კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაარჩინა სტალინი სიკვდილს ტურუხანსკის გადასახლებიდან გაქცევის დროს


ტურუხანსკიდან დაბრუნებული სტალინი ბევრად უფრო ენერგიული, ხალისიანი და გაახალგაზრდავებულიც კი ჩანდა. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ დიდი ბელადის სხეულში ვიღაც სხვა შესახლდა-მეთქი. ერთი სიტყვით, სტალინი ძალიან შეცვლილი იყო. თუმცა ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა, მაგრამ ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. იდუმალი კაცი, რომელმაც რაღაც სითხე დაგვალევინა და ენერგია გაგვიასმაგა (ტურუხანსკიდან დაბრუნების შემდეგ იმდენად მოჭარბებულ ენერგიას ვგრძნობდი, რომ, ფაქტობრივად არ ვიღლებოდი და სულ მცირე დასვენებაც კი მყოფნიდა სრული ძალების აღსადგენად). ერთადერთი, რისი გარკვევაც მოვახერხე, (ისიც, ჩემი ვარაუდით), ის იყო, რომ სტალინი იმ კაცმა რაღაც ისეთი ენერგიის წყაროთი მოამარაგა, რომლის წყალობითაც დიდმა ბელადმა ამხელა ომის დატვირთვის დიდი წილი საკუთარ თავზე აიღო და გაუძლო კიდეც. ჩემი ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა და თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე ყველაფერში, რაღაც-რაღაცეები პირადად დიდი ბელადის – ვაჟის ვასილ სტალინისგან შევიტყვე.

როგორც ადრე აღვნიშნე, ვასილ სტალინი იმ მცირერიცხოვანი ადამიანების კატეგორიას ეკუთვნოდა, ვინც დიდი ბელადის ნდობით სარგებლობდნენ. უფრო მეტიც, ვასილი იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც დიდი ბელადი ბოლომდე ენდობოდა. ვასილს მე ომის შემდეგ დავუახლოვდი და, მას შემდეგ, რაც სტალინის პირად დაზვერვას ჩავუდექი სათავეში, თავად ვასილი მეკონტაქტებოდა და ხშირადაც მაკითხავდა ხოლმე სამსახურში. იგი საკმაოდ გულღია, კარგი ადამიანი იყო, თუმცა, ზოგჯერ ზედმეტის გადაკვრაც უყვარდა და ამ დროს უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა ხოლმე. არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ლაყბობდა-მეთქი, მაგრამ, რასაც ის ნასვამი ამბობდა, სიფხიზლეში ამაზე სიტყვასაც კი ვერ დააცდენინებდით. 1949 წელს, მაისის ბოლოს, ვასილს რაღაც უსიამოვნება მოუვიდა სამსახურში და ის ფრენებიდან (ვასილი სამხედრო მფრინავი იყო) დაითხოვეს პირადად მამამისის მითითების საფუძველზე. ვასილი გაღიზიანებული იყო, სმას უმატა და ერთხელ, ჩემთან სამსახურში მოვიდა. ის ისედაც საკმაოდ ნასვამი იყო, მაგრამ უბიდან კიდევ ერთი ბოთლი არაყი ამოიღო და, დავლიოთო – შემომთავაზა. მე საერთოდ არ ვსვამდი, მით უმეტეს სამსახურში და ამიტომ კატეგორიული უარი ვუთხარი. ვასილმა ხელი ჩაიქნია, არაყი ორასგრამიან ჭიქაში სანახევროდ ჩაასხა, „დიდ სტალინს გაუმარჯოსო“, – თქვა და სულმოუთქმელად გადაკრა. ძალიან მალე ნახევარი ბოთლი გამოსცალა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიდგა ენა: „მიშა, – მომმართა, – შენ კიდევ არ იცი, რა კაცის სიცოცხლეს იცავ და, მე ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ ის მამაჩემია... ვასილი გაჩუმდა, ისევ დაისხა არაყი, გადაკრა და განაგრძო: – სტალინი ყველას მამაა, მამა და მსაჯული, მათი მფარველი და მხსნელი“. ვასილი კვლავ დადუმდა, თუმცა მეტი აღარ დაულევია, თავი ხელებში ჩარგო, თვალები აუცრემლდა, შემდეგ თავი მოთოკა და განაგრძო: – შენ გგონია, მას გული არ აქვს, ან, ნერვები? მაგრამ, მას ასეთი ტვირთი დააკისრა განგებამ, მძიმე მისია არგუნა და ბოლომდე უნდა ზიდოს. იაკობი რომ მოკლეს (სტალინის უფროსი ვაჟიშვილი, – მ. თ.), მამას ლამის გული გაუსკდა, მაგრამ მას ამის უფლება არ ჰქონდა და არც განგებამ დაუშვა ეს“...

