დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი იხ.
„თბილისელები“ ¹28-16(486)
– როგორ დაისვენეთ, მარტინ? – ჰკითხა მათემ ჯექსონს, საათს დახედა და გაეცინა, – თუმცა, როგორ დაისვენებდით, როცა სულ რაღაც სამი საათი გეძინათ.
– ეს დრო ჩემთვის სრულიად საკმარისია, რომ ენერგია აღვიდგინო, – განმარტა ჯექსონმა, – თქვენ კი, გეტყობათ, რომ არ გძინებიათ.
– ახლა ვაპირებდით.
– კეთილი, დაიძინეთ. მე კი რესტორანში ჩავალ და ვისაუზმებ. გზის გაგრძელებას როდის აპირებთ?
– შუადღეს.
– კარგით, შუადღემდე გემშვიდობებით. მერე კი კვალში ჩაგიდგებით და უკან გამოგყვებით, – უთხრა მარტინმა მათეს და ნომრიდან გავიდა.
***
მათე და კამპანია შუაღამისას ჩავიდნენ ზუგდიდში. უპრობლემოდ გაიარეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. მარტინ ჯექსონი მათ „ნივით“ მიჰყვებოდა უკან და ორმოცდაათმეტრიან დისტანციას იცავდა. ის არც მაშინ დაკონტაქტებია მათ, როდესაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
მანქანას კვლავ ჰამო მართავდა. გვერდით პეტიკო ეჯდა, უკან კი ლუდა, მათე და მახო იყვნენ მოკალათებულები. მთაწმინდელმა ზუგდიდი-თბილისის გზატკეცილზე გადაუხვია და თქვა:
– ეს ნაბოზარი რატომ არ გვეკონტაქტება?
– რაში სჭირდება, რო?! უბრალოდ, მოგვაცილებს, – თქვა პეტიკომ და ჯექსონის ხსენებაზე ზიზღით აევსო სახე.
– რაღაც, არ მომწონს მე ეს ყველაფერი, – თქვა მათემ და სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ცარიელ ტრასაზე ორი „შევროლეტის ჯიპი“ გამოჩნდა და აქეთ-იქიდან ამოუდგნენ. ჯექსონმა კი „ნივა“ წინ ჩაუყენა ჰამოს და გაჩერება აიძულა, – აი, ხომ ვთქვი! – ჩაეცინა მათეს.
„შევროლეტებიდან“ სპეციალურ უნიფორმებში გამოწყობილი, რვა ნიღბიანი გადმოხტა. ისინი მარტინის ბრძანებას ემორჩილებოდნენ და, ეტყობოდათ, ამერიკელები იყვნენ, რადგან ჯექსონი მათ ინგლისურად ელაპარაკებოდა.
„სპეცებმა“ მანქანიდან მათე გადმოიყვანეს და, ისე, რომ დანარჩენებისთვის არც კი შეუხედავთ, მდელოზე დამჯდარი ვერტმფრენისკენ გააქანეს, „შევროლეტები“ კი ადგილს მოწყდნენ და ისევე უეცრად გაუჩინარდნენ ღამის წყვდიადში, როგორც გამოჩნდნენ. ვერტმფრენისკენ გაემართა მარტინი, ხოლო მის „ნივაში“ კი „შევროლეტიდან“ გადმოსული ახალგაზრდა ჩაჯდა და „შევროლეტებს“ დაედევნა.
მარტინი ვერტმფრენში ჯდებოდა, როდესაც მას ჰამო დაეწია და ჰკითხა?
– ეს ყველაფერი რას ნიშნავს, მისტერ ჯექსონ?
– იმას, რომ ჩვენმა სპეცოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სულ რაღაც სამი წუთი დაგვჭირდა მის შესასრულებლად, – ნიშნის მოგებით თქვა ჯექსონმა და პილოტს ანიშნა, აფრინდიო.
ჰამომ მშვიდად მჯდარ მათეს მიაპყრო მზერა და, ვერტმფრენის ხმა რომ გადაეფარა, უღრიალა:
– მშვიდობით, მათე! აბა, შენ იცი!
მათემ უხმოდ დაუქნია ხელი მთაწმინდელს და ვერტმფრენიც ადგილს მოსწყდა, ცაში აიჭრა და უმთვარო ღამეში გაუჩინარდა.
ჯექსონმა კმაყოფილებით გააბოლა სიგარეტი. მათესაც შესთავაზა და, უარი რომ მიიღო, უთხრა:
– ტყუილად მიბრაზდებით, მისტერ ზვიად.
– გაბრაზებას რა აზრი აქვს. თუმცა, მოცემული პირობა არ შეასრულეთ და ურთიერთობის ასე დაწყება არ შეიძლება.
– რას იზამთ, მისტერ ზვიად, ზოგჯერ ტყუილზე წასვლაც გვიწევს, დრო არ ითმენს და იმიტომ. იძულებული ვიყავი, რომ პირობებზე დაგთანხმებოდით, რადგან, თქვენ და თქვენი მეგობრები ისეთი აგრესიულები იყავით სასტუმროში, რომ, ალბათ, შუაზე გამგლეჯდით. დამეთანხმეთ, ჩემო კარგო, რომ ერთი თვე ძალიან დიდი დროა და ვერ მოვიცდიდით. თანაც, გულზე ხელი დაიდეთ და გამოტყდით, რომ ერთი თვე იმიტომ მოითხოვეთ, რომ მიმალულიყავით. ჩვენ კი ჩვენს საქმეს სათუოდ ვერ გავხდიდით და იმიტომ ვიმოქმედეთ ასე ოპერატიულად.
– ცდებით, მარტინ. ეს ერთი თვე იმისთვის მინდოდა, რომ ცოლ-შვილი მომენახულებინა.
– მერე, რა პრობლემაა, გვითხარით, სად არიან და მაქსიმუმ ოცდაოთხ საათში მოგგვრით.
– ვერ ეღირსებით...
– არ იტყვით და ნუ იტყვით, როგორც გენებოთ. როცა ძალიან მოგენატრებათ, მაშინ ხომ მაინც გაამხელთ მათ ადგილსამყოფელს!
– სად მივდივართ?
– ახლა თბილისში, იქიდან კი – შტატებში გადაგაფრენთ სპეცრეისით, – თქვა მარტინმა, საათს დახედა და ჩაილაპარაკა, – ორიოდე საათში ადგილზე ვიქნებით.
ამერიკელების ვერტმფრენმა ფოთისკენ გადაუხვია და ზღვის თავზე განაგრძო ფრენა, სადაც ღამის სამხედრო სწავლება მიმდინარეობდა და სასაზღვრო კატარღებიდან მანათობელ ტყვიებს ისროდნენ ჰაერში.
– ეს რა ხდება? – იკითხა შეშფოთებულმა ჯექსონმა, როდესაც მანათობელმა ტყვიებმა ვერტმფრენს ჩაუქროლეს, – გვესვრიან?
– როგორც ეტყობა, სამხედრო სწავლებაა, – მიუგო პილოტმა.
– მერედა, რატომ აიღეთ ეს კურსი?
– იმიტომ, სერ, რომ არავის გავუფრთხილებივარ.
– აქ ამერიკა ხომ არ გგონიათ? ეს საქართველოა და აქ ისეთივე ქაოსია, როგორც ნებისმიერი ბანანის ქვეყანაში! ჩქარა, კურსი შეიცვალეთ და სახიფათო ზონიდან გადით! – უღრიალა ჯექსონმა პილოტს, მაგრამ, უკვე გვიან იყო...
ზღვიდან გამოშვებული მანათობელი ტყვიები ვერტმფრენს მისწვდა, დააზიანა და საფრენმა აპარატმა ვარდნა დაიწყო. ვერტმფრენი სულ რაღაც თხუთმეტ წამში დაენარცხა უზარმაზარ ცისტერნას, რომელიც ბენზინით იყო სავსე, ისეთი აფეთქება მოხდა, რომ მისმა ტალღამ 200 მეტრის რადიუსში სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაანგრია...
– ღმერთო ჩემო, ეს რა არის? – ჩაილაპარაკა მათემ, რომელიც მუხლებამდე ჭაობში იყო ჩაფლული, უზარმაზარი კოღოები კბენდნენ სხეულზე და ცეცხლწაკიდებულ ტერმინალს თვალებგადმოკარკლული უყურებდა.
ზვიად მათეშვილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჭაობში ჩავარდა. ეს კი შემდეგნაირად მოხდა: როდესაც დაზიანებული ვერტმფრენი პიკირებაზე წავიდა, საფრენი მანქანა მარცხნივ გადაიხარა და სპეცებს შორის მჯდომმა მათემ ცხვარივით სიკვდილს მოქმედება არჩია. ამიტომ, მან ორივე ხელი ნიკაპში სთხლიშა ამერიკელებს, შემდეგ ქვევით ჩაცურდა და საფრენი აპარატიდან გამოფრინდა. ქარმა ის ვერტმფრენის საპირისპირო მიმართულებით, დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი აფრინა და უზარმაზარი ბრეზენტის აფრიალებულ ბანერს შეაჯახა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „ნატო საქართველოს მომავალია!“ ბანერზე შეჯახებამ მათეს ფრენის სიჩქარე მნიშვნელოვნად შეანელა და, ამიტომ, არაფერი სტკენია. თუმცა, ბანერზე ჩამოცურდა ექვსმეტრიანი სიმაღლიდან და ჭაობში ისე ჩავარდა, რომ მარჯვენა ხელის იდაყვი გადაიტყავა, საშინლად გატალახიანდა და კოლხეთის დაბლობის ჯიშიანი კოღოების ტყვეობაში აღმოჩნდა... სწორედ ამ დროს აფეთქდა ამერიკელი სპეცების ვერტმფრენიც. თვალწინ გადაშლილი საშინელი სანახაობით შეძრწუნებულმა მათემ ჯერ ღმერთს შესწირა მადლობა, შემდეგ თავისი სხეული შეამოწმა და, რომ დარწმუნდა, არაფერი სჭირდა, ჭაობიდან გამოსვლას შეუდგა. თუმცა, ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა და მათეს თითქმის ნახევარი საათი დასჭირდა, რომ ჭაობის ათმეტრიანი მონაკვეთი დაეძლია.
მათემ თავის უნივერსალურ საათს დახედა, რომელიც მუშაობის ღამის რეჟიმზე ავტომატურად გადადიოდა, არც წყალი ვნებდა, არც დარტყმა და არც მაგნიტური ველი. ისრები დილის 5 საათს უჩვენებდა. მართალია, უმთვარო ღამე იყო, მაგრამ, სულ მალე ინათებდა და მათეს ეს არ აწყობდა. მით უმეტეს, რომ ჭაობში ჩავარდნისას მას გრიმიც გაუფუჭდა და პარიკიც. ამიტომ, გამოცდილმა ქურდმა მთელი თავისი ცოდნა და ინსტინქტები აამოქმედა, რომელსაც ის არაერთხელ გადაურჩენია კრიტიკულ სიტუაციაში და ჭაობს გაეცალა. ზვიადმა იცოდა, რომ პირველ ყოვლისა, ადგილი უნდა მოეძებნა, სადაც დაიმალებოდა, დაისვენებდა და შემდგომი მოქმედების გეგმას მოიფიქრებდა. თანაც, ეს ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, რომ არანაირი კვალი არ დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები მას, როგორც ცოცხალს დაუწყებდნენ ძებნას და აუცილებლად იპოვიდნენ.
სანამ მათე საიმედო სადგომს ეძებდა, ფოთის მახლობლად მდებარე სამხედრო პოლიგონი ფეხზე დადგა, სწავლება შეწყდა და საევაკუაციო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო. რაც მთავარია, ამერიკული ვერტმფრენის კატასტროფის ამბავი მალევე შეიტყვეს თბილისში და დედაქალაქიდან ფოთში სპეციალურად შერჩეული ამერიკული ჯგუფი გამოგზავნეს, რომელსაც გვამები უნდა მოეძებნა, რომ მათი იდენტიფიკაცია მოეხდინათ...
ჭაობიდან გამოსული ზვიად მათეშვილი სწრაფი ნაბიჯით მიჰყვებოდა ლერწმიანის პირას გაჭიმულ შარას და ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს. მათეს თამბაქოს სუნი ეცა და თავდაპირველად გაქცევა დააპირა, რადგან, იფიქრა, რომ სამხედროები იყვნენ და მათთან შეხვედრას მოერიდა, მაგრამ, სუნით მიხვდა, რომ ვიღაც იაფფასიან თუთუნს ეწეოდა და იმ მიმართულებით აიღო გეზი, საიდანაც კვამლი მოდიოდა. მათემ ფრთხილად გაიარა ოცდაათიოდე მეტრი, ლერწმებს შორის გაძვრა და წყლის არხის პირას აღმოჩნდა, რომელზეც ნავი მიცურავდა და ნიჩბებს სამოციოდე წლის წვერიანი მამაკაცი უსვამდა, თან ჩიბუხსაც აბოლებდა.
