კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაქვს ძალიან თხელი, არც ისე გრძელი წამწამები. როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი წამწამები უფრო ხშირი და ფუმფულა გამოჩნდეს?
პასუხი: წამწამების სიგრძე და, საერთოდ, გარეგნული იერი, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, სწორად ისვამთ თუ არა ტუშს. ბევრი ქალბატონი ტუშით იღებავს მხოლოდ წამწამების დაბოლოებას და უკვირს, რატომ ვერ იღებს სასურველ შედეგს. როგორც წესი, ასე ხდება მაშინ, თუ თქვენ წამწამების შეღებვისას სარკეში პირდაპირ იყურებით. სასურველია, ოდნავ ზემოთ თავაწეულმა ჩაიხედოთ სარკეში და ტუში ისე წაისვათ – ასე შეძლებთ, წამწამები ღერის მთელ სიგრძეზე შეიღებოთ – ძირიდან დაბოლოებამდე. არ დაგავიწყდეთ ქვედა ქუთუთოსა და თვალის კუთხეებში განლაგებული წამწამების შეღებვაც. აცალეთ შეშრობა და „გადაისვით“ ტუშის მეორე ფენა. ფქვილის ან პუდრის მოყრით წამწამების „გაფუმფულებას“ არ გირჩევთ, რადგან ასე თქვენი სახე ძალიან არაბუნებრივ იერს მიიღებს.
კითხვა: როგორ მოვუარო წამწამებს?
პასუხი: თვალები დაიბანეთ თბილი წყლით ან გაიწმინდეთ კოსმეტიკური რძით და ყოველ საღამოს წაისვით შემდეგი სახის ნარევი: 3-4 წვეთი აბუსალათინის ზეთში შეურიეთ თითო წვეთი A და E ვიტამინები. ამ ნარევს შეგიძლიათ, შეურიოთ 2-3 წვეთი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და ახალდაყენებული მაგარი ჩაი. თუ ნარევი დაგრჩებათ, არ შეინახოთ, წარბებზე გადაისვით. აბუსალათინის ზეთი ამაგრებს წამწამების ძირებს და ბზინვარებას სძენს ღერებს, ვიტამინები კი ხავერდოვანს ხდის მათ.
კითხვა: როგორ გავუმკლავდე პირველ ნაოჭებს?
პასუხი: პირველ ნაოჭებთან შებრძოლება გაცილებით ადვილია, რადგან ისინი ჯერ კიდევ ზედაპირულია, ანუ, სიღრმეში არ არის წასული. ეგრეთ წოდებული ბრძოლა, რა თქმა უნდა, კომპლექსური უნდა იყოს: ცივი ჰაერისა და მზის სხივებისგან თავის არიდება, კვება, ხარისხიანი პარფიუმერია და კოსმეტიკა, სწორი მოვლა და ასე შემდეგ. კონკრეტულად კი, საჭიროა მსუბუქი მასაჟი, რომელიც ბოტოქსის ინიექციის ეფექტს იძლევა: ელასტიკურს ხდის კუნთებს, რის შედეგადაც ნაოჭი სწორდება. ცხადია, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მასაჟისტის პროფესიონალიზმსა და იმ საშუალებებს, რასაც ამ დროს გამოიყენებთ. კერძოდ, პირველი ნაოჭების წინააღმდეგ სასურველია, გამოიყენოთ კრემები, რომლებიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს – ამით ხელს შეუშლით კანის ეგრეთ წოდებულ ფოტოდაბერებას, რომლის პროვოცირებასაც მზის სხივები ახდენს. პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია, გაიკეთოთ კოლაგენის ნიღბები და, რა თქმა უნდა, აუცილებელია დამატენიანებელი კრემი. ნაოჭი, როგორც წესი, ჩნდება მაშინ, როცა კანი მშრალი და გაუწყლოებულია.
