როგორ მოვამზადოთ საგაზაფხულო ტორტი-სალათები და ბრაზიანი მამაკაცების კუჭზე გამავალი გულის მოსაგები დესერტები
ახლა ის პერიოდი დგას, როცა ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს საჭმელ-სასმელი, ანუ, სეზონურ საკვებს სეზონისთვის მისაღები სასმელი მიუსადაგოს და ასე დატკბეს საჭმლისგან მიღებული სიამოვნებით. ის სასმელები, რომლებსაც სპეციალისტები ზამთრის სეზონზე გვირჩევდნენ, დღეს რადიკალურად უნდა შევცვალოთ და შევუსაბამოთ გაზაფხულის სეზონს.
როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე გვირჩევს, გაზაფხულზე ადამიანის გემოვნება სასმელებთან მიმართებაში რადიკალურად იცვლება და, ის, რაც გვსიამოვნებდა და გვარგებდა ზამთარში, დღეს, შესაძლოა, აღარ გვესიამოვნოს და აღარც დადებითი შედეგი მოგვიტანოს. ასე რომ, გაითვალისწინეთ რჩევები და გემრიელად მიირთვით საყვარელი, უცხო, ეგზოტიკური და სასარგებლო საჭმელ-სასმელი.
– როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველა სეზონს განსხვავებული საჭმელ-სასმელი შეესაბამება. ახლა რომელი სასმლის სეზონი დგას და როგორ მოვიხმაროთ ისინი, რომ საკუთარ თავს სიამოვნება მივანიჭოთ?
– გაზაფხულის სეზონზე ადამიანის გემოვნება სასმელებთან მიმართებაში მართლაც იცვლება. თუ ზამთარში ვსვამდით და მოგვწონდა უფრო მეტი ალკოჰოლის შემცველი სასმელები, ახლა თავი უნდა შევიკავოთ და შედარებით მსუბუქი სასმელი დავლიოთ. რაც შეეხება შამპანურს, ის უნივერსალური, ჩემი საყვარელი სასმელია და, შეგიძლიათ, ნებისმიერ სეზონზე მიირთვათ და ისიამოვნოთ. ერთი სიტყვით, გრილი, ცქრიალა ღვინო, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია კარგი. რაც შეეხება წითელ ცქრიალა ღვინოს, მას საქართველოში ვერ ნახავთ, მაგრამ ვარდისფერი და თეთრი ნამდვილად შეგხვდებათ. ასევეა, მშრალი ნახევრად ტკბილი ღვინოები. ტკბილი ცქრიალა ღვინო დესერტს, ხილსა და მოტკბო, მსუბუქ კერძებს უნდა მიაყოლოთ და ისიამოვნოთ. რაც უფრო მსუბუქია კერძი, მით მეტად შესაბამისი, მსუბუქი ღვინო უნდა მიაყოლოთ. ასეთი საჭმელ-სასმლის დრო კი ნამდვილად დადგა.
– გაზაფხულის სეზონზე, ასეთი მსუბუქი ღვინოები რამდენ გრადუსზე უნდა ჩავაცივოთ?
– ღვინოს გააჩნია. მაგალითად, თუ ცქრიალა ღვინოა, 6-9 გრადუსზე უნდა ჩააცივოთ, ჩვეულებრივი თეთრი ღვინო – 9-11 გრადუსზე, ტკბილი თეთრი ღვინო კი – 6 გრადუსამდე. ახლა ის სეზონია, როცა კარგად შეგვერგება შარშანდელი მოსავლის ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინო. ის სამედიცინო თვალსაზრისითაც სასარგებლოა და ორგანიზმისთვის მეტად შესარგებიც. შეგიძლიათ, სადილზე კარგად ჩაცივებული თეთრი ღვინო მიირთვათ და ისიამოვნოთ.
– იქნებ, აქვე, ისეთი კერძის რეცეპტიც გაგვანდოთ რომელსაც ამ სეზონის სასმელი მოუხდება?
– შემიძლია, გითხრათ ისეთი უცხო, გემრიელი და ტკბილად მისართმევი პიცის რეცეპტი, რომელსაც „პიზ-ჩოკოლატე“ ჰქვია. სხვათა შორის, ეს შოკოლადის პიცა გათვლილია ბრაზიანი ადამიანებისთვის და თუ მას ასეთ ადამიანს შესთავაზებთ, მერწმუნეთ, მის გულსაც მოიგებთ და მის დამშვიდებასაც ადვილად შეძლებთ.
პიცის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 250 გრამი ფქვილი, ერთი პაკეტი საფუარი, 3 კვერცხი, 175 გრამი ნაღების კარაქი, 20 გრამი შაქრის ფხვნილი, 12 გრამი კაკაოს ფხვნილი. შიგთავსისთვის კი საჭიროა: 10 გრამი ნაღები, 100 გრამი შავი შოკოლადი, 40 გრამი კაკაოს ფხვნილი, 50 გრამი ნაღების კარაქი. ცომი ასე მოამზადეთ: აურიეთ ბლენდერში ფქვილი, შაქარი, საფუარი და კაკაოს ფხვნილი. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ საშუალო სიჩქარით, შემდეგ დაამატეთ კარაქი. გაითვალისწინეთ, რომ ცომი კარგად უნდა ამოვიდეს. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ ზემოდან ფქვილი და გააჩერეთ 6 ან 8 საათის განმავლობაში. გააბრტყელეთ ცომი ერთი სანტიმეტრის სისქის მქონე მრგვალ ფირფიტებად. გადაიტანეთ კარაქწასმულ პერგამენტის ქაღალდზე და რამდენიმე ადგილზე ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და კარაქის რამდენიმე ბურთულა დაადეთ. გააჩერეთ ერთი საათით. ჰაერღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და აცხვეთ 5 წუთის განმავლობაში. გადაუსვით ზემოდან ნაღები, კიდევ აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში, დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი და კიდევ ორი წუთი აცხვეთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, შოკოლადთან ერთად, შეგიძლიათ თხილის ან ნუშის მოყრა. ხელახლა არ გააცხელოთ, რომ არ გამოშრეს. თუმცა, ამ გემრიელ „პიზ-ჩოკოლატეს“ ვინ დატოვებს გასაცხელებლად (იცინის)! მას თუ შამპანურს ან ვარდისფერ, 9 გრადუსზე ჩაცივებულ ღვინოს დააყოლებთ, უფრო მეტად ისიამოვნებთ და შეიგრძნობთ გაზაფხულის შემობრძანებასა და ორგანიზმის დათბობას.
– ყველა ცდილობს, ზამთარში აკრეფილი ზედმეტი კალორიები სწორედ გაზაფხულზე დაიკლოს და ზაფხულს კარგ ფორმაში შეხვდეს. თუმცა, ძნელია ისეთ ტკბილეულზე უარის თქმა, რომელიც ძალიან გიყვარს, რადგან დაძაბული დღის შემდეგ, სწორედ მისი მირთმევით იკრებ ძალებს. თუ არსებობს ისეთი რეცეპტი, რომელიც სასიამოვნო, ტკბილი მისართმევია და, ამავდროულად, არც კილოგრამების მატებას იწვევს?
– ამ კითხვას ბევრი მისვამს (იცინის). ყველას უნდა, ფორმაში იყოს, მაგრამ, ბევრი ვერ ახერხებს ამას მსუნაგობის გამო. თანაც, ახლა სწორედ ის დროა, როცა ადამიანის ორგანიზმი მეტად ითხოვს ტკბილეულს. სხვათა შორის, სამედიცინო თვალსაზრისით დადასტურებულია, რომ ტკბილეულის მიღებით თქვენ ტვინს ამარაგებთ იმისთვის, რომ მან აქტიურად იმუშაოს და დიდხანს გემსახუროთ შეუფერხებლად. იმასაც ამბობენ, თუ ხშირად გავიწყდებათ რამე, გულმავიწყი გახდით და ვერ იხსენებთ ელემენტარულ რამესაც კი, მაშინ ტვინის წამლად ტკბილეული გამოიყენეთო. მოკლედ, მე შემოგთავაზებთ ისეთ საოცარ, გემრიელ, ტვინისთვის სასარგებლო დესერტს, როგორიცაა „ნიუ ბანანა“. ამ დესერტს ინგლისში ნებისმიერ რესტორანში შემოგთავაზებენ. ის ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ზოგ ქვეყანაში მას „გამომცხვარი ბანანი ხაჭოთი“ ჰქვია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი, ერთი ან ორი ცალი ლიმონის წვენი, 100 გრამი ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, 1 ცალი იოგურტი, 1 კვერცხი, 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი (უკეთესია მაისის თაფლი). ბანანი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, დადეთ ტაფაზე, მოასხით ლიმონის წვენი. ცალკე აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, იოგურტი, კვერცხი, თაფლი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დაადეთ ზემოდან ბანანს, მოათავსეთ გახურებულ ჰაერღუმელში და აცხვეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. უგემრიელესი დესერტია საგაზაფხულოდ, მსუბუქად მისართმევი, უცხო და მიმზიდველი.
– ამ დესერტს რომელი სასმელი უხდება?
– ამ დესერტს მიაყოლეთ 9 გრადუსზე ჩაცივებული ცქრიალა ღვინო, შამპანური და ისიამოვნეთ თქვენს მეგობრებთან, მეორე ნახევართან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ, რაც ჩვეულებრივი მომენტია გაზაფხულზე, მაშინ ეს დესერტი სასიცოცხლო ძალებითაც მოგამარაგებთ. აქვე გაგიმხელთ ბერძნული სალათის – „პანაიოტისის“ რეცეპტს. ეს სალათა ადვილი მოსამზადებელი, ვიტამინებით სავსე, ადვილად ასათვისებელი და მსუბუქი მისართმევია. მის მოსამზადებლად საჭიროა: 100 გრამი მწვანე სალათის ფურცლები, 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ნიგოზი, 2 სადილის კოვზი კეფირი, 2-3 ღერი კამა, 10 ცალი უკურკო მწვანე ზეთისხილი და მარილი გემოვნებით. სალათის ფოთლები გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ, შემდეგ გრძლად დაჭერით და მოასხურეთ მარილწყალი, დაუმატეთ ნიგოზი, შეანელეთ ზეთითა და კამით. ათქვიფეთ კეფირი და მოასხით. სუფრაზე გაიტანეთ ლამაზი სასალათით, ზემოდან მოაყარეთ კამა და ლამაზად მორთეთ ზეთისხილით. ახლა გამახსენდა ტორტი-სალათის – „გაზაფხულის“ რეცეპტი, რომელიც, ძალიან მიყვარს და ის ამ სეზონის ნომერ პირველ სალათად მიიჩნევა: აიღეთ 100 გრამი მწვანე სალათა, 2 ცალი კვერცხი, 2 ცალი ახალი კიტრი, 1 კონა წითელი ბოლოკი, 1 ცალი მოხარშული სტაფილო, 3 ცალი კარტოფილი, 2 ცალი პომიდორი, 50 გრამი მწვანე ხახვი, ერთი მესამედი ჩაის ჭიქა არაჟანი, ერთი სადილის კოვზი ძმარი, ნახევარი ჩაის ჭიქა დანაყილი შაქრის ფხვნილი, პილპილი და მარილი გემოვნებით. მწვანე სალათის გარეცხილი ფოთლები დაჭერით და დააწყვეთ მრგვალი ფორმის ლამაზ თეფშზე. ზემოდან ფენებად დააწყვეთ: მრგვლად დაჭრილი სტაფილო, პომიდორი, მოხარშული კარტოფილი, ბოლოკი, კიტრი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ზემოდან მორთეთ მრგვლად დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხით და მოაყარეთ დაჭრილი კამა. ცალკე მოამზადეთ საწებელი არაჟნის, ძმრისა და შაქრისგან. მაგიდაზე მიტანამდე გამზადებულ სალათას ცოტა მარილი მოაყარეთ, საწებელი კი ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ. დამიჯერეთ, ამ სალათა-ტორტი – „გაზაფხულის“ მირთმევის შემდეგ ნამდვილად იგრძნობთ ირგვლივ გაზაფხულის დადგომას და ბუნების გაფურჩქვნა-გამოღვიძებას.