ალინას ქორწილს რონალდინიო შლის
ალინა დომინგესი ბრაზილიელი მოდელია და ცნობილი იმითაც გახლავთ, რომ „მილანის“ თავგადაკლული ქომაგია. პრინციპში, დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, ალინა კლუბის ქომაგია თუ ამ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების, რადგან თავის დროზე თითქმის ყველას „ჩამოუარა“ და მათთან ერთად დრო გაატარა. ახლა კი დომინგესიაანთ ალინა გამოსწორების გზას დადგომია, შეყვარებული გაუჩენია და გათხოვებასაც აპირებს. თუმცა, მისი მომავალი ქორწილი, შესაძლოა, ბოლო მილანურმა ვოიაჟმა ჩაშალოს. საქმე ისაა, რომ მილანში ყოფნის დროს, ალინა „მილანის“ ვარსკვლავს, რონალდინიოს შეხვდა და მასთან ერთად ჯერ რესტორანში ივახშმა, მერე კი სასტუმროში ოთხი საათის განმავლობაში განმარტოვდა. ამის შესახებ იტალიურმა მედიამ წვრილად დაწერა.
„როცა ბრაზილიაში დავბრუნდი, ნამდვილი კოშმარი მელოდა. აეროპორტში ჩემი საქმრო დამხვდა და გაზეთი ცხვირწინ ამიფრიალა. თან, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ამიხსენი, ეს რას ნიშნავსო. რა უნდა ამეხსნა, მე „მილანის“ რიგებში არაერთი მეგობარი მყავს და არ შეიძლება, რომელიმე მათგანთან რესტორანში წავიდე?!“ – თვალების ფახულითა და დაბერილი ტუჩების აბურცვით გამოუთქვამს ალინას უკმაყოფილება.
ეგ როგორ არ შეიძლება, რესტორანში მეგობართან ერთად ყოფნას რა სჯობს, მაგრამ მერე ოთხი საათის განმავლობაში სასტუმროს ნომერში ყოფნა, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია.