობენ ადამიანები, თავისი წვლილი რომ შეიტანეს და შეაქვთ ნამდვილი თბილისური ხასიათის ჩამოყალიბებაში, იმ სიყვარულისა და მეგობრობის მაგალითით, მხოლოდ ნაღდ თბილისელს რომ სჩვევია და დღემდე ჩვენც გვასაზრდოებს.
თბილისს ხომ „სახლი სიხარულისა“ ერქვა და დღეს მისი განუმეორებელი კოლორიტების თავს გადახდენილი ამბები უკვე ლეგენდებადაა ქცეული თბილისელებისთვის.
დათო ოქიტაშვილი ის ადამიანია, ვინც ცდილობს ნაღდი თბილისელი კოლორიტების მისაბაძი ქცევა თუ მოქმედება ახლანდელ თაობას მიაწოდოს. სწორედ ამიტომ, ცდილობს, აღადგინოს „პაემანი ვერაზე“, რომ თბილისმა შეინარჩუნოს თავისი განუმეორებელი ხიბლი, ხასიათი და ის თვისება, რომლითაც ბევრი ადამიანი ამაყობდა. როგორც დათო ამბობს, თბილისელობა დიდი პასუხისმგებლობაა და თბილისი ის ქალაქია, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს, რომელსაც უნდა ეფერო და საკუთარი სათქმელი ისე თქვა, რომ სხვას ზიანი არ მიაყენო. თუ ამ ქალაქში ცხოვრობ, ისე უნდა მოიქცე, რომ თავაწეულმა იარო და არც უკან მოხედვის შეგრცხვეს კაცს.
ხორცის საკეპი მანქანით დალეული ღვინო და სუფრის წევრების ორიგინალურად გამომცდელი თამადა
ქართველები რომ ორიგინალური ხალხი ვართ, ეს ყველაზე კარგად სუფრასთან ჩანს. არ მეგულება თბილისში ქართველი კაცი, რომელსაც კრამიტით, ლამფის შუშითა და ვაზით არ დაულევია სასმელი. ეს წესი მამა-პაპათაგან მოდის და ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამაშიც ერთგვარი, ძველი, ქალაქური ტრადიციაა ჩადებული და თავისებური ხიბლი აქვს. ნათია დადიანი ჩემი მეუღლის დაქალია. მამამისი ტრადიციის მიმდევარი ადამიანია, კარგი თამადა და უბრალოდ, ნამდვილი დადიანი. ერთხელაც, ნათიას დაბადების დღეზე შევიკრიბეთ. დავლიეთ ჭიქებით, ვაზებით, ტაშტებით და რა ვიცი, კიდევ რით არა. თამადამ თქვა, ახლა ისეთ სასმისს შემოვიტან, ვინც ამ სასმისიდან დალევს, აი, ის ნამდვილი თბილისელიაო. ვიფიქრე, ასეთი რა სასმელია-მეთქი და გავიხედე, ხორცსაკეპი მანქანა შემოიტანეს. შუაში რკინა გამოცლილი ჰქონდა. ვკითხეთ, აქედან როგორ უნდა დავლიოთ ღვინო, აქეთ-იქიდან თუ ხელი არ მიაფარე ისე ვერ მოიყუდებ, დასაქცევი სასმელი კი სად არისო. გაეცინა თამადას და თქვა, ეს ისეთი სასმელია, რომელიც ქართველი კაცის მოთმინებას უსვამს ხაზს სადღეგრძელოს თქმის დროს, ქართველები ემოციურად ვსაუბრობთ, ცალ ხელში სასმელი გვიჭირავს, მეორე ხელს აქეთ-იქით ვიქნევთ. ამის დალევის დროს კი ორივე ხელი დაკავებული გაქვს ადამიანს, თუ სადღეგრძელოს თქმის დროს არ გძლია ემოციამ და არ გაუშვი ხელი ამ ხელსაწყოს, ღვინოც არ დაგექცევა და მაგარიც იქნები. თუ არადა, ღვინოც დაგესხმევა და შერცხვენილიც დარჩები სუფრასთანო. მოკლედ, ჩამოატარეს ეს ხორცსაკეპი მანქანა და ყველა გამოგვცადეს ემოციურობაში. თამადას რომ გავხედე, ეტყობოდა, ამან არ დააკმაყოფილა და ახალ ხრიკებს ეძებდა სუფრის წევრების გამოსაცდელად. იქვე მჯდომებს გადავხედე და ჩუმად ვუთხარი, ახლა დროზე ავდგეთ და დავიშალოთ, სანამ სარეცხის მანქანა ან მტვერსასრუტი არ შემოუგორებია თამადას-მეთქი. ასე რომ, ასეთი ორიგინალურობა, მით უმეტეს სუფრასთან, მხოლოდ ქართველებს გვჩვევია და ამაში, მსოფლიოში ბადალი არ გვყავს.
დახლქვეშიდან
„დაძრობილი“ მწვანილი
სოფიკო ჭიაურელთან ვმეგობრობდი. ხშირად მივდიოდი მასთან სახლში და მიყვარდა მისი მომზადებული საჭმელების დაგემოვნება. მოკლედ, ერთხელაც მივაკითხე სახლში. რემონტი ჰქონდა და ერთ გაწამაწიაში იყო. სოფიკომ მითხრა, მუშებისთვის საჭმელი მაქვს მოსამზადებელი და კოლმეურნეობის მოედანზე გამყევი ბაზარში, უცებ მოვიბაზრებ და დავბრუნდეთო. მოკლედ, ჩავსხედით მანქანაში და წავედით ბაზარში. არასდროს დამავიწყდება გლეხების და სოფიკოს ურთიერთობა. ეძახდნენ, სოფიკო-ჯან, მოდი, ნახე, რა გაჩვენოო და დახლის ქვეშიდან აძრობდნენ საუკეთესო, „ასობი“ ხალხისთვის გადანახულ პროდუქტს. რომ „მოვიბაზრეთ“ და გამოვდივართ, უცებ გაახსენდა სოფიკოს, მწვანილი რომ ჰქონდა საყიდელი. მითხრა, მემწვანილე მაინც ვერ მიცნობს და ჩემს გემოზე ავარჩევო. მივიდა „ბაჯის“ დახლთან და დაიწყო არჩევა. უცებ, ბაჯიმ სოფიკოს ხელიდან გამოსტაცა არჩეული მწვანილი და ჩუმად უთხრა, მაიცა სოფიკო-ჯან, შენთვის დახლქვეშ მაქვს „ასობად“ გადანახული მწვანილიო, დაიხარა და გამოაძრო. სახლში დაბრუნებული სოფიკო იცინოდა, ყველაფერი გამიგია და მწვანილს დახლქვეშიდან ნაცნობობით ყიდიდნენ, ასეთი რამ არ გამიგია. ეს მხოლოდ თბილისში და ისიც კოლმეურნეობის ბაზარში ხდებაო.
„ბაბუშკების“ პენსიით აწეული ქეიფი და გასამართლებას
გადარჩენილი ძმაკაცი
თბილისის კიდევ ერთი კოლორიტი მინდა გავიხსენო. მისი მეგობარი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. ერთ დღესაც მიაკითხა სასწავლებელში და უთხრა: „ბაბუშკებმა“ დღეს პენსია აიღეს და ჩემი წილი დავაწერე, წამო, „პივა“ დავლიოთ, ხინკალი ჩავარტყათ და არაყიც მივაყოლოთო. მოკლედ, ჩავიდნენ იქვე, კინო „თბილისის“ ახლად გახსნილ სახინკლეში და აიღეს ხინკალი, არაყი, ქაბაბი, ლუდი და კარგად მოულხინეს. მოკლედ, რომ დანაყრდნენ და შეზარხოშდნენ, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაიშალნენ. სახლში მისულ მეგობარს დედა კარებთან დახვდა, დაეტაკა და დაუწყო ლანძღვა-გინება: შე ასეთო, შე ისეთო, აღარ გრცხვენია ბოლოს და ბოლოს, რატომ ამოარტყი პანჩური მილიციელს, ან ქუჩაში მოშარდვა როგორ მოგივიდა თავშიო. გადაირია სტუდენტი, ვერ მიხვდა რას ერჩოდა დედამისი და უსიტყვოდ უსმენდა. დედა კი არ ცხრებოდა: რომ არა შენი მეგობარი, იმან კი გაიხაროს, ხომ ამოგალპობდნენ ციხეში, შე, უბედურ დღეზე გაჩენილოო. ბოლოს, როგორც იქნა, გაირკვა. თურმე, მისი მეგობარი მისულა დედამისთან და დამწუხრებული სახით უთქვამს, თქვენი შვილი „კაპეზეში“ ზის, ისეთი რამ ჩაიდინა, გამართლება არ აქვს, ან როგორ გაბედა ეს თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა. თუ არ გადაიხადეთ ჯარიმა, შეიძლება, ციხეში ამოყოს თავი ხულიგნობისთვის. ახლა თქვენზეა დამოკიდებული მისი ბედიო. უთქვამს, მე ნაცნობი მყავს მილიციაში და თუ ფულს მომცემთ, ჯარიმას გადავიხდი, გასამართლებასაც გადაურჩება და სახლშიც თავად მოგიყვანო. გამოუფხეკიათ საწყალ ოჯახის წევრებს ჯიბეები, ბებიებს კი აღებული და გადანახული პენსია გამოურბენინებიათ და ასე „დაუხსნიათ“ საკუთარი შვილიშვილი ციხეში ჩაჯდომას. ამ ამბავს, დიდხანს ყვებოდნენ თბილისში. ყველა ამბობდა, ასეთი ხუმრობა თბილისში დაუსჯელია – „ბაბუშკების“ ფულით რაიმე კრიმინალი ხომ არ ჩაუდენიათ, დასხდნენ და იქეიფეს კაცურადო. ასე რომ, ამ ქალაქში „ბაბუშკების“ პენსიით ქეიფიც მოსულა.
საავადმყოფოში
გახსნილი „რეზიდენცია“
თუ თბილისში ცხოვრობ, ვერ აცდები აქაურ წესებს, ვერც ჩხუბს და ვერც გაწევ-გამოწევას. თუ მუშტი არ მოგხვედრია, მაშინ არ უნდა თქვა, მიცხოვრია ამ ქალაქშიო, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. მთავარია, ამ ჩხუბშიც საკუთარი ვაჟკაცობა და ქალაქელობა დაამტკიცო. ასეთი ამბები ადრეც ხდებოდა და ყველა გაწევ-გამოწევა, ბოლოს მეტოქეთა შერიგებით სრულდებოდა. ჩემი ძმა დიდი ჩხუბისთავი იყო. სახლიდან რომ გადიოდა, მთელი ოჯახი შიშით ვკანკალებდით. ხან სად გაყო შარში თავი და ხან – სად, მაგრამ, დღეს ის ბიჭები, მისი განუყრელი მეგობრები არიან. მოკლედ, ერთხელაც იჩხუბა, დაჭრეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამოყო თავი. მთელი ოჯახი და მედპერსონალი ფეხზე დადგა. კვირაობით გვიწევდა პალატაში „ცხოვრება“. მივიტანეთ მაცივარი, ტელევიზორი, საოჯახო ნივთები, ჩამოვკიდეთ ლამაზი ფარდები და ერთი სიტყვით, გამოვაწყვეთ ოთახი. თან ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. იმკურნალა, გამოჯანმრთელდა და გამოწერეს. არ გავიდა რამდენიმე ხანი და ისევ იჩხუბა. ისევ იმ საავადმყოფოში და ისევ იმ პალატაში ამოყო თავი. ისევ მივზიდეთ საჭირო ნივთები და გამოვაწყვეთ პალატა. გამოჯანმრთელდა და გამოწერეს. არ გავიდა რამდენიმე ხანი და ისევ იქ მოხვდა. ექიმებმა რომ დაგვინახეს, გაეცინათ, ამ ოქიტაშვილებმა არ მოიწყვეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი „რეზიდენცია“ და გაუტკბათ აქ ცხოვრებაო.
„სურნელოვანი განძი“ და ორიგინალურად „დალოცვილი“ ქურდი
ბებიები შვილიშვილების განსაკუთრებული გულშემატკივრები და მესაიდუმლეები არიან. ჰოდა, ერთმა ბებომ გადაწყვიტა შვილიშვილების ჯანმრთელობა გულდასმით გამოეკვლია და მათი ანალიზები ასანთის კოლოფში მოათავსა და დილაადრიან წაიღო ჩასაბარებლად. იმ დაწესებულებამდე, სადაც ანალიზები უნდა ჩაებარებინა, ტროლეიბუსი მიდიოდა. ავიდა ბებო ტრანსპორტში და დაჯდა. გაიხედა, მგზავრები რაღაცას ანიშნებენ, ზოგი თვალით, ზოგი ჟესტებით. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. გაჩერებაზე, როცა ახალგაზრდა ბიჭი სწრაფად ჩავიდა ტროლეიბუსიდან, მერე ატყდა ჩოჩქოლი: ეს უსინდისო, ეს უნამუსო, ეს ჯიბგირი, შეხედავ, ანგელოზივითაა და რეებს კადრულობსო. მერე ამ ბებოს მიუბრუნდნენ და უსაყვედურეს, ქალბატონო, რომ განიშნებდით ვერ უნდა მიმხვდარიყავით? იმ ახალგაზრდამ ჯიბეში ჩაგიყოთ ხელი და გაზეთში გახვეული, რაღაც კოლოფი მოგპარათ, გაიქცა და აწი რაღას მიეწევითო. ბებოს გაეცინა და უთხრა აღშფოთებულ ხალხს: რას ნერვიულობთ, მაგის მეტი განძი არ შევიდეს მის ოჯახში და მასეთ განძს, მე ჩემი შვილიშვილები ყოველდღე მომართმევენო. წარმოიდგინეთ, იმ ჯიბგირის სახე, როცა ბებოს ჯიბიდან მოპარულ ნადავლს გახსნიდა.