კოსმოსში ადამიანის მსგავსი რობოტი გაემგზავრება
2010 წლის სექტემბერში საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე გაემგზავრება მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი-კოსმონავტი. ანდროიდი, სახელწოდებით R2, უკვე მზადაა გასაშვებად.
ეს რობოტი „ნასამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ ერთდროულად დაამუშავეს. შემქმნელების აზრით, მეორე თაობის რობოტი უნდა გახდეს ფანტასტიკურ ფილმებში წარმოდგენილ ადამიანთან ძალიან ახლოს მდგომი მანქანა, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია, შეასრულოს „ადამიანური“ მოქმედებების უმრავლესობა.
რობონავტის ხელები ისეა გაკეთებული, რომ მას მოქნილი და ძლიერი თითებით თავისუფლად შეუძლია, დაიკავოს და გამოიყენოს ინსტრუმენტები, რომელთაც ჩვეულებრივ, კოსმონავტები გამოიყენებენ ხოლმე კოსმოსში. R2-ს დედამიწის მიზიდულობის პირობებში 9 კილოგრამზე მეტი მასის ჰანტელის აწევა შეუძლია.
ადამიანს, რომელიც ორბიტაზე რთულ ტექნიკასთან მუშაობს, აქვს უპირატესობა – მოქმედების მოქნილობა. მაგრამ, ადამიანებს უარყოფითი მხარეც აქვთ, მათ არ შეუძლიათ, ღია კოსმოსში სკაფანდრის გარეშე მუშაობა. კაფანდრი სულაც არ არის უბრალო ჰერმეტული ტანსაცმელი. იგი უფრო მცირე კოსმოსურ ხომალდს მოგვაგონებს სიცოცხლის უზრუნველყოფის საკუთარი სისტემით, კომპიუტერით და მასზე მიმაგრებული ძრავებით, ყველაფერი ეს 100 კილოგრამზე მეტს იწონის.
რობონავტს სკაფანდრი ნამდვილად არ სჭირდება. მას შეუძლია, შეასრულოს ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ასრულებს ვაკუუმში, სპეციალური დაცვის გარეშე. იგი თავიდანვე კოსმოსში მუშაობისთვის შეიქმნა. ახლა კონსტრუქტორები ატარებენ ცდებს, რომლის საშუალებითაც დაადგენენ რობოტის ელექტრონიკის შეთავსებადობას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტის აპარატურასთან. თუ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, შემოდგომაზე მას უკვე კოსმოსის პირობებში გამოცდიან. სპეციალისტების აზრით, რობოტების მომავალი თაობა არა მარტო ღია კოსმოსში, დედამიწაზეც შეასრულებს საკვანძო სამუშაოებს.