როდის ჰქონდა დიანა ღურწკაიას ბედნიერი და საშინელი პერიოდები
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს პატარა ქართველი გოგონა აფხაზეთიდან, რომელიც თბილისის ომის დროს ფილარმონიის დიდ სცენაზე ირმა სოხაძესთან ერთად ამაყად იდგა და საკმაოდ ემოციურ სიმღერას – „ქალებს არ ესროლოთ“ მღეროდა. დიანა ღურწკაიამ წლების წინათ თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატი დაამთავრა. შემდეგ მოსკოვში წავიდა, ინსტიტუტში ჩააბარა, გათხოვდა და შვილიც შეეძინა. მისი ორივე ძმაც, თავიანთი ოჯახებით, მამასთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობენ, დიანას და კი თბილისშია. როგორია უსინათლო ქალის წარსული და აწმყო დედის გარეშე, ამას მისი დღიურიდან გაიგებთ. მასში ის პირადი მომენტებია გადმოცემული, რომლებზეც მომღერალს ჯერ არსად უსაუბრია.
– დიანა, როგორ გახსენდება საქართველოში ცხოვრების პერიოდი?
– მე იმ მოგონებებითა და მონატრებით ვცხოვრობ, რასაც საქართველო ჰქვია. უზომოდ მიყვარს ყოველი კუთხე-კუნჭული, მით უმეტეს, აფხაზეთი, სადაც დავიბადე და თბილისის ქუჩები, სადაც გავიზარდე. უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ოთხი დედ-მამიშვილი ვართ – ორი ძმა და ორი და. ვინაიდან მე ყველაზე პატარა ვარ, ცოტა გამეტიჩრებული და განებივრებული ვიყავი. ჩემი მდგომარეობის გამო ყველანაირად ცდილობდნენ, თავი დაჩაგრულად და ვინმეზე ნაკლებად არ მეგრძნო, თუნდაც ჩემს მეგობრებში. სულ მეუბნებოდნენ – არავისზე ნაკლები არ ხარ, შენც ისეთივე ბავშვი ხარ, როგორც სხვებიო.
– შენს ოჯახში, საახლობლოში, ვინმეს აქვს ან ჰქონია მსგავსი პრობლემა?
– აბსოლუტურად არავის ჰქონია, ამიტომ, ჩვენს ოჯახში სულ ისმოდა კითხვა: რატომ მოხდა ასე? რა თქმა უნდა, მშობლებისთვის ამის ატანა მძიმე იყო. საქართველოსა თუ რუსეთის საუკეთესო საავადმყოფოები და ინსტიტუტები მოვიარეთ, ექიმები გვაიმედებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. დედა და მამა ყველანაირად ცდილობდნენ, ეს ტკივილი გაექარწყლებინათ ჩემთვის, მაგრამ, არ მაგრძნობინებდნენ. ცდილობდნენ, ცხოვრებას ისევე მივჩვეულიყავი, როგორც სხვა ბავშვები. მეც დავრბოდი და დავხტოდი, მათთან ერთად ვთამაშობდი და არასდროს მქონია იმის გრძნობა, რომ რაღაც არ შემიძლია და ვერც ვერასოდეს შევძლებ. უბრალოდ, ერთი მომენტი იყო: ჩემი თანატოლები რომ მიდიოდნენ სკოლაში, დედას ვეკითხებოდი – ყველა რომ დადის სკოლაში, მე რატომ არ დაგყავართ, ღირსი არ ვარ-მეთქი? ჩემს სიტყვებზე დედას გული ეტკინა, მაგრამ, ძალიან აუღელვებლად და თბილად მიპასუხა: ჯერ დრო არ არის და, როცა დრო მოვა, ძალიან კარგ სკოლაში წახვალ, მთავარია, სწავლა გინდოდესო. ჩემთვის ღიმილით თენდებოდა და ღიმილით საღამოვდებოდა. არანაირი ნაღველი არ მქონდა გულში. იყო ზღვა, სიო, რომელიც, საღამოობით ჩემს ლამაზ ეზოში რომ ვიჯექი, ჩამიქროლებდა და ამ ყველაფრით ბედნიერი ვიყავი.
– მართალია, ამბობ, რომ დისკომფორტს არ მიქმნიდა ჩემი უსინათლობა და იმაზე არ ვფიქრობდი, რომ რაღაცის გაკეთება არ შემეძლოო, მაგრამ, ის, რომ შენ ირგვლივ საგნებსა და მოვლენებს მკაფიოდ ვერ აღიქვამდი, ალბათ, მაინც გულს გიკლავდა.