გთავაზობთ ხალხური ნიღბის რეცეპტს:
2 სადილის კოვზ ახალგამოწურულ ალოეს წვენს შეურიეთ 1 სადილის კოვზი შემთბარი ნატურალური თაფლი (თუ ალერგია არ გაქვთ). წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით შესაფერისი მკვებავი. სასურველია, ნებისმიერი საცხი წაისვათ თითების მსუბუქი დარტყმებით – ეგრეთ წოდებული „სტოკატოებით“.
ამასთან, შეეცადეთ, ატაროთ მზის სათვალე და მოერიდეთ ზედმეტ მიმიკებს.
კითხვა: რა არის პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი და რომელი დარგის ექიმს უნდა მივმართოთ ამ დროს?
პასუხი: პიგმენტური ლაქები არ არის უშუალოდ კანის დეფექტი, კანის პრობლემა. ამ სახის ლაქების გაჩენის მიზეზი დგინდება იმის მიხედვით, თუ სახის რომელ მონაკვეთზეა ისინი გამოკვეთილი. ზოგადად კი ამ ლაქების გაჩენა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებას მოასწავებს.
პიგმენტური ლაქების გაჩენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
კითხვა: ვარ 30 წლის. აქამდე მქონდა ძალიან კარგი სახის კანი, ყოველგვარი ნაოჭების, ლაქებისა და გამონაყარის გარეშე, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი სახე ალაგ-ალაგ წვრილ-წვრილი ნაოჭებით დაიფარა. რა არის ეს, ეგრეთ წოდებული ფოტოდაბერება, ნაადრევი ნაოჭები თუ სხვა რამ?
პასუხი: ნაოჭები, განსაკუთრებით, როცა ისინი ჩნდება მოულოდნელად და ახალგაზრდა ასაკში, მიანიშნებს იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, იმისდა მიხედვით, თუ სახის რომელ უბანზეა ისინი გაჩენილი. ნაოჭები ლოყებზე შესაძლოა, იყოს ჰიპერტონიის ან ფეხებში დარღვეული სისხლის მიმოქცევის მიზეზი; მკვეთრად გამოხატული ნაოჭი ქვედა ტუჩსა და ნიკაპს შორის – სწორი ნაწლავის პრობლემის გამოხატულებაა და ასე შემდეგ.
კითხვა: რა არის ანა-პილინგი და რა შემთხვევაში კეთდება ის?
პასუხი: ანა-პილინგი იგივეა, რაც ზედაპირული პილინგი, რომელიც კეთდება ხილის მჟავებით. მისი ზემოქმედება კანზე, როგორც უკვე გითხარით, ზედაპირულია.
შედეგი: პირველ ყოვლისა, უმკლავდება ფერისმჭამელებს, ასწორებს კანის უსწორმასწორო ზედაპირს, აუმჯობესებს ფერს, თავიდან აგაშორებთ პიგმენტაციას.
ანა-პილინგის (იგივე, ხილის მჟავების) დროს უპირატესობას ანიჭებენ ვაშლის, რძის ან ყურძნის მჟავას, რადგან გარდა იმისა, რომ ეს მჟავები აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერებებია, ატენიანებს და ათეთრებს კანს, სტიმულს აძლევს მას, გამოიმუშაოს კოლაგენი და ელასტინი, პასუხს აგებს კანის ელასტიკურობაზე. ბოლო ხანებში პოპულარული გახდა ნუშის მჟავის პილინგი.
კითხვა: რა შემთხვევაში არ შეიძლება პილინგის გაკეთება და რატომ?
პასუხი: პილინგის გაკეთება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ გაღიზიანებული კანი, ნებისმიერი სახის გამონაყარი ან ალერგია, რადგან, შესაძლოა, ამით ინფექცია მთელ სახეზე გავრცელდეს და უფრო მეტად გაღიზიანდეს.
კითხვა: რა პირობების დაცვით უნდა გაკეთდეს პილინგი?
პასუხი: პილინგი უნდა გაკეთდეს კვირაში მაქსიმუმ, 3-ჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დაკარგავს ბუნებრივ დამცავს.
პილინგისთვის გამოსაყენებელი მასალა უნდა დაიდოთ მხოლოდ დატენიანებულ სახეზე და არავითარ შემთხვევაში – თვალების გარშემო.