კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოვიცნოთ ეპილეფსიური შეტევის წინარე მდგომარეობა და რა მოვიმოქმედოთ მის თავიდან ასაცილებლად

კრუნჩხვების დროს იქმნება მეტად შემაშფოთებელი და დამაბნეველი სურათი, რის გამოც გარშემომყოფები ვერ ახერხებენ დროულ დახმარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრუნჩხვითი მოვლენა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება, გამოიწვიოს და საკმაოდ ფართოდაცაა გავრცელებული, მაშინ ურიგო არ იქნება პირველადი დახმარების წესების ცოდნა მსგავს სიტუაციაში. ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული კრუნჩხვითი მოვლენაა ეპილეფსიური შოკი, რომლის დროსაც ვითარდება გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევა. ეპილეფსიით მსოფლიოში მრავალი ადამიანია შეწუხებული. დაავადებას თავისი სტადიები და დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია, რაც საშუალებას გვაძლევს ის ამოვიცნოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ. უმრავლეს შემთხვევებში, შეტევამდე ადგილი აქვს ეგრეთ წოდებული „აურის“ წინსწრებას – წინარე პერიოდს, რომელიც ხასიათდება მომატებული გაღიზიანებადობით, გახშირებული გულისცემით, სიმხურვალის შეგრძნებით, თავბრუსხვევით, მოჭარბებული შიშის ემოციით, უსიამოვნო სუნისა და ხმაურის მოჩვენებითი შეგრძნებით. შემდგომი დროის განმავლობაში ავადმყოფი უეცრად კარგავს გონებას და ეცემა, რაც შეიძლება, მრავალი სხვა ტიპის ტრავმის მიზეზი გახდეს. პირველი ფაზის დასაწყისში, შეტევის პირველ წამებში დაავადებული ადამიანები ხშირად ხმამაღლა კივიან, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ზემოთ აღწერილ ემოციებთან. გონების დაკარგვასთან ერთად, დაზარალებულს ეწყება ტონური კრუნჩხვები, რომლის დროსაც ტორსისა და კიდურების კუნთები მკვეთრად იჭიმება, ხელები და ფეხები მაქსიმალურად იშლება სახსარში, თავი შეტრიალდება ცალ მხარეს. კუნთების შეკუმშვის ძალა იმდენად დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში იმ ძვლის მოტეხილობასაც იწვევს, რომელზეც მიმაგრებულია. განვითარებული კრუნჩხვისას, ტონური ფაზის ხანგრძლივობა 10-30 წამია. ამასთან ერთად, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს სუნთქვის დროებით შეწყვეტას, ავადმყოფის სახე ჯერ ფერმკრთალდება შემდეგ კი ლურჯდება. მაგრამ, ამ სიმპტომების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან კრუნჩხვის დასრულებისას ისიც გაქრება. ეპილეფსიური შეტევის მეორე ფაზა ხასიათდება კლონური კრუნჩხვებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს ხელისა და ფეხის კუნთების სწრაფ შეკუმშვასა და მოდუნებას, სახის მიმიკური და საღეჭი კუნთების თრთოლას, კისრისა და გულმკერდის კუნთების ძლიერ დაძაბვას. მსგავსი პროცესების ერთობლიობა ვიზუალურად ქმნის კანკალის მოვლენას. ხშირად ადგილი აქვს უნებლიე შარდვას. შეტევის დროს დაზარალებულს მთლიანად დაკარგული აქვს ცნობიერება, მასთან კონტაქტი შეუძლებელია. ეპილეფსიური კრუნჩხვის მთლიანი ხანგრძლივობა 2-3 წუთია. შეტევის შემდეგ თანდათანობით ხდება მუსკულატურის მოდუნება როგორც ტორსის, ისე კიდურების. კრუნჩხვის შემდეგ აზროვნება შენელებულია და დაზარალებულს ძილი ერევა. გაღვიძების შემდეგ ავადმყოფს არ ახსოვს მომხდარის შესახებ და უჩივის საერთო სისუსტეს, მოდუნებულობას, თავის ტკივილს.

პირველადი დახმარება

დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისას, უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ თავის, ხელებისა და ფეხების შესაძლო დაზიანება როგორც დაცემის, ისე კრუნჩხვის შედეგად. ამიტომ, თავის დასაზღვევად, ავადმყოფს თავქვეშ უნდა ამოვუდოთ ბალიში, ხელები და ფეხები კი უძრავ მდგომარეობაში ვამყოფოთ. ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად, გულმკერდის მიდამო უნდა გავათავისუფლოთ ტანსაცმლისაგან, კბილებს შორის უნდა მოვუთავსოთ მყარი საგანი, რომ თავიდან ავირიდოთ ენის დაზიანება მისი მოკვნეტის გამო. არასასურველი მასების ჩასუნთქვის თავიდან ასარიდებლად, დაზარალებულს თავი უნდა შევუტრიალოთ ცალ მხარეს. თუ კრუნჩხვის ხასიათი და დაავადების დიაგნოზი უცხოა, უცნობია და ვერ შეძელით მისი ამოცნობა, მაშინ უნდა შეამოწმოთ გუგების რეაქცია სინათლეზე. თუ ჯანმრთელ ან დაავადებულ ადამიანს, თვალთან სინათლის წყაროს მიახლოებისას, გუგა უვიწროვდება, მაშინ ეპილეფსია უნდა გამოვრიცხოთ, რადგან მის დროს გუგის რეფლექსი სინათლეზე გამქრალია. ეპილეფსიური შეტევის დროს ასევე აღინიშნება დადებითი ბაბინსკის სიმპტომი, რომელიც შემდეგნაირად უნდა შევამოწმოთ: ტერფის ქვედა ზედაპირი უნდა გავაღიზიანოთ მყარი საგნის სრიალით, რის შედეგადაც ცერა თითი გაიჭიმება და დანარჩენი თითები დაცილდება ერთმანეთს, ნორმაში კი ისინი თანაბრად უნდა მოიხარონ. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ეპილეფსიით დაავადებულებმა არ შეიძლება, მიიღონ გარკვეული ტიპის წამლები, ამიტომ მათი ექიმთან კონსულტაცია ამ მიმართულებით აუცილებელია. არც ერთი წამლის და წყლის მიცემა არ შეიძლება ავადმყოფისათვის კრუნჩხვის დროს, რადგან ის ვერ აკონტროლებს თავის სხეულს და შესაძლებელია, წამლის მოხვედრა ფილტვებში. შეტევის ჩავლის შემდეგ არ უნდა ვეცადოთ, დაზარალებულის გაღვიძებას. სამკურნალო ტაქტიკა დგინდება დაავადების ხასიათის მიხედვით. მედიკამენტოზური მკურნალობის დროს ნიშნავენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს: ფენობარბიტალს, ჰექსამიდინს, დიფენინს, ტრიმეთინს, ქლოროკანს და სხვა. ამასთან, თითოეული პრეპარატის დოზირება ხორციელდება მკაცრი ინდივიდუალურობის დაცვით, რადგან დაავადების მიმდინარეობა და პიროვნული თავისებურებები ძლიერ გავლენას ახდენს ერთმანეთზე. ეპილეფსიის სახიფათო გართულება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, არის ეპილეპტიკური სტატუსი, რომლის დროსაც ერთ კრუნჩხვას მოსდევს შემდგომი ისე, რომ ცნობიერების დაბრუნება არ ხდება. ეპილეპტიკური სტატუსის დროს აუცილებელია, საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