– ცხადია, მოთხოვნილება მქონდა, რომ ეს ყველაფერი დამენახა, მაგრამ, ჩემი ასეთი მდგომარეობა ჩემთვის სულაც არ იყო ტრაგედია. ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა, სამკაულები, მინდორი, ყვავილები, საერთოდ, ცხოვრება, ანუ ის პირობები, რომელიც ოჯახმა თავიდანვე შემიქმნა, მერე კი უკვე მე ვუქმნიდი სხვას, რომ არანაირი კომპლექსი და ზღვარი არ გაჩენილიყო ჩემსა და ჩემს თანატოლებს შორის.
როგორც ყველა ბავშვს, არც მე მიყვარდა მარტო ძილი, ძალიან მიყვარდა დედასთან წოლა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და, არდადეგებზე სახლში რომ ჩავდიოდი, მაინც დედასთან ვწვებოდი. ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინებოდა. ვიცოდი, რომ თვალებზე რაღაც გადაულახავი პრობლემა მქონდა, მაგრამ, რა უნდა მექნა, თავს ხომ არ მოვიკლავდი?!
– შენი მკურნალობისთვის, ალბათ, დიდი თანხები იყო საჭირო. როგორ ახერხებდნენ შენი მშობლები ცალკე ამხელა ოჯახისთვის მიეხედათ, ცალკე – შენთვის?
– მშობლებს ჩვენთვის არასდროს არაფერი დაუზოგავთ. ძალიან შრომისმოყვარეები იყვნენ და თავიანთი შრომით მოჰყავდათ მოსავალი. უფლის ნებით, საჭმელ-სასმელი სულ გვქონდა, ნორმალურად გვეცვა და გვეხურა. ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ ეს სიტუაცია რამენაირად შეეცვალათ, მაგრამ, ეს უფლის ნება იყო და ამას ვერავინ შეცვლიდა. დედა დიასახლისი იყო და ჩემი დაბადების შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. მამას, სანამ დავიბადებოდი, ტყვარჩელში უცხოვრია და მაღაროში უმუშავია. ხშირად გვესაუბრებოდნენ იმაზე, თუ როგორ უჭირდათ პირველ ხანებში, როცა შეუღლდნენ.
– როგორ შეეგუე ოჯახისგან შორს ყოფნას, როცა თბილისში სასწავლებლად ჩამოხვედი?
– არ მიყვარდა ჩემი ოჯახის გარეშე სადმე ყოფნა და, თბილისში რომ ჩამომიყვანეს, ძალიან დიდ განცდებში ჩავვარდი (დიანა თერთმეტი წელი თბილისში, უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში სწავლობდა, – ავტორი). ჩემი მშობლები ორი კვირა იყვნენ ჩემთან, მერე სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა უთხრეს, აღარ შეიძლება თქვენი აქ ყოფნა, ბავშვი უნდა მიეჩვიოს მარტო დარჩენას და სწავლასო და წავიდნენ. უზომოდ მენატრებოდა ჩემი სახლი, ჩემი მშობლები, ძმები, და. მათი ნახვის ერთადერთი საშუალება არდადეგები იყო. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დამიღვრია, როცა სევდა მომერეოდა! თან, ცოტა ამაყი ვიყავი, არ მინდოდა, ვინმეს დაენახა, როგორ ვტიროდი. სახლში რომ ჩავიდოდი, დედას უკვე გამზადებული ჰქონდა სუფრა. თუ ზაფხულის არდადეგები, იყო ყველანაირ ხილს მახვედრებდნენ, თუ ზამთრის – ჩურჩხელები, გოზინაყი სულ ჰქონდათ ჩემთვის გადანახული.
ერთხელ, არდადეგები რომ მიიწურა, ჩვენთან ჩემი პედაგოგები ჩამოვიდნენ ჩემს წასაყვანად. დედამ მამას უთხრა, თუ ბავშვს არ უნდა წასვლა, არ დააძალო, თვითონ გადაწყვიტოსო. მერე მამამ გვერდზე გამიხმო და მითხრა: შვილო, თუ გინდა, წადი, თუ გინდა, დარჩიო. მე ვუთხარი: ამხელა ხალხი ჩამოვიდა ამხელა გზაზე და, როგორ შეიძლება, უარით გავისტუმრო-მეთქი. მომერიდა, ვეღარ გავბედე უარის თქმა და გავყევი. გული მიკვდებოდა და მთელი გზა ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ, მადლობა უფალს, რომ მაშინ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ. რომ არა ეს სკოლა, ცხოვრებაში ბევრ რაღაცას ვერ გავაკეთებდი. მასწავლებლები ყველაფერში ხელს მიწყობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემი გულის ძახილი მხოლოდ მუსიკა იყო. მამას უნდოდა, რომ ფილოლოგიურზე ჩამებარებინა.
– შენს და-ძმებზეც გვიამბე.
– დედამ მიგვაჩვია იმას, რომ ლხინშიც და ჭირშიც ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით. სულ გვეუბნებოდა, თუ ერთს უჭირს, მეორე უნდა დაეხმაროს, თუ მეორეს უჭირს – მესამე... შვილი რომ მეყოლა, ჩემმა დამ ხუთი თვით დატოვა თავისი ოჯახი, აქეთ წამოვიდა და მე მეხმარებოდა. როგორ შეიძლება, ეს სიკეთე დავივიწყო?!
– როგორც ვიცი, დედას გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანე. რით გარდაიცვალა დედა?
– დედა ათი წლის წინ, თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ეს არის ის სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ამოავსებს. აქ, ჩემთან, მოსკოვში იყო, როცა გავიგეთ, რომ ავად იყო. ყველაფერი გავაკეთე, რომ მისთვის სიცოცხლე გაგვეხანგრძლივებინა. საუკეთესო საავადმყოფოებში იწვა, მაგრამ, ეს ისეთი ავადმყოფობაა, როცა ვერაფერს შველი. არადა, ენერგიით სავსე ქალი იყო. ინსტიტუტში მიმყვებოდა, მომყვებოდა. ერთმანეთთან, როგორც დაქალები, ისე ვიყავით. შეიძლებოდა, ერთ დღეს ინსტიტუტში არ წავსულიყავი და სადმე კაფეში დავმსხდარიყავით, გვესაუბრა. ჩემი ძმა, რობერტი გვეძებდა ხოლმე (დიანას უმცროსი ძმა, რობერტი, დიანას პროდიუსერია და ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს, – ავტორი). დედის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, რობერტმა ორდღიანი გასვლითი კონცერტი მოაწყო და ძალით წამიყვანა, რომ იმ ტრაგიკული წუთებისთვის ავერიდებინე. რა თქმა უნდა, ის უკეთ ხედავდა სიტუაციას, ვიდრე მე. სახლში დატოვა ჩემი უფროსი ძმა და თავზე ექიმები დაახვია. რობერტი ჩემთან ერთად რომ არ წამოსულიყო, მივხვდებოდი, რომ რაღაც ხდება. ეს კითხვა რომ არ დამესვა ვინმესთვის, ამიტომ გამომყვა. რომ ჩამოვედი, დედა უკვე გარდაცვლილი დამხვდა. სხვა არაფრის ძალა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ ხმამაღლა მეტირა. ვგრძნობდი, რომ ჩემ ირგვლივ რაღაც ორმო იყო და, სულ ცოტა მაკლდა, რომ ჩავვარდნილიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედას რამე დაემართებოდა და მის გარეშე შევძლებდი ცხოვრებას. არასდროს მყოფნიდა მასთან ყოფნა. და, უცებ, ვხედავ, რომ რაღაც საშინელმა ავადმყოფობამ დედა წამართვა.
– დარწმუნებული ვარ, იმ დროს სცენაზე მშვიდად ვერ იდგებოდით. რა გრძნობით მღეროდით?
– რა თქმა უნდა, მშვიდად ვერ ვიქნებოდი. როდესაც გასვლითი კონცერტებიდან დავბრუნდით, რობერტმა სახლში არ მიმიყვანა. კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი ტარდებოდა, სახელწოდებით – „წლის სიმღერა“ და პირდაპირ იქ წამიყვანა. ჩემს ძმას ვეხვეწებოდი, ჯერ სახლში წავიდეთ ან დავრეკოთ-მეთქი, მაგრამ, არ გამიშვა. პირველ დღეს, თერთმეტს ათი წუთი აკლდა, რომ ვიმღერე და დედა თერთმეტზე გარდაცვლილა. მეორე დღეს არც სიმღერა მინდოდა და არც არაფერი, მაგრამ, რობერტმა მითხრა: დაფიქრდი, რას აკეთებ. შენ ხომ იცი, დედას რაც გაუხარდებოდა და უნდა გახვიდეო. მერე ჩემმა უსაყვარლესმა კოლეგამ, იგორ ნიკოლაევმა დამირეკა და მთხოვა: შენ არ ხარ პირველი და უკანასკნელი, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა. ჭკვიანად იყავი, სასწრაფოდ ჩაიცვი და წამოდიო. მივედი, მაგრამ როგორ ჩამაცვეს, როგორ გამიკეთეს მაკიაჟი და როგორ გავედი სცენაზე, არაფერი მახსოვს. რომ ვმღეროდი, ასე მეგონა, იმ მომენტში მთელმა ხალხმა იცოდა ჩემი გულის ძახილი და უბედურება.
– რაც შეეხება შენს გათხოვებას?
– ვიცოდი, რომ უნდა გავთხოვილიყავი და ვამბობდი, რომ ჩემი პრობლემა უნდა იცოდეს ჩემმა ქმარმა და მისმა ყველა ახლობელმა-მეთქი. როგორც უკვე გითხარით, არასდროს მიგრძვნია, რომ რაღაც პრობლემა მაქვს და სულ ვფიქრობდი, ვიღაცამ ეს რომ მაგრძნობინოს, ყველაზე დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის-მეთქი. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ჩემი ძმის ძმაკაცი იყო და როდესაც თავისი გული გადამიშალა, გავოგნდი. არ მინდოდა მისი, როგორც მეგობრის დაკარგვა. ძალიან საინტერესო და ნაკითხი ადამიანია. ვგრძნობდი, რომ კარგი ბიჭია, მაღალი ინტელექტის პატრონი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ, სხვა აზრები არ მიტრიალებდა თავში. ვერ გეტყვით, რომ არ გამიხარდა, ყველა ქალს უხარია მამაკაცისგან ყურადღება. ქალი თავისი ბუნებით ხომ კეკლუცია და მეც ქალი ვარ. იყო ბევრი საჩუქარი. იცოდა, რომ ძალიან მიყვარს სუნამო და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალს მჩუქნიდა. სიყვარულის დღეს გულის ფორმის დიდი ტორტი გამომიგზავნა ცოცხალი ლილიებით მორთული. მაშინ ვუთხარი: მე არავითარი უფლება არ მაქვს, სიყვარული აგიკრძალო და რამეზე უარი გითხრა; გიყვარვარ, ხომ არ გძულვარ, მაგრამ, შენ უნდა ნახო ის სიტუაცია და ჩემი ცხოვრების ის გვერდები, რასაც უსინათლო ქალი ჰქვია. მე ჩემს ცხოვრებას შევეჩვიე, მაგრამ სხვისთვის რთულია ასეთ ქალთან ცხოვრება. კარგად დაფიქრდი. შენამდე მთელი ცხოვრება ისე გავიდა, ჩემთვის არავის უგრძნობინებია, რომ რაღაც პრობლემა მაქვს. თუ ვიღაც შენმა ნათესავმა ან მეგობარმა თავი უცხოდ მაგრძნობინა, ხომ მივიკალი თავი! გარდა ამ ყველაფრისა, არიან შენი მშობლები. ყველა მშობელს თავისი შვილისთვის საუკეთესო უნდა. რას იტყვიან ისინი? კარგი პიროვნება ხარ, ნაკითხი, კარგი სამსახური გაქვს. წადი, მონახე შენი შესაფერისი ქალი, პეპელასავით გოგონები დადიან-მეთქი. მან მიპასუხა, ჩემი მშობლები ბედნიერები იქნებიან, თუ მე ვიქნები ბედნიერიო. ძალიან უკარება ვიყავი, გვერდით ვერავინ მომიჯდებოდა. ჩემი ძმა, რობერტი მეუბნებოდა: გოგო, წადი სადმე, გაჰყევი, გამოჰყევი ამ ბიჭს, ცოდოა, რომ მოვა და ერთ ადგილას ზის. იქნებ, არ უნდა ჩვენთან ერთად ჯდომა და რაღაც უნდა, რომ გითხრას. რომ დაასკდები ამ ყავას და მაგრად ზიხარ, ეგრე არ შეიძლებაო. თუ კინოში დამპატიჟებდა, დაქალს გავიყოლებდი და უკვე ყველა მიბრაზდებოდა – დავიღალეთ თქვენი შემხედვარეო. მეც შემრცხვა, მით უმეტეს, ნიშნობის შემდეგ. ყოველ წასვლაზე ვურეკავდი ჩემს ძმას და ანგარიშს ვაბარებდი – ბავშვური მომენტები მქონდა. დღეს, უფლის ნებით, ერთად ვართ და არაჩვეულებრივი შვილი გვყავს.