რა განაპირობებს მამის მიმართ ქალიშვილის განსაკუთრებულ სიყვარულს და რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ მომავალმა მამებმა
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჩვენზე ისე ძლიერად არაფერი მოქმედებს, როგორც ოჯახი. ოჯახისა და მისი ცალკეული წევრის ზეგავლენა განსაკუთრებით ბავშვის ფსიქიკაზე აისახება. ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ ქალიშვილები დედის მიბაძვას ცდილობენ, ვაჟები კი მამის ქცევებს აკვირდებიან. სიყვარულის და სითბოს გამოხატვა კი, გარკვეული მიზეზების გამო, საპირისპიროდ ხდება. მამები ქალიშვილის მიმართ გაცილებით უფრო ალერსიანები არიან, ვიდრე – ვაჟების მიმართ. პატარაობიდანვე მამა გოგოს ნაკლებ შენიშვნას აძლევს და უფრო ხშირად კიდებს ხელს სეირნობისას. იმ სიტუაციაში, სადაც ქალიშვილი ტირის და მშობელი ამშვიდებს, ვაჟს შენიშვნას მისცემენ და ეტყვიან, ბიჭები არ ტირიანო. თუ საქმე დასჯაზე მიდგა, გოგონასთვის ის გაცილებით იშვიათია და იმავდროულად, ნაკლებად მკაცრი. თუ რა ფაქტორები განაპირობებს მამის და ქალიშვილის განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ამ საკითხზე ფსიქოლოგი ზვიად ზვიადაური გვესაუბრება.
– რატომ იმსახურებს გოგონა მამისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და თუ ხსნის მსგავსი ურთიერთობა ქალიშვილის გაძლიერებულ სიყვარულს მამის მიმართ?
– კითხვაზე პასუხის გასაცემად საპირისპირო საკითხი უნდა გავაანალიზოთ. მამა ყველა შვილს უნაწილებს სიყვარულს და სითბოს და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ფაქტია, რომ ყურადღების ცენტრში უფრო გოგონაა. ამ მოვლენას ძირითადად განაპირობებს მამის ტიპური დამოკიდებულება ბიჭისადმი. ვაჟის აღზრდისას, მამები ცდილობენ, სიმკაცრე გამოავლინონ და აყალიბებენ კონკრეტულ დამოკიდებულებას. ანუ, ვაჟი უნდა იყოს მომთმენი, ამტანი და თავშეკავებული სისუსტის გამოვლენასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ქალიშვილებს ეხება, ასეთ შეზღუდვებს არ აქვს ადგილი. ამიტომ, მამები თავს უფლებას აძლევენ, რომ მოდუნდნენ და უბრალოდ, დატკბნენ შვილთან ურთიერთობით. მშობლების უმრავლესობა მსგავს ქმედებებს გაუცნობიერებლად სჩადის და მრავალმა მათგანმა შეიძლება, ვერც კი ამოიცნოს საკუთარი თავი ჩვენს მიერ აღწერილ სიტუაციაში. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რატომ გამოხატავს ქალიშვილი უფრო დიდ სიყვარულს მამის მიმართ.
– იღებს თუ არა მონაწილეობას ოჯახის სხვა წევრი მამასა და ქალიშვილს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში?
– ქალიშვილი მამისთვის აბსოლუტურად იდეალური და სანიმუშოა. დამტკიცებული ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომ თითოეულ ადამიანს სურს, ყოველ მიზეზგარეშე, უანგაროდ უყვარდეს სხვას. ამ მხრივაც საინტერესო ფაქტორებს ვაწყდებით როგორც მამის, ისე ქალიშვილის დამოკიდებულებაში გარშემო მყოფებთან. ყოველდღიურ ცხოვრებაში, დედა ცდილობს, გოგონას ასწავლოს სახლში საქმიანობა, აკონტროლებს მის სწავლა-განათლებას და აძლევს მრავალ „ქალურ რჩევას“. აბსოლუტურად გაუცნობიერებლად იცვლება დედის დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ კარგი და ცუდი ქმედების მიხედვით. გოგონა თითქოს ამჩნევს, რომ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა შემთხვევაში, დედის, ბებიის ან ძმის დამოკიდებულება მისადმი განსხვავებულია. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა და ბევრად განაპირობებს სწორ აღზრდას, მაგრამ აქ საქმეში ერთვება მამა. მამისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქალიშვილი დაალაგებს თუ არა სახლს, მიიღებს თუ არა სკოლაში ყველაზე მაღალ ნიშანს და მოეხმარება თუ არა დედას სახლის საქმეებში. მამების უმრავლესობას თითქმის ყოველთვის ერთნაირად „უყვარს“ ქალიშვილი და გულუბრყვილო გოგონაც სწორედ აქ აწყდება „უანგარო“ სიყვარულს, რის დაბრუნებასაც მთელი ძალებით ცდილობს მამისთვის. ასეთ სიტუაციაში კაციც ძალზე ბედნიერად გრძნობს თავს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა, დამორჩილებოდა ჯერ დედის სურვილებს, შემდეგ კი თავი მოეწონებინა სასურველი ქალის წინაშე. ბედნიერი და იდეალური წყვილის ურთიერთობაშიც კი მამაკაცმა უნდა დააკმაყოფილოს მეუღლის კრიტერიუმები. ქმარს უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, ღირსეული ადგილი საზოგადოებაში, უნდა იყოს კარგი მეოჯახე. ქალიშვილისთვის კი, რა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკამდე, მსგავს ფაქტორებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მამა მისთვის განსაკუთრებული რამ არის.
– რა განაპირობებს ასეთი ურთიერთობის რღვევას ან თუნდაც არჩამოყალიბებას?
– ჩვენს ქვეყანაში, არცთუ ისე იშვიათად გვხვდებიან მამები, რომლებიც გვარის გამგრძელებლის მოლოდინში ვერ ეგუებიან ქალიშვილის შეძენას. ამ შემთხვევაში მოვლენები რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. პირველის მიხედვით, მამები ქალიშვილს როგორც პატარა ბიჭს, ისე ეპყრობიან. ისინი იგნორირებას უკეთებენ შვილის სქესს და თამაშობენ მასთან ერთად „ბიჭურ“ თამაშებს, დაჰყავთ ფეხბურთზე ან კრივზე, სათევზაოდ ან სანადიროდ; მეორე შემთხვევაში, მამა იგნორირებას უკეთებს არა მარტო გოგონას სქესს, არამედ თავად მის პიროვნებასაც. ასეთი მამა არ გამოხატავს ქალიშვილის მიმართ არანაირ ინტერესს; სხვა შემთხვევაშიც, მამა ასევე გულგრილია, მაგრამ იმავდროულად, უფრო მეტად მომთხოვნი და აყენებს ულტიმატუმებს. ის კრიტიკულია ქალიშვილის ნებისმიერი ქმედების მიმართ. საბედნიეროდ, ამ ორ უკანასკნელ მოვლენას, საკმაოდ იშვიათად ვხვდებით, რაც ჩვენს საზოგადოებაზე ნამდვილად, დადებითად მეტყველებს.
– განსაზღვრავს თუ არა მამის დამოკიდებულება გოგონას პიროვნების ჩამოყალიბებას?
– მამას აკისრია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შვილების ჩამოყალიბებაში. სწორედ მან უნდა შეუქმნას ბავშვს წარმოდგენა სოციალურ წესებსა და კანონებზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ დედები გაცილებით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სქესობრივ განსხვავებას, ვიდრე მამები. მამა ძალიან ადრე, ორი წლის ასაკიდანვე, ცდილობს, ასწავლოს შვილს, თუ როგორ მოიქცეს სქესის შესაბამისად. მაგრამ, თუ ბიჭს მამაკაცური ხასიათი უყალიბდება სიმკაცრისა და შენიშვნების წყალობით, გოგონას ქალად ჩამოყალიბება ხორციელდება მამის შეხედულების მიხედვით ზოგადად ქალურობის შესახებ, რასაც ძირითადად განაპირობებს ცოლში დანახული მისთვის მისაღები ქცევები და ხასიათის მხარეები. თუ მამა გულგრილად მოეკიდება ქალიშვილის აღზრდას პირველი ხუთი წლის განმავლობაში და ჩათვლის, რომ უმჯობესია, დაელოდოს შვილის გაზრდას და შემდეგ ესაუბროს მას სერიოზულად, მაშინ ეს დრო ფუჭად ჩაივლის. ბავშვობის დაკარგული წლები კი რაიმე ფორმით, თუნდაც არასტაბილური ოჯახის შექმნით, აუცილებლად იჩენს თავს მომავალში.
– რას ურჩევთ მამებს?
– თუ კაცს ქალიშვილი ეზრდება, მან უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა. მამას უნდა ახსოვდეს, რომ ქალიშვილის აღზრდაში დედაზე ნაკლები როლი არ ენიჭება და სწორედ ის განსაზღვრავს მომავალში გოგონას შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მეუღლე და როგორ უნდა ექცეოდეს კაცი ქალს. ეს შეხედულებები ყალიბდება პირველი, 3-5 წლის განმავლობაში. უმჯობესია, ვიცოდეთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა ქალიშვილთან ყალიბდება მაშინ, როდესაც მამისთვის ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას ცოლი. ფსიქოლოგები მამებს ურჩევენ, რომ ქალიშვილს სითბო და სიყვარული გადასცენ დედის „გავლით“. ასეთი ბავშვი ბედნიერია და საზრდოობს იმ იდეით, რომ ოდესმე ისიც გაიზრდება და იქნება დედის მსგავსი. თუ ქალიშვილს მამა შეაქებს და ეტყვის, რომ თავისი ქმედებით ის ისეთივე კარგია, როგორც დედა, ეს სერიოზული სტიმული იქნება პატარასთვის. იმავდროულად, გოგონასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამის მხარდაჭერა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გოგონას თვითშეფასების უნარს უპირატესად განსაზღვრავს მამის დამოკიდებულება და არა დედის, ან რომელიმე სხვა ნათესავის. თუ მამას სჯერა ქალიშვილის შესაძლებლობების, ასეთი ბავშვი იზრდება სრულფასოვნებისა და სიძლიერის შეგრძნებით. საუკეთესო შემთხვევაში, მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს რჩევის მიცემისა და გამხნევების სახით. უნდა ვეცადოთ, რომ თავად არ გავაკეთოთ შვილის გასაკეთებელი საქმე, იქნება ეს სათამაშოს აწყობა თუ საშინაო დავალება. ალერსიანი დამოკიდებულების პარალელურად, არ უნდა დავკარგოთ ჯანსაღი განსჯის უნარი და უნდა ვეცადოთ კრიტიკის დელიკატურად გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. შენიშვნა უნდა იყოს ძალზე ფრთხილი, რადგან ბავშვი, რომელიც მამის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, შესაძლოა დაკომპლექსდეს. მამა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს გოგონას გარეგნობის ან ჩაცმულობაზე საუბრისას. კრიტიკისას უნდა გვახსოვდეს, რომ გასარჩევი და განხილვის საგანი არის ქმედება და არა – პიროვნება.