ორგანული დაზიანების შედეგად გამოწვეული ეპილეფსიური კრუნჩხვების ძირითადი მიზეზებია თავის ტვინის ტრავმა, ინფექცია, სისხლძარღვების სხვადასხვა ტიპის დაავადებები, თავის ტვინის სიმსივნე. კრუნჩხვითმა შეტევებმა შეიძლება, გააუარესოს სხვადასხვა ტიპის მოწამვლის მიმდინარეობა. ამასთან, არსებობს ავადმყოფობები, რომელთა დროსაც რიგი შინაგანი ორგანოებისა ზიანდება, რის შედეგადაც ვითარდება სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სისტემების უკმარისობა და ორგანიზმი დასუსტებულია. თუ ამ მდგომარეობას თან ერთვის მოწამვლა, შეიძლება, განვითარდეს კრუნჩხვა, რომელიც ძნელად განირჩევა ზემოთ აღწერილი ეპილეფსიური შეტევისაგან. ასევე, განასხვავებენ კრუნჩხვის სხვა ტიპებსაც. კრუნჩხვითი შეტევა ისტერიისას მთლიანად განსხვავდება ეპილეფსიურისაგან. ის ყველაზე ხშირად ვითარდება რაიმე ემოციური სტრესის შედეგად. ძირითადი მიზეზებია ნერვიულობა, წყენა, სტრესი და როგორც წესი, ვითარდება ნათესავების ან ოჯახის წევრების გარემოში. ავადმყოფი შეიძლება, დაეცეს, მაგრამ როგორც წესი, ძლიერ დაზიანებებს არ იღებს, ცნობიერება შენარჩუნებულია, არ აღინიშნება ენის დაზიანება, უნებლიე შარდვა. ყბები მჭიდროდ ებჯინება ერთმანეთს, თვალები კი ზემოთაა აწეული. გუგების რეაქცია სინათლეზე შენარჩუნებულია. ავადმყოფი ნორმალურად რეაგირებს მტკივნეულ გაღიზიანებებზე. ასეთი კრუნჩხვისას ავადმყოფს აღენიშნება უნებლიე მოძრაობა, რომელიც ხშირად ქაოსურ ხასიათსაც იღებს ხოლმე. ისტერიული შეტევის ხანგრძლივობა 15-20 წუთია, იშვიათად – რამდენიმე საათი. კრუნჩხვა იხსნება ერთბაშად, ავადმყოფს უბრუნდება ცნობიერება და განიცდის შვებას. ძილიანობა და მოდუნება არ აღინიშნება. ეპილეფსიურისაგან განსხვავებით, ისტერიული კრუნჩხვა არასდროს ვითარდება ძილში. ისტერიული კრუნჩხვისას, დაზარალებულისათვის დახმარების აღმოჩენა უნდა დავიწყოთ გარშემომყოფთა გაყვანით ოთახიდან, რომელშიც დაზარალებული იმყოფება. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს გარემოს ნორმალური ვენტილაცია და ამავდროულად, რადგან საქმე გვაქვს ნერვულ პრობლემასთან, ამ ქმედებით თავიდან ავირიდებთ ისეთ უარყოფით ემოციას, როგორიცაა გამოფხიზლებისას სირცხვილის გრძნობა სხვების წინაშე. ავადმყოფს უნდა ვესაუბროთ მშვიდად და დამაჯერებლად, უნდა დავარწმუნოთ, რომ ხიფათი არ ემუქრება და მალე გამოჯანმრთელდება, ხოლო მისი „გულის წასვლა“ ერთჯერადი მოვლენა იყო და თუ თავს ხელში აიყვანს, აღარ განმეორდება. ამ ქმედებით ერთგვარად შევუმსუბუქებთ სტრესს და თავიდან ავირიდებთ მდგომარეობის გაუარესებას. ისტერიული კრუნჩხვის კუპირებისათვის ფართოდ გამოიყენება დამამშვიდებელი მედიკამენტები, მაგრამ ძირითადი მნიშვნელობა მაინც ფსიქოლოგთან კონსულტაციას და საკუთარ თავთან მუშაობას ენიჭება.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3