კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის „ფერეს“ ახალი კოლექცია ჰაერის ბუშტუკებისგან შექმნილი


მოდის მეტრი, იტალიელი დიზაინერი, რომელსაც სიცოცხლეშივე შეარქვეს „მოდის არქიტექტორი“, ჯანფრანკო ფერე, საკუთარ მოდის სახლს აღარ ხელმძღვანელობს. მანამ, სანამ ფერესთან ტომაზო აქუილინო და რობერტო რიმონდი მოვიდოდნენ, რომელთაც ეკუთვნით კიდეც 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, მომავალმა მოდის არქიტექტორმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა. განათლებით არქიტექტორმა ჯანფრანკომ სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრა მოდის ხელოვნებაში, რომელიც დაფუძნებულია სადა და ძალიან კონსტრუქციულ სილუეტზე, ულამაზეს ქსოვილებზე. მისი კოლექციები ცნობილია ქალურობით, სინაზითა და ჰაეროვნებით. ის მოდის სფეროში საწვიმარი ლაბადების დიზაინის შექმნით მოვიდა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე „კრისტიან დიორის“ მოდის სახლის მთავარი სტილისტი გახდა. მოგვიანებით, საკუთარი კოლექციებით, ის აბსოლუტურად გამოვიდა „დიორის“ სტილიდან და სხვისი ჩრდილიდან სრულიად ინდივიდუალურ გზაზე გავიდა. იგი საკმაოდ კრიტიკულადაც კი გამოდიოდა მოდის ტენდენციებისა და მოდური ფანდების მიმართ.

ულამაზესი იყო აქუილინოსა და რიმონდის მიერ შექმნილი ახალი კოლექცია. „თხევადი არქიტექტურა“ და „დეკორატიული მინიმალიზმი“ – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ „ფერეს“ 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება, კოლექცია, სადაც თეთრი, შავი, ხორცისფერი ან წყლისფერი კოსტიუმები ენაცვლებოდა ერთმანეთს. ჩვენებაზე საკმაოდ რთული, არეული მუსიკა და გახმოვანება იყო, მაგრამ, წყვილის რიგით მესამე ჩვენება ყველაზე ნათელი და ნაკლებად არეული გამოვიდა. დიზაინერებმა მსუბუქი, უწონო ქსოვილებით იმუშავეს. ორგანზა, კრემისფერი, ჩრდილებით დამუშავებული სპილოსძვლისფერი, სხეულის შიშველი ნაწილები, ოქრო და ვერცხლი – ამ ყველაფრით აქუილინომ და რიმონდიმ მაქსიმალურ ჰაეროვნებას მიაღწიეს. პერანგები და ბლუზები თითქოს ბუშტებისგან იყო შექმნილი, ზაფხულის აბრეშუმის პალტოები მოდელებს საოცარ გრაციოზულობას ჰმატებდა. მთელ ამ კოლექციას კი ორმოცი ულამაზესი პატარა კაბა ამშვენებდა, რომლებიც კოქტეილის კაბებადაა ცნობილი.

ზოგიერთმა მოდის კრიტიკოსმა დიზაინერების არჩევანი მარტივ გამოსავლად მიიჩნიეს. თითქოსდა, მათ შექმნეს კოლექცია, რომელიც ყველა ტიპის ქალს მოეწონებოდა და რომელშიც ძნელად თუ იპოვიდით რაიმე დასაწუნს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ კრიტიკოსებიც მწარედ ცდებიან. დაპლისული, მინაკეცებიანი, საოცრად დამუშავებული ქსოვილებით, ზოგჯერ ოქროს ფოთოლივით რომ იყო ქალის სხეულზე შემოხვეული, შექმნილმა კოლექციამ საოცარი ინტერესი გაუღვიძა ყველა მნახველს. ეს არ იყო უბრალოდ თეთრი კოლექცია მარტივი გადაწყვეტილებებით, ეს იყო სირთულესა და სიღრმეში დანახული სისადავე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამოსშიც იყო ოდნავი გადაჭარბება, მაგალითად, საღამოს კაბის ბიუსტჰალტერი თუ კორსეტი, ისე იყო ჩასმული ლითონის, სავარაუდოდ, რკინის მილში, რომ მნახველსაც კი სულს უხუთავდა.

თუკი ჩვენ „ფერეს“ ღირსეულ მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ, ამ მიმართულებით დიზაინერებს კერვის ტექნიკაზე უფრო ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, ვიდრე ვიზუალურ მხარეზე. სწორედ „ფერეს“ კერვის ხელოვნებით ჰქონდათ შესრულებული აქუილინოსა და რიმონდის პიჯაკი, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა ულტრაქალურად შეაფასეს. ამ ტიპის პიჯაკებზე ულამაზესად გამოიყურებოდა მაღალწელიანი, კოჭთან მომდგარი შარვლები, რომლებიც ვიზუალურად ფეხებს აგრძელებს და თეძოებსაც იდეალურ ფორმას აძლევს.

დიდი მოწონება დაიმსახურა „ფერეს“ საზაფხულო ფეხსაცმელებმა, რომლებთაც ცხვირი მოჭრილი ჰქონდა, კოჭამდე ამოდიოდა და, ერთი შეხედვით, „შუზს“ ჰგავდა. ლითონზე აწყობილი ქუსლები ამ კოლექციისთვის თითქოს ცოტა უხეში იყო, მაგრამ ერთიანობაში ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.


скачать dle 11.3