როგორ ხვდება სახლში პაატა გულიაშვილი ცოლს და როგორ უწევს მეუღლის დაწყნარება
პაატა გულიაშვილი, შეიძლება ითქვას, ბედნიერი ქმრების კატეგორიას მიეკუთვნება. ხუთი წლის შემდეგაც, ცოლთან ნინო ტარიელაშვილთან უკმაყოფილების გრძნობა არ გასჩენია. ორ შვილს – გუგას და ნიკუშას, დიდი სიყვარულითა და მთელი შესაძლებლობებით ზრდიან. ოჯახისთვის ბოლომდე თავგადადებულები არიან, მაგრამ, მსახიობის ცოლისთვის ყველაზე რთული მაინც ქმრის მოუცლელობაა.
– როგორია პაატას ცოლობა?
– ცოლად რომ გავყევი, ჩვენ უკვე დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა. მაშინ თელავის თეატრში იყო და კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა ჩემს სანახავად. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც არ მყავდა გამოცდილი ხასიათით არ ვიცნობდი ყველა მის თვისებას. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერს მაინც ვერ გაიგებ. ამიტომ, ყოველთვის მეშინოდა. გაგონილი მქონდა, მსახიობის ცოლობა რთულია, მძიმე ხასიათის არიანო, მაგრამ რომ გავყევი, გაკვირვებული დავრჩი. მართლა არ მეგონა, თუ ოჯახზე ასეთი თავგადაკლული იქნებოდა, განსაკუთრებით ბავშვებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, რაც შეიძლება ადამიანმა შვილებს გაუკეთოს, ყველაფერს უკეთებს.
– მართალია, შვილებზე ყველა მამა ასე არ ზრუნავს, მაგრამ მეორე საკითხია, ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ერთი წუთით თუ წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყო თქვენი და პაატას ურთიერთობა შვილების გარეშე?
– ალბათ, ასეთი იდეალური არ იქნებოდა. მხოლოდ სიყვარული არ ყოფნის ოჯახს. დაიძინე, გაიღვიძე, კარგი სადილი მოუმზადე, მოვიდა, წავიდა. ასეთი ცხოვრება მოსაბეზრებელი ხდება და ის სიყვარულიც ნელ-ნელა ქრება. იმას კი არ ვამბობ, რომ აქამდე ერთად შვილებმა დაგვტოვეს, მაგრამ ის ოჯახი, სადაც ბავშვი არ არის, მგონია, რომ არამყარია. მე სულ სხვა მომენტი მაწუხებდა ყოველთვის – ღირს კი გათხოვება, თუ ქმარი შენ გვერდით არასდროს არის? მე ამით დაღლილი ვარ, სულ მენატრება. ამას თვითონაც გრძნობს და მეც ვეუბნები: რა მოხდება, პაატა, თეატრში ან ტელევიზიაში შენს უფროსს რომ სთხოვო და ერთი საათი მაინც გაჩერდე სახლში-მეთქი. თბილად ჩამიხუტებს გულში, მაკოცებს და მეტყვის – ხომ იცი, შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი პროფესია და მოვალეობაა. თქვენ ხომ უნდა გარჩინოთო. გვენატრება ერთად, თუნდაც, ყავის სახლში წასვლა და ყავის დალევა. ორ თვეში ერთხელ ვიკრიბებით მის უახლოეს მეგობართან და მეჯვარესთან – ჯიმისთან, რომლის მეუღლეც ჩემი მეგობარია. მხოლოდ იქ თუ მოვესიყვარულებით ერთმანეთს.
– რა ვიცი, ამ კაცებს ცოლებისთვის არ სცალიათ და „სხვებისთვის“ როდისღა იცლიან?!
– ბუნებით ნამდვილად ეჭვიანი ვარ, მით უმეტეს, ასეთი პოპულარული ქმარი მყავს, მაგრამ აბსოლუტურად ვენდობი, მის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება. ისეთი სოფლური მანერები არ მაქვს, რომ დავრეკო და ისტერიკა ავტეხო. ერთხელ მეგობართან ერთად რესტორანში იყო. თან, ძალიან კარგად ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ რომ დავურეკე, სიჩუმე უჩვეულოდ მომეჩვენა და შეშფოთებულმა ვკითხე, – პაატა, სად ხართ-მეთქი. სულ იმას მეუბნება: შენ ისეთი ადამიანი ხარ, ყველაფერს კარგს იმსახურებ, არ მინდა, უაზრო რაღაცეებზე განერვიულოო. ამას ყველა კაცი აკეთებს, მთავარია, არ გავიგო.
ერთხელ თეატრიდან გასტროლებზე კიევში იყო. რომ ჩამოვიდა, ხუმრობით ვკითხე – ჰა, რა ჰქენი, ხომ ჭკვიანად იქცეოდი-მეთქი. ვიცი, ამას რატომაც მეკითხები. იცი, რა, ბიჭები რომ წავედით და გავისეირნეთ, მე რა მეთქვა, ცოლს ვერ ვუღალატებო? გაკვირვებული სახით ვკითხე, – შენ ახლა ამას მართლა მეუბნები-მეთქი? არა, გეხუმრეო, – გაეცინა. მაინც რატომღაც მგონია, რომ პაატა არ მიღალატებს. არანორმალურად მიყვარს. რაც წლები გვემატება, ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები. მართლა კარგი, შინაგანად გახსნილი, ხალასი ბუნებისაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბავშვს მე ვზრდი და გადაღლილი ვარ, მაინც ვცდილობ, კარგად დავხვდე. უცებ მოგიყვანს ხასიათზე, გაგამხიარულებს, რაღაც საინტერესო ამბავს მოგიყვება. ერთადერთი, შეიძლება გაბრაზდეს, როცა დასვენება უნდა და ბავშვები ამის საშუალებას არ აძლევენ. გაბრაზებული ტონით იტყვის, – ნინო, გაიყვანე ბავშვები ცოტა ხნით გარეთო. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ამ ადამიანს შევხვდი. არ ვიცი, მის გარეშე როგორ ვიქნებოდი. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებას ვერ მოვძებნიდი, მაგრამ მან ძალიან გააღრმავა ჩემში სიყვარული. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, ოცი წლის ოჯახებიც ინგრევა, სხვას ხვდებიან და უყვარდებათ, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. არასოდეს შემიხედავს სხვისთვის და არც შევხედავ. ჩვენი სიყვარული ყოველთვის თითით საჩვენებელი იყო და ბოლომდე ასე იქნება. სულ იმას ამბობს: ვერ წარმომიდგენია, ასეთი დაღლილი დღის რეჟიმის შემდეგ, სახლში რომ მივიდე და შენ არ მყავდე გვერდით, ცარიელი კედლები რომ დაგხვდება, რა ძნელიაო.
– როგორ ცდილობთ ქმარი ასიამოვნოთ?
– ბუნებით ძალიან რომანტიკული ვარ და ბავშვების გამო, ვერ ვახერხებ ისე მოვიქცე როგორც მინდა. დილა რომ თენდება, იმაზე ვფიქრობ, ბავშვები ვასაუზმო, სადილი მოვუმზადო და ფაქტობრივად, დღე გადის და ისე ვიღლები, ამაზე ფიქრის თავი აღარ მაქვს, მაგრამ, ამას მაინც გავაკეთებ, ბავშვები რომ წამოიზრდებიან. ძალიან მინდა, ყველაფრით ვასიამოვნო, თუნდაც, ბავშვივით მოვკიდო ხელი, შევიყვანო მაღაზიაში და ყველაფერი ვუყიდო ჩემი ფულით. არ მინდა, მისი ფული. ვიცი, რომ ძალიან უყვარს სუნამოები, აბოდებს. მისთვის არაფერი მენანება. რომ დასჭირდეს, ჩემს საკუთარ გულს მივცემ. დარწმუნებული ვარ, ისიც ამას გააკეთებს ჩემთვის. ხშირად უთქვამს: შენ რომ არ მყოლოდი, ალბათ, ჩემი ცხოვრება ასე არ აეწყობოდა, შენ მაძლევ სტიმულსო.
– სულ სახლში რომ ხართ ბავშვებთან, ქმრის მიმართ პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ?
– პაატა სულ მაგაზე მეჩხუბება, გადი გარეთ, ცოტა გაიარ-გამოიარე, ცოდო ხარ, სულ სახლშიო. რა თქმა უნდა, გავდივარ, მაგრამ ძირითადად, ჩემთან მოდიან მეგობრები, ახლობლები. ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა, სამზარეულოში დაჯდომა და ყავის დალევა. პაატა მეტყვის ხოლმე, შენნაირი დედა ბევრი არ არისო. თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც საათები მაქვს გამოთვლილი, რა დროს უნდა მიიღონ ბავშვებმა გახეხილი ხილი თუ ბოსტნეული, დაიძინონ, ვაბანაო. ყველაფერს ვაკლებ ჩემს თავს და მთლიანად შვილებზე ვარ გადართული.
– ხშირად ჩვენი თავისთვის ფულს ვერ ვიმეტებთ, როცა ვიცით, რომ ოჯახში რაღაცაა საჭირო. ალბათ, თქვენც ასე ხართ?
– ყოფილა შემთხვევა, ტანის ლოსიონი მინდოდა, ბავშვის ლამაზი პერანგი დავინახე, იმ მომენტში არ სჭირდებოდა, მაგრამ ისეთი საყვარელი იყო, ვერ მოვითმინე და ვიყიდე. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ცოლი, მისთვის რაღაც კატეგორიულად მომეთხოვა და წარბები შემეკრა. ჩვენ ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. პაატას რომ გავყევი, თავიდან რუსთავში, დეიდამისის სახლში ვცხოვრობდით. მაშინ პაატა „თავისუფალ თეატრში“ თამაშობდა და სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, ხუთი ლარი ხვდებოდა. ის სახლი ძალიან ცუდად მახსენდება. იყო დღეები, როცა ერთი ნაჭერი პური შუაზე გაგვიყვია, ნახევარი პაატას, ნახევარი კი მე მიჭამია. მიუხედავად ამ გაჭირვებისა, ერთმანეთის მიმართ გული არ გაგვციებია. ალბათ, ამიტომაც არის ჩვენი სიყვარული ასეთი მყარი. მერე ნელ-ნელა აეწყო სიტუაციები და წარმატებაც მოვიდა. მართლა ძალიან დიდი გაჭირვება გვაქვს გამოვლილი. თეატრიდან რომ მოვიდოდა, მე სახლში ველოდებოდი. ერთ პურს მოიტანდა, ცივ ჩაის დალევდა და ზოგჯერ შემწვარ კარტოფილს ვახვედრებდი, ზოგჯერ ესეც არ გვქონდა.
– სულ მაინტერესებდა, როგორია ცოლისთვის იმის ყურება, როცა მისი ქმარი სხვას ეფერება და კოცნის. პრინციპში, რა განსხვავებაა, სცენაზე აკოცებ თუ კულისებში, შინაგანი განცდა ხომ მაინც ერთია.
– სერიალებშიც უთამაშია, სადაც ბევრი ყოფილა კოცნის და საერთოდ, ინტიმური სცენები, მაგრამ რეაქცია არ მაქვს. მაყურებლის თვალით ვუყურებ, და ისე აღვიქვამ, თითქოს ის არ არის პაატა და მხოლოდ მისი გმირია. მისთვის სახლშიც არ დამისვამს შეგნებულად უაზრო კითხვები, რადგან ვიცი, რასაც მიპასუხებს. როცა ცხოვრებაში ჰკოცნი, ამას შეგნებულად აკეთებ. შეიძლება, სცენაზეც არის რაღაც განცდა, მაგრამ, რას იზამ. ეს მისი პროფესიაა და ამას შეგუებული ვარ. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ სცენაზეც შეყვარებიათ ერთმანეთი. ამისგან არავინაა დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანი ვარ, სცენასთან დაკავშირებით ეს განცდა არ მაქვს. მეც მიყვარს მისი პროფესია.
– მართალია, მსახიობი არ ხართ, მაგრამ არ გიფიქრიათ, სცენაზე ყოფილიყავით მისი პარტნიორი? ხომ შეიძლება, ეს კარგად გამოგივიდეთ.
– მიფიქრია, მაგრამ არ მაქვს ამის ნიჭი. ერთხელ პაატამ თქვა: შეიძლებოდა, შემყვარებოდა მსახიობი და ცოლად მომეყვანა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ნამდვილად არ უნდა მოიყვანოს მსახიობმა მსახიობი ცოლადო. პაატას გარშემო უამრავი მისი კოლეგა და მეგობარია, არავის აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ მიაჩნია, რომ იმდენად დიდ ენერგიას ხარჯავენ მსახიობები, რომ ოჯახისთვის ვერ იცლიან.
– კაცებს სახლში მოუწესრიგებლობა ახასიათებთ, ალბათ, არც პაატაა გამონაკლისი. არ გაღიზიანებთ?
– ალბათ, ქალი ვერ იქნება ისეთი მოწესრიგებული, როგორიც პაატაა. ბავშვები აქეთ-იქით ხან რას დაყრიან, ხან რას, მივლენ და შოკოლადიან ხელებს კედელზე ან ფარდაზე წაუსვამენ მეც. სულ კუდში დავდევ მათ. არ უყვარს პაატას, სახლი რომ ისვრება. წესრიგი და კომფორტი სიამოვნებს. როცა ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად მიმყავს, სახლში მარტო რჩება და რომ ჩამოვდივარ, სახლი აბსოლუტურად დალაგებული მხვდება, გეგონება, ქალმა დაალაგაო. ყველაფერს გარეცხილს და დაუთოებულს ვუტოვებ, იმდენს, რომ ჩემ ჩამოსვლამდე ეყოს. თუ სუფთა ტანსაცმელი გამოელია, ვასწავლი, როგორ უნდა გარეცხოს სარეცხ მანქანაში და ისიც აკეთებს. თავის მაისურებს ლამაზად გაასწორებს და ერთმანეთზე დაალაგებს. კარადას რომ გამოაღებ, ისე ლამაზად აწყვია ყველაფერი, ფილმებში რომ არის.