შვილების სულიერი აღზრდა
„აჰა, მე და ყრმანი, რომელნიც მომცა მე ღმერთმა“ (ებრ. 2,13)
* მომავალ მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქრისტიანული ქორწინების მთავარი აზრი და შინაარსი შვილების ყოლა და მათი ქრისტიანებად აღზრდაა, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი საკუთარი თავის უარყოფა და უფლისადმი მხურვალე სიყვარულით ეკლესიისა და მამულისათვის მსახურება იქნება.
ეს არის მშობლების ძირითადი „სააღმშენებლო“ საქმიანობა, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ამგვარად ამბობს: „ყველამ უყუროს, როგორ აშენებს, რადგან ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე... თითოეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგან ცხადჰყოფს დღე. ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თუმცა თვითონ კი დააღწევს თავს, მაგრამ, როგორც ცეცხლს“ (I კორ. 3,10-15).
ვაი იმ მშობლებს, რომელთა შვილებიც დაიწვებიან უღმერთობაში, ბიწიერებაში, მოუნანიებელ სასიკვდილო ცოდვებში...
* „აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი“ (ფს. 126,3).
* დაოჯახებულ ქრისტიანს მძიმე სულიერი ბრძოლის გადატანა უხდება: მან უნდა იბრძოლოს არამარტო თავისთვის, არამედ მეუღლისა და შვილებისთვისაც, მათ გამო იგი პასუხს აგებს: გამოიყენა თუ არა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაეყენებინა ისინი საღმრთო სასუფევლის გზაზე?
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ორნი ერთად უფრო ადვილად მიაღწევენ ცხონებას. დიახ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ერთსულოვანნი არიან. მხოლოდ მაშინ მართლდება ყოვლადბრძენი სოლომონის გამოთქმა „მარტო ყოფნას სჯობს, ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში“ (ეკლ. 4,9), მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება, ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი“ (მათ. 10,36).
არის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა, რის გამოც ქრისტიანის ცხოვრება ერში უფრო ძნელია, ვიდრე მონასტერში. საქმე ისაა, რომ მონასტრული ცხოვრების შესახებ მრავალი წმიდა მამისეული ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამომწურავი სისრულით აღწერს მონაზვნის გზას. რაც შეეხება ერისკაცთა სულიერი ცხოვრების გამოცდილებას, ამის შესახებ გაცილებით ღარიბი ლიტერატურა გვაქვს.
* რა თქმა უნდა, წმიდა წერილი, უპირატესად კი სახარება, შეიცავს ერისკაცისთვის სულის საცხონებელი ჭეშმარიტების მთელ სავსებას, მაგრამ სახარებისეული ჭეშმარიტების პრაქტიკული მისადაგება ჩვენი ცხოვრებისათვის საჭიროებს წინასწარ გონების თვალით ამ ჭეშმარიტების დანახვას, რაც მხოლოდ საეკლესიო გადმოცემებისა და წმიდა მამების განმარტებებით არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, სახარებისეული ჭეშმარიტების გამოყენება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა შვილების სულიერი აღზრდა, სასულიერო ლიტერატურაში შედარებით ნაკლებადაა გაშუქებული.
„კანდელი“