ექიმის რჩევები
კითხვა: ქუსლებზე კანი გამიუხეშდა და მისკდება, თანაც მტკივა. მალამოები არ მშველის. რამეს ხომ ვერ მირჩევთ?
პასუხი: ქუსლებზე კანის გაუხეშება ხშირად ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ბრალია. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ენდოკრინული დარღვევები – იოდის ცვლის მოშლა და შაქრიანი დიაბეტი. ამისთვის კი შესაბამისი ანალიზების გაკეთება მოგიწევთ. ადგილობრივი მკურნალობისთვის უნდა გამოიყენოთ ქსოვილთა რეგენერაციის უნარის მქონე მალამოები. ხალხური მედიცინა ასეთ შემთხვევაში ბატის ქონს გვთავაზობს. გირჩევთ, მიიღოთ A, B, C ჯგუფის ვიტამინები.
კითხვა: ვარ 47 წლის ქალი. წელიწადია, ყურები მაქვს დაგუბებული, ხანდახან ყრუ ტკივილსაც ვგრძნობ, თუმცა ასატანს. ექიმთან არ ვყოფილვარ. საშიშია თუ არა ეს სიმპტომები?
პასუხი: საშიშია თუ არა თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები, ამის თქმა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, რაც მათ მიზეზს დავადგენთ. ყურების დაგუბების შეგრძნება შესაძლოა ქრონიკული ოტიტით, კისრის მალების ოსტეოქონდროზით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით, ანემიით ან რომელიმე სხვა დაავადებით იყოს განპირობებული. ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას, რისთვისაც ოტოლარინგოლოგის, ნევროლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
კითხვა: დილაობით ხელები მაქვს შესიებული. რას მირჩევდით? რა დავლიო? თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია წამალ იბუპროფენზე. რა დროს და რა დოზით შეიძლება მისი მიღება?
პასუხი: დილაობით ხელების შეშუპება შესაძლოა, სახსრების სისტემურ დაავადებას უკავშირდებოდეს. ამ დროს ავადმყოფს აღენიშნება წვრილ სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა და მტკივნეულობა დილაობით. უნდა გაირკვეს, ხომ არ ვითარდება ხელების შეშუპება ზოგადი შეშუპების ფონზე, რომლის მიზეზიც გულის ან თირკმლის პათოლოგიაა.
იბუპროფენი გახლავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი. გამოიყენება სახსრების ქრონიკული დაავადებების დროს. პრეპარატის სამკურნალო დოზაა 0,4 გრამი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. როცა თერაპიული ეფექტი საგრძნობი გახდება, დოზას ამცირებენ და იღებენ 0,2 გრამს სამჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება კუჭის წყლულის, სისხლდენის, ღვიძლის მძიმე პათოლოგიის დროს. წამლის მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გულისრევა, დეპრესია.
კითხვა: იწვევს თუ არა მედიკამენტი ფეზამი მინიმალური წნევის დაწევას?
პასუხი: ფეზამი კომბინირებული პრეპარატია და პერიფერიული და ცენტრალური სისხლძარღვების დილატაციური ეფექტი ახასიათებს. ამიტომ, მისი მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდება, თუმცა ეს ეფექტი ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტთან შედარებით უმნიშვნელოა.
კითხვა: ვარ 22 წლის ვაჟი. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე პრეპარატი, რომლის მიღებითაც შევძლებ, სიმაღლე მოვიმატო. დედ-მამა დაბალი მყავს. ექნება თუ არა მას რაიმე უკუჩვენება? იქნებ თქვენ მირჩიოთ, როგორ მივაღწიო სასურველ შედეგს.
პასუხი: სიმაღლეში ზრდის მასტიმულირებელი ორგანიზმისთვის უვნებელი პრეპარატი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ზრდის სტიმულირებას იწვევს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ ამ ჰორმონის ნაკლებობის ან მისი შედარებითი დეფიციტის დროს შეიძლება. თუ ასეთი სიმაღლე გენეტიკურად არის განპირობებული, ორგანიზმს მხოლოდ არსებული რეზერვის მაქსიმალურად ათვისება შეუძლია, რისთვისაც სხეულის გასაჭიმ სპეციალურ ვარჯიშებს მიმართავენ. ზრდის სტიმულაცია ეფექტურია მოზარდობის პერიოდში. 22-23 წლის ასაკში კი ზრდა, ფაქტობრივად, დასრულებულია, ამიტომ სხეულის დაჭიმვით მიღებული მოსალოდნელი შედეგი ამ დროს 3-4 სანტიმეტრით შემოიფარგლება.
კითხვა: მედიკამენტები, რომლებიც ვენაში გაკეთებისას იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში, შეიძლება თუ არა ვენაში სუფთა სახით შევიყვანოთ? ხომ არ მოჰყვება ამას მძიმე შედეგი?
პასუხი: ინტრავენური ინიექცია ძალზე სერიოზული სამედიცინო პროცედურაა და ის ზუსტად ისე უნდა შესრულდეს, როგორც ექიმი მიგითითებთ. საინიექციო ხსნარის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. გეტყვით, რომ საგულე გლიკოზიდები კეთდება განზავებული და ძალიან ნელა. მისი განუზავებლად შეყვანა შეიძლება გულის გაჩერების მიზეზადაც კი იქცეს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია