„უოლ-მარტი“ ამერიკაში პირველია
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორჩუნმა“ შემოსავლის მიხედვით ყველაზე წარმატებული 500 კომპანიის სია გამოაქვეყნა. ჟურნალის მონაცემებით, პირველი ადგილი სუპერმარკეტების ქსელმა – „უოლ-მარტმა“ აიღო, რომელმაც, ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირების წყალობით, ნავთობგიგანტ „ექსონ მობილს“ გადაასწრო. მესამე ადგილი კიდევ ერთ ნავთობკომპანიას – „შევრონს“ ერგო. ეკონომიკური სირთულეების გამო, წელს „ფორჩუნის“ სიაში სამშენებლო კომპანიები ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, რეიტინგში ფარმაცევტული კონცერნების მატებაა. მათი შემოსავალი დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა. 2009 წელი წარმატებული იყო ზოგიერთი ბანკისთვისაც – „ბენკ ოფ ამერიკა“ და „მორგან ჩეიზი“, რომლებიც 2008 წელს გაკოტრების ზღვარზე იყვნენ, რეიტინგის პირველ ათეულში დაბრუნდნენ. ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ძირითადად სამი კომპანია: „უოლ-მარტი“, „ექსონ მობილი“ და „ჯენერალ მოტორსი“ ლიდერობდნენ. უკანასკნელ პერიოდში ავტოკონცერნი „ჯენერალ მოტორსი“ სხვა წარმატებულ კომპანიებს ჩამორჩა. ის წელს პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა. როგორც ჟურნალი „ფორჩუნი“ აღნიშნავს, ამერიკული კომპანიები უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე შტატების ეკონომიკა. 500 უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და 391 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამერიკულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით შეძლეს.