ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: შეიძლება თუ არა შვილის ცემა და რით ისჯება ასეთი ქმედება?
პასუხი: თუ ბავშვზე არის ფიზიკური ძალადობის კვალი, უპირობოდ შეიძლება, დაისვას მოძალადე მშობლისგან მისი განცალკევების საკითხი. როგორც წესი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. მაგრამ, სასამართლოსვე შეუძლია, დროებითი ღონისძიების სახით, განაცალკევოს ბავშვი.
კითხვა: ვმუშაობ სასურსათო მაღაზიაში. ჩემი უფროსი მაიძულებს ყოველდღე, დღეში 11 საათს ვიმუშაო, დღევანდელი კანონმდებლობით, რამდენი საათი უნდა იმუშაოს კვირაში ადამიანმა?
პასუხი: თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს კვირაში. სამუშაო დროში არ შედის შესვენებისა და დასვენების დღე.
კითხვა: ტელევიზიით მოვისმინე, რომ შარშან ნიჭიერ ბავშვებს სახელმწიფო გრანტებს აძლევდა. იქნებ გაგვარკვიოთ, ეს პროგრამა არსებობს თუ არა წელსაც?
პასუხი: განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭებისთვის, ბიუჯეტში გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. იგივე რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი შარშანაც.
კითხვა: ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე, ინვალიდი, მაინტერესებს, რა ფულადი დახმარება მეკუთვნის სახელმწიფოსგან?
პასუხი: საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 იანვრის ¹4 და 2008 იწლის 8 აპრილის ¹82 დადგენილებით, სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პირებისთვის დაწესებულია საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად ყოველთვიური ფულადი გასაცემელი, იგივე საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
2008 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული სუბსიდია გაიცემა თქვენი კატეგორიის ადამიანებისთვის 44 ლარის ოდენობით. ანუ, ამ რაოდენობის თანხა მიეცემათ მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ინვალიდებს, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
ასევე, თანხა გაიცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებზე 18 წლის ასაკამდე; ასევე, მეუღლეზე, რომელიც შემდეგ არ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებზე.
კითხვა: ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ დატყვევებულ მძევლებს უვითარდებათ „სტოკჰოლმის სინდრომი“. რას ნიშნავს ეს?
პასუხი: დატყვევების თუ მძევლად ყოფნისას ზოგიერთ ადამიანს, ძირითადად ქალებს, უვითარდება ფსიქიკური ფენომენი – „სტოკჰოლმის სინდრომი“. ასეთ დროს გატაცებულს თავისივე გამტაცებლის მიმართ სიმპათიები უჩნდება. ეს სინდრომი პირველად 1973 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაფიქსირდა. ის შვედური ბანკის რამდენიმე თანამშრომელს ერთდროულად დაემართა. პოლიციამ ბანკის თავდამსხმელები დააკავა, ბანკის თანამშრომლებმა კი, სასამართლოზე მათი დაცვა დაიწყეს. ერთ-ერთი მძევალი მომავალში თავდამსხმელის ცოლი გახდა. ამიტომ ეწოდა ამ დაავადებას „სტოკჰოლმის სინდრომი“.
კითხვა: ჩემი მეზობელი დაიჭირეს, მას ეზოში სამი ძირი, ეგრეთ წოდებული, „კანაპლია“ უპოვეს. რა სასჯელი ელის მას?
პასუხი: ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივაცია, ისჯება ჯარიმით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კითხვა: ვცხოვრობ აეროდრომის მახლობლად. თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ხმაურისგან გაღიზიანებულმა და გაბრაზებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი და მათი ჩამოგდების განზრახვით, რამდენჯერმე ისროლა. თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. დაეკისრება თუ არა მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა?
პასუხი: არა, მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა უმეცრების გამო – სანადირო თოფით შეუძლებელია აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანა.
კითხვა: მოვალის მიერ ვალდებულების არასრულად შესრულების გამო, კრედიტორმა მოვალისგან მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. მოვალემ ორივე პირობის ერთდროულად შესრულებაზე უარი განაცხადა. რას ითვალისწინებს კანონი?
პასუხი: კანონის მიხედვით, კრედიტორს არ აქვს უფლება, ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც.