კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხატა ქართველმა მხატვარმა ეინდჰოვენის ეკლესია და რა სასწაულის მომსწრე გახდა ის


მხატვარი დავით ჩიჩუა 14 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, როგორც თავად ამბობს, ეინდჰოვენის მართლმადიდებლური ეკლესიის მოხატვაა. მანამდე იქ არც ერთი ფრესკა არ იყო...

ჩვენ დათოს ჰოლანდიაში დავუკავშირდით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რაც უზომოდ გაეხარდა და დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა.


დათო ჩიჩუა: ბავშვობიდან ვხატავ. 6 წლის ვიყავი, სამხატვრო სკოლაში რომ მიმიყვანეს. ის იყო 10-წლიანი სამხატვრო სკოლა, სადაც 6 წლის განმავლობაში ყველაფერს გვასწავლიდნენ (ქანდაკებას, ფერწერას, ძერწვას და ასე შემდეგ). ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულება უკვე შენ უნდა აგერჩია. მე ფერწერა ავირჩიე. შემდეგ გადავედი თოიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სადაც სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი იუველირების ფაკულტეტზე. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტზე. პროფესიით დიზაინერი ვარ, მაგრამ მაინც ფერწერას ვამჯობინებდი და პარალელურად სულ ვხატავდი და ვხატავდი.

– ძირითადად, რას ხატავ?

– ძალიან მიყვარს პორტრეტების ხატვა, რადგან ვფიქრობ, ადამიანის სახე და თვალები ყველაზე მეტყველი და მგრძნობიარეა, განსაკუთრებით – ქალის, ამიტომ ჩემს ნახატებში ქალის პორტრეტები ჭარბობს.

– ნახატებს თუ გიკვეთავენ?

– როგორ არა, ბევრი დამიხატავს შეკვეთით: პორტრეტები, ცნობილი მხატვრების – ველასკესის, სალვადორ დალის ნამუშევართა ასლები... მიკვეთავენ კედლის მოხატვას, რაშიც ძალიან დავოსტატდი.

– კედლის მხატვრობა ახსენე, რა გაქვს მოხატული?

– კედლის მხატვრობა ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში დავიწყე. იქ, როგორც ასეთი, მხატვრად დამნიშნეს და მავალებდნენ, კედლებზე დამეხატა სამხედრო თემაზე შექმნილი სიუჟეტები: ჯარისკაცები, ბრძოლის სცენები... ჰოლანდიაში ეს გამოცდილება გამომადგა, ბევრი შეკვეთა მაქვს შესრულებული. მოვხატე რესტორნები, კაფე-ბარები, სილამაზის სალონები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ჩემთვის უფრო შემოსავლის წყაროა, კომერციული საქმიანობა. უკვე ისე დავხელოვნდი, დიდ კედელს რამდენიმე დღეში ვხატავ, ხანდახან ერთდროულად ორივე ხელითაც კი...

– დათო, გადავიდეთ მთავარზე, რაც ალბათ, შენს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ჰოლანდიაში მართლმადიდებლური ეკლესია მოხატე.

– დიახ, ეინდჰოვენის, წმიდა ნექტარიუსის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია მოვხატე. თავიდან ამ ეკლესიაში ჩემი ინიციატივით მივედი, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნე. რომ ვნახე, ეკლესიაში არც ერთი ფრესკა არ იყო, არც კი ვიცი, რატომ ვუთხარი მღვდელს, ფრესკების ხატვა ვიცი-მეთქი, რადგან მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა ხატწერის წესებსა და მისი შესრულების ტექნიკაზე.

მღვდელმა თავიდან ღვთისმშობლის ხატის დაწერა დამავალა. დავიწყე მუშაობა. ალბათ, ღვთის ნება იყო, ეს საქმე რომ მეკეთებინა. როცა დავასრულე, მღვდელს ძალიან მოეწონა და მთელი ეკლესიის მოხატვა შემომთავაზა. მანვე დამაკვალიანა, გამაგზავნა პედაგოგთან და ხატწერის კურსები გავიარე. პროფესიონალურად დავეუფლე მისი შესრულების წესებს.

– ეკლესია მოხატული რატომ არ იყო?

– ის ეკლესია, რომელიც მე მოვხატე, კათოლიკური დედათა მონასტრის დიდი კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მართლმადიდებლებს აქვთ დათმობილი (უფრო სწორად, დაქირავებული).

– ეკლესიაში მუშაობის პროცესში ღვთიურ ძალას გრძნობდი?

– რა თქმა უნდა. ღვთის ნებისა და ძალისხმევის გარეშე არაფერი ხდება. ღმერთისგან სასწაულებრივ ძალასა და ენერგიას ვგრძნობდი. აბა, წარმოიდგინეთ, 14 საათის განმავლობაში კიბეზე ვიდექი, დღეში ერთი, ორასჯერ მაინც ავდიოდი და ჩამოვდიოდი, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი, სულ მინდოდა, მეხატა, შეუსვენებლივ... ფრესკებისა და ხატების წერის დროს დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. იმ მომენტში თითქოს სხვაგან ვარ, ზეციურ ძალებთან ახლოს... ხანდახან ორი კვირაც ვრჩებოდი ეკლესიაში. ამ პერიოდში გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდი, მიმქონდა საკვების მარაგი, იატაკზე მეძინა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს ყველაფერი. თითქოს მარტო არ ვიყავი. მარტოობას არ ვგრძნობდი. სულიერად კიდევ უფრო გავძლიერდი.

– რამე საინტერესოს ხომ ვერ გაიხსენებ ეკლესიასთან დაკავშირებით?

– ჩემი ჰოლანდიაში ყოფნის დროს იმ ეკლესიაში საინტერესოზე მეტი სასწაული მოხდა. როგორც გითხარით, ეს არის კათოლიკური დედათა სამონასტრო კომპლექსი და მართლმადიდებლებს მხოლოდ ერთი ეკლესია აქვთ დათმობილი. ერთხელ აქ გაჩნდა ხანძარი, ჩაქრობა უჭირდათ და წარმოიდგინეთ, როცა ცეცხლმა მართლმადიდებლური ეკლესიის კარამდე მოაღწია, გაჩერდა! ეს სასწაული რომ იხილა მონასტრის ხელმძღვანელობამ მართლმადიდებლებს კიდევ ერთი ოთახი დაუთმო.

– ბევრი მართლმადიდებელია ჰოლანდიაში?

– არა, ძალიან ცოტაა, ძირითადად ქართველები და რუსები, მაგრამ აქ ჩვენც პროცენტულად ძალიან ცოტანი ვართ. ჰოლანდიელებს შორისაც არიან მართლმადიდებლები, მაგრამ ცოტა.

– ჰოლანდიაში ქართული ეკლესია არის?

– მხოლოდ ანტვერპენში, მაგრამ ამჟამად რაღაც გაუგებრობის გამო, სამწუხაროდ, დაკეტილია.

– შენი დაწერილი ხატები რომელ ეკლესიებშია?

– ყველაზე მეტი იმ ეკლესიაშია, რომელიც მოვხატე. ანტვერპენის ქართულ ეკლესიაშიც არის. ახლა ორი ხატი უნდა დავუწერო ბელგიის ბერძნულ ეკლესიას. სხვათა შორის, კერძო პირებიც მთხოვენ მათთვის ხატების დაწერას. ასე რომ, ჩემი დაწერილი ხატები ბევრ ოჯახშიცაა.

– 2007 წელს საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ მოწვევით იყავი ჩამოსული თბილისში. გამოფენა გქონდა. მოგვიყევი ამის შესახებ.

– ჰოლანდიაში არის ქართული დიასპორა, იმართება შეხვედრები. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემი ნამუშევრები მქონდა გამოფენილი. ამ დროს იქ ბრძანდებოდნენ „ჩვენებურების“ წარმომადგენლები და შემომთავაზეს ფესტივალში მონაწილეობა. ეს ფესტივალი მიძღვნილი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავისადმი.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება რომ შემომთავაზეს, მოუმზადებელი ვიყავი. აქ წამოსაღებად ახალი ნახატები იყო საჭირო, წარმოიდგინეთ, 13 წელი საქართველოში არ ვყოფილვარ, თან როგორი მიზნით მიწევდა ჩამოსვლა და უარი ვერ ვთქვი. თითქმის მოუმზადებელი ჩამოვედი, ახალი დახატული ერთი-ორი ნახატი თითქმის სველი იყო. ამასთან, ერთი ღვთისმშობლის ხატიც წამოვიღე, ვიფიქრე, თუ შესაძლებლობა მომეცემა, პატრიარქს ვაჩუქებ-მეთქი.

– როგორც ვიცი, ამის შესაძლებლობა მოგეცა, პატრიარქს შეხვდი...

– დიახ. პატრიარქი თავად გამოფენაზე ვერ მობრძანდა და ფესტივალის ყველა მონაწილე თავის რეზიდენციაში მიგვიპატიჟა. წამოსვლისას ჩემი დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადავეცი. ძალიან მომიწონა საქმიანობა, დამლოცა, ხატს ეამბორა და მადლობა გადამიხადა.

– ამჟამად რას საქმიანობ?

– გავხსენი საბავშვო სამხატვრო სკოლა „დავიდ არტ“ და ბავშვებს ხატვას ვასწავლი. პარალელურად, ანტიკვარული ავეჯის რესტავრაცია მაქვს შეკვეთილი და ამით ვარ დაკავებული.

– მოდი, ორიოდ სიტყვით გვითხარი, როგორი ქვეყანაა ჰოლანდია, როგორები არიან ჰოლანდიელები, როგორ გაითავისე ეს ქვეყანა?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩვენთან შედარებით აბსოლუტურად სხვანაირი ხალხია, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგად გავიცანი. ბევრი კარგი თვისება აქვთ, საოცრად მოწესრიგებულები არიან, დახვეწილები... თვითონ ქვეყანა, თავისი ბუნებითა და კლიმატით არ გამოირჩევა, მაგრამ ცხოვრების დონით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. ასე რომ, მაღალგანვითარებული ქვეყანა შედარებით ადვილი შესაგუებელი აღმოჩნდა და უკვე ისე გავითავისე, რომ სხვაგან თუ მიწევს წასვლა, მენატრება, ნოსტალგიას განვიცდი.

– მაგრამ ნოსტალგია, ალბათ, უფრო საქართველოსი გაქვს...

– რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მძაფრად 13-წლიანი განშორების შემდეგ შევიგრძენი. საქართველოში სულ სხვა გრძნობებია, სულ სხვა ემოციები, სულ სხვა სიყვარული... აი, პირველად მაშინ ვიტირე ცხოვრებაში...



ირმა ლაღიძე


скачать dle 11.3