საბერძნეთი აღარ გაკოტრდება
როგორც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, საბერძნეთს დეფოლტი აღარ ემუქრება და ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული გეგმის წყალობით მოხდება. ამ შემთხვევაში საუბარი სულაც არ არის საბერძნეთისთვის უპირობო დახმარებაზე. ევროპის სავალუტო კავშირის წევრები ამ სახელმწიფოს კრედიტად გამოუყოფენ 30 მილიარდ ევროს წლიური 5-პროცენტიანი დარიცხვით. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეყოფა საბერძნეთს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ სახელმწიფო ხარჯები შეამციროს და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაზარდოს. შექმნილ ვითარებაში საბერძნეთს საშუალება ექნება, დროში შეუზღუდავი სახელმწიფო ობლიგაციები გამოუშვას იმავე 5 პროცენტად, ან, უფრო იაფადაც. თუ ეს ასე მოხდა, სპეცკრედიტი ამ ქვეყნისთვის ადვილი გადასატანი იქნება. სიტუაციას ისიც გააუმჯობესებს, რომ დახმარების ხელს ამ ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აწვდის, რომელიც 15 მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროზონის ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ ისინი მზად არიან ევროპის სავალუტო კავშირის შენარჩუნებისთვის, თუმცა, თუ ეს პრეცედენტი სხვებისთვის მაგალითი არ იქნება, შესაძლოა, მომავალში ევროზონის რომელიმე სახელმწიფოს დასჯა გახდეს საჭირო.