კრიმინალური საუბრები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-16(486)
კუჭმაჭი ფისომ დაარქვა, თორემ, კაცი რომ ღვიძლის ნაფლეთებს ამოაფურთხებს, იმას კუჭმაჭი უნდა ეძახო? ერთი არ არის თავისი სიკვდილით ან უბედური შემთხვევით მკვდარი. საწყალი გია, სახლში, სავარძელში ჩამჯდარი გაიპარა ტელევიზორის ყურებისას. ცოლ-შვილი აზრზე ვერ მოვიდა, კაცი ფეხბურთს უყურებდა, თორემ „ნარკანი“ ჯიბეში ედო. ცხენის დოზას იკეთებდა ცხონებული. ვერაფრით შევასმინე, რომ დოზა დაეგდო.
ერთ დღეს ისეთი სიტუაცია იყო, რომ აუცილებლად ქალი გვჭირდებოდა გვერდზე. სანდო ვერავინ ვნახეთ და ფისოს დავუწყე შებმა. ჯერ ერთი, რომ ფისო ნარკომანებს ვერ იტანს, მეორე, რომ ნემსის დანახვაზე აჟრიალებს, მესამე – მე თვითონ არ ვარ მომხრე მსგავს სიტუაციებში, ქალის გარევის, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ფისო ახტა-დახტა, ბოლოს მაინც წამოვიდა. სამი კაცი, თავი რომ მაგარ კაცებად მოგვაქვს, ამ ერთი ციდა ქალის იმედზე ვიყავით. ფისოს არაფერი დაუნახავს, იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ ჩვენ რომ ავტასავდით და კაი რუსთაველის პროსპექტივით წინ და უკან დავიწყეთ სიარული, ერთი გადმოგვხედა ამრეზით და აღარც შემოუხედავს. რაღაც მომენტში გია სავარძელში ჩაჯდა. ჩვენ გავაგრძელეთ ტასაობა. კაიფში მაგრად ასწორებს... ამას რამე დააფარეთ, დაეძინა – ძუნწად ისროლა ფისომ და ისევ ტელევიზორს მიაჩერდა. შევხედეთ და... რას ვუყურებთ, ტიპი „იპარება“... ვეცით, ვაკაჩავებთ, ვურტყამთ, ცოტა აზრზე მოვა, იტყვის, შემეშვითო, ამოვისუნთქებთ ჩვენც და ცოტა ხანში ისევ მიდის. ფისო ცალკე წიკვინებს, გაანებეთ თავი, ეძინება, აცადეთ, რომ გამოიფხიზლოსო. მეტი გზა აღარ იყო, სასწრაფოში უნდა დაგვერეკა. მაშინ რაღაც სასწრაფოები იყო, რომლებსაც „ნარკანი“ ჰქონდათ და იქ დავრეკეთ, მაგრამ იმათ მოსვლამდე ხომ უნდა გაგვექაჩინებინა. ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ ფისოსღა შევატოვეთ ხელში, ჩვენ აღარაფერი შეგვეძლო. ფისომ გადაარჩინა. პლავკებიანი კაცი დიდ ვედროში იმდენი აქნია, რომ მოდუნების საშუალება აღარ მისცა და „ნარკანამდე“ გააძლებინა. მეზიზღებითო, კი ამბობდა ფისო, მაგრამ ამ დღის შემდეგ მაგრად დაძმობილდნენ, საინტერესო რაღაცეებს უყვებოდა და ფისო მაგრად ერთობოდა... ფისოს ქმარი წამალმა არ შეიწირა?! ცინკის კუბოთი ჩამოასვენეს. არაფრით არ მივიდა პანაშვიდზე. არ შეეძლო. ჰეროინის ინტოქსიკაცია და დოზის გადამეტება – ეწერა გარდაცვალების ცნობაში.
– ფისო, გუშინ რაღაც სასაცილოს ყვებოდი შენს ქმარზე და იმ შეყვარებულებმა შეგაწყვეტინეს, მცხეთაში რომ პლანი გაჩითა... – შევაპარე ფისოს.
– ჰო, მე რა ვიცი, სად შევჩერდი? – გამხიარულებულ ფისოს სულაც აღარ ახსოვდა, ხელში რომ ამიფეთქდა.
– მაყვლის ბუჩქებთან ჩაცუცქული ოცნებებში რომ იყო..
– გამახსენდა. კიდევ ისიც გამახსენდა, შენ რომ ნერვები ამიშალე, მაგრამ ახლა აღარ ვბრაზობ. მე რა მაგიჟებს, იცი? ვიღაცას რომ არ იცნობენ და იმას მიაწერენ, რისი ღირსიც არ არის. ლანძღვას რატომღაც ყველა უშურველად გასცემს, ქებას კი დამსახურებულადაც არ იმეტებენ. ჩემი ქმარი დიდი ადამიანი იყო, უბრალოდ, არ გაუმართლა, ძალიან ადრე დაიბადა.
სულაც აღარ მინდა შევედავო, მაინც ვერაფერს შევასმენინებ.
– ჰოდა, ფისო, მერე?
– მერე, ზის ჩაცუცქული და ამ დროს ხედავს, ბუჩქების მეორე მხრიდან თვალებმა გამოაჭყიტა და საეჭვო დაქუხების ხმაც ზედ დაერთო – ვიღაცას კარგა მწარედ აშლოდა კუჭი. ჩემი ქმარი და ტიპი ერთმანეთს თვალებში მიშტერებიან. ეს წამოდგა და სიცილი დაიწყო. ის იქიდან თან აქუხებს, თან უყვირის, არ გაინძრე, გესვრიო. ეს აქედან ეკაიფება, მშვიდად მიაბიჯებს დასაკრეფ „სამოთხის ველზე“ და გულს იოხებს: რისი მსროლელი ხარ, შენი დედაც... ხომ ხედავ, ფეხზე ვერ დგები, კაბურა არ ჩაგივარდეს განავალში, ხელი მაგრად მოუჭირე... თურმე, მილიციელია. არ მითხრა ახლა, მეც კუჭი მქონდა აშლილიო, არ ეშვება მილიციელი. კარგა ხანს გულში დარდად ჰქონდა დარჩენილი ჩემს ქმარს, რომ მარტო ის ძირები შერჩა, რაც ხელს გამოაყოლა... იქით რაღას გაიხედავდა, დამწვარი ადგილი იყო. ხომ მაგარი ხოხმა იქნებოდა, არა? ორი კუჭაშლილი კაცი – მილიციელი და ქეში კანაპლიის მინდორზე ბუჩქებთან ჩაყუნცული და ამ დროს უცბად გველი რომ გამომძვრალიყო, ნეტა, რას იზამდნენ? – გადაკუჭკუჭდა ფისო.
ვიცი, ახლა ამ ჩურჩუტელა ქალმა წარმოიდგინა, როგორ გარბის წელამდე ბალახში ორი შარვალჩახდილი კაცი და იმიტომ კვდება სიცილით.
* * *
ფისოს ამხანაგებთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად მძაბავენ და არ მსიამოვნებს. სულ მგონია, რომ ჩემზე ლაპარაკობენ და ფისოს ჩემთან დაშორებას ურჩევენ. ფისოს ცალ ფეხზეც არ ჰკიდია, რას ვფიქრობ?! ახლაც ორ შერეკილ გოგოს ველოდები. არა, შერეკილები კი არა, ჯიგაროები არიან, მაგრამ ერთად რომ შეიყრებიან, მათი ატანა არ მაქვს, არც ერთის. ფისო სახლში არაა და მე უნდა გავათრევინო დრო. ეს მაიმუნი ფისო კიდევ ყურმილს არ იღებს სამსახურში, მობილურიც აქ უგდია. მოდი და გაიგე, როდის მოვა, როდემდე უნდა გაართო ორი ცეტი.
– მერე, ცუნცულ!
– რაღა მერე, ქმარიც და საყვარელიც ერთად აღმოჩნდნენ ზონაზე. ორივე ცალ-ცალკე „წამალს“ მითვლის. რა გვექნა, დავჩალიჩდით, რა! ერთხელაც, უკვე დამუღამებული რომ გვაქვს, ჩავდივართ და ჩაგვაქვს „წამალიც“ და სიგარეტიც. ათასში ერთხელ, რომ იმ ადგილას, საიდანაც უნდა გადაგვეგდო, ვინმე გამოჩენილიყო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ კოშკურიდან გადასცემდნენ. იმ დღეს, თურმე, ვიღაც დაუჭრიათ და მთელი რია-რიაა, ჩვენ რა ვიცით. გავიხედეთ და ზედ ლიანდაგებზე ჩვენკენ ორი „უსკაგლაზი“ მოდის ავტომატებით. ვიშუსტრეთ და „წამალი“ ლიანდაგის ქვეშ, შპალებსა და ხრეშს შორის შევჩურთეთ. იქვე ახლოს ნაცნობი გვყავდა, მაგრამ, სანამ იქამდე მივაღწევდით, დიდი, მიტოვებული ფარდული იყო და გადავწყვიტეთ, იქ დავმალულიყავით. შევცვივდით შიგ და, თავი სამშვიდობოს რომ დავიგულეთ, გავაბით ლაი-ლაი, ერთმანეთს ვეკითხებით „წამალზე“. ამ დროს თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, ორი ტიპი იჩითება. კინაღამ გაგვეპარა შიშისგან. ტიპებმა დაგვამშვიდეს, „ძაღლები“ არ ვართ, მაგრამ თქვენ ვინ ხართო. თურმე, ამ ტიპებს ეს ფარდული კაი ხნის შეგულებული აქვთ და, ზონიდან რომ ანიშნეს მოტყდითო, ჩვენამდე ისინი შეფარებულან. ბევრი ფიცარი ელაგა შიგ და, თურმე, იმის ქვეშ კაი მოზრდილი ქვაბული აქვთ გაკეთებული თავისი საჭვრიტინოთი. ამათ, „წამალზე“ რომ გაიგეს ლაპარაკი, იმიტომ გამოჩნდნენ, იფიქრეს ახალი ბარიგები არიან, კლიენტურას გვაწერენო. თვითონ ზონის ბარიგები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ცნობილი ბარიგა, ვაქილა იყო, მეორე ლუდვიგა. ჯარისკაცებმა აიარ-ჩაიარეს და სიმშვიდე ჩამოწვა. გავაბოლეთ და გავაბით უაზრო ლაპარაკი, ფილმების გარჩევა და ეგეთი სისულელეები. უკვე მოსაღამოვდა. მატარებელს უნდა გამოვყვეთ, მაგრამ „ტავარს“ რა ვუყოთ, იქ ხომ არ დავტოვებთ. ბარიგებმა თავისი „წამალიც“ ჩვენ დაგვიტოვეს ქსივთან ერთად და გვასწავლეს, როგორ მოვქცეულიყავით. ბარიგები მოტყდნენ. ჩვენ იმათი კი მოვიშორეთ, მაგრამ ჩვენი სად შევკუნჭეთ, ვეღარ ვპოულობთ. ღამდება, უნდა მოვასწროთ პოვნა. ამ დროს კოშკურიდან შეგვნიშნეს და ისევ გადასცეს „ძაღლებს“. ამასობაში ვიპოვეთ კიდეც და გადავაგდეთ. შერჩენილი გვაქვს მარტო „ქემელი“ და ფული. მოვიდნენ – ერთი ქართველი და ერთი წვრილთვალება ავტომატიანი ჯარისკაცი. ბოლოს და ბოლოს ქართველი შევაბით. იმან ჩუქჩა საპირისპირო მხარეს გაუშვა დასათვალიერებლად. ჩვენც ეს გვინდოდა. ვისროლეთ, მაგრამ ექვსი კოლოფი „ქემელი“ ზაპრეტკაში ჩავარდა, მარტო ოთხმა მიაღწია „სახლამდე.“ კოშკურიდან ისევ გადასცეს და ისევ გამოუშვეს ჯარისკაცები, ამჯერად ძაღლებთან ერთად. რა გინდა, რომ ქნა? წინ წასულებიც მობრუნდნენ და დავრჩით პირდაღებულები გადასაგდები ფულით, რომელიც შეკრული არ გვქონდა, მაგრამ შესაკრავ რეზინებს რას იპოვიდნენ, თმაზე გვეკეთა. რომც ეპოვათ – რა, თმა გვქონდა შეკრული ჩვეულებრივი შავი რეზინით, რომელიც იმ დროს ყველა გოგოს ეკეთა. ჩვენ ჩვენი „ქემელი“ გვქონდა და რომ გვკითხეს, რა გადააგდეთო, ვაჩვენეთ. ფულზე ვერაფერი გაახურეს ზუსტად იმიტომ, რომ შეკრული არ გვქონდა და ვერ დაგვიმტკიცეს, რომ ჩვენი არ იყო. პაჩკის შემოკვრა ვეღარ მოვასწარით, თორემ იმასაც ვისროდით. იმ ექვს პაჩკა „ქემელს“ ვნაღვლობდით. ორ-ორი კი შევკარით და ქვაც დავადეთ, მაგრამ სიჩქარეში მკლავმა გვიმტყუნა. შიგნით ქურდებმა გნიასი ატეხეს, გოგონებს ხელი არ ახლოთო. თურმე, „ძაღლია“ დაჭრილი, ისედაც ყალყზე დგას მთელი ზონა და კიდევ ქურდების გადარევა უნდათ? შეგვიყვანეს გასაჩხრეკად. მოიყვანეს ქალი „ძაღლი“ და იმან გაგვშმონა. რა უნდა ეპოვა, „სუფთები“ ვიყავით. ზონა ბობოქრობს. არ ვიცით, ქურდების ჩარევის გამო თუ ზონის უფროსი იყო კაი ტიპი, მაგრამ რესტორანში დაგვპატიჟა. ჩვენც დიდსულოვნად დავთანხმდით. ერთად ხომ არ გამოვიდოდით. ჩვენ ადრე გამოვედით და ავტობუსის გაჩერებასთან დავდექით. საიდანღაც ხმა გვესმის: ჩქარა, ჩქარა, გოგონებო, აქეთ! ვა, ის ბარიგები არ გაიჩითნენ ისევ? თურმე, შორიდან გვალივერებდნენ, რას ვიზამდით და ამათ გააგებინეს ზონაში, რომ აგვყარეს. არ მიგვატოვეს. რაღაც ტალახიანი გზით გვატარეს იმ ყიამეთ ღამეში და, როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ თბილისამდე. ახლა ამათმა დაგვპატიჟეს რესტორანში, მაგრამ მოვატყუეთ, რომ ვითომ ერთი ჩვენგანი ქურდის ცოლი იყო. ეგრევე მოკეტეს და და-ძმობაზე გადავიდნენ, ნდობა გამოგვიცხადეს, აწი „წამალი“ ჩვენგან აიღეთო. შევუამხანაგდით და ზედმეტ „ჩეკსაც“ კი გვაძლევდნენ. მაგარია არა?
