ალერგია მემკვიდრეობით გადადის
სხვადასხვა სახის ალერგია ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი დამახასიათებელი, კლასიკური სიმპტომებია: სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, გაუთავებელი სურდო, თვალის წვის შეგრძნება, ყელის ტკივილი, ხველა და ასე შემდეგ, ანუ, ყველა ის სიმპტომი, რაც გაციებას ახასიათებს, ოღონდ, ტემპერატურის მომატების გარეშე.
ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს, შეიძლება, განვითარდეს ასთმა, ჭინჭრის ციება და კანის ქსოვილის შეშუპება. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, მოსალოდნელია, ალერგია სერიოზულ ქრონიკულ დაავადებად იქცეს, რომლის შედეგადაც ადამიანი კარგავს მადას, უქვეითდება შრომის უნარი და ასე შემდეგ. ხშირად დეპრესიაც კი, სწორედ ალერგიის შედეგი ხდება.
ნებისმიერი ალერგია – ცხოველის ბეწვის, წამლის, მტვრის, კვების პროდუქტებისა და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული – იმუნური სისტემის რეაქციაა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. ადამიანის იმუნიტეტი იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან, როცა ის უცებ რეაგირებს გამღიზიანებელზე. როდესაც კონტაქტი ხდება ალერგენთან, იმუნური სისტემა ამზადებს ანტისხეულს, კერძოდ კი, იმუნოგლობულინ E-ს, რომელიც, თავის მხრივ, აიძულებს უჯრედებს, წარმოქმნას ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები. რაც ალერგიულ სიმპტომებს იწვევს. თუ ჰისტამინი ცხვირის ქსოვილში გამოიყოფა, იწყება სურდო, თუ ფილტვებში და ბრონქებში – ასთმა, კანის ქსოვილებში ჰისტამინის გამოყოფა ჭინჭრის ციებას იწვევს, ნაწლავებში კი – კვებით ალერგიას.
ალერგიას იწვევს ცილა, რომელიც მტვრის შემადგენლობაშიც შედის. ეს ცილა კვების პროდუქტებშიცაა. განსაკუთრებით აქტიური კვებითი ალერგენებია: რძე, კაკაო, ყავა, შოკოლადი, მარწყვი, ხენდრო, კვერცხი, თევზი, ბანანი, თაფლი, ჰალვა, ნიგოზი, მიწის თხილი, ციტრუსები.
დაავადება ზოგჯერ ახალი სიმპტომებით იჩენს თავს. არ არის გამორიცხული, ადამიანს დაეწყოს ხველა და ასთმური შეტევები.
ალბათობა იმისა, რომ ალერგია გარკვეული დროის შემდეგ გაუვლის – მცირეა. ალერგიასთან ბრძოლა აუცილებელია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, ის, შესაძლოა, მემკვიდრეობითი ფაქტორით იყოს გამოწვეული.