კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


კარახანაშვილი – ყარახანაშვილი – კარახანოვი

ბევრჯერ ვთქვით, რომ გადაკეთებულია და შეცვლილია ბევრი გვარის ფორმა, რომლებიც შვილზე იყო დაბოლოებული. ასე დაამსგავსეს ეს გვარები სომხურ გვარებს. მაგალითად, ასეთია კარახანიანი. კარახანაშვილთა (ყარახანაშვილთა) გვარს კი ქართული დაბოლოება შეუცვალეს რუსული ფორმატი ოვით და მივიღეთ კარახანოვი.

გვარის ფუძეა ქართული სიტყვა, ტერმინი, კარახანა. ფშავში „კარახანა სასმისია ერთგვარი”. ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელში” გვხვდება: „მთვრალმა რა გითხრათ კაცებო, ჭკუა სასმელმა დაძალა, სათქმელი მერმისთვის დარჩეს, თუკი სიკვდილმა გვაცალა... ასწია კარახანასა, გადაწურა და დაცალა”.

კარახანა ჩამოსატარებელი სასმისია პურობის დროს. წინათ აუცილებელი იყო კარახანის დალევა. დასტური ვინც იყო, ის ყველას მიუტანდა აღნიშნულ სასმისს.

დასადგენია, იყვნენ თუ არა ამ გვარის წინაპრები კარახანის ტრადიციის შემსრულებლები.

ასე რომ, კარახანოვების მამაპაპური გვარი კარახანაშვილია.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, მათი რიცხვი 243-ია: თბილისში – 149, გარდაბანში – 33, ბოლნისში – 15. არიან სხვაგანაც.

ზოიძე

ეს გვარ-სახელი გამოიკვლია და შეისწავლა მკვლევარმა, ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა იოსებ ბექარიშვილმა.

ზოიძეთა გვარი საბერძნეთიდან მომდინარეlაა მიჩნეული. გვარის ფუძედ მიჩნეულია, ზოიდი. დი ბერძნებთან სუფიქსია და ქართულ სუფიქსს – შვილს, ძეს ნიშნავს. თუმცა, არსებობს ასევე ქალის სახელი ზოია.

ზოიძეები ცხოვრობენ შუახევში, ხულოში და ქობულეთის რაიონში.

ზოიძეთა ნაწილი ამბობს, რომ გვარი დაბაძველიდან იღებს სათავეს, ზოგი სოფელ აჭყვისთავს ასახელებს.

ზოიძეებს ბევრი გამოჩენილი პიროვნება ჰყავთ, მათ შორისაა ხევი ზოიძე – კაცი, რომელმაც ცხრა სახელოვანი შვილი გამოზარდა და ცხრავე სამშობლოს შეეწირა. სოფელ კვირიკეშია წყარო „ზოიძის საცავის“ სახელწოდებით, ქაქუთში – ადგილი „ზოიძეების კუთხე”. როგორც ისტორია ადასტურებს, ზოიძეების გვარს ტრადიციად მოსდევს პოეტობა.

საქართველოში, ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ზოიძეს 82-ე ადგილი უჭირავს.

1995 წლის ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 4 934 ზოიძე. ქობულეთში – 1 959, შუახევში – 983, ხელვაჩაურში – 932. არიან სხვაგანაც.

იაგანაშვილი – იეგანაშვილი

გვარის ფუძედაა გამოყენებული მამაკაცის საკუთარი სახელი იაგანა, იეგანა.

„იაგანაშვილი დავითა, ქალაქში მცხოვრები, დიღომში ნასყიდი ვენახით შაყუბათ ბარათაშვილმა საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს” (1493 წელი).

„იაგანაშვილი თევდორე, სამშვილდეს მცხოვრები, ჰამზა იაგანაშვილთან ერთად, როსტომ მეფემ უწყალობა მოლარეთუხუცესს შიოშ ხმალაძეს” (1643 წელი).

იაგანაშვილებს უცხოვრიათ ქვემო ქართლში, შემდეგ გადასულან კახეთში.

საქართველოში 252 იაგანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 183, თბილისში – 38, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.

ჯანაშვილი

ჯანაშვილები არიან როგორც ქართველები, ისე ებრაელები. ჯანაშვილები იყვნენ აზნაურები.

„აქავ კაჭრეთს, აზნაურ დავით ჯანაშვილს, ჰყავს ყმა – ოქროპირი მოხელე, ფარსუაშვილი, კიტრიაული...”

საქართველოში 1 701 ჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 557, დედოფლისწყაროში – 278, ახალგორში – 146. არიან სხვაგანაც.

მამუკაშვილი

ქართული გვარ-სახელების შესწავლა-გამოკვლევა უაღრესად რთულიცაა და საინტერესოც. ბევრმა მკვლევარმა და ცნობილმა მეცნიერმა სცადა ქართველი კაცის გვარ-სახელთა შესწავლა, მაგრამ ჯერ კიდევ არის შესასწავლ-დასადგენი. ბევრმა მამუკაშვილმა იცის, თუ როგორ ლამობდნენ სტუმრად მოსული უცხო ტომისანი მათი გვარის ფორმის შეცვლას, მართლმადიდებლობის ნაცვლად გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მოქცევას. აქა-იქ მოახერხეს კიდეც, მამუკაშვილები მამუკოვებად ჩაეწერათ.

ზაალიშვილთა, ზურაბიშვილთა, გივიშვილთა, მამუკაშვილთა გვარი სხვა ხუთი და მეტი გვარისგანაა წარმოშობილი.

მამუკაშვილთა გვარი არის აბაშიძეების, ღუდუშაურების, ბეჟანიშვილ-მესხასატურასშვილიდან, მირიმანაშვილიდანაა გვარი ზაქუმიშვილი; მირიმანთებიდან – მამუკაშვილი, ასევე მირიმანაშვილებიდანაა შტო-გვარი მელიქიშვილი და შაღუბათაშვილი; მირიმანაშვილიდანაა აგრეთვე გვარი მირიმანიძე; მირიმანიძეებიდანაა შტო-გვარები: ათაბეგიშვილი, მელიქიშვილი.

სახელი მამუკა, მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ქართველებში ძალიან პოპულარული და ცნობილი სახელი იყო.

საქართველოში 1 441 მამუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 512, გორში – 162, გარდაბანში – 151. არიან სხვაგანაც.

209 მამუკიშვილი: ყვარელში – 97, თბილისში – 66, რუსთავში – 20. არიან სხვაგანაც.

ტაბეშაძე

გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე, ტაბა-ძე, დაშენებული ქართული გვარია: ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში, აქედანაა ასევე გვარი ტაბა-რუკაშვილი.

ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.

ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).

ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.

მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 236 ტაბეშაძე: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

ყარალაშვილი

გვარი ყარალაშვილის ფუძეა ყარალა (ყარა იგივეა, რაც შავი).

1781 წელს თიანეთში ყარალაშვილი იყო აზნაური.

„არის თიანეთს ყარალაშვილი, აზნაური”.

საქართველოში 557 ყარალაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 216, თბილისში – 141, ლაგოდეხში – 64. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ბარამიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბარამა.

სოფელ კალაურის აზნაურიშვილად მოიხსენიება ავთანდილ ბარამიშვილი. „აქა ავთანდილ ბარამისშვილის ყმა”...

საქართველოში 45 ბარამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, გარდაბანში – 8, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.

ხახაშვილი

გვარის ფუძეა ხახა. ადამიანის სხეულის ნაწილი ხახა გვხვდება როგორც საკუთარ სახელად, ისე მეტსახელად. ხახაშვილებს აქვთ შტო-გვარი.

ხახაშვილთა ძმათაშვილები არიან ქავთარაშვილები. ხახაშვილ-ქავთარაშვილი თეთრი წყაროს სოფელ გოხნარში გადმოსულა დუშეთის რაიონის სოფელ ვაშლობიდან, 1780 წელს.

საქართველოში 80 ხახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.

მანველაშვილი – მანველიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანველა.

„მანველისშვილი იფნობს მცხოვრები, მამულით ერთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს (ქვემო ქართლში) 1537-1538 წლებში”.

მანველაშვილი და მანველიშვილი ერთი და იგივე გვარად ჩანს. რუსულ საბუთებში ჩაწერილი მანველოვები იგივე მანველიშვილები არიან.

„მანველიშვილმა დავითმა 1691-1712 წლებში იყიდა ოთიაშვილის ვენახი”.

დავით მანველაშვილი, საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გატაცებული ყმაა. შემდეგ კი ერაყის გამგებელი დაუდვაშის სახელით გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში.

საქართველოში 35 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, გორში – 2, თბილისში – 5. არიან სხვაგანაც.

342 მანველიშვილი: ახალციხეში – 175, თბილისში – 42, ახმეტაში – 41. არიან სხვაგანაც.

95 მანველოვი: ახალციხეში – 66, თბილისში – 13, ყვარელში – 6. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3