ვინ და რატომ ხოცავდა ეგრეთ წოდებული თბილისური დაჯგუფების ქურდებს მოსკოვში
ეგრეთ წოდებული „მაქციების“ ისტორიას გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დიდი რეზონანსი მოჰყვა საბჭოთა კავშირში და ამ ამბავს მრავალი ჟურნალისტური პუბლიკაცია და ორი დოკუმენტური წიგნი მიეძღვნა. ამ პუბლიკაციაში გთავაზობთ სისხლის სამართლის ისტორიას, რომელიც უშუალოდ ამ ამბავთანაა დაკავშირებული. მისი გმირების ნაწილი დღესაც ცოცხალები არიან. ამიტომ, მათი სახელები შევცვალეთ და ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
საგამოძიებო ექსპერიმენტი
1973 წლის 4 აპრილს მოსკოვში, თურქულ აბანოსთან ცნობილი კანონიერი ქურდი კოტე აბაშიძე, მეტსახელად „კიტი“ მოკლეს. 51 წლის კიტი ავტორიტეტული პიროვნება იყო ქურდულ სამყაროში და ეგრეთ წოდებული ძველი თბილისური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა, რომელიც მოსკოვის მეოთხედს აკონტროლებდა. კიტი თბილისში იყო დაბადებული, ოთხი ნასამართლობა ჰქონდა ქურდობის გამო და ძლიერ პიროვნებად მიაჩნდათ. კოტე აბაშიძე „პობედიდან“ გადმოვიდა და თურქულ აბანოში უნდა შესულიყო თავის მეგობართან, გენო კოზლოვთან ერთად. ამ დროს მის წინ პისტოლეტმომარჯვებული ახალგაზრდა კაცი აღიმართა და კიტს მაყუჩიანი იარაღიდან ორი ტყვია თავში ესროლა. როცა დაჭრილი ძირს დავარდა ორი ტყვიაც გულში დაახალა და გაიქცა. მაგრამ, გენო კოზლოვს, რომელიც შენობაში იყო შესული, პისტოლეტი აღმოაჩნდა, გაქცეულ მკვლელს ესროლა და ფეხში დაჭრა. კიტის მკვლელი მილიციის პატრულმა მკვლელობის ადგილიდან, სულ რაღაც 400 მეტრის მოშორებით დააკავა.
კიტის მკვლელი 30 წლის, დროებით უმუშევარი ივანე იაკოვლევი აღმოჩნდა. თუმცა, ადრე 6 წელი მილიციაში უმუშავია და პატიმრის ცემისთვის 4 წლის გათავისუფლებული იყო ორგანოდან. იაკოვლევმა კიტის მკვლელობა აღიარა, თუმცა, მოტივს ვერ ასახელებდა. ამიტომ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაატარეს, რადგან მის ნორმალურობაში შეეპარათ ეჭვი. კანონიერი ქურდის მკვლელი შერაცხადად ცნეს და გამომძიებელმა მაკაროვმა მას უთხრა:
– უცნაურია, იაკოვლევ, გიჟი არ ხართ, კიტს პირადად არ იცნობდით, რომ პირადი წყენის გამო მოგეკლათ, არც სხვა მიზეზი გქონდათ მის მოსაკლავად, გამოდის, ეს მკვლელობა შეგიკვეთეს. ვინ?
– არც არავინ. კიტი ვიქტორ პავლოვი მეგონა, რომელიც მე ვცემე ადრე და ვის გამოც მილიციიდან გამომაგდეს. ამიტომ, შურისძიება გადავწყვიტე და მოვკალი, – უპასუხა მაკაროვს იაკოვლევმა.
– ცრუობთ, იაკოვლევ! პავლოვი ციხეშია, თხუთმეტწლიან პატიმრობას იხდის და ეს თქვენც კარგად იცოდით. თანაც, პავლოვი წითურია, კიტი – შავგვრემანი იყო და როგორ შეგეშლებოდათ?
– ბნელოდა, უფროსო, – ცინიკურად თქვა იაკოვლევმა.
– კეთილი, ბნელოდა და შავგვრემანი წითურისგან ვერ გაარჩიეთ, მაგრამ, მაყუჩიანი პისტოლეტით რატომ დადიოდით? თქვენ ხომ ყოფილი მილიციელი ხართ და კარგად იცით, რომ ეს უაღრესად საშიშია. თანაც, არც იმას ამბობთ, სად იშოვეთ იარაღი.
– ვიპოვე, უფროსო, მდინარე იაუზას პირას ვიყავი ერთხელ ჩასული და ბალახებში ვიპოვე.
– კარგი, კარგი. იპოვეთ და იპოვეთ, მაგრამ, დახვრეტის მუხლი გაქვთ და ვნახოთ, როდემდე ილაპარაკებთ ასე ცინიკურად.
ივანე იაკოვლევი საკანში დააბრუნეს. მეორე დღეს კი, კიტის მკვლელი მაკაროვმა ძლიერი დაცვის თანხლებით თურქულ აბანოებთან წაიყვანა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მკვლელს გამომძიებლისთვის უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ მოკლა მან კოტე აბაშიძე. როგორც კი ექსპერიმენტი დაიწყო და იაკოვლევი მკვლელობის ინსცენირებას შეუდგა, უცებ მოწყვეტილად დაეცა აბანოს კიბეებზე და რომ დახედეს, შუბლზე მსხვილი ნახვრეტი აღმოაჩნდა... კიტის მკვლელი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სნაიპერული გასროლით მოკლეს და გამოცდილი გამომძიებელი, 42 წლის ევგენი მაკაროვი მიხვდა, რომ ის თავიდან მოიშორეს.
– მდა, ჩახლართული საქმეა და დიდი ჯაფა დამადგება ამ საქმის გასახსნელად, – ჩაილაპარაკა მაკაროვმა, როდესაც მოკლული იაკოვლევის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
შერეული „სხოდკა“
კიტი 4 აპრილს მოკლა ივანე იაკოვლევმა, თავად ის კი 26 აპრილს მოკლეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს და ევგენი მაკაროვი უკვე ორ მკვლელობას ერთად იძიებდა. თუმცა, მას კიდევ სამი დაემატა. რადგან, 3 მაისს, 11 მაისს და 25 მაისს მოსკოვში კიდევ სამი კანონიერი ქურდი გამოასალმეს სიცოცხლეს.
თემურ ბადრიძე, მეტსახელად დევი თავისსავე სახლის სადარბაზოში მოკლეს 1973 წლის 3 მაისს. დევი და მისი მეგობარი ქალი, იულია ანდრეევა საღამოს 9 საათზე „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტით იყვნენ მოკლულები, რადგან გასროლის ხმა არავის გაუგია. დევის და ანდრეევას 4 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი თავში და გულში.
11 მაისს კანონიერი ქურდი ჯემალ ჯიქია, მეტსახელად „კატა“, დევის დასაფლავებაზე მოკლეს – სნაიპერმა მსხვილკალიბრიანი ტყვიით გაუხვრიტა კეფა... 25 მაისს კი მორიგი მკვლელობა მოხდა და ამჯერად კარენ სტეპანიანი, მეტსახელად „ავლაბარსკი“ გამოასალმეს სიცოცხლეს. სტეპანიანი სასტუმრო „როსიას“ ტუალეტში, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ორი გასროლით იქნა მოკლული...
– ხუთი კაცია მოკლული და აქედან ოთხი კანონიერი ქურდია! – ღრიალებდა გენერალ-მაიორი ვასილი გუსევი, რომელიც სპეციალურ თათბირს ატარებდა „მურში“, იმით გამწარებული, რომ ამ მკვლელობების გამო პირადად მოსკოვის ქალაქკომის პირველმა მდივანმა დაიბარა კაბინეტში და გვარიანად შეახურა... ამიტომ, ვასილი გუსევმა თავისი ხელქვეითები დააწიოკა და ევგენი მაკაროვს პირდაპირ შუბლში მიახალა – დიდ პატივს გცემ, ჟენია, მაგრამ ზევიდან მაწვებიან და წინ თუ არ წაიწევ, იძულებული ვიქნები, ჩამოგაქვეითოო...
ევგენი მაკაროვმა თავის ძველ ნაცნობს, ყოფილ კანონიერ ქურდს, ვასო გეგელიას, მეტსახელად „ვასკას“, დაურეკა, შეხვედრაზე დაითანხმა და პირისპირ საუბარში უთხრა:
– გაიგებდი, ალბათ, რომ ქურდებს დაერივნენ.
– და, თანაც, თბილისელებს, – უთხრა ვასკამ მაკაროვს, – ვერაა კარგად საქმე და თუ რაღაც არ იღონეს ჩვენებმა, შეიძლება, ყველანი გაწყვიტონ.
– სწორედ ამიტომ დაგირეკე. ამ საქმეს მე ვიძიებ და გუშინ გუსევმა საშინლად „დამინაჟიმა“, მას კი პარტიული ხაზით „ჟიმავენ“. ამიტომ, ქურდებს მინდა შევხვდე და დაველაპარაკო.
– მეეჭვება, რომ რამე გითხრან, თუკი საერთოდ რაიმე იციან. ხომ იცი, რომ ჩვენი ძმობა ერიდება „ძაღლებთან“ კონტაქტს და მე რომ ახლაც „რამკაში“ ვიყო, ალბათ, უარს გეტყოდი შეხვედრაზე, – უთხრა ვასკამ მაკაროვს. თუმცა, იმავე დღეს ქურდებს შეხვდა, მაკაროვის დანაბარები გადასცა და თანხმობა მიიღო. ამიტომ დილითვე დაურეკა სამსახურში და უთხრა, – „ბიჭია“ ჟენია! ისინი თანახმა არიან და „არაგვში“ შეგხვდებიან...
1973 წლის 9 ივნისს მოსკოვის პრესტიჟული რესტორნის „არაგვის“ ერთ-ერთ კაბინეტში, ევგენი მაკაროვს ოთხი ქართველი კანონიერი ქურდი, მალხაზ იაშვილი – „მახო“, კოტე ბაძაღუა – „ჭიჭი“, გოჩა ბრეგვაძე – „ლესკა“ და ავთო კობერიძე – „გიჟი“ შეხვდნენ. ოთხივე ქართველი ქურდი იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელსაც პირველად მოკლული ქურდი – კოტე აბაშიძე, იგივე კიტი ხელმძღვანელობდა, პირველი სიტყვა ჭიჭიმ აიღო და მაკაროვს უხთრა:
– გისმენთ, უფროსო. ჩვენი შერეული „სხოდკა“ გახსნილად შეიძლება გამოცხადდეს და ბრძანეთ, რისთვის დაგვიბარეთ.
– არაოფიციალურ თანამშრომლობას გთავაზობთ, რაც, უპირველესად, თქვენთვისაა მომგებიანი. ვიღაც დაგერიათ და ამ ყველაფერს უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებს. თუ რამე იცით, ან თუნდაც ვინმეზე გაქვთ ეჭვი, მითხარით, რომ შესაბამისად ვიმოქმედო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფრით დაგეხმარებით.
– უფროსო, – უთხრა მაკაროვს ჭიჭიმ, – რამე რომ ვიცოდეთ, ან თუნდაც, ეჭვი გვქონდეს, ჩვენ თვითონაც ვიმოქმედებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით და აქ იმიტომ მოვედით, რომ გვეგონა, ინფორმაციას თქვენ მოგვაწვდიდით...
შერეული „სხოდკა“ უშედეგოდ დასრულდა და ქურდები მალევე წავიდნენ. თუმცა, მეორე დღეს, 10 ივნისს ჭიჭი, იგივე კოტე ბაძაღუა თავისი ბინის კართან ნახეს მოკლული... „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულმა უცნობმა მკვლელმა მას დილის 9 საათზე ორი ტყვია ესროლა თავსა და გულში და მიიმალა.
სატელეფონო ზარი
ჭიჭის მკვლელობას ქურდულ სამყაროში უმძაფრესი რეაქცია მოჰყვა და სასწრაფოდ მოაწყვეს დიდი ქურდული „სხოდკა“, რომელზეც იმის გარკვევას შეეცადნენ, თუ ვინ ხოცავდა ქურდებს, მაგრამ, ვერაფერი გაარკვიეს და დაიშალნენ.
ევგენი მაკაროვი კი, გენერალმა გუსევმა კაბინეტში დაიბარა და უთხრა:
– ბოლო გაფრთხილებას გაძლევ, მაიორო, ან წინ წაიწევ, ან არა და საკუთარ თავს დააბრალე ყველაფერი...
მაკაროვი გულდამძიმებული გამოვიდა გუსევის კაბინეტიდან და დარწმუნებული იყო, რომ სამსახურებრივი სასჯელი არ ასცდებოდა, რადგან ქურდების მკვლელობები ისე სუფთად იყო შესრულებული, რომ ხელჩასაჭიდი არ არსებობდა და ამ საქმის გახსნა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, კაბინეტში საკმაოდ განერვიულებული შევიდა და სატელეფონო ზარს საკმაოდ გაღიზიანებული ტონით უპასუხა:
– მაიორი მაკაროვი გისმენთ.
– გეტყობათ, რომ ძალიან განერვიულებული ხართ და ეს, ალბათ, იმ მკვლელობების გამოა, რომლებსაც თქვენ ვერ იძიებთ, – მოესმა მაკაროვს მამაკაცის ბოხი ხმა.
– ვინ ხართ?
– მომისმინეთ, მაიორო, ვინ ვარ მნიშვნელობა არ აქვს და სულ მალე გაიგებთ, თუკი ყაზანის სარკინიგზო სადგურის შემნახველ სალაროში მოხვალთ, 0437 საკანს გააღებთ და შიგთავსს შეისწავლით. საკნის კოდია 2910. ახლა კი, მშვიდობით, – თქვა ბოხხმიანმა და ყურმილი გათიშა.
ევგენი მაკაროვი იმწუთასვე ყაზანის სადგურისკენ გაემართა. შემნახველი საკანი გახსნა, შავი ფერის ტყავის ჩანთა გამოიღო და მანქანაში ჩაჯდა. ჩანთა რომ გახსნა, გაოგნდა, რადგან ჩანთაში „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი და საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი წერილი აღმოჩნდა. ფურცელზე ეწერა: „ამ პისტოლეტითაა ჩადენილი ქურდების მკვლელობები და ეს ყველაფერი ჩემი ნამუშევარია. მე, ამ მკვლელობების შემკვეთის სურვილისამებრ, მოკლული უნდა ვიყო. თუმცა, ვერ მივართვი ეს მათ და მკვდარი ისაა, ვისაც უნდა მოვეკალი. სიკვდილი ელოდებათ იმ ხალხსაც, ვინც ქურდების მკვლელობები დაგეგმა და შეუკვეთა. ეგენი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაიორები ხოხლევი და ავდეევი არიან. ისინი აზერბაიჯანულ დაჯგუფებასთან არიან შეკრულები“.
მაკაროვმა წერილი და იარაღი სამსახურში მიიტანა, შესაბამისი ოქმი შეადგინა და სისხლის სამართლის საქმეს დაურთო, რომელსაც თავადვე იძიებდა. შემდეგ კი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მაიორები, ვიტალი ხოხლოვი და ვიტალი ავდეევი გამოიძახა დაკითხვაზე. თუმცა, ორივე მათგანი მოულოდნელად გაუჩინარდა და ისინი მხოლოდ სამი დღის მერე იპოვეს მოკლულები. ორივე ვიტალის პისტოლეტებიდან ჰქონდა ნასროლი და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მკვლელობა „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტით იყო ჩადენილი. ვიტალი ხოხლოვს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ორი – თავში და ერთი – გულში; ვიტალი ავდეევს კი სხეულის სხვადასხვა ადგილებში – ხუთი ტყვია. გარდა ამისა, ზურგსა და თავის არეში საშინელი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ავდეევს ბლაგვი, მძიმე საგანი რამდენჯერმე ჩაარტყეს.
– როგორც ეტყობა, ავდეევი რკინის ჯოხით სცემეს, – უთხრა მაკაროვს ექსპერტმა კურავლიოვმა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან მკვლელებს წინააღმდეგობა გაუწია.
მაიორმა მაკაროვმა საფუძვლიანად შეისწავლა მოკლული მილიციელების პიროვნებები და დაადგინა, რომ ისინი უპატიოსნესი ადამიანები იყვნენ. მათი მოხსენიება წერილში სატყუარა იყო. ისევე, როგორც მათი მკვლელობა. მაიორი მიხვდა, რომ მკვლელს უნდოდა, ცრუ კვალზე დაეყენებინა და ეფიქრა, თითქოს ავდეევი და ხოხლოვი იმიტომ მოკლეს, კვალი დაემალათ და მოწმეები თავიდან მოეშორებინათ. სინამდვილეში კი, ეს მკვლელობები გამოძიების ცრუ კვალზე დასაყენებლად იყო მოწყობილი და ავდეევ-ხოხლოვის ადგილას, შეიძლებოდა სხვებიც აღმოჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, მაიორმა მაკაროვმა მაინც მოძებნა ხელჩასაჭიდი და ეს იყო საბეჭდი მანქანა. ის იმ პერიოდში უმკაცრეს აღრიცხვაზე იყო და მაკაროვმა დაბეჭდილი წერილის ანალიზის შედეგად აღმოაჩინა, რომელსაც საფუძვლიანი ექსპერტიზა ჩაუტარდა...
თბილისური სპეცოპერაცია
მილიციის ორი უპატიოსნესი მილიციელის მკვლელობის მერე, საქმეში უშიშროება ჩაერთო და ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ საბეჭდი მანქანის ძებნას შეუდგნენ. ძებნამ ტოტალური ხასიათი მიიღო და კომპაქტური საბეჭდი მანქანა „პმ-რკ 52197-ის“ კვალს თბილისში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიაგნეს... მოსკოვის უშიშროების საგამოძიებო ჯგუფი თბილისში 25 ივნისს ჩავიდა და მის შემადგენლობაში იყო კაპიტანი სერგო ქავთარაძე. მას წერილის ავტორის მოძებნა ევალებოდა, რაც მოსკოვში ჩადენილი მკვლელობების გასაღები იყო. ამიტომ, ქავთარაძე იმ ფაკულტეტს ეწვია, სადაც საბეჭდი მანქანა „პმ-რკ 52197“ იყო აღრიცხული. იგი მდივან-მემანქანეს, ანა ლატარიას, დაეკონტაქტა და ათი თაბახის გადაბეჭდვა სთხოვა.
– ფურცელი ორმოცდაათი კაპიკი, – უთხრა ლატარიამ ქავთარაძეს. ამ უკანასკნელმა კი ხუთმანეთიანი დაუდო ქალს და ღიმილით უთხრა:
– ისე ოსტატურად ბეჭდავთ, როგორც ვირტუოზი პიანისტი უკრავს ფორტეპიანოზე და ასეთ დონეს რომ მიაღწიოს კაცმა, დიდი დრო სჭირდება?
– ბეჭდვას ერთ თვეში აითვისებთ კარგად, მაგრამ ასეთ დონეს რომ მიაღწიოთ, გამოცდილებაა საჭირო.
– მოსწავლეები თუ გყავთ?
– კი, რამდენიმე გოგონა მყავს, ზოგჯერ კაცებიც გამოერევიან ხოლმე, – თქვა მბეჭდავმა. ამ დროს ოთახში ორმოციოდე წლის სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა და მბეჭდავს უთხრა:
– ანუშკა, მანქანა მალე გათავისუფლდება? მოსკოვში გასაგზავნი საკონფერენციო მასალები მაქვს დასაბეჭდი.
– მომეცით და მე დაგიბეჭდავთ, ბატონო ანზორ, – უთხრა კაცს მემანქანემ.
– არა, ანუშკა, მე თვითონ. აქ ისეთი ტერმინებია, ჯობია მე თვითონ დავბეჭდო.
– კარგით. მაშინ ნახევარ საათში მობრძანდით, – უთხრა მდივანმა კაცს, გაისტუმრა და სერგოს მიუბრუნდა, – აი, ბატონი ანზორიც ჩემი მოსწავლეა.
– ეტყობა, რომ თანამდებობის პირია, – გაეღიმა ქავთარაძეს და დაიძაბა, რადგან გულმა უგრძნო, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან.
– ეს ანზორ ჩხაიძეა. ჩვენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მეცნიერი. სადოქტორო უნდა დაიცვას მოსკოვში და სამუშაოდაც იქ გადაჰყავთ.
სერგო ქავთარაძემ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და მდივანს სხვათა შორის ჰკითხა:
– არასამუშაო საათებში საბეჭდი მანქანის გაქირავება თუ შეგიძლიათ?
– რას ამბობთ, – გაოცდა ლატარია, – მანქანას ერთი წამითაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, სეიფში ვინახავ, შესვენებაზეც კი. ჩემს მოწაფეებსაც კი არ ვტოვებ მანქანასთან მარტო.
– ბატონ ანზორს? – გაეღიმა ქავთარაძეს.
– მხოლოდ ბატონ ანზორს და ისიც იშვიათად.
– ეჰ. მე კი მანქანის ქირაობა მინდოდა, რომ მევარჯიშა, – ხელი ჩაიქნია ქავთარაძემ, ნაბეჭდი ფურცლები წაიღო და წავიდა.
იმავე დღეს, მოსკოვის და საქართველოს უშიშროებამ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, ანზორ ჩხაიძის პიროვნების საქმის შესწავლას მიჰყო ხელი და დაადგინეს, რომ ანზორის ორი უფროსი ძმა – კოტე და თემური, კრიმინალები იყვნენ და ორ-ორი ნასამართლობა ჰქონდათ ყაჩაღობისთვის. ამიტომ, უშიშროებამ ტოტალური თვალთვალი დაიწყო მათზე და მათი კავშირების გამოვლენას შეუდგნენ. ბოლო, სამკვირიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უშიშროების ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა ძმები კოტე და თემურ ჩხაიძეები, აგრეთვე, მათი თორმეტი თანამზრახველი დააპატიმრა, რომლებიც მოსკოვში განხორციელებულ მკვლელობებში იყვნენ გარეულნი. თუმცა, უშუალო შემსრულებელი, ვინმე ვალოდია გასიევი უკვე მოკლული იყო და ის ანზორ ჩხაიძემ მოკლა. თავად ანზორ ჩხაიძე ჩეკისტებმა ვერ დააკავეს და მისი კვალი თბილისშივე დაიკარგა.
როგორც დახურულ სასამართლო პროცესზე და წინასწარი გამოძიებისას გაირკვა, ჩხაიძეები მაფიოზური კლანის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. თბილისური დაჯგუფების ქურდების ჩანაცვლება და მათი ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდოდათ, იმიტომ ხოცავდნენ მათ. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი ანზორ ჩხაიძე იყო...
P. S. ჩხაიძეების საქმე საგამოძიებო ორგანოებმა გრიფით „მაქციებით“ მონათლეს და ანზორს საკმაოდ ინტენსიურად ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ისიც ითქვა, რომ ანზორი უშიშროების დავალებით მოქმედებდა და ის „კაგებემ“ გააქროო. მით უმეტეს, რომ ამ საქმის თოთხმეტივე მონაწილე, სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საპყრობილეში სხვადასხვა მიზეზით დაიხოცნენ...