რა დაავადებაა ურეთრიტი და როგორ აღმოვაჩინოთ მისი ფარული მიმდინარეობა ორგანიზმში
ურეთრიტი ურეთრის ანუ შარდსადენის ანთებითი დაავადებაა. არსებობს ჰონორეული და არაჰონორეული ურეთრიტი. თავის მხრივ, არაჰონორეული ურეთრიტი ორი სახისაა: ინფექციური და არაინფექციური.
ინფექციური ურეთრიტი შეიძლება იყოს: ბაქტერიული, ვირუსული, მიკროპლაზმური, კანდიდომიკოზური და ტრიქომინადული. სქესობრივი გზით გადადის ტრიქომინადული, ქლამიდიური და კიდევ ზოგი სხვა სახისა და ტიპის ბაქტერიული ურეთრიტი.
არაინფექციური ურეთრიტები შეიძლება განვითარდეს ცისტოსკოპიის, შარდის ბუშტის კათეტერიზაციის, კენჭის გავლის დროს. ასევე, მის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს ალერგიული რეაქცია, შარდსადენის შევიწროება, შეგუბება მცირე მენჯის ღრუში. აგრეთვე, არაინფექციური ურეთრიტი ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც, როცა ადამიანს ხანგრძლივად აღენიშნება მარილების გაძლიერებული გამოყოფა შარდთან ერთად. ამ დროს ანთება შარდსადენის ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანების შედეგია.
ურეთრიტით, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს. დასნებოვნება უმეტესად ხდება ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროს. ზოგჯერ ურეთრიტი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რაიმე აშკარა ნიშნების გამოვლინების გარეშე და თავად ავადმყოფმაც არ იცის ინფიცირების შესახებ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება იოლად ჩაივლის, გართულებების გარეშე.
ურეთრიტის მიმდინარეობა დამოკიდებულია ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნიტეტსა და სხვა ფაქტორებზე. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადების სიმპტომები ვლინდება არა სქესობრივი კონტაქტისთანავე, არამედ რამდენიმე ხნის შემდეგ. ამ პერიოდს ინკუბაციური პერიოდი ეწოდება. ინფექცია, რომელიც შარდსადენის კედლის ლორწოვან გარსზე ხვდება, ან მაშინვე იწვევს ანთებას, ან რამდენიმე ხნით იბუდებს იქ. ამ დროს დაავადების ნიშნები არ ვლინდება, დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება.
ზოგადად, ნებისმიერი ურეთრიტი ერთი და იმავე სიმპტომებით ვლინდება, განსხვავდება მხოლოდ ანთების კლინიკური გამოვლინების ფორმები.
მწვავე ურეთრიტის ნიშნებია: წვა, ტკივილი ან ქავილი შარდვის პროცესში და გამონადენი შარდსადენიდან.
ურეთრიტის დროს არ ვლინდება ზოგადი მდგომარეობის ცვლილებები, მაგალითად, ტემპერატურის მატება ან საერთო სისუსტე. ამ დაავადებას დროული მკურნალობა სჭირდება შესაბამის სპეციალისტთან, რათა ის ქრონიკულ დაავადებად არ ჩამოყალიბდეს და არ გამწვავდეს.