რაზე ანთხევდა სისხლს 12 წლის განმავლობაში ქეთი ორჯონიკიძე და რატომ გაუტეხა მან შეყვარებულს ცხვირი
არაორდინარული, ნიჭიერი და საოცრად დადებითი ადამიანი, მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე ამჟამად პატარ-პატარა, მაგრამ ბევრი გეგმით არის დაკავებული. მან ახლახან ჩაწერა ახალი სიმღერა, რომლის ტექსტი ქეთის ეკუთვნის, სიმღერა – შეთეს და მასზე აპირებს კლიპის გადაღებას. ასევე, მან ჩაწერა მეორე ქართულენოვანი როკ-სიმღერა, რომელიც ერთ-ერთი ფილმის საუნდთრეკი იქნება.
ქეთი ორჯონიკიძე: ლონდონის უნივერსიტეტიდან მომივიდა წერილი, მესამე კურსზე გადახვედი, კრედიტებიც გასცეს და იქნებ ჩამოხვიდეო. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ წასვლას, მაგრამ მივწერე, რომ იქნებ, გამოცდები ცოტა გადამიწიოთ, მერე ჩამოვალ და ჩავაბარებ, მანამდე კი ვისწავლი-მეთქი. პასუხს ველოდები, იმედი მაქვს, წავალ და დავამთავრებ. ადრე „ჰაი“ დიპლომი იყო, ახლა უკვე პროფესიონალის დიპლომს გაძლევენ. მინდა წასვლა, მაგრამ რაღაც წვრილმანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ძილის გამო უკვე არაფერზე აღარ ვამბობ უარს.
– ადრე ამბობდი?
– ძილის გამო ბევრჯერ მითქვამს რაღაცაზე უარი. ახლაც მიყვარს ძილი, მაგრამ შევწუხდი, ამის გამო ბევრ რამეს მოვაკლდი.
– ახლა, ამ გადასახედიდან, რას ფიქრობ, ლონდონში ყოფნამ ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში?
– პირველად 8 წლის ვიყავი, როდესაც უცხოეთში წავედი და მას შემდეგ, სულ აქეთ-იქით დავდივარ. ლონდონში სამი თვე მარტო ვცხოვრობდი და რაღაცეები შეიცვალა. გამოცდილების მხრივ, ძალიან კარგი იყო. ისე, პირველად მარტო, დედის გარეშე, უცხოეთში 12 წლის ასაკში წავედი, 14 წლისა კი სულ მარტო ვიყავი ესპანეთში. 8 წლის ვიყავი, საფრანგეთში, პიანისტთა კონკურსში რომ მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ, ღმერთის წყალობით, ჩემი ვოიაჟები არ დამთავრებულა. 14 ქვეყანაში მაინც ვარ ნამყოფი, კონკურსებში, ფესტივალებში ვიღებდი მონაწილეობას.
– ახლაც უკრავ ფორტეპიანოზე?
– კი, მაგრამ, ფორმიდან რომ ამოვარდები, ძველებურად ვეღარ დაუკრავ. თუმცა, 12 წელი ამ საქმეს დავასხი ტვინი – პირდაპირი გაგებით. სკოლაში რომ შევედი, დედამ მიმიყვანა ქალბატონ თამრიკო აფაქიძესთან, არაჩვეულებრივ პედაგოგთან, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ნიჭიერთა ათწლედში ერთ-ერთი თვალსაჩინო მოსწავლე ვიყავი, ოღონდ მერვე კლასამდე, მერე გავზარმაცდი. წელიწადში ერთხელ, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონსერვატორიაში და ასევე – ორჯერ, როდესაც საჩვენებელი კონცერტები იმართებოდა, ანუ წელიწადში სამი კონცერტი ყოველთვის მქონდა. დღეში შვიდი საათის განმავლობაში მიწევდა დაკვრა. იმიტომ კი არა, რომ უნიჭო ვიყავი, უბრალოდ, ძალიან დიდი მასალა იყო.
– ეს ისეთი ასაკია, როდესაც ბავშვები, ძირითადად, გართობაზე არიან გადასულები. ფორტეპიანოზე დაკვრას დიდი შრომა სჭირდება.
– სპორტული ინტერესი მქონდა: ორი საათი რომ დავუკრავდი, მერე ვისვენებდი, საჩუქარს მომცემდნენ და ვაგრძელებდი დაკვრას. რაც მთავარია, მომთხოვნი არ ვიყავი, არ მიყვარდა ადამიანის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ახლაც ასე ვარ, მაგრამ თუ გამაბრაზებენ, მერე უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, უხერხულ მდგომარეობაშიც ჩაგაგდებ და უარესშიც. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც არ ვამბობდი, ეს მინდა-მეთქი, ხომ შეიძლება, დედაჩემს ვერ ეყიდა და მერე გული დასწყდომოდა. საჩუქრების გაკეთება, უფრო, დედაჩემის ინიციატივით ხდებოდა. მე ხომ ქიმიაზე, ფიზიკაზე ვგიჟდებოდი. მიყვარდა უცნაური რაღაცეები, წყალში რომ ჩააგდებდი და მერე იზრდებოდა. მახსოვს, ბებიამ „სერიოზული“ საჩუქარი გამიკეთა, სათამაშო მიკროსკოპი იყო და თან მოჰყვა კვერცხი, კონტეინერში უნდა ჩაგედო, გამოგეჩეკა. ახლდა კოღოს თავებიც და ასეთი რაღაცეები. ანუ ნებისმიერ საქმეში გასართობს ვპოულობდი და დედაჩემის აღზრდის მეთოდიც ასეთი იყო. ვფიქრობ, რომ მან შედეგს მიაღწია. რომ გავიზარდე, მერე აღარც ქრთამი, აღარც გართობა და მოკლედ, არაფერი მოქმედებდა. მერე ფულსაც მაძლევდნენ – ეს ხუმრობით. სიმღერა რომ დავიწყე, ფორტეპიანოს სულ დავანებე თავი. სხვათა შორის, როდესაც პირველად მიმიყვანეს მასწავლებელთან, მან დაადგინა, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა, არადა, იმ წელს წავედი საფრანგეთში და პიანისტთა კონკურსში პირველი ადგილი ავიღე. პიანინოზე დაკვრას ხმა არ სჭირდება, მაგრამ თუ სმენა არ გაქვს, მგონი, ვერ დაუკრავ. ასეთი შეფასებები რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა, მე მაქვს ბავშვობის ჩანაწერები, სამი სიმღერა. ასეთი ხმა არ მაქვს, როგორიც ახლა, მაგრამ არც ყრუ ვარ. ანუ, მოგვიანებით, გადავედი მთლიანად სიმღერაზე. მზია დავითაშვილთან დავდიოდი. საოპერო ჟანრში ვემზადებოდი. მე ხომ მეცო-სოპრანო ვარ. ვფიქრობდი, ოპერას გავყოლოდი თუ ესტრადას. ჩემთვის არც მაშინ და არც ახლაა განსხვავება იმ სიამოვნებათა შორის, რომელსაც ვიღებ არიისა თუ ჯოპლინის სიმღერის შესრულებისას. სხვადასხვანაირი სიამოვნებაა, მაგრამ დოზა ერთია. კარგად შეიძლება როკ-ოპერის გოთიკის სტილში გაკეთება, თანაც, თუ მეცო-სოპრანო ხარ, უკეთესია.
– მეზობლები, მგონი, სულ შეწუხებული გყავდა.
– ძალიან მუსიკალური სახლი გვაქვს. ვარსკვლავურ სახლს ეძახიან. გარშემო ყველა უკრავს, ყველა ხელოვანი, ცნობილი ადამიანია. ჩემი ნათლია თაკო ჩარკვიანია, მისი შვილი – ირმა გიგანი და ერთ სახლში ვცხოვრობთ ყველანი. არავის უთქვამს, ნუ უკრავ შუაღამესო, თან, მაშინ „16 რაუნდი“ კარგად მუშაობდა, სულ კონცერტები გვქონდა. 5 საათზე მოვდიოდი სახლში და მინიმუმ, დილის 8 საათამდე ვუკრავდი პრელუდიებს.
– მოგწონდა ცხოვრების ასეთი სტილი?
– მიყვარს, როდესაც საქმით ვარ დაკავებული. როდესაც გაწერილი გრაფიკი არ მაქვს, მაშინ ნახევრად მკვდარი ვარ, ვიფუშები, ყველაფერი მეზარება. მირჩევნია, ძალიან დატვირთული ვიყო. რადგან, როცა საქმე არ მაქვს და მერე უცებ გამომიჩნდება, ისტერიკაში ვვარდები. როდესაც ადამიანს საქმე არ გაქვს, მერე სისულელეებზე იწყებ ფიქრს და აქ უკვე ცუდად ხარ. როცა არაფერი ხდება, მაქვს ჩავარდნები. უცებ კონცერტზე რომ მიწევს გამოსვლა, მგონია, პირველად გავდივარ სცენაზე.
– ალბათ, მალევე ფხიზლდები.
– სულ მჭირდება ვიღაც, რომელიც დამქოქავს. დედაჩემია ის ადამიანი, რომელიც მქოქავს, მაგრამ კიდევ მჭირდება ვინმე, რომელიც მიბიძგებს. იმიტომ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეტყვი, ეს უნდა გააკეთო, ეს, ეს... მეც ჩამოვყვები და გავაკეთებ ზუსტად და კარგად, მაგრამ მანამდე – რა უნდა გავაკეთო, როგორ და სად უნდა მივიდე, ამაში მითითებები მჭირდება.
– ასე მგონია, რომ ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავი.
– უზრდელი არ ვყოფილვარ. სკოლაში ბომბებს ვაფეთქებდი, სუნიან რაღაცეებს ვუშვებდი, ერთხელ, ვითომ, დინამიტი იყო სკოლაში და ყველა გარეთ გამოვყარე. საოცრებებს ვაკეთებდი, ოღონდ ისეთი სახით, რომ არავის დავუსჯივარ. მახსოვს, რომ მხოლოდ ერთხელ შემათრიეს დირექტორთან კიკინით. ჩემი კლასელი ბიჭი ვცემე, თან ისე, რომ ცხვირი გაუტყდა. ცემის დროს ვიღაცამ კიკინაში წამავლო ხელი და დირექტორის წინ დამსვეს. ეცინება დირექტორს და თან მეკითხება, რატომ ცემეო. მე, როგორც კი მივხვდებოდი, რომ ჩემი საქმე არ იყო კარგად, მაშინვე ძალიან სერიოზულ, „დასტოინ“ სახეს ვიღებდი. მაშინაც ასე მოვიქეცი და ვუთხარი – ღირსი იყო, მასწ...
– რატომ სცემე?
– მიყვარდა, ჩემი პირველი სიყვარული ის იყო. ესეც იქიდან მახსოვს, რომ, მართალია, დღიურს არ ვწერდი, მაგრამ ხანდახან რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებდი და იქ მიწერია – „დღეს ვცემე და რა საყვარელი იყო, ძირს, რომ ეგდო“. სულ ორი ადამიანი მიყვარდა სკოლაში. ასე მახსოვს, რომ მეორე შეყვარებულს სხვა უყვარდა, მაგრამ ჩანაწერში მიწერია, ჩემი გულისთვის სცემა სხვა ბიჭი-მეთქი. ასე მიწერია – აიყვანა და ტალახში ჩააგდო, თან უთხრა, ეს გოგონა ჩემთან არის, ხელი არ მოჰკიდოო. ამან ისე აღმაფრთოვანა, რომ გადავირიე იმ ბიჭზე. პირველად, სერიოზულად, 15 წლისა რომ ვიყავი, მაშინ მიყვარდა.
– როგორია შეყვარებული ქეთი?
– თუ ადამიანი მიყვარს, ბევრად უფრო ყურადღებიანი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, მაგრამ, მომთხოვნიც ვარ, ბევრ წვრილმანს ვუკვირდები, რაღაც ჩვევებს „სორტის“ მიხედვით ვალაგებ. ადრე უფრო კარგი შეყვარებული ვიყავი, იმიტომ რომ, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. ამის გამო ნერვები არ მაწყდებოდა, ურთიერთობაც უფრო უშუალო იყო.
– შენი ხასიათის გამო, საყვარელი ადამიანისგან მიგიღია საყვედური?
– ძირითადად, არ მოსწონთ, ხანდახან ასეთი „ნუდნი“ რომ ვარ. ალბათ, მთელ ენერგიას სცენაზე ვტოვებ, ცხოვრებაში კი ვპასიურობ, ვისვენებ. თუმცა, მაქვს დღეები, როდესაც ვულკანივით ვარ. ადრე სულ ასეთი ვიყავი და დავიღალე. თანაც მერე უკვე მეორე მხარე იყო მომჩვარული. ამიტომ, მირჩევნია, მე ვიყო მოშვებული, იმან გამქაჩოს, ვიდრე მე ვქაჩო ის. მომჩვარული კაცი არ არის, მგონი, ლამაზი.
– რა ხდება, როდესაც ვულკანი იღვიძებს?
– ვულკანი მიძინებულია და თუ ამოხეთქავს, მიაქვს და მოაქვს ყველაფერი, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება, უფრო მეზარება ჩხუბი, ვიდრე არ მინდა.