რატომ სდით ხატებს სისხლი და რა სასწაულებს ხვდებოდა დავით გიორგობიანი საქართველოში და მის გარეთ
ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი სასწაული ხდება და, შეიძლება ითქვას, თავად ცხოვრებაც უფლის მიერ ბოძებული დიდი სასწაულია. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ სასწაულების შედეგად მიდის უფალთან, ბევრს კი მოხდენილი სასწაულები რწმენასა და უფლის სიყვარულში ამტკიცებს და აძლიერებს.
დავით გიორგობიანი (რეჟისორი, მსახიობი): რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ლიბანსა და სირიაში. ამ ორი ქვეყნის პატრიარქი არის ეგნატიოს მეოთხე, ის დღემდე ივერიის პატრიარქადაც მოიხსენიება. როდესაც მას თარჯიმანმა დაუსვა კითხვა, რა სასწაულები ხდება თქვენს ქვეყნებშიო, პატრიარქმა სიმდაბლითა და სიბრძნით უპასუხა, ყველაზე დიდი სასწაული თავად ადამიანიაო. მართლაც ასეა, ადამიანი ღმერთის ქმნილებათა გვირგვინია და, აქედან გამომდინარე, ის ყველაზე დიდი სასწაულია. ზოგიერთი მორწმუნე ამბობს, რა არის, სასწაულებზე ამდენს რომ წერენ და ეძიებენ, უფალმა ხომ თქვა, ბოროტი და მრუში მოდგმა ეძიებს სასწაულს და სასწაული მას არ მიეცემა, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყველისაო. როგორც იცით, იონა ვეშაპმა გადაყლაპა და სამი დღე და ღამე იყო მის მუცელში, რაც მოასწავებდა იმას, რომ მაცხოვრის სხეული ჯვარცმიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში დაფლული იქნებოდა და აღდგებოდა. სწორედ ამას გულისხმობდა უფალი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაცხოვარი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სასწაულებს ახდენდა.
თქვენ, ალბათ, გახსოვთ პირველი სასწაული, როდესაც კანას გალილეაში ქორწილში მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გარდაქმნა. მამა გაბრიელს უკითხავს, როგორ გგონიათ, ქრისტემ წყალი ღვინოდ რომ გარდაქმნა, იმ სუფრაზე დათვრებოდნენო? უფიქრიათ, უფიქრიათ და პასუხი ვერ უპოვიათ. მაშინ მამა გაბრიელს უთქვამს: ღმერთი შენ გვერდით რომ არის და წყალს ღვინოდ გადააქცევს, მარტო ეს კი არ არის სასწაული. იქ არავინ დამთვრალა, მხოლოდ სიყვარულში იყვნენ და თამადაც ხარობდაო. ქრისტეს მიწაზე ყოფნისას შემდეგი სასწაული რომ გავიხსენოთ, ეს არის ანჩის ხატი, ხელთუქმნელად წოდებული, რომელიც თავისით გადავიდა ტილოზე და მაცხოვარმა ის წერილთან ერთად გაუგზავნა ავგაროზს. ჩვენ გვავიწყდება ქართველების დიდი დანაშაული და შეცდომა, სწორედ ასეთივე უდიდესი სასწაულის, ხელთუქმნელი ხატის წინაშე, რომელიც ღვთისმშობელმა გამოატანა საქართველოში ანდრია მოციქულს. მისი აჭარაში დაბრძანების შემდეგ საკურნებელმა წყალმა ამოხეთქა და იქ პირველ საუკუნეში ღვთისმშობლის სახელობის პირველი ეკლესია აშენდა. მაცხოვარს ნათქვამი აქვს, ეს ხატი დაიცავს საქართველოს ბოლო ჟამამდეო. მაშინ ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჯერ არ იყო ცნობილი. ამ დიდებული, ჩვენი გადამრჩენელი ხატის ისტორია მეცხრე-მეათე საუკუნეებიდან მოდის. რატომ გვავიწყდება საუკუნეების წინ უფლის მიერ ღვთისმშობლისადმი ნათქვამი სიტყვა: ამ ხატს ისეთი მადლი აქვს, რომ დაიცავს ივერიას, საქართველოს ბოლო ჟამამდეო. ეს ის ხატია, შემდეგში აწყვერის ხატად რომ იწოდა. სამწუხაროდ, არ ვიცით, ორიგინალი სად დაიკარგა, მის პოვნას კი გაძლიერებული ლოცვა სჭირდება. შეიძლება არც არის დაკარგული, სადმე მიფარებულია. საეკლესიო ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ილოცებდნენ, ილოცებდნენ და მერე უცებ გამოჩნდებოდა დამალული სიწმიდე. მისი დიდებული ასლი რომ გვიდევს ანჩის ხატთან ერთად მუზეუმში, თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველო გადარჩეს, ეს ხატი მაინც გამოგვატანონ მუზეუმიდან, რომელიც, როგორც წერია, დაგვიცავს ბოლო ჟამამდე.
– ბატონო დავით, რატომ უშვებს უფალი სასწაულებს?
– უფალი იმიტომ უშვებს სასწაულებს, რომ ადამიანები გააძლიეროს რწმენაში, სხვა ერის, რელიგიების წიაღიდან ამოიყვანოს სულები, რომლებიც შემდეგ სიცოცხლის წიგნში ჩაიწერებიან. ჩვენ კი ვინც მართლმადიდებლებად ვიწოდებით, გვქონდეს იმის რწმენა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა. დღეს ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ასეთი რწმენა აქვს და სჯერა, რომ მაცხოვარი დღემდე მასთან ერთად არის. პირადად მე ყველაზე დიდ სასწაულად იმას ჩავთვლიდი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი გაიგოს, ირწმუნოს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვცხოვრობთ გონების დაბნელების უმძიმეს ეპოქაში, როდესაც ყველას საკუთარი თავი განათლებულად მიაჩნია. რადგან კოსმოსში გაფრინდნენ და სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს მობილურებით უკავშირდებიან, ერი ამით გაამაყდა, გაამპარტავანდა. ნილოს მირონმდინარე ჯერ კიდევ ორასი წლის წინ საკუთარ წინასწარმეტყველებაში წერს: ადამიანები ცაში იფრენენ ფრინველებივით, წყლის ქვეშ იცურებენ თევზებივით, ერთმანეთს დაელაპარაკებიან და დაინახავენ უშორეს მანძილებზე, მაგრამ, იმის გამო, რომ ადამიანის გონებამ შეძლო ასეთი რაღაცეების მიღწევა, გაამაყდებიან და გაამპარტავანდებიანო.
მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს სხვადასხვა სახის სასწაული: ერთია მამებისა და დედების უხრწნელი სხეულები, რომლებიც მიწას არ შეერთვნენ. საკუთრი სიწმიდის გამო მიწიერ კანონს ასცდნენ, დაიმკვიდრეს სულიწმიდა სხეულსა და სულში და არ გაიხრწნა მათი სხეულები. საერთოდ, თავიდან, ოდნავ იწყება ხოლმე სხეულის გახრწნა, რადგან ღვთის სიტყვა უნდა შესრულდეს, და იქვე წყდება. ეგვიპტეში, ინდოეთში რომ პოულობენ ფარაონებისა და სხვათა გაუხრწნელ ნეშტებს, მათ არც არასდროს დასწყებიათ გახრწნა, მიწა არ იღებს. ასეთი განსხვავებაა ჩვენს წმიდანებსა და მათ შორის. თავად მართლმადიდებელ წმიდანებს შორისაც კი, რომელთა სხეული არ იხრწნება არსებობს განსხვავება – ზოგს ყავისფერი, ზოგს კი შავი შეფერილობის სახე და სხეული აქვს. წმიდა ბარბარეს უხრწნელი სხეული რომ ვნახე, მას ახლად გარდაცვლილივით თეთრი, მოვარდისფრო ფერი ჰქონდა, იმიტომ, რომ ქალწულმოწამე და დიდმოწამეა. სასწაულებს შორის ასევე გამოირჩევა მირონმდინარება, სისხლმდინარება, რაც ამ საუკუნეში ხშირად ხდება. მაგრამ, რამდენად საოცარიც უნდა იყოს, ადამიანებს მაინც უჭირთ უფალთან მისვლა. ძველი საუკუნეების მამათა სწავლებიდან, პატერიკიდან მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ამბავს: ერთ ებრაელს მაცხოვრის ხატი ჰქონდა სხვენში შენახული იმ განზრახვით, გავა დრო და უფრო ძვირად გავყიდიო. ერთ დღეს დაინახა, რომ სხვენიდან რაღაც წვეთავდა. დააკვირდა – წითელი ფერის იყო და სისხლის სუნი ასდიოდა. ავიდა სხვენზე და დაინახა, რომ ქრისტეს მოსდიოდა სისხლი ცრემლებად და სისხლად. ამის შემდეგ იწამა ებრაელმა ქრისტე. მეოცე საუკუნეში, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი, ორენბურგიდან ჩამოაბრძანეს ხატები, დავხვდით მატარებლების სადგურზე. გადმოაბრძანეს ხატები და დავინახეთ, ერთ ხატს თქრიალით მოსდიოდა სისხლი. სისხლს ანალიზები გაუკეთეს და მეოთხე ჯგუფის აღმოჩნდა. ეს ყველაფერი გადავიღე, დროთა განმავლობაში სხვა კადრებიც შევაგროვე – თუ როგორ იფარებოდა ხატი მთლიანად სისხლით, ისე, რომ ბოლოს მაცხოვარს სახე საერთოდ აღარ უჩანდა, სახარებაც კი არ ჩანდა. თითქოს მაცხოვარი გვეუბნებოდა, ამდენი უბედურება მოხდება თქვენი უსჯულოების გამო, თუ არ მოინანიებთ, იმიტომ ვტირი სისხლით. სახარება რომ დავწერე, რად გინდათ, მაინც არც კითხულობთ და არც ასრულებთო. როდესაც ხატს სისხლი მოსდის, ამას რა დიდი ფიქრი უნდა, რატომ უკვირთ ადამიანებს – ეს რატომ ხდებაო?! იმიტომ მოსდის სისხლი, რომ უჭირს უფალს, ეღუპება კაცობრიობა, მილიარდებიდან მილიარდები ეღუპება არასწორი ცხოვრებით, ყველასთვის ტირის და, ჩვეულებრივი ცრემლი რომ აღარ ჰყოფნის, მერე ეს სისხლად მოსდის. როდესაც ვნახე მაცხოვრის სისხლმდინარე ხატი, სწორედ ერთ თვეში იყო, რომ ნიუ-იორკში ორი ტყუპი კორპუსი ჩამოინგრა. იქნებ ფიქრობთ, რადგან ამერიკელები იყვნენ, უფალს გული არ შესტკივა?! ღმერთს ყველაზე შესტკივა გული, ყველაზე, ვინც გააჩინა, რუსი იქნება ის, ამერიკელი თუ ქართველი.
ერთ სასწაულს გავიხსენებ, რომელიც საკუთარ თავზე გადამხდა: ათონის მთაზე ვიყავი, სადაც დაარსებულია ათანასე დიდის ლავრა. თავიდან ათანასე დიდმა იქ დიდი ქართველი მამები შეიკედლა, რომლებმაც შემდეგში ივერონი დააარსეს. როდესაც ათანასე დიდი ათონის მთაზე ავიდა, სადაც შემდეგში ლავრა დააარსა, თავიდან ის წარმართული იყო, ეშმაკის სათაყვანებელი ადგილი, სადაც ადამიანები მიდიოდნენ, თაყვანს სცემდნენ, იმიტომ, რომ აშკარა სასწაულებს ხედავდნენ, რადგან ეშმაკსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა. შემდეგ ისინი ათანასე დიდს ეუბნებოდნენ, ნახე ჩვენი ღმერთი რას გვიკეთებს, შენ ახალ ღმერთზე რომ გველაპარაკები, გაგვიკეთე რამე სასწაულიო. ღირსმა მამამ კლდოვან, ლოდებიან მინდორზე დაჰკრა კვერთხი (იქ პატარა მიწასაც ვერ ნახავთ), ამოვიდა ხე და ნელ-ნელა დაიწყო გაზრდა. როდესაც ათონის მთაზე ვიყავი, ეს ხე ვნახე, რომელსაც გირჩები ესხა. მოვწყვიტე და, როგორც სიწმიდე, ისე წამოვიღე. შემდეგ ივერონის მონასტერში წავედი და იქ, სადაც მდინარეზე ღვთისმშობლის მოცურავე ხატი ქართველმა ბერმა გამოაბრძანა, ნიჟარები შევაგროვე. როდესაც დედაღვთისას წილხვედრი მიწიდან მის წილხვედრ მეორე მიწაზე ჩამოვედი და ჩემი მშობელი დედის საფლავზე წავედი, წავიღე ნიჟარა და გირჩა, რადგან მათი მიწისთვის შერთვა შეიძლება. მივედი დედის საფლავთან, სადაც მისი ფოტო მარმარილოშია ჩასმული, გვერდით კი დგას ნაძვი, რომელიც მთლიანად გაძარცულია გირჩებისგან. რომ მივედი, დავინახე, რომ ერთი პატარა ტოტი ფოტოსკენ იყო გადმოწეული და პატარა გირჩა ქანაობდა თვალების წინ. იმავე მარმარილოზე, გვერდითა მხრიდან კი იჯდა ლოკოკინა. ანუ, დედამ დამახვედრა გირჩა და ნიჟარა. გეტყვით, რატომ: ათონზე მამებს ვკითხე, სად არის დედაჩემის სული-მეთქი, შემდეგ მოვუყევი მისი გარდაცვალების ისტორია: როდესაც ავარიაში მოვყევით, მან დაიძახა – ღმერთო, მე მომკალი, შვილები გადამირჩინეო. მართლაც ასე მოხდა, ჩვენ გადავრჩით და დედა დაიღუპა. მამებმა მიპასუხეს, იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როდესაც ადამიანი მოყვასისთვის სულს დადებს, დედაშენი სასუფეველშიაო. და როდესაც მის საფლავზე მივედი, ამით დამიმტკიცა უფალმა და ღვთისმშობელმა, რომ დედაჩემი მართლა უფალთან არის. ეს აშკარა სასწაულია, არავითარი დამთხვევა და შემთხვევითობა ამაში არ იყო. ანუ სასწაულები ყოველ ნაბიჯზეა, მაგრამ სასწაულებისთვის ყველას არ სცალია, რადგან, როგორც სწავლებაში წერია, ადამიანი ბოლო ჟამს შეიყვარებს მამონას, ანუ ფულს და ფული იქნება მისთვის ღმერთიო.
ჩემთვის საქართველოში ყველაზე დიდი სასწაული მამა გაბრიელი იყო, რომლის შესახებ ბევრი ყვება, ფილმსაც ვიღებ. გაბრიელი ადამიანთა გვირგვინი იყო, იმდენ ნიჭს ფლობდა ერთად. ახლახან გამოვიდა ბროშურა: „უჩინონი და დაფარულნი“, რომელშიც აღწერილია ერთი დიდი სასწაული. ჩემმა მეგობარმა, რომელიც შემდეგში გახდა მღვდელ-მონაზონი, დაწერა ეს ბროშურა. როდესაც ის მამა გაბრიელთან მივიდა, მაშინ ჯერ არ იყო კარგად ყველაფერში გარკვეული, გაბრიელი სწორედ უჩინოზე და დაფარულზე ესაუბრა. მამა გაბრიელმა მაშინ ისეთი სიბრძნეები წარმოთქვა, რასაც ადრე დიდი მამები ეხებოდნენ გრიგოლ პალამა, იოანე კიბისაღმწერელი – და მათზე აღმატებული რაღაცაც კი თქვა. როდესაც ადამიანი, წმიდანი ხდება, მისთვის იმის იქით მიწაზე თითქოს აღარაფერია, მაგრამ ყოფილა მასზე უაღმატებულესი განღმრთობა, რაც ყველა წმიდანს არ რგებია. ადამიანი, რომელიც ყველაფერს მიაღწევს, მერე ღმერთი მისი ღვაწლის გამო თუ ინებებს, რომ მთლიანად შეირთოს და ამ დროს ადამიანს არც აზრები, არც ფიქრები არ მოსდის, მთლიანად ჩერდება გონება. მაშინ ჩემს მეგობარს მამა გაბრიელისთვის უკითხავს, როგორ, მამაო, როგორ უნდა გაჩერდეს გონებაო? მას კი უპასუხია: დამიჯერე, შვილო, ასეა, აი, როგორც მე, – თან თავზე ხელი დაიკაკუნა, – არაფერი ფიქრები არ მაქვს თავში, ოღონდ, მე ეს მოხუცებულობით მომდისო, – დაიმდაბლა თავი. თურმე გვერდით გვყოლია ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, წმიდანი კი არა, საერთოდ განღმრთობილი ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც ადამიანი აკეთებს, ფიქრობს, ამას ყველაფერს ღმერთი აკეთებინებს თავიდან ბოლომდე, მასში არანაირი საცდური აღარ არის. მამა გაბრიელს თავისი ნამდვილი სახე რომ გამოეჩინა, დავიწვებოდით და ვერ დავიტევდით, ან მის განდიდებას დავიწყებდით, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა, იმდაბლებდა თავს და ამიტომაც მიიღო ამდენი ნიჭი. როდესაც მას ვუსმენდით, გულში ვფიქრობდით, რამხელა წმიდანიაო, მაგრამ, უცებ ისეთ რამეს გააკეთებდა, გვაფიქრებინებდა, რომ მასზე ცუდი არავინ დადის. ჩვენს გულებში იჯდა, იცოდა, ვინ ვიყავით, საიდან რა მოგველოდა მომავალში. საქართველოში მამა გაბრიელი იყო ჩემთვის ნამდვილი სასწაული. ის დღმედე ჩვენთან არის, მაგრამ, რაც უფრო მალე შევრაცხავთ წმიდანად, მით უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. ის უფალთან ისედაც წმიდანია, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, ამისთვის ჩვენი ერი მამა გაბრიელისგან და უფლისგან უფრო მეტ წყალობასა და დახმარებას მიიღებს.
ნათია უტიაშვილი