რატომ დარჩა პარლამენტის თავმჯდომარე დეფილეს „ბექსთეიჯში“ და ვის შეარქვეს ფრანგმა კრიტიკოსებმა „ქართველი არმანი“
„ჯორჯიან ფეშენ ვიქის“ შემდეგ საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა, მის პლუსებსა და მინუსებზე, მნიშვნელობასა და შეცდომებზე. თბილისელებს ხომ ყველაფერში ცუდისა და საქილიკოს დანახვა გვინდა და არც ეს კონკრეტული მოვლენა ყოფილა გამონაკლისი. იყო ბევრი ჭორი თუ მართალი, მაგრამ, რა შედეგები მივიღეთ მოდის კვირეულისგან, ამას, ალბათ, ყველაზე კარგად სწორედ მაკა მეტრეველი გვიამბობს, რომელიც ყველა ამ ამბის ეპიცენტრში იმყოფებოდა.
მაკა მეტრეველი: მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, შედეგებზე საუბარი მაინც შეგვიძლია. თვითონ მოვლენა საქართველოს მოდის ისტორიაში ძალიან დიდი პოზიტივი იყო და პირობას ვდებთ, რომ შემდეგი ამაზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ იქნება, თუ მეტი არა. მეორე, რაც უმნიშვნელოვანესია, არის მსოფლიო პრესის გამოხმაურება. უამრავი სტატია დაიწერა მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში, უამრავი გადაცემა გაკეთდა. „გუგლში“ უბრალოდ რომ ჩაწერო „ჯორჯიან ფეშენ ვიქ“, იმდენი სტატია და მასალა ამოვა, რომ ბოლოს ვერ უპოვით. დაიწერა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა მოდის კვირეული, რომ ქართული მოდა თურმე არსებობს და, თანაც ძალიან საინტერესოა. დაიწერა კონკრეტულ დიზაინერებზე და ხაზი გაუსვეს რამდენიმე მათგანს. მაგალითად, ავთანდილზე თქვეს, რომ ის „ქართველი არმანია“. დიდი მოწონება დაიმსახურა ირაკლი რუსაძემ და მას „აღმოჩენა“ უწოდეს. გაკვირვებულები იყვნენ, რომ ის თვითნასწავლია და აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს. ბიჭოლას შოუ მოეწონათ ძალიან, და მისი კრეატიული დამოკიდებულება სამოსის მიმართ. არაჩვეულებრივად შეფასდა, ასევე, „ზენკა და მარი“ თავიანთი ქართული ელემენტებით, ანუკა ქებურიას კოლექციიდან აღნიშნეს მისი ფეხსაცმელებისა და ჩანთების განსაკუთრებული სილამაზე და შესრულების ტექნიკა.
– როგორც, გავიგე ირაკლი რუსაძის მთელი კოლექცია გაიყიდა.
– რეალობაში ასე არ ხდება, რომ მივიდეს „ბაიერი“, გადაიხადოს ფული და სასინჯად წაიღოს რაღაც კოსტიუმი. სიმართლე გითხრათ, არც გვეგონა პირველივე კვირეულზე, ყველა კოლექციაზე გაგიჟდებოდნენ და იყიდდნენ. ის კოლექციაც კი, რომელიც ძალიან მოეწონებათ, მხოლოდ სერიოზული პროცედურების შემდეგ ხვდება ამა თუ იმ ბუტიკში. ჯერ „ბაიერს“ მიაქვს ნიმუში, ნახავს, როგორია, ამოწმებს მის შესრულებას, შემდეგ ნახულობს კლიენტს, რომელიც მას იყიდის. ამის შემდეგ უნდა დაიდოს ხელშეკრულება: მან უნდა მისცეს შეკვეთა, რამდენი რა სჭირდება, რა ზომებში, რა მასალის, ფერის და უკვე ამის შემდეგ იწყებს დიზაინერი ხელშეკრულების შესრულებას – ასრულებს დაკვეთას და სამოსს წარმოებაში აგზავნის. „ფეშენ ვიქი“ და, „პრეტ-ა-პორტე“ სწორედ იმას ემსახურება, რომ დღეს ჩვენ ვაჩვენებთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, მთელი ექვსი თვე სწორედ ამ სამუშაოების ჩატარებისთვისაა საჭირო და სეზონზე ეს კოლექცია უკვე მაღაზიებში ხვდება.
– არის შანსი, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი შემოდგომაზე უკვე ევროპულ მაღაზიებში ვნახოთ?
– რა თქმა უნდა. რამდენიმე დიზაინერის სამოსი, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები, სექტემბრიდან პარიზის ბუტიკებში დაიკიდება. კიდევ ერთი რამის დამატება მინდა: პროექტი დადებითი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ყველა სტატიაში მხოლოდ ის კი არ იწერება, რომ ჩატარდა მოდის კვირეული, არამედ, ყველგან ხაზგასმით წერია, როგორი საინტერესო ქვეყანა ყოფილა საქართველო, როგორი აღმოჩენა გააკეთეს ჩვენი ქვეყნის სახით. პოლიტიკასთან, კულინარიასა და ცეკვასთან ერთად, ახლა უკვე ქართული მოდაც ღირსეულ ადგილს დაიჭერს. ერთადერთი პრეტენზია, რაც უცხოელ სტუმრებს ჰქონდათ ჩვენ მიმართ, იყო დროის უქონლობა – იქნებ, მომავალში ცოტა მეტი თავისუფალი დრო გვქონდეს, რომ ჩვენით, არ გვინდა თქვენი არაფერი, ქუჩებში გავიბოდიალოთო. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ ჭრელი აბანოებისა და სამხატვრო აკადემიის არქიტექტურა. აკადემიის სტუდენტების ესკიზებზეც გაოცდნენ, რადგან დღეს საფრანგეთში ამ სტილით უკვე აღარ მუშაობენ, ყველაფერი კომპიუტერით ხდებაო. ფეხით უნდოდათ ყველაფრის მოვლა, ხალხზე დაკვირვება. სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ „ქეჟუალ“ სამოსი, ანუ, როგორ აცვია ხალხს ქუჩაში. ძალიან სერიოზულ ფრანგულ გამოცემაში – „გალა ფრანსში“, ცალკე სტატია დაიწერა „ფეშენ ვიქის“ რიგითი ჩვენებების სტუმართა ჩაცმულობაზე. ფოტოები იყო და სტატია იმის შესახებ როგორი გემოვნებით იცვამენ საქართველოში.
– მინუსები რა იყო, რა უნდა გამოსწორდეს?
– მთავარი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრ ხალხს ჰქონდა მოსვლის სურვილი და ჩვენ მხოლოდ 408 ადგილი გვქონდა. მერე ოც-ოცი სკამი კიდევ დავამატეთ, მაგრამ ხალხი მაინც ფეხზე იდგა. ჩვენებაზე მოხვედრის სურვილს დაემატა ისიც, რომ დიზაინერებმა, მაშინ როდესაც ერთი მოსაწვევი ერთ ადამიანზე იყო გათვლილი, დაარიგეს, როგორც +1 ადამიანი, ანუ, ის მოსაწვევი ავტომატურად ორი ადამიანის გახდა. რეალურად, ამდენი ადამიანის იქ ყოფნა სწორედ ამან გამოიწვია. მართალია, იმ დღეებში ამაზე საშინლად ვნერვიულობდით, მაგრამ, მერე მივხვდით, რომ ასეთი დასწრება ერთი მხრივ კარგიც იყო, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამხელა ინტერესია საქართველოში მოდის მიმართ. თან ეს, ხალხის დაჯდომის პრობლემაც სალაპარაკო გახდა – ზოგს პურის რიგი გაახსენდა და ზოგს კიდევ რა. მაგრამ, ფრანგებმა ამით მხოლოდ ერთი დასკვნა გააკეთეს – ესე იგი, ამ ქვეყანაში მოდა აინტერესებთ.
– ამას ქართული მხრიდან მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – ჩვენებაზე არ ლაპარაკობდნენ, იმდენს რამდენსაც ადგილებზე.
– ეს ისევ ჩვენი პრობლემაა. რატომღაც, ყველას ეგონა, რომ „ვიპ“ სტუმარი იყო. სკამს რომ ეწერა „ვიპ-სტუმარი“, იგივე ეწერათ ფრანგ სტუმრებს ყელსაკიდებზე და შესაბამისად, ის ადგილები მათთვის იყო. ჩვენთვის ყველა ქართველი სტუმარიც პატივსაცემი და „ვიპ“ იყო, მაგრამ, არ იყო ის ადგილები მათთვის. აღმოჩნდა, რომ მთელ საზოგადოებას თავი „ვიპ“ ეგონა და დაიწყო საუბრები, ცხოვრებაში მეორე რიგში არ ვმჯდარვარ, ეს როგორ გამიბედესო და სხვა. ბევრმა მართლა ვიპ-სტუმარმა კი „ბექსთეიჯში“ გაატარა ჩვენებები.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთი მათგანი თქვენი მეუღლეც იყო.
– დიახ, დათო ბაქრაძემ, იმის გამო, რომ ადგილი არ ჰქონდა, ნასიძის ჩვენებას „ბექსთეიჯიდან“ უყურა (იცინის), მაგრამ, ამის გამო პრობლემა არ შეუქმნია. საშინლად ვნერვიულობდი, თითქოს ყველაფერი მწყობრიდან გამოვიდა და დაირღვა, დათო მეხმარებოდა და „ბექსთეიჯში“ შემოვიდა. ამასობაში, უკვე შოუ იწყებოდა, გამოვედი და მან ვეღარ მოასწრო გამოსვლა. პრინციპში, რომ მივედი, მისი ადგილი უკვე დაკავებული იყო და გამოსვლას აზრი აღარც ჰქონდა.
– ბევრი საუბარი იყო ნასიძის ჩვენებაზე, რატომღაც ხალხს ის არ მოეწონა.
– ამის შემფასებლები ნამდვილად არ ვართ. ჩვენ კვირეულის ორგანიზატორები ვართ და არა მოდის კრიტიკოსები. სტუმრებმა კი ეს ჩვენება გადასარევად შეაფასეს. გემოვნებაზე არ დავობენ – ვიღაცას ირაკლი მოსწონს და სხვა არავინ.
– ამბობენ, „შოურუმებიდან“ კოსტიუმები გაიყიდაო.
– არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. „შოურუმიდან“ გაყიდვის უფლება, ჩვენ, როგორც „ექსპო ჯორჯიას“ მოიჯარეებს, ელემენტარულად, საგადასახადო კანონმდებლობით არ გვქონდა. ეს არ იყო მაღაზია. „შოურუმი“ მოეწყო იმისთვის, რომ სტუმრებს, უცხოელები იქნებოდნენ თუ ქართველები, ჩვენების შემდეგ საშუალება მისცემოდათ, ახლოდან დაეთვალიერებინათ კოლექცია, ენახათ მისი შესრულების სტილი, დამუშავება. ამის შემდეგ, კონკრეტული შესყიდვა უკვე სალონში ხდებოდა. შეკვეთის მიღება, რა თქმა უნდა, შეეძლოთ. „ბაიერებმა“ სახელოსნოებში იარეს. იყვნენ ავთანდილთან, ზენკა და მარისთან და ძალიან ბევრთან. მათ აინტერესებდათ, ენახათ იყვნენ თუ არა ისინი მზად მსხვილი შეკვეთის მისაღებად. რამდენი ადამიანი მუშაობს შენთვის, რა ტექნიკა გაქვს, ქსოვილი, ძაფი საიდან მოგაქვს – ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა ვიცი, რომ ბიჭოლა უკვე რამდენიმე დღეში საკუთარ სახელოსნოს ხსნის, გოგა ნიქაბაძეს აქვს სერიოზული წარმოება ბათუმში, მსხვილი სახელოსნო აქვს თამუნა ინგოროყვას, ანუკა ქებურიას, „დალოოდს“. ფრანგებისგან ვიცოდით, რომ, არ იქნებოდა საგანგაშო, თუ არც ერთი დიზაინერის კოლექცია არ გაიყიდებოდა, ის კი არა, მეორე, მესამე კვირეულზეც რომ არ გაიყიდოს, არა უშავს, მეოთხედან კი უკვე უნდა დაიწყოს შესყიდვებიო. მაგრამ, გარდა დიზაინერებისა, მნიშვნელოვანი იყო, მოეწონებოდათ თუ არა თვითონ პროექტი და მისი ორგანიზება, რომ მომავალშიც გაუჩნდეთ აქ ჩამოსვლის სურვილი. აქ კი რა სიტუაცია გვაქვს – მომავალ მოდის კვირეულზე კი არა, ახლავე უნდათ ჩამოსვლა, მაგალითად, მაისში და რაღაცეების გაკეთების სურვილი აქვთ. წასვლის დროს გვითხრეს, კი არ ვითხოვთ მეორე კვირეულის გაკეთებას, მოვითხოვთო. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად იყვნენ გადაღლილები, ძალიან რთული გრაფიკით ვაცხოვრეთ, თუმცა, მაინც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. თვითონ ამბობდნენ, იმდენად დატვირთულები ვართ, ვნერვიულობთ, რამე არ გამოგვრჩესო. მომავალში კი მეტი დრო უნდათ, რომ საქართველოს მთელი ხიბლი შეიგრძნონ. ბოლოს, მინდა პასუხი გავცე კიდევ ერთ განხილვის თემას – რატომ ჰქვია პროექტს „ჯორჯიან ფეშენ ვიქ“ და არა „თბილისი ფეშენ ვიქ“. „რა უბედურებაა – ეს საქართველოს კვირეული, რა გოიმობაა“... ეს მეც გამიგია. როდესაც ჩვენ ფრანგულ მხარეს ვუთხარით, რომ გვინდა, კვირეულს თბილისის სახელი ჰქონდესო, სასაცილოდაც არ ეყოთ. მოდის სფეროში მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა საქართველო სად არის, ისიც კი გაჭირვებით იცის და, თბილისის სახელით რომ გააკეთოთ, ალბათ არავინ ჩამოვაო. პარიზის მოდის კვირეულს პარიზის რომ ჰქვია, მის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. რამდენიმე წელი უნდა ჰქონდეს კვირეულს ქვეყნის სახელი, ისევე როგორც ეს მოხდა უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთშიც კი და, მერე გადავიდეს ქალაქის სახელზე. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში ჩვენი პროექტი „თბილისი ფეშენ ვიქის“ სახელის ქვეშ გაიმართება.