რა არის სიზმარი და როგორი სიზმრისთვის ითვლება ყურადღების არმიქცევა ცოდვად
ძველი ხალხი – ქალდეველები, ბაბილონელები, ასურელები, ეგვიპტელები და იუდეველები – თავიანთი წარმართული ცრურწმენებით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს. მთელ აღმოსავლეთში მიიჩნევდნენ, რომ სიზმრები – ეს იყო ზებუნებრივი ძალებისა და სხვადასხვა ღვთაების მიმართვა ადამიანებისადმი, რომლებსაც ისინი საკუთარ ნებას უცხადებენ. როგორ უყურებს ეკლესია სიზმრებს, რამდენი სახის არსებობს ის, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– როდესაც ადამიანს სძინავს, ამ დროს ისვენებს მისი ყველა გრძნობა, გონება, უმოქმედობაშია მისი მხედველობა, სმენა, ყნოსვა, მაგრამ, მუშაობს სუნთქვა, სისხლის მიმოქცევის სისტემა. ისვენებს, ასევე, ჩვენი სურვილები, თუმცა ამ დროს ფხიზლად არის წარმოსახვა. ამიტომაც, სიზმრები აბსურდულია და ხშირად გვესიზმრება აბსურდული რაღაცეები – მოვლენები, რომლებზეც, შეიძლება, არასდროს გვიფიქრია; გვიჩნდება ისეთი გრძნობები, რომლებიც არასდროს განგვიცდია. სიზმრები ხშირად გამოწვეულია გარეგნული ზემოქმედებით, რომლებსაც სული ამახინჯებს და ამრუდებს. ვინც მსუბუქად სუნთქავს – ხედავს, თითქოს მაღლა მიფრინავს, ვინც მძიმედ სუნთქავს – სული ეხუთება, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვება. მაძღარი ძილში კოშმარებს ხედავს, მშიერი – საჭმელს, ზოგს სწყურია, სიზმარში წყალს, მდინარეს ეძებს და ძალიან იტანჯება.
– ხშირად ადამიანებს წარსულში თავს გადახდენილი ამბებიც ესიზმრებათ.
– სიზმრები გამოწვეულია არა მხოლოდ წუთიერი, გარეგნულად განცდილი მოვლენებით, არამედ, წარსულში გადახდენილი ამბებისა და სახეების გახსენებითაც. ამბობენ, რომ სახეები და შთაბეჭდილებები ქვეცნობიერად რჩება ჩვენში; ფარული ფიქრები, სურვილები, ყოველდღიურად ნანახი და განცდილი, ღამით ამოტივტივდება და აღდგება. თუ დღისით ადამიანის გონება კეთილი ფიქრებით არის დაკავებული, მაშინ ის ღამით მშვიდ და უშფოთველ სიზმარს ნახავს. ვინც მთელ დღეს ცუდ რაღაცეებზე ფიქრობს, ჩხუბობს, ის ღამეც მოუსვენრად იმყოფება, ვერ იძინებს ან კოშმარებს ხედავს. თუმცა, ძილის დროს ადამიანის ნერვული სისტემა ისვენებს და გონებას უადვილებს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც მას აღელვებს. ამიტომაც, ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოსავალს სიზმარში პოულობს. ასე რომ, არსებობს ფიზიკური მიზეზით გამოწვეული ბუნებრივი სიზმრები და, ასევე, სულიერი სიზმრები, რომელთა სათავეც ადამიანის სულშია. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სიზმრები მაინც უშინაარსოა, მათ ჩვენი ცხოვრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი სარგებელი, რომელიც მათ ჩვენთვის მოაქვს, არის ის, რომ ისინი დამაჯერებლად მეტყველებენ სულის არსებობაზე. სიზმარი მოჩვენებასავით არის, რასაც ვხედავთ, გვესმის, ვგრძნობთ სიზმარში, არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან.
– მამაო, ხომ არსებობს ღვთივმომადლებული სიზმრებიც?
– რა თქმა უნდა, არსებობს და ეს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდანაც დასტურდება. უკანასკნელი ორი ათასწლეულის განმავლობაში წმიდანებს ბევრი ასეთი სიზმარი უნახავთ, მაგრამ, ასეთი სიზმრები იშვიათია და ისინი, გარდა წმიდანებისა, კეთილმსახურ და წმიდა ადამიანებს ეგზავნებათ ცხოვრებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასაწყვეტად. ღვთივმოვლენილი სიზმრები იმდენად იშვიათია, რომ, სრულიად დაუჯერებელია, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც შევიქმნეთ მათი ხილვის ღირსი. საერთოდ, სიზმრების გარდა, არსებობს ხილვებიც და მათ გამოცხადებასაც ეძახიან. ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ადამიანი ხედავს სიფხიზლეში და არა ძილის დროს და მის ჭვრეტაში ადამიანის ყველა გრძნობა მონაწილეობს. თუმცა, ეს ხილვა, შეიძლება, მომდინარეობდეს როგორც ღვთისგან, ასევე ეშმაკისგანაც. ხილვებს ღმერთი, ჩვეულებრივ, კეთილმსახურ და წმიდა ადამიანებს მოუვლენს, ხოლმე, სარწმუნოებრივი და სულის ცხონებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, არის ისეთი სიზმრებიც, რომელთაც ჩვენთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მათთვის ყურადღების არმიქცევა მოსანანიებელი ცოდვაა. მაგალითად, იყო ერთი ჭაბუკი, რომელიც დროს უაზრო ქეიფსა და გარყვნილებაში ატარებდა. ერთხელ მას მამა ესიზმრა, რომელმაც მკაცრად უბრძანა, რომ ცხოვრება გამოესწორებინა. ჭაბუკმა სიზმარს ყურადღება არ მიაქცია. მაშინ მას სიზმარში კვლავ გამოეცხადა მამა, რომელმაც უთხრა: თუ ცხოვრების წესს არ შეიცვლი, ამა და ამ დღეს მოკვდებიო. ჭაბუკმა სიზმარში მოსმენილი მუქარის აბუჩად ასაგდებად იმ დღეს ლხინი გამართა და ქეიფის დროს უეცრად გარდაიცვალა.
– მაგრამ, არსებობს ეშმაკის მოვლენილი სიზმრებიც. როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი?
– ყველაზე ხშირად სიზმრებს ეშმაკი გვივლენს – მისთვის ეს სირთულესა და პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან, ისიც სულია და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ჩვენს სულთან. არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ ზოგჯერ სიზმარი აგვიხდება. წმიდა მამები ამას იმით ხსნიდნენ, რომ სატანა სწრაფი შიკრიკია – თუ შეიტყობს, რომ ვიღაცას შორს, სხვა ქვეყანაში ახლობელი მოუკვდა, მაშინვე აუწყებს ამის შესახებ სიზმარში, ანუ, ეშმაკები რასაც ხედავენ, იმას სასწრაფოდ სიზმარში გვამცნობენ და ამიტომ არ უნდა მივაქციოთ სიზმარს ყურადღება. ეშმაკისეული სიზმრები უმართავია და ისინი ერთ მიზანს ემსახურება – ადამიანების ცდუნებას და მათ დაღუპვას. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით დაცულები, თუ სიზმრებს ყურადღებას არ მივაქცევთ და მათში რამე აზრის ძიებას არ დავიწყებთ. წმიდა წერილში უფალი ბრძანებს: „ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულებს ფრთებს ასხამს სიზმრები“. „მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცებენ გულს“. სიზმრებით სატანას ბევრი უცდუნებია, წმიდანებიც კი. ამიტომ, მამები, ისე, რომ არც ფიქრობდნენ სიზმრის წყაროზე – ის ღვთივმოვლენილი იყო თუ ეშმაკისეული – უგულებელყოფდნენ მას, არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ბასილი დიდი სიზმრებით გატაცებულებს „კერპთმსახურებს“ უწოდებს და აღნიშნავს: „შენ სიზმრებიც კი გაშინებს და სიზმრად ნანახი მიზნისკენ ილტვი“. სიზმარი ღვთივმოვლენილიც რომ იყოს, სანამ ამაში არ დარწმუნდებით, არ უნდა მიიღოთ. წმიდა გრიგოლი ამბობს: „ხილვა ღვთივმომადლებული რომ იყოს და ჩვენ არ მივიღოთ, მოწყალე უფალი არ განგვირისხდება, რადგან იცის, რომ ეშმაკის საცდურის შიშით არ მივიღეთ იგი“. „თვითონ უფალიც რომ გამოგვეცხადოს, ჩვენ კი, იმის შიშით, ანგელოზის სახით მოსული ეშმაკი ხომ არ გვაცდუნებსო, რომ ვთქვათ: „განვედ ჩემგან, მართლუკუნ, სატანა“, – უფალი არ განგვირისხდება, პირიქით გაიხარებს, რადგან იცის, რომ ასე ეშმაკის საცდურისგან თავის დასაცავად მოვიქეცით“. ეშმაკს უხარია ადამიანებს შორის განხეთქილების, შუღლის ჩამოგდება, რაშიც მას სიზმრები ეხმარება. ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ სხვა ადამიანები, რომლებიც თითქოს მათ მიმართ ცუდად არიან განწყობილნი და, შემდეგ ეს ეჭვის, უსიამოვნო დამოკიდებულების და ზოგჯერ კამათის მიზეზიც ხდება. ბოროტი სულები ხარობენ, როდესაც სიზმრის დახმარებით გვასულელებენ. ისინი ცდილობენ, ეჭვები გაგვიჩინონ, დაეუფლონ ჩვენს სულს, შემდეგ კი ცოდვაში ჩაგვაგდონ და ამისთვის მხოლოდ სიზმრებს კი არ მოგვივლენენ, არამედ ხილვებსაც, რომელთა დახმარებითაც გვაძლევენ რჩევებს, დარიგებებს, რაც, საბოლოოდ, ადამიანების დაღუპვას ემსახურება. მისი მიზანია, დაღუპოს ადამიანის სული და სამუდამო სატანჯველში ჩააგდოს. ამიტომ, საფრთხეს რომ თავი ავარიდოთ, არ უნდა მივაქციოთ სიზმრებს ყურადღება, არ უნდა დავუჯეროთ მათ და უფალს უნდა ვთხოვოთ დახმარება.