სანამ მათე ნავში მჯდომს ათვალიერებდა, ინათა. ზვიადმა ინტუიციით იგრძნო, რომ მისი თვალთვალის ობიექტი უსაფრთხო ადამიანი იყო. ამიტომ, ნაპირ-ნაპირ დაედევნა ნავს, მიუახლოვდა და ხმადაბლა გასძახა:
– მოიცადე, მეგობარო!
მენავემ ნიჩბები გააჩერა, მარცხნივ გაიხედა და გამოსძახა:
– რომელი ხარ?
– მიშველე, ძამიკო, მომდევენ! თუ არ დავიმალე, მომკლავენ!
წვერიანმა ნავი ნაპირზე მიაყენა, მათე ჩაისვა, ნიჩბები მოუსვა და ზვიადს უთხრა:
– კუნძულზე გადაგიყვან და ჩემთან დაგმალავ. ქოხი მაქვს, იქ და ვერავინ გიპოვის.
– დიდი მადლობელი ვარ შენი, ძამიკო. სულ რაღაც სამი-ოთხი დღე მინდა და წავალ. მერე კი პატივისცემა ჩემზე იყოს, – უთხრა მათემ წვერიანს.
– თუ გინდა, უფრო დიდხანს დარჩი ჩემთან, ძამიკო, ჭამა-სმა არ მოგაკლდება და დასვენება. პოვნით კი ეშმაკიც ვერ გიპოვის. „პირატა“ ვარ მე, მთელი ფოთი მიცნობს და ვერავინ იფიქრებს, რომ ჩემთან ვინმე იმალება.
– როგორ მოგმართოთ?
– ყველა პირატას მეძახის, შენ თუ გეუხერხულება, შეგიძლია, კარლო დამიძახო. შენ რა გქვია?
– ბონდო მქვია, ბატონო კარლო, – ხელი გაუწოდა მათემ პირატას და მაგრად ჩამოართვა.
– მეთევზე ვარ მე. ცოლი არ მყავს და შვილები. ოცი წელი სროკზე მაქვს გატარებული. ახალგაზრდობაში ძალიან ამაყი და ამპარტავანი ვიყავი, რაც დიდ ტანჯვა-წამებად დამიჯდა.
– ოცი წელი ძალიან დიდი დროა. ისეთი რა შეგემთხვათ, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის?
– რა საიდუმლო, მთელმა სამეგრელომ იცის ჩემი ამბავი და, თუ გაინტერესებს მოგიყვები. ამასობაში კი დროც გავა და კუნძულზეც მივალთ.
– ბრძანეთ, ბატონო კარლო.
– მოდი, ბონდო, ძამია, შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს ბატონობით ნუ მივმართავთ და კარლო დამიძახე, უბრალოდ.
– მასე იყოს, გისმენ, კარლო.
მეთევზემ ჩიბუხი დაბერტყა და დაიწყო:
– სამოცდახუთი წლის ვარ და ეს ისტორია ორმოცდახუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ოცი წლის თავმომწონე ვაჟკაცი ვიყავი, ჯან-ღონით სავსე, სხვებზე არანაკლები შესახედაობის და ბევრ გოგოს ჰქონდა ჩემზე თვალი დადგმული. მე კი პირმშვენიერი და ტანწერწეტა გვანცას გარდა არავისკენ მინდოდა გახედვა. 18 წლის გვანცა მთელ სამეგრელოში იყო განთქმული სილამაზით და ბევრი მთხოვნელიც ჰყავდა. გვანცას კი, ჩემი არ იყოს, არავისკენ უნდოდა გახედვა, რადგან მე ვუყვარდი. ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით და დაქორწინებაზე ვოცნებობდით. ღმერთო ჩემო, რამდენი ღამე გაგვითენებია ზღვის პირას ტკბილ ოცნებებში!.. მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგონია, მეც ასე დამემართა. გვანცას მამა სამხედრო კომისარი იყო და მაღალ წრეში ტრიალებდა. ამიტომ, ჩემთან დანათესავება ითაკილა. ჩემი და გვანცას ამბავი კარგად იცოდა და ერთხელ ნათესავებისთვის უთქვამს, – გვანცას იმ თევზით აყროლებულს ცოლად არ გავატანო.
მე საზღვაო სასწავლებელი მქონდა დამთავრებული, თევზმჭერზე ვმუშაობდი, რაც ჯარში სამსახურად მეთვლებოდა. იმ სულაძაღლებულმა კი იმდენი მოახერხა, რომ ჯარში გამიწვიეს – ასე გადაწყვიტა მან ჩემი თავიდან მოშორება. თან, შემომითვალა, რომ, თუ მის ქალიშვილს დავანებებდი თავს, ჯარს ამაცილებდა. მან იცოდა, რომ თუ კაცურ სიტყვას ვიტყოდი, არ გადავიდოდი და ჩემს სიტყვას ელოდა. მე კი ისე მიყვარდა გვანცა, რომ, მზად ვიყავი, მრავალი ტანჯვა-წამება გადამეტანა მის გამო. ამიტომ, მამამისთან კაბინეტში მივედი და ვუთხარი:
– მე და გვანცას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ნუ შეგვიშლით ხელს, ცოლად გამატანეთ-მეთქი.
გვანცას მამამ პისტოლეტი მომიშვირა და კბილებში გამოსცრა – ან უარს იტყვი გვანცაზე, ან აქვე გაგათავებო.
გამეცინა და გვანცას მამას ვუთხარი, – შეინახე ეგ პისტოლეტი, თორემ ტრაკში შეგირჭობ-მეთქი.
კომისარმა პისტოლეტი კაბურაში დააბრუნა, თავი სავარძელში ჩაეშვა და ამოიოხრა. შემდეგ, უზარმაზარ საფერფლეს დაავლო ხელი და თავში სამჯერ ჩაირტყა, გაიტეხა და სისხლი წამოუვიდა. აბა, რა ვიცოდი, რა ვერაგობა ჰქონდა ჩაფიქრებული. ვიფიქრე, განერვიულებულია და საფერფლეს იმიტომ ირტყამს-მეთქი. მივვარდი, რომ საფერფლე წამერთმია, მაგრამ, როგორც კი მივუახლოვდი, მისი კაბინეტის კარი გაიღო, ოთახში კომისრის თანამშრომლები შემოცვივდნენ და გამკოჭეს. მერე მილიციას გამოუძახეს და მხოლოდ მაშინ მივხვდი რაც მოხდა, როდესაც გვანცას მამამ ჩემზე ჩვენება მისცა, თავს დამესხაო. ამის გამო ციხეში გამომამწყვდიეს და ძიება დაიწყო. გამომძიებელმა ათწლიანი მუხლი მომიყენა თანამდებობის პირზე ხულიგნური თავდასხმის გამო, რომელმაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე მოშლა გამოიწვია და, ისე შეკერა საქმე, რომ მაქსიმუმი მომცეს. მოსამართლემ ისე გამომიცხადა ოცი წლის ბიჭს, ათი წელი მიესაჯოსო, თითქოს ალკაპონე ვიყავი და ნახევარი ამერიკა მყავდა დახოცილი. რა არ იღონეს ჩემებმა, როგორ არ ეხვეწნენ გვანცას მამას, რომ არ დავეღუპე, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: პირობა დადოს, რომ გვანცას თავს დაანებებს და გამოვაშვებინებო. მე კი სასტიკ უარზე ვიდექი და, დარწმუნებული ვიყავი, რომ გვანცა დამელოდებოდა. ამიტომ, სასამართლოზე ჩემს ბოლო სიტყვაში ვუთხარი: „კარგად იცი, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ და ეს იმიტომ მომიწყვე, რომ გვანცასთვის ჩამოგეშორებინე. მაგრამ, გვანცას ვუყვარვარ, დამელოდება და ათი წლის მერე მაინც დავქორწინდებით. შენ კი, მოვა დრო, შენი საქციელის გამო შეგრცხვება და შვილიშვილებს თვალებში ვერ შეხედავ-მეთქი“. მოკლედ, არანაირი შეღავათი არ გამიწიეს და უდანაშაულო ბიჭი ათწლიანზე შემაგდეს. თუმცა, ახალგაზრდა ვიყავი, ჯან-ღონითა და იმედებით სავსე, რაც მთავარია, შეყვარებული და, ეჭვი არ მეპარებოდა რომ, ადრე თუ გვიან, მე და გვანცა დავქორწინდებოდით. ამიტომ არც მაშინ ჩამომიყრია ყურები, როდესაც თბილისის ციხეში ექვსთვიანი ჯდომის შემდეგ ურალში გამიშვეს ეტაპით და სვერდლოვსკის ოლქის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამამწესეს. იქაც, ექვსმა თვემ გვანცაზე ფიქრში გაიარა. ასე რომ, პატიმრობის პირველი წელიწადი საყვარელ ქალზე ოცნებაში გაილია. სიყვარულს რა ვუთხარი, რომ მართლაც ბრმაა და მეც ტვინი და თვალები დამიბნელდა, თორემ, ჩემი პატიმრობის დროს, გვანცამ ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი ბარათიც კი რომ არ გამომიგზავნა, უნდა მივმხვდარიყავი, არ ვენაღვლებოდი. მე კი ამაზე ფიქრიც არ მინდოდა, თავს ვიტყუებდი და თვალი მხოლოდ მაშინ ამეხილა, როდესაც სვერდლოვსკის კოლონიაში ვიშკიორად ჩემი ფოთელი მეზობელი კოჭოია გავჩითე. ის ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო და ერთად ვიყავით გაზრდილები. ერთმანეთის დანახვა ძალიან გაგვიხარდა და ზონიდან ვიშკაზე ვებაზრე. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ჩემი სათაყვანებელი გვანცა, რომლის გამოც ასეთ საშინელ დღეში ჩავიგდე თავი, თხოვდებოდა. ამ ცნობამ ელდა დამცა და კოჭოიას ვუთხარი:
– კოჭო, ძამა, ხომ არ გეშლება, გვანცამ ხატის წინაშე შემომფიცა, რომ მიერთგულებდა და როგორ მიღალატებდა-მეთქი.
– კარლო, ძამიკო, – მომიგო კოჭოიამ, – ერთ კვირაში ხელი უნდა მოაწერონ. ეს უკვე მთელმა ფოთმა კი არა, მთელმა სამეგრელომ იცის და, როგორ შემეშლება. ნაღდია, თხოვდება გვანცა და ძალიან მეცოდები, რომ მის გამო ასეთ დღეში ჩავარდი.
რომ იტყვიან, ტვინში დამცხა, მაგრამ, თავს მოვერიე და კოჭოიას ვკითხე:
– ვის მიჰყვება?
– პიჟონია ვიღაც, დედიკოს ბიჭი. მამამისი ბობოლა პროკურორია და უთქვამს, ჩემს ბიჭსა და რძალს იუგოსლავიაში გავუშვებ საქორწინო მოგზაურობაშიო. წარმოგიდგენია? იუგოსლავიაში უშვებს სამოგზაუროდ, – გამიმეორა გაოცებულმა კოჭოიამ, რადგან მაშინ იუგოსლავიაში გამგზავრება უფრო ძნელი საქმე იყო, ვიდრე დღეს მთვარეზე გაფრენა.
მოკლედ, ჩემო ბონდო, გაქცევა და სიძე-პატარძლის დახოცვა გადავწყვიტე. მანამდე კი კომისარი უნდა მომეკლა სადისტურად. გადაწყვეტილი მქონდა, ისე მეწამებინა ის ნაბოზარი, რომ საკუთარი გაჩენა დაეწყევლა. თქმა და შესრულება ერთი იყო. კოჭოიასთან საუბრიდან მესამე დღეს, სვერდლოვსკის ზონიდან გავიქეცი. ღამით, კოჭოიას დახმარებით ექვსი „ზაპრეტკა“ გადავლახე და მოვხიე. ვირბინე, ვიჩალიჩე, ვიძრომიალე და, გვანცას ქორწინების წინა ღამეს უკვე ფოთში ჩამოვაღწიე. ერთი ჩემი მეგობრის სახლში დავიმალე და გადამწყვეტი დარტყმისთვის მოვემზადე.
ფოთში ჩამოსვლამდე, ერთი კვირის განმავლობაში, სულ თორმეტი საათი მეძინა, თანაც, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ამიტომ, მეგობრის სახლში კარგად გამოვიძინე. შემდეგ ბაბუაჩემის ტრაფეინი პარაბელუმი ამოვიღე სამალავიდან, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დავმალე და ღამის 3 საათზე კომისრის სახლში შევიპარე, რომ ჩემი გეგმის შესრულება დამეწყო, მაგრამ კომისარი სახლში არ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ის თავის მძახალთან ყოფილა სტუმრად და ფოთში მეორე დღეს აპირებდა ჩამოსვლას. სამაგიეროდ, გვანცა ბრძანდებოდა სახლში და ყველაზე მეტად იმან გამაცოფა, რომ იქ იყო სიძეც... წყვილი საძინებელში იმყოფებოდა, მსუბუქად ჩაცმულები ანტიკვარულ საწოლში იწვნენ, კოქტეილებს წრუპავდნენ და ერთმანეთს ბედნიერად ეჟღურტულებოდნენ... ამ დროს გამოვჩნდი მე – დაბოღმილი, გაბოროტებული, ფაშისტური პისტოლეტით შეიარაღებული და, რაც მთავარია, ისეთი საშინელი განზრახვით, რასაც დაგეგმილი მკვლელობა ჰქვია.
მე ჯერ სახლში შევიპარე, შემდეგ საძინებლის კარი გამოვაღე მკვეთრად, ოთახში შევვარდი, სიკვდილის ანგელოზივით აღვიმართე მათ წინაშე და შეყენებული პისტოლეტი მივუშვირე.
– კარლო, შენ?! – აღმოხდა გვანცას და ცარცივით გათეთრდა.
– ჰო, შე ძუკნავ, მე ვარ! – შევუყვირე. სიძეს პისტოლეტის ტარი ვთხლიშე კბილებში, რადგან ის წამომიხტა, რომ გვანცას გამოსარჩლებოდა.
– თავი დაანებე კარლო, ნუ ურტყამ! – შემევედრა გვანცა და ამან უფრო გამაცოფა, ამიტომ, სიძეს კეფაში ჩავცხე ტარი და გონება დავაკარგვინე.
გვანცამ გათიშული საქმრო რომ დაინახა, გულზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. მე კი, უფრო გავცოფდი, გვანცა თმით ვითრიე და სილების ტყლაშა-ტყლუში ავუტეხე, თან ბინძური სიტყვებით ვამკობდი... ამ დროს სიძე გონს მოვიდა და საცოლის დახმარება სცადა, მაგრამ, უკიდურესად გავმწარდი და მას ისეთი საშინელი ძალით დავუშინე მუშტები, რომ ცოტაც და სულს გავაფრთხობინებდი...
– კარლო, არ მოკლა! – კიოდა გვანცა, მაგრამ რაც უფრო თავგამოდებით იცავდა ის თავის საქმროს, მით უფრო მეტად ვმწარდებოდი მე და უფრო და უფრო ვუმატებდი ცემას. ამიტომ, სიძე ჩვარივით გახდა, სისხლით შეეღება სხეული და ამქვეყნიურს აღარ ჰგადა...
– ეგ რა შუაშია! – კიოდა გვანცა, – მე, მომკალი, ყველაფერი ჩემი ბრალია!
– არც შენ გაცოცხლებ! – გამოვცარი კბილებში, დამჩვარებული სიძე მივაგდე, გვანცას მივუბრუნდი, თმაში ხელი ჩავავლე და იატაკზე ვარტყმევინე თავი, თან ცხოველივით ვღრიალებდი.
გვანცამ ითმინა, ითმინა და ბოლოს ამოილუღლუღა:
– მაპატიე, კარლო, დამნაშავე ვარ, მაგრამ, ნუ მომკლავ. ფეხმძიმედ ვარ და ჩემი შვილი მაინც დაინდეო.
ამ სიტყვებმა ჩემზე მაგიურად იმოქმედა და გვანცას თავი დავანებე, უცებ მოვედი გონზე და გადავწყვიტე, იქაურობას სასწრაფოდ გავცლოდი. ამიტომ, შევტრიალდი, რომ პისტოლეტი ამეღო, რომელიც იქვე მეგულებოდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ჩემ წინ გასისხლიანებული, სახეშეშლილი და პისტოლეტმომარჯვებული სიძე იდგა, რომელმაც კბილებში გამოსცრა:
– არ გაინძრე, შე თევზით აყროლებულო!
მისმა სიტყვებმა კვლავ დამიბინდა გონება, რადგან მივხვდი, რომ ეს ფრაზა კომისრისგან ჰქონდა მოსმენილი. ამიტომ, მისკენ წავიწიე, რომ გამებრდღვნა, მაგრამ სიძემ ორჯერ გაისროლა და პარაბელუმის ერთი ტყვია მკერდის მარცხენა მხარეს მომხვდა და გულს მილიმეტრებში ასცდა, მეორე კი – მარცხენა ქვედა ყბაში და მარჯვენა ყვრიმალიდან გამომივიდა, საფეთქელს ბეწვზე ასცდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი...
პირატამ ნიჩბები მიუშვა, ჩიბუხი დატენა და გააბოლა, ძველი ნაჭრილობევი ანახვა მათეს მკერდსა და სახეზე, შემდეგ კი ისევ მოუსვა ნიჩბები და თხრობა განაგრძო:
– როგორც მერე შევიტყვე, სიძეს, თურმე, ჩემი მოკვლა სდომებია და ქილერივით თავზე დაუდვია ჩემთვის პისტოლეტი, გამოკვრას აპირებდა, მაგრამ გვანცას არ დაუნებებია და უთქვამს: რომ მოკლა, არც მე ვიცოცხლებ თავს და სამი ადამიანის ცოდვა დაგედებაო. ამიტომ სიძეს გადაუფიქრებია და სასწრაფოში დაურეკავთ, მერე მილიციაში და, ამგვარად გადავუყვანივართ საავადმყოფოში.
მოკლედ, ნახევარი წელი ჩემს გარემონტებას დასჭირდა და ექვსი თვის მერე გამასამართლეს, ექვსი წელი დამიმატეს, რადგან კანონი მეტს არ ითვალისწინებდა მაშინ და უკვე თხუთმეტი წელი მომიწევდა ციხეში ჯდომა, რაც საერთო ჯამში თექვსმეტი წელი გამოდიოდა.
რადგან მეორე დანაშაულიც ფოთში მქონდა ჩადენილი, იქვე გამასამართლეს. თუმცა, გაძლიერებული ბადრაგი მომამაგრეს. სასამართლო პროცესებზე ხალხის ტევა არ იყო, რადგან, იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ ჩემზე ლეგენდები დადიოდა და ყველას უნდოდა, ცოცხლად ვენახე...
პირატას სიტყვებზე მათეს საკუთარი ცხოვრება წარმოუდგა, გაეცინა და კარლოს უთხრა:
– რა უცნაური გრძნობაა, არა?! გალიაში ზიხარ მხეცივით, დიდი სროკის მოლოდინში სვაბოდაზე მყოფი ადამიანები კი შენ მოგჩერებიან და შურთ, რომ შენს ადგილზე არ არიან.
– მართალი ხარ, – დაადასტურა კარლომ, და ჩაეცინა, – მერე, სროკი რომ მომისაჯეს, იმავე საღამოს თბილისში გადამიყვანეს და, რადგან ხუთი წელი მკაცრი რეჟიმის ციხე მქონდა მისჯილი, გამკრიტეს.
– თბილისის კრიტი მტრისას! ადრე იქ ისეთი რეჟიმი ყოფილა, თურმე, რომ „კონცლაგერი“ სამოთხედ მოგეჩვენებოდა, – თქვა მათემ.
– რეჟიმი კიდევ არაფერი, მაგრამ, ნაბოზარ კომისარს, როგორც ეტყობა, ძალიან შეშინებია ჩემი და უფიქრია, თავს არ დამანებებსო. ამიტომ, ჩემს მოსაკლავად მაყუთი გაუმაზია ერთი გნიდა „ისპალნიტელისთვის“, რომელიც თბილისის კრიტში იხდიდა სასჯელს.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც პატიმრები ნახევარსაათიან პრაგულკაზე გაგვიყვანეს, ციხის დახურულ ეზოში ის „ისპალნიტელი“ მომიახლოვდა და შტირი მომიქნია, მარცხენა თვალში რომ ეთხარა, მაგრამ, ვიშუსტრე და ორივე ხელებით დავუბლოკე. მართალია, თვალში არ მომხვედრია და სიკვდილს გადავრჩი, მაგრამ მარცხენა მხარში მეორედ დავიჭერი და შტირი კვლავ მილიმეტრებით ასცდა გულს. მოკლედ, სიკვდილს კვლავ გადავურჩი, თუმცა, სროკი კვლავ არ ამცდა და, იმის გამო, რომ იმ ნაბოზარს, ვისაც ჩემი მოკვლა უნდოდა და ამისთვის მისივე შტირი „ტრაკში“ ვატაკე, მესამედ გამასამართლეს, 4 წელი მომისაჯეს და სროკი „ატ ზვანკა და ზვანკა“ მომახდევინეს, რაც, საბოლოო ჯამში, 20 წელი გამოვიდა. მძიმე წლები მაქვს გავლილი. სად არ ვიჯექი და როგორ ხალხს არ შევხვედრივარ. თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი, სიკვდილის გარდა, თუმცა, სიკვდილისთვისაც არაერთხელ ჩამიხედავს თვალებში. მოკლედ, ქვეყანა მოვიარე და ბოლო „პასადკა“ ისევ აქ, ფოთში გავაკეთე, მაგრამ, ქალაქში ვერ გავჩერდი, კუნძულზე ავირჩიე ადგილი, აქ დავსახლდი და აგერ უკვე ოცდახუთი წელია, რაც ასე ვარ და თავს თევზაობით ვირჩენ, ყველა მიცნობს, თითქმის ყველას ვიცნობ და მივყვები წუთისოფელს.
– გვანცას და მამამისსრა ბედი ეწიათ? – ჰკითხა მათემ პირატას.
– გვანცა გათხოვდა და ქმრის მხარეში გაემგზავრა, იმშობიარა. იქ ცხოვრობდა, და ალბათ, ახლაც იქაა. მამამისს კი კარგი არაფერი დამართნია და რისი ღირსიც იყო, ის მიიღო. ვიღაც ინვალიდი გაუშვია ჯარში, რომელიც იქ მომკვდარა. იმის პატრონი კომისარს კაბინეტში მივარდნია, რუსული „ტაპორი“ ჩაურტყამს თავში და შუაზე გაუპია. ასე დაასრულა იმ ნაბოზარმა თავისი დამპალი სიცოცხლე და ძუკნასავით ჩაძაღლდა. აი, ასეთი ამბებია, ჩემო ძმაო. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას, ჩემს გემოზე ვარ და, ღმერთის გარდა, არავის ვალი არ მაქვს – მინდა, აღმა წავალ, მინდა – დაღმა.
– ამ უთენია სად იყავი, კარლო?
– ფოთში. მამისეული ფუძე ხომ იქ მაქვს და ვაკითხავ ხოლმე. წუხელაც იქ ვიყავი, დავხედე, მოვაწესრიგე და წამოვედი. მე ხომ უთენია ვიღვიძებ, რომ ვითევზაო და თევზი ბაზარში მივიტანო. ახლა კუნძულზე მიგიყვან და დაგაბინავებ. მერე ორიოდე საათით დაგტოვებ და ისევ დავბრუნდები. შენ კი ნურაფრის დარდი ნუ გექნება, არავინ შეგაწუხებს და ვერც ვერავინ გაიგებს, რომ ჩემთან ხარ.
პირატა და მათე კუნძულზე გადავიდნენ. კარლომ თავის ერთსართულიან, სამოთახიან ქოხში დააბინავა სტუმარი, მოუბოდიშა და წავიდა.
ზვიადი მარტო დარჩა და ჯერ იქაურობა დაათვალიერა, რომ დარწმუნდა, უსაფრთხოდ იყო, საწოლზე წამოწვა და ფიქრს მიეცა. მათემ ჯერ კარლოს პიროვნება გააანალიზა და მიხვდა, რომ წესიერ, პატიოსან ადამიანთან ჰქონდა საქმე –მისი მხრიდან საშიშროება არ ემუქრებოდა. შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოქცეულიყო და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირატას დახმარების გარეშე ფონს ვერ გავიდოდა.
„კარგი კაცია ჩემი მასპინძელი, – ფიქრობდა მათე, – ერთხელაც არ უკითხავს, რა შეგემთხვაო და ელოდება, მე თვითონ როდის ვეტყვი. ტყუილის თქმას, სჯობს, საერთოდ არ ვუთხრა, მაგრამ, ჩემი მონა ხომ არაა, რომ უსიტყვოდ დამემორჩილოს“...
მათეს ფიქრში ჩაეძინა და მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი, როდესაც პირატა დაბრუნდა. გამოფხიზლებულმა მასპინძელს გაუღიმა და ჰკითხა:
– თევზი დააბინავე?
– მივუჩინე ადგილი და პროდუქტიც წამოვიღე. მოშიებული იქნები, ახლავე საუზმეს გავამზადებ და სუფრას მივუსხდეთ. ჭაჭის არაყიც მაქვს და თაფლისაც. თუ გესიამოვნება, ღვინოსაც დაგალევინებ.
მათე წამოდგა და პირატას დახმარება შესთავაზა, მაგრამ მასპინძელმა არ დაანება:
– როგორ გეკადრება, ბონდო. შენ მოისვენე და, თუ გინდა, ცოტა კიდევ მოატყუე თვალი, მე კი საქმეს მივხედავ.
მათე ისე იყო დაღლილი, რომ მართლაც წაუძინებდა კიდევ ცოტას, მაგრამ მოერიდა, იქვე ჯორკოზე ჩამოჯდა და კარლოს ლაპარაკი გაუბა:
– კარლო, ძმაო, შენი დიდი მადლობელი ვარ, რომ შემიფარე. შენ რომ არა, ახლა, შეიძლება, დიდ გასაჭირში ჩავვარდნილიყავი. კარგი კაცი რომ ხარ, იმაშიც გეტყობა, რომ ზედმეტ კითხვებს არ მისვამ – ერთხელაც არ გიკითხავს, რა შემემთხვა.
– თუ საჭიროდ ჩათვლი, თავადვე იტყვი, არა და, არც ეგ იდარდო. მე, რაც შემიძლია, დაგეხმარები. გასაჭირში ჩავარდნილი კარგი კაცის დახმარება წმიდათაწმიდა საქმეა და, კარგი კაცი რომ ხარ, შუბლზე გაწერია. ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი დაგინახე. იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ხალხის ცნობა არ მეშლება.
– მაპატიე, ძამიკო, მაგრამ ერთი დიდი თხოვნა მაქვს შენთან და თავხედობაში ნუ ჩამომართმევ.
– თქვი, ძამიკო, შენი ხმალი და ჩემი კისერი. თუ შევძლებ, უარს როგორ გეტყვი!
– კარლო, შეგიძლია, თბილისში გაემგზავრო დღესვე და რასაც დაგაბარებ, ერთ კაცს გადასცე?
– რაზეა ბაზარი, რა თქმა უნდა, შემიძლია.
– მაგრამ, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ვერავინ იეჭვოს. ფოთში ცნობილი კაცი ხარ, შენმა მოულოდნელმა გამგზავრებამ, შეიძლება, ეჭვი გამოიწვიოს ისეთი კატეგორიის ხალხში, ვინც მე მეძებს და ჩემი მოგნება აღარ გაუჭირდებათ. ამიტომ, შენი წასვლა ყველასთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს.
მათეს სიტყვებმა პირატა წამით ჩააფიქრა. მან ჯერ ზვიადს მიაპყრო მზერა, შემდეგ კი ზემოთ აიხედა და სამხედრო ვერტმფრენს გააყოლა თვალი, რომელმაც საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გადაიფრინა, ბოლოს კი გაიღიმა და მათეს უთხრა:
– დარდი ნუ გაქვს, ძამია. აქედან ლანჩხუთში გადავალ და თოფსაც წავიღებ – ასე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, როცა სანადიროდ დავდივარ, იქ კი ერთი მეგობარი მყავს, იარაღსა და ძველმან სამოსს მასთან დავტოვებ, გამოვიცვლი და თბილისშიც იქიდან გავემგზავრები. ასე რომ, დარდი ნუ გაქვს, არ „დავიწვები“.
ვერტმფრენმა უფრო დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა კუნძულს და მათემ პირატას უთხრა:
– აი, ეს ხალხი მეძებს.
– გასაგებია. ფოთშიც დიდი ფუსფუსია, ეტყობა, რომ რაღაც მოხდა. სათევზაოდ ვიყავი გასული და გავიგე, რომ თურმე ამ დილით ვერტმფრენი ბენზინის ტერმინალში ჩავარდნილა, აფეთქებულა და ხალხი დაღუპულა.
– იმ ვერტმფრენში ვიჯექი მე და აუცილებლად დამიწყებენ ძებნას, რომ, ცოცხალი თუ არა, მკვდარი მაინც მიპოვონ.
– მკვდარი როგორ უნდა გიპოვონ, იქ მსხდომი ხალხისგან ხომ სველი ადგილიც არ დარჩებოდა, ყველანი ამოიბუგებოდა.
– მე ისეთი ხალხი მეძებს, რომ სველი ადგილითაც კი გაარკვევენ, მოვკვდი თუ გადავრჩი.
– გასაგებია. მაშინ, ვიჩქაროთ. ვისაუზმოთ და მაშინვე დავიჭერ გამგზავრების თადარიგს, რომ დღესვე ჩავიდე თბილისში. შენ კი უფრო საიმედოდ გადაგმალავ და აქაც რომ დაიწყონ ძებნა, ვერასოდეს გიპოვიან.
პირატამ სუფრა გაშალა და მათესთან ერთად ისაუზმა. შემდეგ სტუმარი ერთ უზარმაზარ გამხმარ მუხასთან მიიყვანა, რომელიც ქოხიდან სამოცდაათიოდე მეტრის მოშორებით იდგა და მასთან ერთად ჩაძვრა ფუღუროში, რომელიც ძალიან ოსტატურად იყო შენიღბული და გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ვერც კი იფიქრებდა, რომ შიგნით კიბეები იყო. მეტიც, გამხმარ მუხაში ძალიან ოსტატურად გაკეთებული სათვალთვალოც აღმოჩნდა, ქვეშ კი მოზრდილი ბუნკერი, რომელიც ორმოცდაათმეტრიანი სიგრძის გვირაბით ჩადიოდა არხთან. იქ კი პატარა კატერი იდგა და, საკმარისი იყო, გვირაბის შენიღბული კარი გაღებულიყო, რომ კატერი არხში შეცურდებოდა.
– აი, ძამიკო, ეს ყველაფერი მე გავაკეთე, ყოველი შემთხვევისთვის. რა ვიცი, რა ხდება-მეთქი და დასამალი და გასაქცევი დავიტოვე. ჩემს ჩამოსვლამდე აქ იყავი. პროდუქტები საკუჭნაოშია და არ მოგშივდება. მე წავალ, შენ კი აქვე დარჩი, – უთხრა პირატამ მათეს და წავიდა.
– გახსოვდეს, კარლო, რომ უსერიოზულესი ხალხი გვაზის კუდზე და პატარა შეცდომასაც არ გვაპატიებენ. აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს და პატივისცემა ჩემზე იყოს, – უთხრა მათემ პირატას წასვლის წინ. თავად კი ბუნკერის დიდ ოთახში მოკალათდა სავარძელზე, რომელიც ლოგინივით იშლებოდა და დაიძინა, მაგრამ ძილში წრიალებდა, რადგან ესიზმრებოდა, რომ ვერტმფრენით ცეცხლწაკიდებულ ტერმინალს ეჯახებოდა. შემდეგ, ცოლ-შვილი დაესიზმრა, მაგრამ თეა და ბავშვები სადღაც გაქრნენ და კვლავ ვერტმფრენის კატასტროფა დაესიზმრა: ზვიადი ცეცხლმოკიდებულ ნავთობტერმინალში ჩავარდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა და ცეცხლიდან ამოძრომას ლამობდა, თუმცა, სამთითმომარჯვებული მარტინ ჯექსონი, რომელიც ეშმაკივით დასდგომოდა თავზე, ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა და ცდილობდა, ის ცეცხლში ჩაებრუნებინა, მაგრამ უცებ თეთრწვერიანი მოხუცი გამოჩნდა, რომლის დანახვაზეც მარტინი გაქრა, მოხუცში კი მათემ სნაიპერა შეიცნო, დაუჩოქა და შესთხოვა:
– მაპატიე, მამაო, მაპატიე, რომ დაგახრჩვე!..
სნაიპერამ თავზე ხელი დაადო და გაქრა, მათეს გამოეღვიძა, გაშლილ სავარძელზე წამოჯდა და მიაყურადა... ზემოდან ადამიანების ხმები ისმოდა. მათე დაიძაბა და ფრთხილად წამოდგა. რომ არ ეხმაურა, ფეხსაცმელები აღარ ჩაუცვამს და ფეხაკრეფით გაემართა კიბეებისკენ, რომ ფუღუროში შენიღბული სამალავიდან დაეთვალიერებინა, რა ხდებოდა გარეთ.
მან ძალიან ფრთხილად აიარა საფეხურები, სათვალთვალოდან გაიხედა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ათიოდე ადამიანი დაინახა, რომლებიც ყურადღებით ათვალიერებდნენ იქაურობას. მიუხედავად იმისა, რომ საღამოვდებოდა, ჯერ კიდევ სინათლე იდგა და ზვიადი თვალნათლივ არჩევდა კუნძულზე მოფუსფუსე მამაკაცებს, რომლებმაც თითოეული კუთხე-კუნჭული გულდასმით დაათვალიერეს. მერე ორი მათგანი გამხმარი მუხის ძირას ჩამოსხდა, გააბოლეს და საუბარი გააბეს, რომელიც მათეს კარგად ესმოდა, რადგან ისინი სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და გამხმარ ხეში კარგად ატანდა ხმა.
მოსაუბრეთაგან ერთი ქართველი იყო, მეორე კი – ამერიკელი და საუბარი ინგლისურად მიმდინარეობდა. მათემ კი ინგლისური მშვენივრად იცოდა და მათი ლაპარაკიდან სიტყვაც არ გამოჰპარვია.
– დასამალავად მშვენიერი ადგილია და, თუ ის გადარჩა, დიდი შანსია, აქ მოსულიყო, – თქვა ამერიკელმა. ქართველს ჩაეცინა და უპასუხა:
– მისტერ კეის, როგორც თქვენ ამბობთ, ის კაცი, ვისაც ეძებთ, თუ მართლა ტერმინალთან შეჯახებულ ვერტმფრენში იჯდა, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა და აქ რატომ ეძებთ? აქედან იქამდე საკმაოდ შორია და მისი სხეულის დანახშირებული ნაფლეთიც კი ვერ მოაღწევდა.
– ასე მსჯელობა არ შეიძლება, მისტერ გიზო, ჩვენ ყველა მანიპულაცია უნდა ჩავატაროთ და მხოლოდ მას შემდეგ შევწყვეტთ ძებნას, როდესაც ბოლომდე დავრწმუნდებით, რომ ის მკვდარია. ის კაცი, ვისაც ჩვენ ვეძებთ, ძალიან მოუხელთებელი ვინმეა და ერთხელ უკვე გაითამაშა თავისი სიკვდილი, მაგრამ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის ცოცხალი იყო და უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა მის აღმოსაჩენად და ხელში ჩასაგდებად. დღეს კი კვლავ გაქრა და, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ დაიღუპა, მანამდე მოვძებნით.
– შეიძლება, ერთი კითხვა დაგისვათ, მისტერ კეის?
– ბრძანეთ.
– თქვენ თვითონ რას ფიქრობთ, როგორ გგონიათ, ის კაცი ცოცხალია თუ მკვდარი?
– ვერაფერს გეტყვით, მისტერ გიზო. ჩემი სტატუსისა და პროფესიის კაცისთვის, მარჩიელობა დამღუპველია და, ვალდებული ვარ, მხოლოდ გაანალიზებულ ფაქტებს დავეყრდნო. სწორედ ამიტომ გამოვიარე თორმეტი ათასი კილომეტრი ზებგერითი თვითმფრინავით და ახლა აქ ვარ, რომ სამძებრო სამუშაოების კოორდინაცია განვახორციელო.
– კარგი, ბატონო, მაგრამ, აქ რომ მოვრჩებით საქმეს, ცოტა შევისვენოთ და ვივახშმოთ, – უთხრა გიზომ კეისს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში