კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ცხვარიჭამიის გზაზე და სად არის ავი სულების სამფლობელო


ამბავი, რომლის თხრობას ვაპირებთ, შესაძლოა, ბევრს დაუჯერებელ ზღაპრად მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც ჩვენი რესპონდენტი, ყოფილი ტაქსის მძღოლი ლადო დანელია ირწმუნება, ის ნამდვილად საღ გონებაზე იყო მაშინ. უბრალოდ, იდუმალი და შეუცნობელი სამყაროს სტუმარი ძალაუნებურად გახდა.


– მოგეხსენებათ, საქართველოში უმუშევრობა დაუძლეველი პრობლემაა და ბევრი ძიების მერე, ტაქსის მძღოლობა გადავწყვიტე. ოჯახის პატრონი ვარ და საარსებოდ შემოსავალი გვჭირდებოდა. ღამე ვტაქსაობდი – მირჩიეს, მუშაობა ამ დროს უფრო არისო. 3 წლის წინათ, ზამთარში, ღამე, ნაძალადევის რაიონში ვიღაც გამომძიებელმა, ახალგაზრდა კაცმა გამაჩერა, სახელად დათო ერქვა. მთხოვა, ცხვარიჭამიაში წამიყვანე, იქიდან ქალი მყავს წამოსაყვანი, მისი მეუღლე დაჭერილია და აქ, „კაპეზეში“ ზისო. თანხა უნდა წამოვიღო იქიდან და ის ქალიც წამოვიყვანოო. მოვრიგდით. ფული იქიდან წამოსვლის მერე უნდა მოეცა ჩემთვის. სანამ ცხვარიჭამიისკენ ავიღებდით გეზს, იმ კაცმა მითხრა, ჯერ ჩემთან ავიდეთ, სახლში, საბუთებს ავიღებ და მერე წავიდეთო. ასეც მოვიქეცი. თუმცა, გამოიტანა თუ არა საბუთები, ვერ დავინახე, რადგან ბნელოდა და ხელებში არც მე დამიწყია ყურება. მერე მითხრა, აი, აქვე რომ კაცი იდგა, ის მამაჩემი იყო, ხომ დაინახეო. არადა, ისე ბნელოდა, არავინ დამინახავს და მეეჭვება, რომ არც არავინ იდგა იმ უკუნეთში.

– რატომ დაეჭვდით?

– მე კი დავუქნიე თავი, დავინახე-მეთქი, მაგრამ არავინ დამინახავს. თუ რატომ დავეჭვდი, ამასაც მოგახსენებთ: გავუყევით გზას, მანქანაში საწვავი ჩემი ხარჯებით ჩავასხი. მერე კი მოვთხოვე ჩემს მგზავრს, აბა, მაჩვენე შენი საბუთები, ნამდვილად გამომძიებელი თუ ხარ-მეთქი. უი, არა მაქვს, სახლში დამრჩაო, მითხრა. არადა, სწორედ იმ საბუთებისთვის მიმაყვანინა სახლში თავი. სამაგიეროდ, იარაღი მაჩვენა იმის დასტურად, რომ ვიღაც არ იყო და მას უფლება ჰქონდა მისი ტარების.

– იარაღი როცა ამოიღო, ცოტათი მაინც არ შეგეშინდათ?

– ვერ გეტყვით, მქონდა თუ არა შიშის გრძნობა, მაშინ, თითქოს ინერციით ვმოქმედებდი და მონუსხული ვიყავი. გზადაგზა მელაპარაკებოდა. შენ კარგი პიროვნება ჩანხარო, მეუბნებოდა, სურვილი მაქვს, დაგიახლოვდე და ჩვენმა ცოლ-შვილმა ერთმანეთი გაიცნოს. ცოტა ხანში ბავშვის ნათლობა უნდა მქონდეს, გულით და სულით გეპატიჟებიო. სახეზეც სიმპათიური ბიჭი იყო, კარგად ჩაცმული. უცნაურობა არაფერი შემინიშნავს მისთვის, სანამ ასეთი რამ არ მითხრა: ახლა მე შენ გოგოს გაგაცნობ, კარგი ხმა აქვს, მაგრამ არ ჩანსო. მისი ნათქვამი „გავატარე“, არ მივაქციე ყურადღება. მეგონა, ხუმრობით თქვა, რამდენიმე წუთში კიდევ მეუბნება, გოგოს გაგაცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ არ ჩანსო. რას მელაპარაკები-მეთქი, – გავიკვირვე. მან კი ირონიულად ჩაიცინა. ერთი კი ვიფიქრე, უკან გაბრუნება, მაგრამ იმხელა გზა მქონდა გამოვლილი, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ვუთხარი, თუ მანქანა გინდა, დაგიტოვებ, პრობლემა არაა, ოღონდ მე არაფერი დამიშავო და ფეხით გავუდგები ჩემს გზას-მეთქი. არა გრცხვენია, ეგ როგორ იფიქრე ჩემზე, ყაჩაღის შთაბეჭდილებას ვტოვებო? იუკადრისა გამომძიებელმა. ერთი დაბურული ტყე გავიარეთ, გვარიანად გავცდით ცხვარიჭამიის ტერიტორიას. მივიდეთ იქ, სადაც გამოქვაბული არისო, მითხრა, მაგრამ მე არ დამინახავს. მივადექით ერთ ქოხს, შუქის ნასახი არაა და შუა ტყეში ვიმყოფებით. გადავიდა, მითხრა, იმ ქალს ვეტყვი, გაემზადოს და წამოგვყვესო. მერე რომ მობრუნდა, მითხრა, ის ქალი სახლში არაა, მეზობელთანაა გადასული და მატყლს ჩეჩავსო. ამას მეუბნება ღამის 4 საათზე. კიდევ უფრო შევშინდი. ამის მერე ის კაცი კვლავ გადავიდა მანქანიდან, წავალ, დაველაპარაკები პატიმრის ცოლს, აბა, სადამდე უნდა ველოდოთო.

– არ გიცდიათ, რომ მანქანა დაგექოქათ და გამოქცეულიყავით?

– ისეთ უღრან ტყეში ვიყავი, გზას იმ შუაღამისას ვერც გავიკვლევდი, თან, ვამჩნევდი, რომ დაჰიპნოზებული ვიყავი და ამ კაცს ყველანაირად ვემორჩილებოდი. შიშმა ამიტანა, ამიტომ ფანჯარა ჩამოვწიე, სუნთქვა მიჭირდა და თავს ვიმხნევებდი. ამ დროს მომესმა ქალის მწივანა, შემზარავი, გამყინავი ხმა შორიდან: ლადო, ლადო, ამოდი, არ გინდა, ყავაზე დაგპატიჟებო. გავიხედე, ირგვლივ არც სახლია სადმე, არც შუქი. უკუნი სიბნელეა და სად ან ვინ მეპატიჟებოდა ყავაზე, ვერ მივხვდი. მეც გავძახე, არ მინდა ყავა, გმადლობ-მეთქი.

– ლადო, მართლაც დაუჯერებელ ამბებს ყვებით. დაახლოებით, ისეთს, ზღაპრებში რომ წაგვიკითხავს ხოლმე. ზოგმა შესაძლოა, ეჭვი შეიტანოს თქვენს სრულფასოვნებაში...

– დიახ, გეთანხმებით, შეიძლება, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ გეფიცებით, სრულ ჭკუაზე ვიყავი მაშინაც და ახლაც. მოჩვენებები არ მომლანდებია. ამასობაში ის ბიჭიც მოვიდა. წამოდი, გადავიდეთ, „ფეჩს“ აანთებს, ბაბუა სახლშია. მისი გოგო კი შეშის მოსატანად წავიდაო. ვხვდები, რომ ეს კაცი მატყუებს და რაღაც სისულელეებს მეუბნება, მაგრამ მაინც ვიჯერებ და ვემორჩილები, რადგან უდავოდ მომნუსხა. რომ გადავედით მანქანიდან, მას უკან მივყვებოდი. შევედით გამოქვაბულის მსგავს ძველ, მიგდებულ სახლში. გააღო კარი, აწრიალდა ყველაფერი და ყრუ კვნესის ხმა ისმოდა. არაფერი არ ანთია, უკუნი სიბნელეა. ის ფანრით ანათებს იქაურობას, მე კი პერიოდულად სანთებელას ვუკიდებ. დავინახე ძველი, ფეხებმომტვრეული და მტვრიანი მაგიდა. მასზე იდო ობიანი საჭმელი, რომელსაც მატლები დასდიოდა ზედ. იდგა საზიზღარი სუნი და ასეთივე შეგრძნება დამეუფლა. დათოს ვეუბნები, ეს რა ადგილია, აქ საერთოდ ცხოვრობს ვინმე, სად მომიყვანე, დამანებე თავი და დაიტოვე ჩემი მანქანა-მეთქი. კიდევ გაეცინა, მაგისი რა შემატყვეო. ამასობაში ჩემი მანქანის ხმა გავიგე, ვეკითხები, ვინმე ზის ჩემს მანქანაში-მეთქი. არა, მოგეჩვენაო, მიპასუხა. ამ დროს კი ბეჭებში ვიღაცა უხილავი კენჭებს მესროდა, თუმცა, ოთახში ჩვენ გარდა არავინ იმყოფებოდა. კენჭები თავშიც მომხვდა, ავკანკალდი, უკვე ნერვებს ვეღარ ვიწყნარებდი. გამოვვარდი იქიდან და მანქანის კარი ღია დამხვდა, ჩავჯექი. და რა ხდება, მითხარი-მეთქი, ვეკითხები ამ ბიჭს. გაოგნებული ვარ. ისევ გადაყოლა მთხოვა. მე იარაღის ამოღება ვთხოვე, იქნება, რა ხდება და თავი დავიცვათ-მეთქი. რომ შევედით იმ სახლში, შავი ლანდივით ფიგურამ დაიჩხავლა, დაახლოებით ისეთი იყო, მულტფილმებში „ბაბაიაგა“ რომ გვინახავს. დაიჩხავლა ყვავივით და გარეთ გამოვარდა. კიდევ გამოვქანდი მანქანისკენ, ორივენი ჩავჯექით და წამოვედით.

– მანქანაშიც ხომ არ დაგხვდათ ავი სული?

– შეიძლება იყო კიდეც უხილავი სული, არ გამოვრიცხავ. ჩემმა მგზავრმა ხომ მითხრა, გოგოს გაგაცნობ, კაი ხმა აქვს და არ ჩანსო. იმ გოგოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ რა ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ჩაკეტილი მანქანის კარები, თავისით იღებოდა. ჩავკეტავდი, მაგრამ მაინც იღებოდა. მანქანაში მაგნიტოფონის კასეტებიც მედო, რომელსაც ვიღაცა მესროდა ზურგში, ოღონდ, რა თქმა უნდა, უხილავი ძალა. მანქანის სავარძელი თავისით მოძრაობდა, ფეხქვეშ დასაფენები ჰაერში ადიოდა, მერე კი ისევ დაბლა ჩამოდიოდა. მოგვიანებით, როცა მანქანა დავათვალიერე, ჭერში შავი, გაქონილი ნათითურები ვნახე.

– თქვენს მგზავრს არ უკვირდა, ასეთი საოცრებები რომ ხდებოდა მანქანაში?

– მას არაფერი უკვირდა. გაჩუმებული იჯდა. მე კი ლაპარაკის თავი ნამდვილად აღარ მქონდა. ჩამოვედით თბილისში, თენდებოდა. გლდანში პოლიციის აკადემიასთან დავინახე ეკლესია. გადმოვედი და იქ შესვლა მოვინდომე. თან, ვხედავ, რომ მარცხენა უკანა კარი თავისით გაიღო. შევვარდი ეკლესიაში, მოვუყევი მღვდელს ჩემი ამბავი და დამიდასტურა, სამწუხაროდ, არიან ასეთი გაბოროტებული ძალებიო. როგორც ჩანს, ისინი იყვნენ რაღაც სექტის მიმდევრები, რომლებიც ამ ბიჭს დასდევდნენ და ახლა ჩემი ჩათრევაც უნდოდათ. მას ჩემი ტელეფონის ნომერი ჰქონდა და მეორე დღეს დამირეკა. შემხვდი სადმე, კუთვნილი ფული უნდა მოგცეო. არ შევხვდი და ის ნომერიც გადავაგდე. ამ ამბიდან რამდენიმე თვის გავლის მერე, ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, თურმე მისი კარის მეზობელსაც იგივე შემთხვევია. იმ ტაქსის მძღოლსაც ეს გამომძიებელი ბიჭი ჩაუსვამს და ცხვარიჭამიაში წაყვანა უთხოვია. იმისთვის უთქვამს, მანქანა შუა ტყეში გააჩერეო. მერე სადღაც ძეხვი და პური უყიდია, დაუდევს მანქანის უკანა სავარძელზე, თავად კი წინ დამჯდარა. ამ დროს მოუხედავს ტაქსის მძღოლს და ნაყიდი პროდუქტები შეჭმული დახვედრია. იმ ერთ წამში ვინ შეჭამა, ვერ გაარკვია. ასევე გააჩერა თურმე იმ ბიჭმა მესამე მძღოლიც, ისიც მსგავსი უცნაურობების შემსწრე გამხდარა. მერე ფულისთვის მიაკითხა გამომძიებელს სახლში და სახლის პატრონი გაოგნდა. უთქვამს, ვერაფრით გავაგდე ეს კაცი სახლიდან, ჩემს სახლში ავი სულები ჩამისახლდა და სასწაულები ხდება, რაღაც სულები დადიანო.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ეშმაკს თუ ჰყავდით შეპყრობილი არ გამოგილოციათ?

– ის ტანსაცმელი, რაც მეცვა, სულ დავწვი. რომ ვუყურებდი, კანკალი მიტყდებოდა, გიჟს ვგავდი. ამის მერე ეკლესიაში წავედი და ლოცვებზე დავდიოდი. მამა აკაკისთან მივედი, ძირითადად კი წყნეთში დავდიოდი დედა ნათელასთან, რომელიც უძლიერესი მლოცველია. გამოლოცვის დროს, ვგრძნობდი, რომ ეშმაკი ჩემში სახლობდა. შიშები დამჩემდა და რომ მივდიოდი, სულ უკან ვიხედებოდი. მეგონა, ვიღაც მომდევდა. საპირფარეშოშიც კი მარტო ვერ შევდიოდი. გვერდით ვიღაც მახლდა მუდამ. მას მერე 3 წელი გავიდა და ღმერთის წყალობით, გადარჩენილი ვარ. აღარ მინდა, იმ დროის მოგონება, რომელიც ეშმაკთან და შავ ძალებთან ასოცირდება.


скачать dle 11.3