ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-16(486)
მოდი, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რამდენჯერ გაგვჩენია სხვის კალთაში თავის ჩარგვის და ხმამაღლა, გულიანად ტირილის სურვილი. ამაში არაბუნებრივი არაფერია, მთავარია, კალთა არ აგერიოთ და ის მართლაც სხვისი არ აღმოჩნდეს... ბედნიერებისთვის ბევრი არაფერია საჭირო, თუმცა, ადვილიც არ არის, იმიტომ რომ, ძალიან ხშირად, სწორედ „სხვისი“ და „ჩვენი“ კალთა გვერევა ერთმანეთში...
***
ნიკუშა ხელებში თავჩარგული იჯდა და თავის მდგომარეობაზე ფიქრობდა. როცა ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა, მხოლოდ ერთში ეთანხმებოდა საკუთარ თავს – უსიამოვნებებს მაგნიტივით იზიდავდა. შეიძლება, ეს უშუალოდ მისი ბრალიც არ იყო, მაგრამ, თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულს, რატომღაც ყოველთვის უიღბლობა სდევდა თან. შურისა და „ავი თვალის“ არ სწამდა, რომ ეფიქრა, ჩემი ბედნიერება ვიღაცას შეშურდა და გამთვალაო. უსიამოვნებების კასკადს უფრო შეცდომებს უკავშირებდა – მშობლის და იქნებ თავის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ყველაზე დიდი შეცდომა ელენესთან ასეთი ხანგრძლივი განშორება და გაუცხოება იყო. უაზრო სიჯიუტე ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ ახლა სინანული გვიან იყო, ძალიან გვიან და, იმ გაუცხოებას, რომელიც წლებმა დედა-შვილს შორის გააჩინა, ვერაფერს უშველიდა... ისევ დრო იყო საჭირო რაღაცის სასიკეთოდ შესაცვლელად, დრო, რომელიც, შესაძლოა, აღარც კი ჰქონდა...
ნიკუშამ თავი ასწია და კაბინეტში შემოსული ჟანი დაინახა. მამინაცვალი ექიმს მოუძღოდა. სავარძელთან მიაცილა და ბარისკენ გაიშვირა ხელი.
– რამეს ხომ არ დალევთ?
– სიამოვნებით. კონიაკზე უარს არ ვიტყოდი, – თავი დაუქნია ექიმმა. ნიკუშამ ვეღარ მოითმინა:
– როგორ არის საქმე? დედაჩემის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა?
– გაუმჯობესებას ამას ვერ დავარქმევ, მაგრამ, პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა იმედს იძლევა, რომ უკეთესობა იქნება.
ნიკუშამ ნირწამხდარმა გადახედა ჟანს.
– ექიმი ამბობს, რომ ახლა ელენეს გამოჯანმრთელების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა.
– ჰმ, ნამდვილად ძალიან დავმშვიდდი, – სევდიანი ღიმილით გადააქნია თავი ნიკუშამ, – ვერაფერს იტყვი, დიდი ნუგეშია, – ჩაილაპარაკა ქართულად.
ექიმმა ცნობისმოყვარედ შეხედა, სათვალე მოიხსნა, პიჯაკის კალთით გაწმინდა და ჟანს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– ახალგაზრდა ჩემით უკმაყოფილოა? ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება? არა, მე არაფერს გაძალებთ. შეგიძლიათ, ჩემი კოლეგებიც მოვიწვიოთ. მე თვითონ გირჩევთ რამდენიმე მათგანს. თუმცა, ტრანსპორტირების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. პაციენტი გონს მოვიდა და უნდა დავიცადოთ.
– მე თქვენ გენდობით. უბრალოდ, ნიკუშა ძალიან ნერვიულობს. მეხსიერების მოშლაც ძალიან გვაშფოთებს. ეს რატომღა დაემართა?
ექიმმა კონიაკი მოსვა და ხელები გაშალა.
– არაფერი არ არის ამაში გასაოცარი. პირიქით რომ მომხდარიყო, მე ის უფრო გამიკვირდებოდა.
– ჰო, მაგრამ... – ჟანმა შეკამათება სცადა, მაგრამ ექიმმა მაშინვე გააპროტესტა:
– მე ყველაფერი მესმის, თუმცა მედიცინაში ემოციებით არაფერი კეთდება. გეუბნებთ, უნდა დაველოდოთ-მეთქი.
ნიკუშამ თავზე იტაცა ხელები:
– რაღა ახლა, რაღა მაინცდამაინც ახლა!
– ახალგაზრდავ, მე გირჩევთ, დამშვიდდეთ. ასეთი განერვიულებული მხოლოდ ხელს შეუშლით დედათქვენის გამოჯანმრთელებას. გთხოვთ, პაციენტს არაფერი უთხრათ ისეთი, რაც მის აღელვებას ან გაღიზიანებას გამოიწვევს, ეგონოს თავი წარსულ დროში, არ არის ტრაგედია. ამ ეტაპზე მთავარი მისი კომფორტული ყოფნაა, რომელიც ერთად უნდა უზრუნველვყოთ.
– მესმის, ექიმო. ჩვენც ვხვდებით ამას, მაგრამ სულ ასე რომ დარჩეს? მეხსიერება რომ არ დაუბრუნდეს? – აფორიაქდა ნიკუშა.
– ვერ მოგატყუებთ, ყველაფერია მოსალოდნელი. იმის გარანტიას, რომ ასე არ მოხდება, ვერავინ მოგცემთ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამნეზია დროებითია. აი, ხერხემალი კი სერიოზულად მაშფოთებს. ასეა თუ ისე, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
– ეს ლოდინი გამაგიჟებს და ჭკუიდან შემშლის! – ნიკუშა წამოხტა და ოთახში, წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
ექიმმა შეშფოთებით მოუჭირა მკლავზე ხელი ჟანს.
– ეს ყმაწვილი როგორმე უნდა დავამშვიდოთ. ჟან, რამე მოუხერხეთ!
– ვიცი, ჟერარ, მაგრამ დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამიტომაც მისი დამშვიდება გამიჭირდება.
– არ ვიცი, არ ვიცი... – თავი გადააქნია ექიმმა, – მაშინ, ასეთი გაღიზიანებული პაციენტთან ნუ შევა. ამის პირობას მომცემთ?
ჟანმა ყოყმანით დაუქნია თავი:
– ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.
– ჰო, ასე აჯობებს. ურჩიეთ, მთელ დღეს სახლში ნუ იჯდება.
– კარგი. ჩვენთან ერთად არ ისადილებთ?
– სიამოვნებით მივიღებ თქვენს წინადადებას. სადილის მერე კი გრაფინიას კიდევ ერთხელ მოვინახულებ.
გრაფმა ზარი დარეკა და რამდენიმე წუთში კაბინეტში მსახურთუფროსი შემოვიდა.
– სადილი მზად არის? უთხარი, ჭურჭელი ერთი პერსონისთვის კიდევ დაამატონ – ექიმიც ჩვენთან ერთად ისადილებს.
– ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე სერვიზის დამატება მოგვიწევს – თქვენთან მოვდიოდი, რომ მეთქვა: სტუმრები გყავთ! უფრო სწორად, ახალგაზრდა მესიეს კითხულობენ.
ნიკუშას სახეზე გაკვირვება გამოესახა:
– მე? ჩემთან არიან?
– დიახ, მესიე. ჰიდ ჰოლში შემოვიყვანე.
ჟანიც აწრიალდა:
– წავიდეთ, ნიკი, წავიდეთ. ექიმო, ხომ არ გეწყინებათ, ცოტა ხანს რომ დაგტოვოთ? სულ რამდენიმე წუთით, მერე კი სასადილო ოთახში მიგიპატიჟებთ.
– რა თქმა უნდა... მე ამ შესანიშნავი კონიაკით შევიქცევ თავს, ჩემზე ნუ ინერვიულებთ.
ნიკუშას აღარ გაუგონია ექიმის სიტყვები, გულაძგერებული მირბოდა ჰოლისკენ.
ლევანმა ფეხი უფრო მოხერხებულად გადაიდო ფეხზე და ვრცელი დარბაზი შეათვალიერა.
– ნამდვილი სასახლეა, არა? – აღტაცებით ჩაილაპარაკა იამ და ვახოს ისე საცოდავად გახედა, რომ ლევანის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია, როგორ ნერვიულობდა ქალი.
– დაგაფრთხო სიმდიდრემ, ჩემო საყვარელო? მიხვდი, რომ ტყუილად იფრინე ამდენი? ვახოს სთხოვე, წაგიყვანოს და ეიფელის კოშკი მაინც განახოს... ეგ მაინც შეგრჩება.
ვახო წამოენთო.
– ენა გააჩუმე და ჩემს მოთმინებას ნუ სცდი, თორემ, რასაც დაგპირდი, აგისრულებ!
– ნუ იმუქრები. მაინც, რას იზამ, ჩხუბს დამიწყებ და მუშტებით მომვარდები? არ გირჩევ. არ არის აუცილებელი, ყველას დაანახვო, როგორი ველური ხარ.
თინიკომ ქმარს მხარზე მოკიდა ხელი.
– მორჩით, ბავშვებივით ნუ იქცევით! რას ჰგავს ეს? სად არის ნიკუშა აქამდე?
– ვერ ხედავ, რამხელა სახლია?! ორ წუთში ვერ მოირბენს. თუმცა, შეხედე, მოდის... – ვახო წამოხტა და ნიკუშასკენ გაქანდა:
– როგორ მოგვენატრე, ბიჭო...
ნიკუშა გაშტერებული იდგა და თავი სიზმარში ეგონა...
***
ეჭვი ცუდი მრჩეველია და ტყუილად არ უთქვამთ ჩვენზე ჭკვიანებს, შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვაო, მაგრამ შურისძიებაზე ლაპარაკი იქ, სადაც მაინც ორი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი არკვევს უპირატესობას, ზედმეტია. თუმცა, ეჭვი მაინც ახერხებს, თავისი ბოროტი საქმე გააკეთოს და ხანძარი თუ არა, სულ პატარა კოცონი მაინც ააგიზგიზოსო.
***
დათომ ცოლის სახეზე ამოიკითხა, რაც ელოდა და თავდაცვისთვის მოემზადა.
– ვიცი, რასაც მეტყვი და, არ გინდა, დამიჯერე, საყვარელო, ემოციებს არ აჰყვე. ამ გოგოსთან საერთო არაფერი მაქვს, გეფიცები! ხომ ნახე, წავიდა. მიიღო, რაც უნდოდა და წავიდა.
– ასე მარტივად? – ნათიამ სახელოები დაიკაპიწა და შუა ოთახში მდგარმა სასაცილო პოზა მიიღო.
დათოს გაეცინა:
– რომ იცოდე, რა საყვარელი ხარ!
– აბა, აბა, ნუ ცდილობ, გული ამიჩვილო და ამით ის რისხვა აიცილო თავიდან, რომელსაც სამართლიანად იმსახურებ.
– ნათი, მორჩი, რა, ამ ტყუილუბრალო ჭირვეულობას!
– მე კი არ ვჭირვეულობ, გაბრაზებული ვარ. ძალიან გაბრაზებული და ახლავე მოვითხოვ, განმიმარტო, ასე რატომ მოიქეცი.
– როგორ მოვიქეცი, ნათი, რას ამბობ? ფული მივეცი. ხომ გითხარი, ლევანმა მთხოვა-მეთქი. სხვათა შორის, სულაც არ მსიამოვნებს ლევანი მაგ გოგოს ამდენის უფლებას რომ აძლევს, მაგრამ ჩემი საქმე არ არის.
– მაგას არც ვგულისხმობდი.
– აბა, რას გულისხმობდი?
– იმას, რომ უფლება მიეცი, ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინა.
– მე?! ნათი, კარგი რა! ეს ისეთი უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებაა, პასუხის გაცემა არასერიოზულად მიმაჩნია.
– კარგად გამოძვერი, მაგრამ, არ გამოგივა. რატომ არაფერი უთხარი იმ ბოზს? – ხმას აუწია ნათიამ.
– მე რა უნდა მეთქვა, მორალს ხომ არ წავუკითხავდი?! – განცვიფრდა დათო, – ვერ გამიგია, ჩემგან რა გინდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? მითხარი, თუ ღმერთი გწამს, კიდევ დიდხანს უნდა მიშლიდე ნერვებს შენი უსაფუძვლო ეჭვიანობით? ნატუკასთან მე საერთო არაფერი მაქვს და, ნეტავი, არც სხვებს ჰქონოდათ, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის.
– მე ნუ მრევ, ძალიან გთხოვ, რომ მახსენდება, როგორ უტიფრად მელაპარაკებოდა, ვცოფდები. თუმცა, რატომ მიკვირს, ყველა ბოზი ერთნაირია.
დათო ცოლთან მივიდა და სცადა მოხვეოდა, მაგრამ ნათიამ ორივე ხელით უბიძგა და გვერდზე გახტა.
– ნელა, გოგო, რას აკეთებ? – იყვირა შეშინებულმა დათომ, – ნუ მომაკვლევინებ, იმ საცოდავ გოგოს.
– საცოდავი ის კი არა, თქვენ ხართ, ყველანი – შენც და შენი ძმაკაცებიც. აი, ნახავ, თინიკოს ყველაფერს თუ არ ვეტყვი!
დათოს სახე წამოუჭარხლდა ბრაზისგან.
– აბა, მორჩი ახლა! საკმარისად ვითმინე შენი ისტერიკები, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს! არავის არაფერს არ ეტყვი. გესმის? ნატუკა შენი პრობლემა არ არის, ლევანი და ნიკუშა როგორმე მიხედავენ!
– მაინც, რომლისგან არის ფეხმძიმედ, თუ ორივემ ერთად მოახერხა?
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ მე არ მეპარება ეჭვი ჩემს მამობაში, – გახუმრება სცადა დათომ, მაგრამ ნათია ასე ადვილად დამშვიდებას არ აპირებდა.
– მიდი, მიდი, იმასხრე, რა გენაღვლება! კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდო, შენი გარყვნილი მეგობრებისგან. ნეტავი, ხვალ რომლის ნაშა მომადგება კარზე! საინტერესოა, შენ რატომ გიგზავნიან, რა, მამაშა ხარ?
– ნათო, წამოდი, ჩაი დავლიოთ, რამე კარგ ფილმს ვუყუროთ და ეს ამბავი დავივიწყოთ. მით უმეტეს, რომ განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა.
– შენთვის არ მომხდარა, თორემ, აბა, მე მკითხე? ვიღაც ბოზი, თანაც ფეხმძიმე, სახლში მომივარდა, შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემმა ქმარმა კი მშვიდად უყურა ამ ყველაფერს.
– შენი ფანტაზიის პატრონი, სცენარებს უნდა წერდე, – ამოიოხრა დათომ და ხელები სინანულით გაშალა იმის ნიშნად, რა ვქნა, შენთან ვერაფერი გავაწყვეო.
– დავწერ კიდეც, როცა გაგეყრები. ბავშვს გავაჩენ და საკუთარ ცხოვრებას მივხედავ.
– ე, ახლა უკვე მეტისმეტი მოგდის! რას ნიშნავს, გამეყრები და საკუთარ ცხოვრებას მიხედავ! ვინ გიშვებს? ჩემ გარეშე არაფერი მოხდება, კარგად დაიმახსოვრე. მე შენი ქმარი ვარ და ვიქნები კიდეც მთელი ცხოვრების განმავლობაში.
– და... მერეც, ხომ?! – გაცხარდა ნათია. შენი საკუთრება კი არ ვარ. ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. ახლავე წავიდოდი, მაგრამ... – დათომ ცოლს სიტყვა აღარ დაამთავრებინა. ორივე ხელი მოხვია და თავით მკერდზე მიიკრა.
– გაჩუმდი, შე სულელო, შენა, როგორ გგონია, ჩემს საყვარელ ცოლს საშუალებას მივცემ, მიმატოვოს? თანაც, იმ დროს, როცა მუცლით ჩემი სისხლის და ხორცის ნაწილს ატარებს? რა თქმა უნდა, ჩემი საკუთრება ხარ. ეჭვი ნურასოდეს შეგეპარება ამაში, მაგრამ, ისიც იცოდე, რომ მესაკუთრის უფლებას ბოროტად არასოდეს გამოვიყენებ.
– და... არასოდეს გაეკარები ისეთებს, როგორც ის ნატუკაა? – გული აუჩუყდა ნათიას. ქმარს ორივე ხელით მოებღაუჭა და ასლუკუნდა.
– ტირილი და ცრემლები არ გვინდა, თორემ, ჩვენი პატარაც იტირებს. სულელო, რად მინდა ნატუკა ან სხვა ვინმე, როცა შენ მყავხარ.
ნათიამ ეჭვით ახედა ქმარს:
– მაგ სიტყვების უნდა მჯეროდეს?
– რა თქმა უნდა, საყვარელო, რა თქმა უნდა! დაივიწყე, რა, ეგ ჩერჩეტი გოგო. მე ახლა ის უფრო მაინტერესებს, ლევანმა რატომ არაფერი მითხრა. სად უნდა წასულიყო, რომ ჩემთვის არ ეთქვა.
– მაგალითად, მივლინებაში. რა, ყველაფერს შენ გითანხმებს? მისი პირადი მდივანი ხარ? საქმიანი კაცია, მინისტრი. ალბათ, სადმე გაგზავნეს და წავიდა.
– არა, – თავი გადააქნია დათომ, – რადგან ნატუკამ ჩემთან მოსვლა გაბედა, ესე იგი, ლევანმა უცებ გადაწყვიტა გამგზავრება. გესმის, რას ვგულისხმობ? და თინიკოც თან წაიყვანა.
– მერე, რა გიკვირს? თავისი ცოლია და წაიყვანს. აბა, შენ რომ დამპირდი და არ წამიყვანე, ასე კი არ არის.
– სად არ წაგიყვანე, საყვარელო?
– სად და პარიზში. ჯვარიც იქ უნდა დაგვეწერა. მატყუარა! – განაწყენებული ნათია ქმარს მოშორდა.
– ხომ მიმყავდი, საყვარელო, მაგრამ, დედაშენმა გაიგიჟა თავი და მეც შემეშინდა. რამე რომ მოგსვლოდა? მაგრამ, აუცილებლად წაგიყვან. გეფიცები.
– როდის?
– აი, რომ იმშობიარებ.
– ხომ გითხარი, მატყუარა ხარ-მეთქი. მერე სადღა წავალთ. ბავშვს ხომ ვერ დავტოვებთ, – ტუჩები საყვარლად გაბუსხა ნათიამ. სხვა დროს დათო აუცილებლად წამოეგებოდა ამ ანკესზე, მაგრამ ახლა ლევანის გაუჩინარებაზე ფიქრობდა და ცოლი აშკარად უშლიდა ხელს.
– წადი, რა, ჩაიდანი ჩართე, – დათომ მობილური მოიმარჯვა.
– სულ არ გაინტერესებს, მე რას ვფიქრობ და განვიცდი, – ეწყინა ნათიას.
– მაინტერესებს, მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს, ეს ჩემი ძმაკაცები ასე ერთიანად სად აორთქლდნენ. არც ერთი არ პასუხობს.
– რომელიმე კუნძულზე გაიპარებოდნენ, რომ იქ ორგია მოაწყონ.
– კარგი, რა, ნათი, ნუ სულელობ. აშკარად რაღაც ხდება. ვის დავურეკო, რომ რამე გავიგო?
– თქვენს საერთო დაქალს. შეიძლება, იმან იცოდეს რამე. მანდაც ისეთი ინტრიგაა, ვეღარაფერი გავიგე.
– იას დავურეკავ, აუცილებლად. კარგი გოგო ხარ, რომ გამახსენე.
– აბა, რა, კარგი ვარ. წავალ, ჩაიდანს ჩავრთავ. დიდხანს არ მალოდინო, იცოდე.
დათო სამზარეულოში ისეთი სახით შევიდა ნათია მაშინვე მიხვდა, რომ მისმა ქმარმა ბევრი ვერაფერი გაიგო. ცოტათი შეეცოდა, მაგრამ მაინც უსაყვედურა:
– გაცივდა ჩაი.
– აღარ მშია, – ჩაილაპარაკა დათომ და ჩამოჯდა?
– ასეთი რა მოხდა, შიმშილობას რომ აცხადებ? – დაინტერესდა ნათია.
– ია და ვახო პარიზში გაფრენილან.
– ვინ გითხრა?
– რა ვიცი, იას ნათესავი ვარ და სახლში მე დამტოვაო. დარწმუნებული ვარ, ლევანი და თიკაც იქ იქნებიან, ნიკუშასთან.
– შენ მოგტეხეს? ჰა, ჰა, ჰა! აი, რას გეუბნებოდი? მარტო საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს ცხოვრებაში და, ცოლის, რა თქმა უნდა.
დათომ თავი გადააქნია:
– ვერ ვიჯერებ, რომ ასე მომექცნენ. აშკარად რაღაც მოხდა. იმედი მაქვს, ამიხსნიან თავიანთი საქციელის მიზეზს.
– ჰო, სხვა რაღა გაქვს სათქმელი, მაგრამ, ნუ ინერვიულებ. იცი, რა ქენი? დარეკე ნიკუშასთან, ნომერი ხომ გაქვს?
– არა.
– რა არა?! – მხრები აიჩეჩა ნათიამ.
– არ მაქვს ნომერი. უნდა დაველოდო, სხვა გზა არ დამრჩა, – დათომ ხელი ჩაიქნია. ისეთი გულმოკლული ჩანდა, რომ ნათიამ დაზოგა. ლოყით მხარზე მიეხუტა და აკოცა. დათომ ხელი მოხვია და ამოიოხრა.
***
როცა ვერ ამბობ იმას, რაც გულში გაქვს და რისი თქმაც სინამდვილეში ყველაზე ძალიან გინდა, ერთი გზა რჩება – უნდა ითამაშო. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია, მაგრამ, გააჩნია, ვის თვალწინ გიწევს თამაში. თუ შენ წინ „იგროკია“, ან ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და კარგად გიცნობს, დიდხანს ვერ გაქაჩავ – ის ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ მთავარი სათქმელი წინ გაქვს. შეიძლება, ამოიკითხოს კიდეც შენ მიერ საგულდაგულოდ მიმალული.
***
თინიკომ პირველმა შეაფასა სიტუაცია
– აქ რაღაც არის მომხდარი, – წასჩურჩულა ქმარს და სახელოზე შეუმჩნევლად მოქაჩა.
ლევანი ნიკუშას ელაპარაკებოდა და ცოლის სიტყვები არ გაუგონია.
– გიკვირს, ალბათ, რომ ასე ერთიანად მოგადექით ყველანი. მარტო დათო გვაკლია. ძალიან ვჩქარობდით და მისთვის თქმა ვეღარ მოვასწარით. თან ხომ იცი, ნათიასთვის მგზავრობა და მით უმეტეს, მისი აქ ყოფნა, საერთოდ არ იქნებოდა გამართლებული.
– კი, მაგრამ, როგორ გაიგეთ, საიდან? –ნიკუშამ გაოცებით შეათვალიერა მეგობრები.
თინიკომ ისევ დაქაჩა ქმარს. ლევანმა ისევ არ მიაქცია ყურადღება. დიდად ვერც ნიკუშას შეკითხვის აზრს ჩასწვდა. დარწმუნებიული იყო, მეგობარს ის აინტერესებდა, როგორ გაიგეს ამ ციხესიმაგრის მისამართი.
– ე, რა რჩება გაუგებარი. ჩვენთვის ეგ პრობლემა იქნებოდა? – შეიფერა და ვახოს ნიშნისმოგებით გადახედა.
– ია, ბიჭებო, თქვენ არ იცით, როგორ მჭირდებოდით. თინიკო, მადლობ, რომ შენც აქ ხარ.
– ჰო, ჩამოვედით. რა უნდოდა ამის გაკეთებას, მით უმეტეს, ჩემთვის – აიღე ბილეთი და მორჩა. ეს ქალბატონი კი ძალით წამოვათრიე. – ვახომ იას შეხედა. – ისეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას მიწევდა... თქვი, ხომ მაგრები ვართ?
– მაგრები? მაგრები კი, არა... ნიკუშამ ხელები გაშალა – ადამიანებო, ვინ გითხრათ, ვინ?
– რას ჩაიხვიე, ვინ გვითხრა და ჩიტმა მოგვიტანა ამბავი – ხმამაღლა გაიცინა ლევანმა.
თინიკომ ვეღარ მოითმინა.
– ნიკუშა, კარგად ხარ? მართლა კარგად ხარ?
ლევანმა ცოლს შეხედა და საჩვენებელი თითით საფეთქელზე მიიკაკუნა.
– ცუდად მყოფს ჰგავს ახლა ეს?
საუბარში ჟანი ჩაერთო. ის სათითაოდ მივიდა ბიჭებთან და ხელი ისე ჩამოართვა, თითქოს მადლობას ეუბნებოდა თანაგრძნობისთვის.
– კარგი მეგობრები გყავს ნიკოლა... ძალიან კარგი. გმადლობ, ბიჭებო, რომ არ დაიზარეთ და მისთვის ასეთ მძიმე პერიოდში, აქ ხართ. მე ვერც კი გავბედავდი, დამერეკა.
ნიკუშამ ნათქვამი უთარგმნა. ლევანმა და ვახომ ერთმანეთს გადახედეს და თითქმის ერთდროულად იკითხეს.
– რა მძიმე წუთებზე ლაპარაკობს.
– ხომ გითხარით, რაღაც არის მომხდარი-მეთქი – შეჰყვირა თინიკომ.
– აბა, ვიცითო? – დაიბნა ნიკუშა.
– რა უნდა ვიცოდეთ. – თქვა იამ და ნიკუშას შეშინებული მიაჩერდა.
– დედაჩემის ამბავი.
– დედაშენს რამე მოუვიდა? – ისე ერთხმად შესძახა ოთხივემ, რომ დარბაზის კედლებმა ექო გამოსცეს.
– ცხენიდან გადმოვარდა და დაიმტვრა. უკვე მესამე დღეა. ძალიან ცუდად არის...
– ამას სერიოზულად ამბობ? გაშტერდა ვახო – რას ნიშნავს გადმოვარდა. რანაირად?
– გრძელი ამბავია. გაუხედნავ ცხენზე შეჯდა ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს. იცოდა, ჟანი ამის ნებას არ მისცემდა. მდგომარეობა მძიმეა. სწორედ ახლა გვეუბნებოდა ექიმი, შანსები 50 50-ზეაო.
– რისი შანსებიო ბიჭო?
– ნიკუშ, ხომ ცოცხალია? – ყოყმანით ჰკითხა თიკამ.
– ცოცხალია. დილით თითქოს გონზეც მოვიდა, მაგრამ არაფერი ახსოვს. უფრო სწორად ახსოვს, მაგრამ მარტო ის, რაც წარსულში მოხდა. რეალობას არის მოწყვეტილი.
ვახომ თავზე იტაცა ხელები.
– აუ, რა საშინელებაა.
– ნიკუშ, კიდევ რა შეიძლება მოხდეს, რას ამბობს ექიმი? – თინიკომ იგრძნო, რომ ნიკუშა რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა.
– ექიმი ამბობს, რომ მეხსიერება შეიძლება აღუდგეს, მაგრამ უფრო საშიში მისი დაზიანებული ხერხემალია – ნიკუშა გაჩუმდა.
– ანუ, შეიძლება ინვალიდი დარჩეს? – იკითხა ლევანმა.
– მე არ მინდა ამის დაჯერება, ვერ წარმომიდგენია ელენე ინვალიდის სავარძელში. ნეტავ საერთოდ არ ჩამოვსულიყავი, – ნიკუშას ატირებას აღარაფერი აკლდა, – ელენეს რომ რამე დაემართოს, სულ მარტო დავრჩები, ისედაც ამდენი წელი დავკარგე ჩემი უაზრო სისულელით.
საუბრის გაგრძელება ისევ ლევანმა შეძლო:
– არაფერი მოუვა და არც მარტო დარჩები. იმ დაკარგულ წლებსაც აინაზღაურებთ. კიდევ დიდხანს იქნებით ერთად. ჩვენ კი მართლა არაფერი ვიცოდით... – ნიკუშამ გაიღიმა.
– ესე იგი, ისე ჩამოხვედით, სტუმრად... მე კი ვიფიქრე, რომ...
– ახლა უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რისთვის ჩამოვედით, – ყველას დაასწრო თიკამ, – მთავარია, რომ აქ ვართ, შენ გვერდით. ბიჭებო, ხომ მართალს ვამბობ? – თინიკომ, რატომღაც, ვახოს შეხედა.
– ჰო, აბა რა, – მხარი აუბა ვახომ, – და ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება.
ჟანმა ნიკუშას რაღაც უთხრა.
– ახლა თქვენს ოთახებს გიჩვენებენ. ცოტას მოწესრიგდებით და სასადილო ოთახში ჩამოხვალთ. საუბარი მერე გავაგრძელოთ. თიკა მართალია, მთავარი ის არის, რომ აქ ხართ, ჩემ გვერდით. ძალიან მიხარია, თითქოს იმედიც მომეცა.
ლევანმა მათთვის განკუთვნილი ოთახი მოათვალიერა.
– რა მაგარი სახლია, არა?! – უთხრა ცოლს, რომელიც ფანჯარასთან იდგა და სასახლის წინ გადაშლილ ხასხასა მწვანე მოლს გასცქეროდა. – დიდი შანსია, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი ნიკუშას დარჩეს, ანუ, შენს ძმას. არ გიხარია? ალბათ რა მაგარი განცდაა, როცა იცი, რომ შენს ძმას, თუნდაც ნახევარძმას საკუთარი საგვარეულო ციხე-კოშკი აქვს.
თინიკო შემობრუნდა და ქმარს საყვედურით შეხედა:
– როგორ შეგიძლია ასეთ დროს ასეთი ლაპარაკი? ზოგჯერ მეჩვენება, რომ ემოციები საერთოდ არ გაქვს.
ლევანმა მხრები აიჩეჩა.
– ემოციები რა შუაშია? უბრალოდ, მე სიტუაციის დრამატიზება არ მიყვარს და ცხოვრებასაც რეალურად ვუყურებ. რატომ უნდა ვიგლოვოთ წინასწარ? ცოცხალია ის ქალი, ექიმსაც უთქვამს, შანსი აქვსო. კარგად იქნება.
– იმას, შეიძლება, აქვს შანსი, მაგრამ, მე? მე მაქვს? – სევდიანად ჩაილაპარაკა თიკამ, მე ახლა ნიკუშას ვეღარაფერს ვეტყვი. ჩვენი საუბარი გაურკვეველი ვადით გადაიდო და, ვეჭვობ, რომ დიდი ხნით, თუკი, საერთოდ შევძლებ მისთვის სიმართლის თქმას.
– აბა, რას ამბობ! სწორედ ახლა გაქვს საუკეთესი მომენტი, რომ ნიკუშას თქვენი დაძმობის ამბავი გაუმხილო. ხომ ხედავ, სიმარტოვეს როგორ განიცდის. შენს ადგილას მე დღესვე ვეტყოდი.
– არ შემიძლია, – თავი გააქნია თიკამ, – თანაც, შეიძლება, არ დამიჯეროს.
– რატომ? – გაიკვირვა ლევანმა.
– შეიძლება, იფიქროს, რომ ახლა, როცა ყველაზე მეტად სჭირდება გვერდით ახლობელი ადამიანი, მომენტით ვსარგებლობ და ვატყუებ.
ლევანი შეიჭმუხნა:
– რა სისულელეა! შენ რატომ უნდა გჭირდებოდეს ტყუილის თქმა?
– სწორედ იმისთვის, რაზეც წეღან მელაპარაკებოდი: ციხესიმაგრე, მოსალოდნელი მემკვიდრეობა, სახლი პარიზის საუკეთესო უბანში...
ლევანს გაეცინა.
– შენზე მაგას არ იფიქრებს მარტივი მიზეზის გამო – შენ ისედაც ყველაფერი გაქვს. არანაირად არ ჰგავხარ ქონებაზე მონადირეს. გირჩევ, დროს ნუ დაკარგავ და სადილის მერე ნიკუშას დაელაპარაკე.
ოღონდ, მოწმეების გარეშე. განსაკუთრებით იმ ორს მოერიდე – ვახოს და იას ვგულისხმობ. ქვეყანას ნუ მოვდებთ ამ ამბავს.
– ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი უახლოესი მეგობრები.
– ჯერ ერთი, ისინი ჩემი მეგობრები არიან. მეორეც – მეგობრობა ერთია, ოჯახი – მეორე. ჯერჯერობით მაინც, ისევ შენთვის და ნიკუშასთვის აჯობებს, თუკი ყველას არ ეცოდინება ამ ნათესაობის ამბავი. დედაშენზეც იფიქრე. ნუ მოსჭრი თავს ამ სიბერეში.
– როცა იქნება ამ ამბავს მაინც ყველა გაიგებს. მით უმეტეს, თუ ნიკუშა დაიჯერებს. მერე არ მოეჭრება დედაჩემს თავი?!
ლევანმა ამოიოხრა:
– არ შეგიძლია არ მეკამათო და ჩემი რჩევა გაითვალისწინო? ალბათ, ვიცი, რასაც ვამბობ.
– რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის ყველაფერი სხვაზე უკეთ იცი. – დაუფარავი ირონიით ჩაილაპარაკა თიკამ.
– შენ სხვა ხარ? ხომ იცი, რომ შენზე ნაკლებად არ განვიცდი ამ ამბავს?
– ვიცი და, ისიც ვიცი, რატომაც. შენ იმ ნახატის ბედი გადარდებს, იმ ორი მილიონის...
ლევანს სახეზე შეურაცხყოფა გამოესახა:
– გამოდის, ტყუილად წამოგყოლივარ, მაინც არ გჯერა ჩემი. ძალიან მტკენ გულს მაგ შენი უნდობლობით!
თინიკო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ბოლო დღეების განმავლობაში ლევანი სულ ცდილობდა, მისთვის ერთგულება დაემტკიცებინა.
– კარგი, – თქვა ყოყმანით, – სადილის მერე დაველაპარაკები ნიკუშას, მაგრამ, გეფიცები, მართლა არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო.
– სიმართლის თქმა ადვილია. თუ გინდა მეც შენ გვერდით ვიქნები მაგ დროს.
თინიკომ თავი გააქნია:
– არა, მაშინ სულ დავიბნევი.
– როგორც გინდა, მაგრამ აუცილებლად დაელაპარაკე. ახლა კი წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ, ალბათ, უკვე გველოდებიან.
იამ ვახოს ოთახის კარზე დააკაკუნა.
– შემოდი! – გამოსძახა ვახომ და იას დანახვაზე გაეცინა.
– რა იყო, რა სახე გაქვს? მართალია, მომავალი დედამთილი ცუდად გყავს, მაგრამ, რძლები ადვილად იტანენ ასეთ რაღაცეებს.
– სულ მასხრობის გუნებაზე როგორ ხარ?! მე ლამის ნერვიულობით მოვკვდე.
– რაღა განერვიულებს? უკვე აქ ხარ, ნიკუშასაც, ისე სჭირდები, როგორც არასდროს. გაბედულად! ახლა რომ შენი შანსი ხელიდან გაუშვა, ვეღარ გადამირჩები.
– როგორ გგონია, ნიკუშას ახლა სიყვარულზე სალაპარაკოდ სცხელა?!
– სცხელა, სცხელა. ძალიან მინდა, ელენეც კარგად იყოს, მაგრამ მთავარი მაინც თქვენი ურთიერთობაა. დროს ნუ დაკარგავ, იმოქმედე, სანამ ის კახპა, თავისი გაბერილი მუცლით, თავზე წამოგდგომია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში