შეიქმნა კიბოს საწინააღმდეგო მოლეკულა – მაკროკეტონი
ამერიკის შეერთებული შტატების სწავლულებმა შექმნეს მოლეკულა სახელწოდებით მაკროკეტონი, რომელსაც უნარი შესწევს შეაჩეროს სიმსივნური უჯრედების გავრცელება და მეტასტაზების წარმოქმნა. მათი სიტყვებით, ეს სათავეს უდებს ახალ, მრავალი შესაძლებლობის მქონე მიმართულებას კიბოს დაავადებებთან ბრძოლაში.
კვლევები ჩატარდა ნიუ-იორკში უეილდ-კორნელის სამედიცინო კოლეჯის ბაზაზე დოქტორ ხუან სინიუნის ხელმძღვანელობით და, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ბრუკჰეივენის ნაციონალურ ბირთვულ ლაბორატორიაში.
ამოსავალ მასალად მათ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული მიგრასტატინი, რომელსაც ბაქტერიები – ანტინომიცეტები – გამოყოფენ. მათ აქვთ სუსტად გამოხატული უნარი, ხელი შეუშალონ სიმსივნური უჯრედების მიგრაციას.
მრავალჯერადი ექსპერიმენტების შედეგად სწავლულებმა შეძლეს მიგრასტატინის ხელოვნური ანალოგის სინთეზირება, რომელიც, დოქტორ სინიუნის სიტყვებით, ორიგინალს ეფექტურობით „ათასჯერ“ აღემატება.
ჯერ კიდევ 2005 წელს მათ გამოაქვეყნეს შრომა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ მაკროკეტონი და მისი ანალოგები მეტასტაზების გავრცელებას აჩერებს, მაგრამ მაშინ, მათ არ ესმოდათ, რის ხარჯზე ხდებოდა ეს. მეცნიერთა ჯგუფმა სწორედ ახალი ექსპერიმენტებით გამოარკვიეს და აღწერეს ბიოლოგიური მექანიზმი.
ახალი მოლეკულა არ ეწინააღმდეგება საწყისი სიმსივნის წარმოქმნას, მაგრამ არ აძლევს მას გამრავლების საშუალებას. მაკროკეტონის ეფექტურობა მეტასტაზების გამრავლების თავიდან ასაცილებლად 80 პროცენტს აღემატება. როდესაც ექსპერიმენტში მონაწილე თაგვების ორგანიზმში სიმსივნე უკვე იყო წარმოქმნილი, მაკროკეტონის შეყვანის შემდეგ მეტასტაზების გამრავლება წყდებოდა და ცხოველები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ სიცოცხლეს, მაშინ, როცა თაგვები, რომლებსაც ეს პრეპარატი არ ჰქონდათ მიღებული, კიბოს ახალი კერების გაჩენის გამო სწრაფად იხოცებოდნენ.
თავისი აღმოჩენის დამატებით ღირსებად დოქტორი ხუანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მიიჩნევს.