– კაი ნაძრომიალები ხართ თქვენც, აი!
– იცი, რა, როცა კაცი გიყვარს, იმისთვის შეუძლებელს შეძლებ, თორემ, ჩვენ ძალიან გვეხალისებოდა რასაც ვაკეთებდით? რას ვრისკავდით, ახლა რომ მახსენდება, გული მისკდება... სადაა ის ქალი, აღარ მოდის? – მოისაკლისეს ფისო.
– რა ვიცი, სად მოვძებნო? – უმწეოდ გავშალე ხელები.
– შენ, არ ეჭვიანობ ხოლმე?
– არა. რატომ უნდა ვიეჭვიანო?
– რა ვიცი. მე ასე მგონია, თუ კაცს ქალი უყვარს, ეჭვიანობს, თან – მაგრად.
– მე ფისოს იმდენად ვიცნობ, რომ ვიეჭვიანო, ფისოს ხომ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მე ვინ სირიღა ვიქნები?
– ვა, რა მაგარი ტიპი ხარ! შენი ჭირიმე!
ეჭვიანობით არ ვეჭვიანობ, მაგრამ გული კი შემიტოკდება ხოლმე, როცა არ ვიცი, სად არის ფისო და თან – იგვიანებს...
ნახევარი საათი იქნებოდა გასული გოგონების წასვლიდან და ფისოც მოვიდა. გული დასწყდა, რომ გაასწრეს, მაგრამ მშვენიერ გუნებაზე იყო და მალევე გადაუარა.
– ფისუნია, სად დამეკარგები ხოლმე, რით ვერ გასწავლე, რომ დარეკო და მითხრა, გაგვიანდება თუ არ მოხვალ?
– ახლა არ დამიწყო.. თავიანთი სისულელეების გამო შვიდი ათასი კაცი მყავს „მოფრიშტვინებული“, – ისეთი დაბეჯითებით მითხრა, თითქოს დამემუქრა შვიდი ათას მეერთე შენ იქნებიო.
– მაგით რისი თქმა გინდა? ვერ იტან მუქარას!..
– არც არაფრის, რისი თქმაც მინდოდა, ზუსტად ის ვთქვი. შენ თუ იცი, რომ ჩემს „რომეოსა“ და „ჯულიეტას“ დიდი დღე არ უწერიათ ერთად ყოფნის და, იცი, რატომ? სასწაული ეჭვიანია ორივე. ისეთ რაღაცეებს თხზავს „რომეო“, რომ საწყალი „ჯულიეტა“ გიჟს ჰგავს. თვითონ წრიპინებს ხოლმე, მიყვარს, მაგრამ როდემდე გავუძლებ ამის ეჭვიანობას, არ ვიციო. კაცებზე კი არ ეჭვიანობს, არა, რაღაც არარსებულ სიტუაციებზე, თან აიჩემებს, თურმე, რომ ჩემი დაჩმორება გინდაო. საწყალ „ჯულიეტას“ არაფერი უნდა თავისი „რომეოსგან“, გარდა იმ სითბოს, სიყვარულისა და პატივისცემისა, რისი გაცემაც შეუძლია, მაგრამ კაცებს ხომ არასდროს ესმით, რა უნდათ ქალებს. ორივე ერთად რომ დაამწყვდიო სადმე, თუნდაც დახშულ სივრცეში, ისეთი შეხმატკბილებულები იქნებიან, ნუ იტყვი, მაგრამ მესამე თუ შეემატათ, მტრისას! „ჯულიეტა“ კიდევ წინასწარ ეჭვიანობს იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, და არიან ასე დაჭიმულები. მე თავს ვერ დავდებ ვერც ერთ ადამიანზე, მაგრამ „ჯულიეტას“ რომ ნამდვილად უყვარს, წყალი არ გაუვა.
– ფისო, შენ იმ შენი ტაშფანდურა მეგობრების „ზონოვსკი“ ამბები იცი?
– ვიცი. რა იყო?
– შენც ისევე მოიქცეოდი?
– როგორ, ლიანდაგებიდან რომ რაღაცეები მესროლა?
– თუნდაც.
– არავითარ შემთხვევაში. მთლად რომ სიგიჟემდე მყვარებოდა კაცი, მაინც არ მოვიქცეოდი ასე.
– რა ვიცი, თუ ქალს კაცი უყვარს შეუძლებელს შეძლებსო... – დამწყდა გული.
– შეუძლებელი რომელი უფროა, ლიანდაგებზე ფორთხიალი და შეურაცხმყოფელი რაღაცეები თუ ზონის უფროსთან ისე რომ ჩაძმაკაცდები, ხელიდან ხელში გადასცემ რასაც გინდა, როცა გინდა და ვისთვისაც გინდა?
– რის ხარჯზე?
– ყოველ შემთხვევაში, იმის ხარჯზე არა, რაც შენ გაიფიქრე. დღეს აღარ ვიცი, რა სახის ადამიანები არიან ასეთ თანამდებობებზე, მაგრამ იმ დროს, ანუ ჩემს ახალგაზრდობაში, უდიდესი უმრავლესობა ნამდვილი ქართველები და ნამდვილი კაცები იყვნენ, ქალს სხვაგვარად აფასებდნენ. ასაკის მიხედვით სხვადასხვაგვარად შეეძლოთ სრულიად უცნობი მანდილოსნის მიღება. თუ ქალი თვითონ არ აგრძნობინებდა რამეს, თანამდებობის პირი არავითარ შემთხვევაში არ მიახტებოდა პირდაპირ.
– კაი, რა, არ გამოიყვანე ყველა ნაბიჭვარი ანგელოზად?
– მე ნაბიჭვრებზე კი არა, კაცებზე გელაპარაკები.
– ჰო, კაი, დამანებე თავი... ყველაზე კარგი „ძაღლის“ დედა...
– მე ზოგადად ვამბობ, „ძაღლები“ რა შუაშია... თუ შენ თავგანწირვას მოითხოვ, ამაოდ, მე ერთი თავი მაქვს და ისიც შვილისთვის. შენ გაწირავ ჩემ გამო თავს?
– შენ ხომ არ უბერავ?
– ვუბერავ კი არა, შენ შენი თავმოყვარეობისთვის გაწირავ და არა ვიღაც ქალის გამო. რა, თანმხლები გოგონების გამო 16 წლის ბიჭი ციხეში რომ მოხვდი, რა იყო, კაცური თავმოყვარეობა, თუ იმათ შეეწირე. კარგი, რა! მთელი ცხოვრება დაიმახინჯე... მერე რა, რომ ავარდნილი ბიჭი იყავი, ხუთოსანიც ხომ იყავი, გოგონებსაც ხომ ევასებოდი და ზოგს უყვარდი კიდეც. ცოტა ხანს იხტუნავებდი და გადაგივლიდა ასაკთან ერთად შენი პეპლები, მაგრამ ციხეში მოხვედრამ რომანტიზმიდანაც გადაგაგდო და უარესიდანაც. ნეტავ ერთი, რომელმა ჩამოიხოკა ლოყები და რომელი ჩავარდა მწარე სინანულში შენ გამო. იქიდან მოყოლებული ციხეს აღარ მოშორებიხარ. ერთი მითხარი, რომელი მათგანისთვის ხარ დღეს მისაღები, რომელი გიღებს სიხარულით კარს მისი მიზეზით რეციდივისტად ცნობილს? სახელმწიფომ კი არ გცნო მარტო, იმათაც ისევე გცნეს.
– მორჩა!
– მე რას მიყვირი, ნეტავი?.. – გაბუშტა ტუჩები ფისომ, – სულაც რომ ვერ ხვდებოდნენ, რა გააკეთე, ქვეცნობიერი ეუბნება, რომ შენ საკუთარი ღირსებისთვის გაისარჯე და არა მათთვის, ამიტომ მიიღე პასუხად სიცივე... ისე, ის შენი ეგრეთ წოდებული მეგობრები დიდი უმადურები ყოფილან...
– ხმა აღარ ამოიღო!
– სულ აღარ გაგცემ ხმას, თავში ქვა გიხლია! – მომაყარა ქოქოლა ფისომ და სამზარეულოში წანარნარდა რაღაცის ბურტყუნით.
რა ცუდია წელს ქვემოთ დარტყმა!... დალეწა ყველაფერი...
– რას შვრები ქალო, დალეწე ყველაფერი?
– შენი „ჩეფირბაკი“ გადმოვარდა და გარახუნდა მეტლახზე, – გამომძახა ფისომ ჩემდა გასაოცრად სრულიად მშვიდად.
მიხვდა ეშმაკის ფეხი, რომ მტკივნეულ ადგილზე დამაჭირა და „დაზადნა“, თორემ, აზრი კი არ შეიცვალა. ასე ადვილი რომ იყოს ფისოს მორჯულება, რა მიჭირდა. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რაღაც სპორტული ჟინი ხომ არ მაქვს და მე სიყვარული მგონია. რანაირად შეიძლება ასეთი თავკერძა და თავისნათქვამა ქალი ისე გენატრებოდეს მუდმივად, თითქოს აგერ ახლა შემომხვდა და გამაბრუაო... რაღაც უცნაურ, თანდაყოლილ ნიჭს ფლობს თითქოსო, სადაც მოხვდება, ისეთ უხილავ ქსელს აბამს, რომ მონუსხულები რჩებიან, ვა, რა მაგარი ქალიაო. რა მაგარი, ჩვეულებრივი ქალია, თვალები აქვს აუწერელი, თორემ სხვა – რა. იქნებ, თვალებში აქვს ის საიდუმლო? მეჩნიკოვზე რაც ფისოს თვალებმა მოახდინეს, ეს ხომ რაღაც მისტიკურია... ფისოს ფეხებზე ვგიჟდები, მაგრამ ფეხებზე ფიქრი მავიწყდება, თუ თვალებში შევხედე, მოჯადოებულივით თვალებზე ვკოცნი.
* * *
– რა გჭირს ფისო?
– რა ვიცი, ალბათ, რომელიღაც ორგანო მიპროტესტებს რაღაცას, – უშნოდ იჯღანება ფისუნია.
– არ შემშალო ახლა, რა გჭირს!
– გული მერევა, მაგრამ არაფერი მიჭამია ისეთი და...
– სოდიანი წყალი გაგიკეთო?
– ვერ დავლევ.
– ნავთს დალევ და სოდიანი წყალი რაღაა?
– დამანებე, რა, თავი, მაცადე მშვიდად სიკვდილი, – თავს ძალას ატანს და იღიმება ფისო.
მე მეღიმება? ფისოს რომ რამე დაემართოს, გავგიჟდები, არ ვიცი, რას ვიზამ.
– ფისო, რა გიშველო?
– შავი ღვინო აღარ დაგვრჩა?
– რა ღვინო, გოგო, ცუდად ხარ!
– გიორგიზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მე, ჩემმა მულმა მანანამ და იმისმა დაქალმა ნანამ 19 ბოთლი სომხური კონიაკი დავულიეთ ჩემს მამამთილს. ტოქსიკური ორსულობა მქონდა, სულ გული მერეოდა, არადა, რომ დავლევდი, მიჩერდებოდა. ექიმმა თქვა, ორგანიზმს რაც უნდა, ის უნდა მიიღოსო.
– მაშინ ორსულად იყავი...
– კაცო, გულისრევა სულერთი არაა, რის გამო გაქვს?
– სულერთი როგორაა. შენ თუ დალევა გინდა, ეგრე თქვი...
– აბა, შემომხედე, დალევა მინდა?
რაღა შეხედვა უნდოდა. გადაფითრებული ფისო თავისი გაწეწილი გრძელი თმით საფლავიდან წამომდგარს ჰგავდა.
– ტაშტი მაინც დამიდგი თავთან, – ისე უმწეოდ მითხრა, თავზარი დამეცა.
– გოგო, წუხელ არაფერი გჭირდა და ამ დილას რა გეტაკა! – აღარ ვიცი, რა ვქნა და ჩემდაუნებურად ვყვირი.
– აუ, ლაპარაკი მეზარება, – თვალები დახუჭა ფისომ და ბალიშზე მიესვენა.
– რას შვრები, გოგო! – იმხელა ვიყვირე, ფისო შეხტა.
– რა იყო, კაცო, რას დამყვირი?!
რა გაფითრებულია, რა ვუყო?.. ფისო სისხლნაკლულია, იქნებ, შავმა ღვინომ მართლა უშველოს.
– აჰა, ფისო, გამომართვი და გადაჰკარი. ტაშტიც აქ დევს. თუ გული აგერია, მე აქ ვარ, არ შეგეშინდეს, შუბლს დაგიჭერ!
აღარ ვიცი, რა ვქნა, რომელი სანიტარი მე ვარ. ვის დავუძახო...
– ფისო, გული აღარ გერევა? კიდევ დაგისხამ!
ეს რა დღეში ჩავვარდი.
– ფისო, კარგად ხარ?
– ნახე, არ ამერია გული.
ხმა თითქოს გამოუსწორდა, ტირილნარევი აღარ აქვს, მაგრამ გაფითრებულია.
– ფისო, ცოტა არ მოგეშვა?
– კი. თითქოს აღარ მერევა გული, – წამოიწია ფისო.
– იწექი, არ ადგე, – ვეცი უაზროდ.
– კაცო, მკვდარი კი არ ვარ. ხომ იცი, რომ აუცილებლად უნდა წავიდე, კაცი მელოდება.
ფერიც მოუვიდა. რა იყო ეს, რა დაემართა ასე უცბად, რამ წამოუარა? რაც თვითონაა, ისე წამოუარა ავადმყოფობამაც. ასეთი ფერი ერთი-ორჯერ მინახავს, მაგრამ ფისოს რა დაემართა...
ერთი პერიოდი ჩემი ძმაკაცი ბებიასთან ცხოვრობდა. ერთ დღეს შევდივართ, პლანი უნდა მოვწიოთ და იმას ვფიქრობთ, რა მოვიგონოთ, რომ ბებო გარეთ გავიდეს. ბებოსთან მოწევას ვერიდებოდით. თვითონ ბებო მწეველი იყო და ჩვენ, მეცხრეკლასელ ბიჭებს, გვეშინოდა, არ „დავეწვით“, არ ეკითხა, თქვენს სიგარეტს რატომ აქვს სხვანაირი სუნიო. ვხედავთ, ბებო წამოწოლილია, ვერც კი გაიგო ჩვენი შესვლა. შევედით ჩვენს ოთახში. გადავაქოთეთ ყველაფერი და სადაა ჩვენი შეკეთებული „ტარიანები“ – არ არის. დაგვცეცხლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბებო მიხვდა, რაც იყო და გადაყარა. ეს ჯანდაბას, მაგრამ ლექციის მოსმენა არ გინდა? მერე ვიფიქრეთ, იქნებ, ვინმე იყო ამოსული და მაგიდაზე ჰაიჰარად დადებული „ტარიანები“ რომ ნახა, აიღო... მოკლედ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბებო უნდა გავაღვიძოთ და, თუ დასაცხებია, დაგვცხოს, თუ არა და იმას მაინც გავიგებთ, ჩვენი „ტარიანები“ ვისთანაა. დავადექით მძინარ ბებოს თავზე და რას ვხედავთ, ქალი მკვდარია. ბებო! – დაეძგერა ძმაკაცი ბებიამისს და ვა, გვამი არ შეინძრა?! კი გაგვიხარდა, ცოცხალი რომ აღმოჩნდა, მაგრამ ფერი ადევს, იმის დედა ვატირე! ბებო გვიყურებს, მაგრამ თვალები აქვს ისეთი, თითქოს ფიტულია. წამოდგა. მაგიდა გაგვიწყო. თვითონაც ჩამოგვიჯდა და სკოლის ამბების გამოკითხვა დაგვიწყო. ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენა, არ ახასიათებდა ასეთი რაღაცები. რა აზრად მოგვივიდოდა, რომ ბებო კაიფშია. თურმე, თავისი პაპიროსი გათავებია და ჩვენი ორი შეკეთებული „ტარიანი“ არ მოუწევია? ჩვენი „ყაზბეგი“ იყო, თვითონ „ბელამორ კანალს“ ეწეოდა. ბებო გაოცებული იყო, თქვენი პაპიროსი რა ძლიერი იყო, დამაძინაო. ჩვენ წუთში გავჩითეთ პლანი, დავბოლდით და სამივე მთელ დღეს ვღადაობდით. ხომ ვიცოდით, რომ ბებო კაიფში იყო და მაგარი პრიკოლი იყო. ჰოდა, ზუსტად ისეთივე ფერი ედო ფისოს, როგორიც ბებოს.
– ფისო, მალე მოხვალ?
– ჰო, რა!
– მობილური წაიღე, დაგირეკავ.
– რას დამირეკავ! არა, დამირეკე, მაგრამ, თუ გამორთული იქნება, არ იფიქრო რამე სისულელე, ესე იგი, დაკავებული ვარ, – ვითომც არაფერიო, წაპაკუნდა ფისო.
ერთ სისხამ დილას ახლობელი დამადგა თავზე. რომ შევხედე „დავიზმენდი“, მთლად თეთრი ფერი ედო სახეზე. ბიჭო, რა მოგივიდა-მეთქი!
– ტრუპი მყავს! – და ჩამოჯდა დივანზე.
– რა ტრუპი, სადაა ტრუპი?
დალევა ევასებოდა და ვიფიქრე, „ბელაია“ დაემართა.
– ბაითში.
– ვის ბაითში, რას ამბობ! აბა, ერთი, დაალაგე.
– რა დავალაგო, რჩევის საკითხავად მოვედი. ახლა რა ვქნა?
შევხედე, ნორმალურად გამოიყურება.
– დარწმუნებული ხარ? – მაინც ეჭვით ვუყურებ.
– ტო, ტიპია, რა, ერთი და გავიხედე, გუშინ მეჩითება. იქვე, ვერაზე ავედით ახლობელთან, ცოტა დავბოლდით, ცოტაც დავლიეთ. ხომ აზრზე ხარ, ჩემი ჯილა უბანია, რა! რაღაცეები რომ შემოგვაკლდა, მე ჩავედი ამოსატანად. სადაც კი შევედი, ყველგან ის მითხრეს, თვის ბოლო მოდის, უხერხულში ნუ ჩაგვაგდებ, შინაური ხარ, ვალი მოიტანე და იმ თვიდან ახალი დაიწყე, ძმაოო. ვა, მე ჩემი ვალი კარგად ვიცი, ეს ამოდენა ვალი საიდან? ჩემი თვალით წამაკითხეს ყველგან. როგორია? ამოვიტანე, რაც გვინდოდა, მაგრამ ჭკუაზე არ ვარ. აზრზე მოვედი, რომ ვიღაც ვირთხა ჩემი სახელით ჩალიჩობს, მაგრამ ვინ, ვინ გამიბედა ასეთი რაღაც? ამათ მკითხეს, რა იყოო. არ ვამბობ. მიტყდება. გულში ვფიქრობ, დედას გიტირებ ვინცა ხარ, ამოგთხრი... ბოღმისგან როჟა მომენგრა. ამათ არ ვუთხარი, რაც მაგიჟებდა, მაგრამ „îò ჰóøè“ დავიგინე, ვინც მე ზედ გადავლა დამიპირა, ტრუპი იქნება, თუ არა და, რაც დავიგინე ჩემზე მოსულა-მეთქი. ორივეს წინასწარ შეეცოდა ვიღაც უცნობი. კაროჩე, მე წამოვედი. ის ტიპი იმასთან დარჩა. გზაში „ზაჟიგალკა“ გამახსენდა. უკან ხომ აღარ მივბრუნდებოდი, „ზაჟიგალკაა“, რა! მივედი „ბუტკასთან“. ახლა ეს მეუბნება ვალიო. სულ ავკრიფე, მე როდის მოვსულვარ, რა წამიღია-მეთქი. შენ კი არა, შენი ძმაკაცი იყო შენი სახელითო. ე, ვაფშე დავიცენტრე! ვინ ძმაკაცი. აი, წეღან ერთად რომ იყავითო. აუ, ჩემი! ხომ აზრზე ხარ, რა დამემართებოდა?! ავედი უკან. სახლში ვერ ვჩერდები, მაგარ ბოღმაზე ვარ. იტოგში, მოვყევი, რა! მინდა, იმ ახვარმა აღიაროს, გადაირჩინოს თავი და მეც ავერიდო, ცოდვას. ე, იცი, რა, ნაგლად მიყურებს? ცხოვრებაში არ აპირებს თქმას. „ხარაშო“! დილამდე ტრუპთან ერთად მეძინა! წამოსვლისას წერილი დავტოვე, რომ მე დავბრიდე და წამოვედი.
– ახლა რას აპირებ?
– „Õóè åჯî çíჭåò“, მოვხევ, რა! აბა, რა ვქნა?
კი მოხია, მაგრამ როდემდე დაიმალებოდა. გასროკეს. მოიხადა. გამოვიდა და არის, რა! იმ წერილმა უშველა.
რა მაგარ დღეში ჩავარდებოდა მასპინძელი, დილას საწოლში ყელგამოჭრილ კაცს რომ ნახავდა, წარმომიდგენია. აბა, ის იქნებოდა გაფითრებული, თუ იქნებოდა...
ნეტავ, ფისო როგორაა. იქნებ, ისევ ცუდადაა, მაგრამ არა, მშვენივრად გამოიყურებოდა წასვლისას. მაინც რა იყო ეს, რა დაემართა ასე უცბად, ან ღვინომ როგორ გამოაკეთა. ვერაა თავის ტალღაზე. ღვინო რომ გულისრევას შველოდეს, პირველად მესმის. ორსულობისას ეგრე ვიჩერებდიო, რა უცნაური ვინმეა ყოველმხრივ, რას მოთხრის ხოლმე.
– ვა, „ჯულიეტა“, საიდან გაიჩითე?
– აქეთ ვიყავი და შემოვიარე. ქალბატონი სადაა?
– სამსახურებრივ საქმიანობას ეწევა.
– და სიგარეტს, – გაიცინა და ჩამოსკუპდა სკამზე, – მალე მოვა?
– დაურეკე და ჰკითხე. მე რომ დავურეკო აწიკვინდება. ისედაც დილას გული გამიხეთქა და ახლა კიდე აწიკვინება არ მინდა.
– რა იყო, ბიჭო, ასე გაშინებს? – უბოროტოდ წამეკაიფა მეორე მავნებელი.
– ჰო, მაგრად მაშინებს, – გამეღიმა, რადგან აწიკვინებული ფისო წარმოვიდგინე.
– რა სჭირდა, რო?
– გული ერეოდა. მერე სამი ჭიქა ღვინო გადაჰკრა და კარგად გახდა.
– რა?! ორსულადაა?! – პირი დააღო „ჯულიეტამ“, – რაღა დროს დაბერებული ქალის ორსულობაა, ეგ ხომ არ გაგიჟდა?
რაო? ორსული ფისო? არ არსებობს! თვითონ არ იცის და ამან რა იცის, საიდან მოიგონა? კაი და, მართლა ასე იყოს, მერე?
რაღაც სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა თითქოს სხეულში. მამა ვიქნები?
ო, როგორ მომიჭირა გულზე რაღაცამ. მე ფისოს გარდა, ქალი არ მინდა, ფისო კიდევ შვილს არ გააჩენს...
– საიდან მოიტანე ორსულობა, გოგო?
– მე რა მოვიტანე, შენ არ თქვი? – გაოცდა „ჯულიეტა“.
მე რა ვთქვი, მე არაფერი მითქვამს. ამან რამე ხომ არ იცის და ნელა მაპარებს, მაგრამ ფისო არ დამიმალავდა, მეტყოდა, ფისო მატყუარა არაა. დასამალი რა არის? თუ ის იფიქრა, გული არ დავწყვიტოო, მაშინ ეს არ ჩაუშვებდა. ვა, გადავირევი და ესაა... არა, ტყუილად ვიბურღავ ტვინს.
– რა უცნაურები ხართ ეს კაცები, – გაიქნია თავი „ჯულიეტამ“.
– რაზე ამბობ? – ვკითხე და რაღაც იმედს ჩავებღაუჭე.
– ყველაფერზე. რაღაც გარკვეულ ასაკს რომ გადასცილდებით, მერე ცოლის მოყვანის გეშინიათ და თავის გასამართლებლად ათასნაირი მიზეზი მოგაქვთ. თუ როგორმე კონკრეტულ ქალს საკმაოზე მეტად დაუახლოვდით და ეს ქალი დაორსულდა, აღარ იცით, რა გინდათ, ვეღარ გაგიგიათ, გიხარიათ თუ გწყინთ. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე – ბერბიჭებს მამობრივი ინსტინქტი კი არ გაქვთ, არამედ, რაღაც უსახელო ინსტინქტი, თითქოს გინდათ, ვიღაცას დაუმტკიცოთ რაღაც და ამისთვის გჭირდებათ შვილი, ისიც აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს – გვარის გამგრძელებელი – დაარქმევთ ყურით მოთრეულ სახელს. ვისაც მამობის სიხარულის შეგრძნება აქვს, იმისთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. აბა, ერთი, გოგოს მამებს ჰკითხეთ, ვისაც გოგოც ჰყავს და ბიჭიც, რომელს უფრო ანებივრებენ და რომელს უფრო ეფერებიან. აი, „რომეო“, ცოლი იმიტომ უნდა, რომ შვილი გაუჩინოს, რა თქმა უნდა, ძე, რომ გვარი გაუგრძელოს. მე რომ ის მეგრძნო, ვიღაც კაცს მხოლოდ „სტანოკად“ ვუნდივარ, რომ ბიჭი ბავშვები ვბეჭდო, თავს გავუხეთქავდი მწიფე საზამთროსავით. არც ერთი გოგო არ იფიქრებს, მოდი, ახლა მე იმიტომ გავთხოვდები, რომ ბიჭი ან გოგო გავაჩინოო. არანაირი აკვიატება არ აქვს, გარდა იმისა, რომ სქესობრივად მომწიფებულს დედობრივი ინსტინქტი უბიძგებს გამრავლების ინსტინქტისკენ.
– აუ, რა შეუბერე?!
– მე ნორმალური და ჯანმრთელი ფსიქიკის ხალხზე ვამბობ და არა იმათზე, გასაყიდად ან გადასაგდებად რომ აჩენენ ბავშვებს.
– „რომეო“ სად გყავს?
– ჯანდაბაში! გაბუტული ვარ.
– რა წარამარა იბუტებით?
– მე კი ვიბუტები, მაგრამ იმან არ იცის ხოლმე მე რომ გაბუტული ვარ. ბიჭო, დამაწყვიტა ნერვები. ისეთ რაღაცეებზე მედავება, რომ ვერაფრით ვუმტკიცებ ჩემს სიმართლეს, არადა, ის როგორც მსჯელობს, გარედან რომ შეხედო, მართლა ეგრე გამოდის. რა მაგიჟებს, იცი? თუ ადამიანის არ გჯერა, რაღა გინდა იმის გვერდით, გაანებე, რა, თავი, ან შენ რას იშლი ნერვებს, ან იმას რას უშლი.
– ხომ მაინც გიყვარს და...
– რომ მიყვარს, იმიტომ ვიტან, მაგრამ ჩემს თავს ხომ ვიცნობ. ერთი მარცვალი ხორბალი რომ დაიკავო ხელში, არ დაგამძიმებს, მაგრამ ხომ მაინც იგრძნობ, რომ ხელში რაღაც გიჭირავს. ორი, ათი, ოცი და ბოლოს ერთი ტომარა რომ მოიგდო ზურგზე, ხომ მოგკაკვავს? ერთი სული გაქვს დროზე მოისროლო ეს სიმძიმე. ასეა საერთოდ. მე ის მინდა, რომ მომეფეროს, დამიყვავოს, კოჭი მიგოროს და საყვარელ ქალად მაგრძნობინოს თავი, თორემ ცხარე ცრემლით თუ მატირა და მერე მიმტკიცა, მიყვარხარო, რაღა ფეხებად მინდა ნერვებდაწყვეტილსა და გულგამოხრულს? მე ჩემს ყოფილ ქმრებს დღემდე სასწაულად ვუყვარვარ, მაგრამ იმათ რა ხეირი? სანამ გვერდზე ვყავდი, ნერვებს მიშლიდნენ და ახლა, რამდენიც უნდათ, იმდენი იწრიპინონ. დღემდე ხომ ვუყვარვარ ყველას, ვისაც ერთხელ შევუყვარდი, ხომ ვიძიე შური?!
– მარტო ქმრებს? – ვეკაიფები აქოთქოთებულ „ჯულიეტას“.
– შენ ეგა თქვი... ვინც შეყვარებულად გარდაიცვალა, იქით იყოს და, ვინც ცოცხალია და ახლაც ვუყვარვარ?.. ასეა, ძმაო, და გაითვალისწინე, გაუფრთხილდი ფისოს, თორემ, მოიხედავ და ფისო ისე წავა სამუდამოდ შენგან, რომ, როცა აზრზე მოხვალ, უკვე ძალიან გვიანი იქნება.
***
სასწაულად უჟმური დილა გათენდა. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ეს ტელევიზორი საერთოდ ჭკუიდან მშლის. ჯერ ხომ ერთი და იგივეა ყველგან, გეგონება, გულის გასახარებელ რამეს იმეორებდნენ, მერე, რა მახინჯი როჟები იჩითებიან, ტო?! როგორ დავიჯერო, ჩვენს ლამაზ ერში არ მოიძებნება რამდენიმე ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც ჭკუაც ექნება და შესახედაობაც? რა არის – ჩართავ ტელევიზორს, „კრაკადილი“ გაგეჩითება და ისეთ ამბებს მოგიყვება, უკანასკნელი იმედიც გაგიქრება, თან წინადადებასაც რომ ვერ ალაგებენ და ხელებს იქნევენ...
უბანში ერთი ტიპი იყო – „პერებოი“, ის უფრო გამართულად და აზრიანად ლაპარაკობდა. ჰო, რომ დაბოლდებოდა, ენა აღარ ებმებოდა, ერთი ეგ იყო, დაბოლილს რატომღაც თავისივე ძაღლი ჰკბენდა. კი არ ეთამაშებოდა, ნაღდად ჰკბენდა. „პერებოი“ ობოლი იყო. ცხონებული, მამიდამ გაზარდა, რომელმაც საკუთარ ბედნიერებაზე თქვა უარი, არ გათხოვდა. ბებერი კი არ იყო, წიწკვი მამიდა ჰყავდა. „პერებოის“ წამხედურობით ყველა მამიდას ვეძახდით, ათი წლით იყო „პერებოიზე“ უფროსი.
ერთ დღეს მამიდამისმა, გაავებულმა დამირეკა, სასწრაფოდ მოდიო. რა მოხდა-მეთქი? ტელეფონში ვერ გეტყვი, ჩქარა მოდიო. კარგს ხომ არ იფიქრებ ადამიანი, გავიქეცი კისრისტეხით. მამიდა-ძმისშვილის ჩხუბი ეზოში ისმოდა. ავირბინე და კარი აწივლებულმა ქალმა გამიღო. არ შევჩერებულვარ, ეგრევე ლოჯიისკენ გავვარდი, უკან მამიდა მომყვა ქოთქოთით, მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. რას ვხედავ! დამდგარა „პერებოი“ წითელარმიელივით ფეხებგაჩაჩხული და ხელში გამზადებული ბაიანი უჭირავს, რომელსაც გაურკვეველი ტრაექტორიით იქნევს. დავიბენი. „პერებოი“ ქეში იყო, ცხოვრებაში არ გაუჩხერია, რა ხდება-მეთქი!
– აი, ამან, ამან, ამან... – უბერავს „პერებოი“ და ვეღარ აგრძელებს, ეტყობა, რომ გული ამოვარდნას აქვს. ისედაც ენაბრგვილი იყო და ახლა აღშფოთებისგან კიდევ უფრო დაება ენა.
– ეს გიჟია, არ მისმენს. ვაი, წელი! – წელზე იკიდებს ხელს მამიდა და კვნესის.
რა მეფიქრა აღარ, ვიცოდი. „პერებოის“ გამო თუ სტკიოდა წელი, გამოდის, მამიდა წიხლით უცემია, რაც ვერაფრით წარმოვიდგინე, არადა, ეს „ბაიანს“ იქნევს და, „აი ამანო“ გაიძახის. ვითომ მამიდამ „წამალი“ გადაუგდო? არა, გამორიცხულია.
– ბიჭო, რომელიმემ დალაგებულად მითხარით, რა გჭირთ! – ახლა მეც დავიღრიალე, რადგან არც ერთი არაფერს ამბობდა – ერთი ზმუოდა, მეორე წიკვინებდა და გაუგებრად მოთქვამდნენ.
კაი ხნის ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა, გავარკვიე, რაც მოხდა და ჯერ „პერებოი“ დავტუქსე სერიოზულად და მერე – მამიდამისი.
– ქალო, ორი მეტრი ენა გაქვს, ამის წილსაც შენ ლაპარაკობ, რატომ არ ამოიღე ხმა, სანამ ეს სულ გადავიდოდა ჭკუიდან!
– ვაი, წელი! ჭირი ამას, ვინ გაცადა ხმის ამოღება!
მამიდას რადიკულიტი ჰქონია და უყიდია წამალი „ამბენე“, რომელიც გამზადებული ასხია ბაიანში და რაღაც გამხსნელი მოჰყვება. მამიდამ ლოჯიაში გააზავა წამალი და თვითონვე აპირებდა გაკეთებას. თურმე, ამას მეორე ოთახიდან „პერებოი“ ალივერებდა და დაასკვნა, რომ მამიდა „წამალს“ იჩხირავდა. გამოვარდა, ეცა ხელში, წაართვა ბაიანი და დაიწყო ბლუკუნი. მამიდა დაეტაკა წასართმევად, მაგრამ რადიკულიტის გამო ვერ ივაჟკაცა და, ერთ ადგილზე გაშეშდა. ისღა მოახერხა, რომ ტირილი და მუდარა დაიწყო, არ გატეხოო.
დასატუქსი იყო ორივე!
ჰოდა, ცხონებული „პერებოი“ უფრო გამოდგებოდა ტელეჟურნალისტად, მით უმეტეს, რომ გარეგნობით საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო. ერთ დღეს საქმეზე მიდის, ეჩქარება, მაგრამ გზაში ვიღაცამ შეაყოვნა. იმას რომ დასცილდა, დაინტერესდა, რა დრო გავიდა და პირველივე გამვლელ გოგონას, ჰკითხა:
– გო-გო-გონა, რო-რო-რო...
– ვაიმეე, მალე გაათავეთ, რაა, მაგვიანდება, – შესთხოვა თურმე გოგომ.
ეტყობა, იმასაც მაგრად აგვიანდებოდა, მაგრამ შინაგანი კულტურა მაინც ჰქონდა. „პერებოი“ შაყირობდა, ჯობია, „პერებოი“ ვიყო, ვიდრე ერთს ვფიქრობდე და რომ ვამბობდე სხვა რამე გამოდიოდესო. მაგრად კაიფობდა – ეს რა მითხრა, უფრო დავბლუვდი და ისიც დამავიწყდა, სად მეჩქარებოდაო.
მაგარი კაი ტიპი იყო „პერებოი“ და ძალიან შემეცოდა. ამას ჰქვია ტყუილუბრალოდ სიკვდილი. სადღაც, ქვემო ქართლისკენ იყო წასული ნათესავებთან, თან პლანსაც გამოვაყოლებო. კარგა ხანს იქ „იგულავა“. წამოსვლისას ბენზინმზიდს გამოჰყოლია. გზის რაღაც მონაკვეთში მანქანა აყირავდა და ხევის მხარეს გადავარდა. ამ საცოდავმა ეტყობა იფიქრა, რომ ბენზინით სავსე მანქანა უეჭველად აფეთქდებოდა და გადმოხტა. მანქანა ზედ დაეცა და ისე გააბრტყელა, ნაწლავები აღარ შერჩა მუცელში. მანქანამ რამდენიმე ბრუნი გააკეთა, ისევ ბორბლებზე დადგა და თავისი სვლით ამოვიდა. მძღოლმა თქვა, კარი არ გაღებულა, თვითონ გააღოო. იმისთვისაც მოუსწრია თქმა, გადახტი, აფეთქდებაო. საწყალს ჯიბეში ცელოფანში გახვეული ბლომად პლანი ჰქონია. „ძაღლები“ რას დაუტოვებდნენ. მამიდამ ბიჭებს პლანის თესლი მიატანინა და საფლავზე დაათესინა. ძირები ამოვიდა – იმის დედა ვატირე! ნორმალური ადამიანი იმას როგორ მოწყვეტდა! მიცვალებულის პატივისცემა რომც დაიკიდოს, კადავერინს სად გაექცევა – სუფთა სიკვდილია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში