ვინ დააშორა ერთმანეთს დედა-შვილი და ვინ ეძებს ბარნაულში დაბადებულ შვილს საქართველოში
ნატალია გენადის ასული რუსაკოვა ეძებს შვილს – 20 წლის გოგონას.
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, 20 წლის გოგონას, რომელიც 1990 წლის ოქტომბრის ბოლოს, ალტაის მხარის ქალაქ ბარნაულში, საავადმყოფო „5 რტპში“ მეყოლა. ხელოვნური მშობიარობა მქონდა. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ, მითხრეს, რომ ის მოკვდა. ბავშვის ცხედარი არ მინახავს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. დამოუკიდებლად ამას ვერასდროს შევძლებ, რადგან არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, ბავშვის დაბადების თარიღისა და ადგილის გარდა.
– მოგვიყევით თქვენი ისტორია – რა მოხდა ისეთი, რამაც დედა-შვილი დაგაშორათ ერთმანეთს და რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი გაშვილებულია და ის საქართველოშია?
– ალტაის მხარის ქალაქ ბარნაულში ვიმშობიარე. რთული მშობიარობა მქონდა, ბავშვი ბუნებრივად ვერ გავაჩინე და ხელოვნურად მამშობიარეს. ეს იყო ჩემი პირველი მშობიარობა. მეყოლა გოგონა, რომელიც ჯანმრთელი დაიბადა. იმ ღამეს სამშობიაროში მორიგე იყო მედდა, სახელად მანანა (სამწუხაროდ, გვარი ჩემთვის უცნობია), ვიცი, რომ მანანა ეროვნებით ქართველი იყო, წარმოშობითაც – საქართველოდან. მას დამთავრებული ჰქონდა ბარნაულის სამედიცინო ინსტიტუტი. როგორც მოგვიანებით გავიგე, მანანა გათხოვილი იყო და შვილი არ ჰყავდა (ვერც ეყოლებოდა). მეორე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკვდა, გვამი კი არ მანახვეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი სწორედ იმ მედდამ წაიყვანა. 6 ნოემბერს სამშობიაროდან გამომწერეს გარკვეული გართულებებით. ახლაღა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი.
– ამჟამად თუ გყავთ შვილები და რატომ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი შვილი იმ მედდამ წაიყვანა?
– ამ ამბიდან ოთხი წლის, შემდეგ, მეყოლა ვაჟი და მე და ჩემმა ქმარმა საცხოვრებელი შევიცვალეთ. ახალ ბინაში გადასულებმა გავიცანით ერთი ქალი, რომელმაც საზარელი ისტორია გვიამბო და ამ ისტორიაში მე საკუთარი თავი ამოვიცანი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ახალი მეზობელი იმ მანანასთან ერთად სწავლობდა, ანუ, ისინი თანაკურსელები იყვნენ. მან გაიხსენა, რომ მანანამ წამოიყვანა ბავშვი და ინსტიტუტის მეგობრები ერთად უვლიდნენ. სამწუხაროდ, ვერც მან გაიხსენა მანანას გვარი და ვერც მისი საცხოვრებელი ადგილი თბილისში. მე არაერთგზის მივმართე არქივს, მაგრამ, ასეთ ინფორმაციას ისინი არ იძლევიან.
– როგორ ეძებდით შვილს და რისი გარკვევა მოახერხეთ?
– მივმართე სამშობიარო არქივს, მაგრამ იქ ოფიციალური განაცხადი მომთხოვეს. თუმცა, ნამდვილად ვიცი, რომ მათ აქვთ ყველა ინფორმაცია იქ მომუშავე პერსონალზე და, შესაბამისად, მანანაზეც, მაგრამ, ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდება, რადგან ოფიციალური პირი არ ვარ. ჩემთვის, ასევე, ცნობილია, რომ მანანამ მალევე წაიღო ყველა თავისი დოკუმენტი და გათავისუფლდა სამსახურიდან. დღესაც ვნანობ, რომ არ ვუთხარი არქივის თანამშრომელს სიმართლე, რისთვისაც ვეძებდი მანანას. შეიძლება, მას გულისხმიერება გამოეჩინა და ყველაფერი ეთქვა ჩვენთვის. მან ამოიღო რვეული და დახედა ამონაწერებს, ზუსტად ვიცი, რომ ჰქონდა საკმაო ინფორმაცია იმ ქალის შესახებ, რაც მე ძალიან დამეხმარებოდა და გამიადვილებდა მის პოვნას. მოკლედ, იმის თქმა შემიძლია, რომ, ყველაფერი, რაც მანანას შესახებ ვიცი, არის ის, რომ სწავლობდა ბარნაულის სამედიცინო ინსტიტუტში და მას ჰყავს „შვილი“ – გოგონა, რომელიც, სავარაუდოდ, შავგვრემანი უნდა იყოს, რადგან ის მეტისია ჩემი შვილების მამა ქართველია. შესაძლებელია, ჰქონდეს პათოლოგია – ცუდი მხედველობა ან ცუდი სმენა, მაგრამ ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა. ვიცი, რომ ჩემი ისტორია ძალიან ჩახლართულია და მანანას მოძებნაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია და სასწაულის მჯერა. უფალმა მოინდომა და ჩემი ყურით გამაგებინა სიმართლე. ვერავინ მეტყვის, რომ ჩემი ეჭვები დაუსაბუთებელია, რადგან ეს ამბავი ჩვენი მეზობლისგან მოვისმინე. თვითონვე მიამბო ჩემი ისტორია და ამის შემდეგ საერთოდ დავკარგე მოსვენება.
– როგორ ფიქრობთ, თქვენმა შვილმა იცის თავისი წარმომავლობის შესახებ, ან ის, რომ ის ნაშვილებია?
– მე მინდა, როგორმე მივაწვდინო ხმა სწორედ იმ მანანას, ან მის მეგობარს, ან ნათესავს. გამორიცხულია, ვინმემ მაინც არ იცოდეს ეს ისტორია. არანაირად არ მინდა არც მისი და არც ჩემი შვილის ცხოვრების არევა, მინდა, მშვიდად და წყნარად დავრწმუნდე, რომ ის კარგად და ჯანმრთელად გრძნობს თავს. უკვე წლებია გასული და, თუ მან გაზარდა ჩემი შვილი, მის ამაგს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, მინდა, რომ მანაც გამიგოს და მაპოვნინოს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამანახვოს შვილი.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.