ოთხეული შვიდეულთან კონკურენციისთვის მზად არის
იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ოთხეულში შედიან, თანდათანობით იზრდება. ოთხეულის წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, მათი ეკონომიკის საერთო მოცულობა მსოფლიოს 17,6 პროცენტია. საქმეში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, რომ, უახლოეს პერიოდში ამ ოთხეულს, შესაძლოა, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ინდონეზიაც შეუერთდნენ. მომავალში პერსპექტიულმა ოთხეულმა, შეიძლება, კონკურენცია დიდ შვიდეულსაც გაუწიოს. ამ გაერთიანების წევრები გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის ინტერესებს გამოკვეთილად იცავენ და ამის უკანასკნელი მაგალითი მსოფლიო ბანკში წილების გადანაწილება გახდა. ოთხეულის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად ვითარდება და, აქედან გამომდინარე, გაერთიანებას სულ უფრო დიდ ანგარიშს უწევენ. საერთო პოლიტიკიდან ერთგვარი გამონაკლისია რუსეთი, რომელიც საკუთარ ეკონომიკას პროტექციონისტული მეთოდებით ეხმარება. ამასთან, ოთხეულის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ამ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2009 წელს 8 პროცენტით შემცირდა.