ვასილის ამ სიტყვების გაგონებაზე რაღაც ინტუიციამ მიკარნახა და მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა: – რა განგებაზე საუბრობ, ვასია, მე ვერაფერს ვხვდები-მეთქი. ვასილმა დარჩენილი სასმელიც დაისხა, გადაკრა და მცირედი პაუზის შემდეგ დაიწყო: – დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა რევოლუციონერი იყო და ცარიზმს ებრძოდა, იგი ციმბირში, კერძოდ, კი ტურუხანსკში გადაასახლეს.

ტურუხანსკის ხსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ, არაფერი შემიმჩნევია, ვასილმა კი განაგრძო: მამას ციხეში დიდხანს გაჩერება არ უყვარდა და ყოველთვის გარბოდა ხოლმე (სტალინი სხვადასხვა საპატიმროდან 17-ჯერ გაიქცა, – მ. თ.). ერთი სიტყვით, მან არც ტურუხანსკში ისურვა დიდხანს გაჩერება და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას, შუა დეკემბერში, იქიდანაც გაიქცა. წარმოიდგინე, ციმბირში, შუა დეკემბერში, რა ამინდი იქნებოდა, თანაც, ირგვლივ ყველგან გაუვალი ტაიგაა და, თოვლსა და ყინულს თუ გადაურჩი, ნადირს მაინც ვერ გადაურჩები. მამაჩემი მიყვებოდა, რომ ყინვა ორმოცდაათ გრადუსამდე აღწევდა და რომ გადააფურთხებდი ძირს ყინული ეცემოდაო. ერთი სიტყვით, მამას იმ ქარბუქში გზა აერია და იმის ნაცვლად, რომ მარხილთან (სტალინს წინასწარ დათქმულ ადგილას მარხილიანი კაცი ელოდებოდა, რომელსაც ის სამშვიდობოზე უნდა გაეყვანა, – მ. თ.) მისულიყო, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მამა მიყვებოდა: უზარმაზარ ლისტვენიცასთან რომ მივედი, ძალები თითქმის გამოცლილი მქონდა, მაგრამ, რაღაც ძალამ მიბიძგა და გზა გავაგრძელე. როგორც კი ლისტვენიცას გავცდი, თითქოს ძალები ერთბაშად მომემატა, აღარც მციოდა და უფრო ენერგიულად ავმოძრავდი. უეცრად, უკან მოვიხედე და ჩემს კვალზე გამოშვებული, გაქცეულ პატიმრებზე სპეციალურად დაგეშილი ათამდე ძაღლი დავინახე, რომლებიც კუდში მომყვებოდნენ. სადაცაა დამეწეოდნენ კიდეც. პატიმრებისგან ვიცოდი, რომ ეს ძაღლები მგლებთან იყვნენ შეჯვარებული და მათგან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. რა უნდა მექნა, იარაღი არ მქონდა, მაგრამ, ცხვარივით ხომ არ ჩავბარდებოდი და მათთან შესახვედრად მოვემზადე. უეცრად, ჩემს ზურგს უკან რაღაც ხმაური გაისმა. მიტრიალებაც ვერ მოვასწარი, რომ ტაიგის უზარმაზარმა ვეფხვმა ჩამირბინა და პირდაპირ გამძვინვარებული ძაღლებისკენ გაემართა, აქეთ-იქიდან კი მას მგლები მოჰყვებოდნენ და ჩემი მდევრები თვალის დახამხამებაში დაგლიჯეს. ამის შემხედვარე, თავი სიზმარში მეგონა, არადა, ყველაფერი რეალურად მოხდა და მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ვეფხვი და მგლები უკან მობრუნდნენ და ჩემკენ წამოვიდნენ, მაგრამ შიშის ნატამალიც არ მქონია. ინსტინქტურად შევტრიალდი და გზა გავაგრძელე, ნადირების ამალა კი უკან მომყვებოდა. კარგა ხნის შემდეგ პატარა მდელოზე მივედით, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, იმ ზამთარში მწვანე ბალახით იყო დაფარული. ვეფხვი და მგლები დაწინაურდნენ, მე კი შევჩერდი. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხიდან კაცი გამოვიდა და სახლში შემიყვანაო. ერთი სიტყვით, მამაჩემი რომ ტურუხანსკიდან გაიქცა და გზა აერია, თურმე, ტაიგის წმიდა ადგილას მოხვდა, რომელშიც ბოროტი, არამართალი ადამიანი უეჭველად იღუპება. ამ ადგილს წმიდანი განაგებს, რომელსაც, თურმე, სხვადასხვა ნადირი ჰყავს მოთვინიერებული და მას ემსახურებიან. ის წმიდანი, როგორც მამამ მითხრა, ენით არ მეტყველებს, მაგრამ, გელაპარაკება ფიქრით. იმ კაცს მამასთვის ასეთი რამ უთქვამს: შენ აქ უზენაესმა ძალამ მოგიყვანა, რათა მომავალი დიდი განსაცდელისთვის ძალები მოგცეს, ორმოცი წლის შემდეგ კი კვლავ აქ დაბრუნდებიო (ეს რომ ვასილი სტალინმა მითხრა, კვლავ გამაჟრჟოლა, რადგან გამახსენდა, თუ როგორ მივედით იმ მდელოზე 1941 წლის ივლისში, სტალინი კი ტურუხანსკიდან 1901-ში გაიქცა, ანუ 40 წლით ადრე, – მ. თ). შემდეგ მამა იქ სამი დღე დარჩენილა და ამ დროის განმავლობაში ის კაცი რაღაც მწვანე სითხეს ასმევდა და თან ტაიგაში ატარებდა. როგორც მამა მიყვებოდა, თურმე, არანაირ დაღლას არ გრძნობდა და, როდესაც დასაძინებლად წვებოდა, ვიღაც ადამიანები ესიზმრებოდნენ, რომლებიც მას სხვადასხვა დარიგებას აძლევდნენ. ბევრი მათი სიტყვა უკვე ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ ამიხდაო, – მეუბნებოდა მამა, – „ტაიგიდან როგორ გამოვედი არ მახსოვს. თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის კონსპირაციულ ბინაზე რომ მივედი და ვუთხარი, ტურუხანსკიდან გავიქეცი-მეთქი, არ დაიჯერა, რადგან მართლაც დაუჯერებელი იყო 2 500 კილომეტრი ტაიგის ფეხით, უვნებლად გავლა შუა დეკემბერში“. მამას ბოლომდე არ მოუყოლია იმ კაცთან შეხვედრის ყველა დეტალი, მაგრამ, მივხვდი, რომ იგი მასთან ზებუნებრივმა ძალამ მიიყვანა, რადგან მას კაცობრიობის გადარჩენის მისია აკისრიაო.

ვასილმა რომ საუბარი დაასრულა, საათს დავხედე. უკვე საკმაოდ გვიან იყო. ამასობაში ვასილი სრულიად გამოფხიზლდა, წასასვლელად გაემზადა და წამოდგა. მე ის კარამდე მივაცილე, უკან დავბრუნდი და ვასილის მონაყოლისა და ჩემ მიერ განცდილი შთაბეჭდილებების ანალიზს შევუდექი: აშკარა იყო, რაღაც ზებუნებრივ (ფიზიკურ კანონებს რომ არ ემორჩილება), ადგილზე ვიყავით. არც ის იყო ტყუილი, რომ იმ მიდამოში უცნაურობები ხდებოდა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, ასე მოგვეჩვენა) და იქიდან წამოსულებს დიდი ენერგია გამოგვყვა თან. არაა გამორიცხული, რომ დიდი ბელადი მართლაც რაღაც ზებუნებრივი ძალებისგან იყო ჩვენს მმართველად მოვლენილი და, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ეს ძალები სიკეთეს ემსახურებოდნენ...

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის მოგონებებიდან


скачать dle 11.3