რატომ უნდა ჰქონდეთ მამაკაცებს – მოკლე, ხოლო ქალებს – გრძელი თმა და რატომ უნდა დაიფაროს ქალმა ლოცვის დროს თავზე მანდილი
„ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ,“ – ასე აფრთხილებს პავლე მოციქული კორინთელებს თავის ეპისტოლეში. ნებისმიერი ქრისტიანის მოვალეობაა საკუთარ სულზე, სხეულზე ზრუნვა და ამისთვის სულაც არ არის საჭირო გარეგნული ბრწყინვალება, სამკაულებით მორთვა, ფერ-უმარილის წასმა. ყველა ადამიანს ამხელს საკუთარი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც თვალნათლივ აისახება მის გარეგნობაზე, საქციელზე და ადამიანებთან ურთიერთობაზე. შეიძლება თუ არა ქრისტიანების მიერ სამკაულების ტარება, როგორი ვარცხნილობა უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებლებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კორინთოს ეკლესიის ქრისტიანებს გარკვევით შეაგონებს: „ყოველთვის გახსოვდეთ და ინახავდეთ სწავლებას, რომელიც გადმოგეცათ“. ეს სწავლება კი ეხება მამაკაცისა და დედაკაცის მდგომარეობას ლოცვის დროს: „ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაბურულად ლოცულობს, ანდა წინასწარმეტყველებს და ყოველი ქალი, რომლიც თავდაუბურავად ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს“. მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს ლოცვის დროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ხოლო რადგან დედაკაცია მამაკაცისგან შექმნილი, ამიტომ მას თავზე უნდა ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზებისა და უფლის გულისთვის, ანუ მანდილი, რომელიც მორჩილების სიმბოლოა.
– მამაო, დღეს როგორი ვარცხნილობა უნდა ჰქონდეს მორწმუნე ქრისტიანს?
– ამ შემთხვევაშიც პავლე მოციქულის სიტყვებს მოვიშველიებ მისი ეპისტოლედან: „ქალისთვის დიდებაა გრძელი თმა, ხოლო მამაკაცისთვის – პირიქით, უნდა მოიკვეცოს“. ძველად, როდესაც ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, ან მას რაღაც დანაშაულზე წაასწრებდნენ, სასჯელის ნიშნად თმას ჭრიდნენ. დღეს თანამედროვე ქრისტიანები საკუთარი ხელით ისჯიან თავს და თმას იჭრიან. მამაკაცისთვის მოკლე თმა, ვარცხნილობა, არის მუდმივი მზადყოფნის, სიფრთხილის სიმბოლო, ხოლო დედაკაცი გრძელ თმას მორჩილების, კდემამოსილების ნიშნად ატარებს. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „...თვით ბუნებამაც არ გასწავლათ, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის? მაგრამ დედაკაცის გრძელთიმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული“.
მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანს, ალამაზებს არა სამკაული, არამედ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა. მინდა, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება საყურეზე და ადამიანის მიერ მისი ტარების წესზე. ძველად, ჯერ კიდევ მონათმფლობელობის დროს, საყურე მონობის ნიშანი იყო. როდესაც ადამიანს ყურზე ეკეთა საყურე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მონათმფლობელის საკუთრება იყო. მისი ბატონის სახელი კი აუცილებლად ეწერა ამ საყურეზე. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საყურის ტარების წესი ბრმად გადმოვიტანეთ ქართველებმა. დღეს ზოგიერთ ადამიანს ხუთი, ექვსი, შვიდი საყურე უკეთია. უფრო მეტიც, მისი ტარება ბიჭებმაც დაიწყეს. როგორც ამბობენ, საყურის რაოდენობა თურმე ადამიანის ეგრეთ წოდებულ ორიენტაციაზეც მიუთითებს. ეს ძალიან სამარცხვინოა. ჩვენს წინაპრებს არ ეკეთათ საყურეები. მათი სილამაზე იყო გარეგნობა, შესამოსელი, სიტყვა-პასუხი და კდემამოსილება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამკაული, საყურე ვერ გაგვალამაზებს. ჩვენ ყოველთვის დაგვამშვენებს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, საქციელი და ის ლამაზი გარეგნობა, რომელიც იქნება ღვთისგან კურთხეული და, იმავდროულად, ჩვენი შინაგანი სილამაზით დამშვენებული და შევსებული.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანს სამი რამ ამხელს: სამოსელი, სიარული და სიცილი. რაც შეეხება შესამოსელს, წმიდა მამები გვირჩევენ, როგორც კი დილით სამოსის ჩაცმას დაიწყებ, მაშინვე გაიხსენე, რატომ მოგცა ღმერთმა ტანსაცმელი. შეგახსენებთ, რომ, როდესაც სამოთხეში ადამიანებმა ცოდვა ჩაიდინეს, მათ მაშინვე იგრძნეს სიშიშვლე და სირცხვილი. ნათლით შემოსილები ჩამქრალ ლამპარს დაემსგავსნენ. ამიტომ ღმერთმა მათ ტყავის შესამოსელი შეუკერა და მას შემდეგ ადამიანი უკვე მას ატარებს. თანამედროვე ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ სამოთხეში ადამიანები შიშვლები დადიან და მათ სიშიშვლე ღმერთთან აახლოვებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შესამოსელი სირცხვილისა და სიშიშვლის დასაფარავად მოგვცა. მოდას აყოლ ადამიანებს კი შევახსენებ, რომ სიტყვა „მოდა“ რუსულად უკუღმა რომ წაიკითხოთ, გამოდის „ადომ“, ანუ „ჯოჯოხეთით“. ესე იგი, დღეს მოდას აყოლილი ადამიანები ჯოჯოხეთის სწავლებით დადიან. მოდას აყოლილი გოგონები ბოლომდე არ არიან იმაში დარწმუნებული, თუ რა ცუდ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს. ყველა თანამედროვე ქალბატონმა კდემამოსილებით უნდა შეიმკოს თავი, რაშიც მათი სილამაზე, სიმშვენიერე და ქალურობა გამოიხატება.
დღეს ბევრი ქრისტიანისგან ისიც გამიგია, მე არ ვიცინი იმიტომ, რომ ღვთისმშობელი არ იცინოდაო; არ ვმხიარულობ, რადგან მაცხოვარი არ მხიარულობდაო. ეს, ჩემო ძვირფასებო, არის სულიერი აშლილობა, ღმერთი ჩვენგან ასეთ რამეს არ ითხოვს. თუ ჩვენ გადამეტებულად ვიქნებით ღვაწლში, სულიერ და ხორციელ მდგომარეობას დავიზიანებთ. ყველაფერში – ღვაწლში, ვარცხნილობაში, სამკაულის ტარებაში – ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ ხშირად ყურადღებას წვრილმანებზე ვამახვილებთ და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვავიწყდება. მინდა დღეს ერთ საკითხსაც შევეხო: ადამიანები თითქმის ყველგან ფეხი ფეხზე გადადებულები სხედან. ბერი ალექსი ზოსიმელი ამბობდა: „ეს უტიფრობაა, თავმდაბალი ადამიანი არ იკადრებს ასე დაჯდომას“. ანუ, დიდი მამების თქმით, ეს არის საზოგადოების, სარწმუნოების, საკუთარი თავის უპატივცემულობა. ამას ამბობს ეკლესია და წმიდა წერილი. მრევლი ხშირად იმასაც მეკითხება, შეიძლება თუ არა სამარშრუტო ტაქსიში პირჯვრის გადაწერა. რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ, თუ მანამდე ადამიანი უაზროდ მეტყველებდა, ცუდად იქცეოდა, ეს მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში გამოიწვევს უარყოფით დამოკიდებულებას და ამით მათ განკითხვის საბაბს მისცემს. ამიტომ, სასიამოვნო ის იქნება, რომ სამარშრუტო ტაქსიში პირჯვრის გადაწერამდე ისე ვიქცეოდეთ და ისე გვეცვას, როგორც ეს ქრისტიანს შეეფერება. თუ სამკაულები და ფეხი ფეხზე გადადებული ჯდომა უფალს დამაშორებს, მაშინ ეს ყველაფერი რისთვის მჭირდება?!
ნათია უტიაშვილი