თეა კიკნაველიძე: „არ მინდა, ვინმემ მაეჭვიანოს, მირჩევნია, მე ვაეჭვიანო“
20 წლის თეა კიკნაველიძე სამოდელო სააგენტო „არ ფეისის“ მოდელია, ხოლო ნიკა ხურცილავა – სააგენტო „სლაიდის“. თეა, იმავდროულად, სწავლობს თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტზე. ნიკა აბიტურიენტია და დამთავრებული აქვს კერძო სასწავლებელი კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით.
ნიკა ხურცილავა: დიდი გართულება არ მაქვს იმაზე, ვინ რას იტყვის ჩემს მოდელობაზე. საქართველოში არის ისეთი სტერეოტიპი, თითქოს ყველა მოდელი ბიჭი ცისფერია. მე და ჩემი ძმაკაცები ვამსხვრევთ ამ სტერეოტიპს. ყველანაირად ვცდილობთ, ამ სფეროში წარმატებას მივაღწიოთ.
თეა კიკნაველიძე: ძალიან სასიამოვნოა ფოტოების გადაღება, მოდელობა. საერთოდ არ ვიღლები და პირიქით, სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, გარემოს მაინც გააჩნია. ფოტოების გადაღების დროს არასდროს ვკომპლექსდები.
ნიკა: პოდიუმზე გამოსვლა ადრენალინია, ბევრი თვალი რომ გიყურებს, ფოტოებს გიღებენ, ძალიან ექსტრემალურია. თანაც ძალიან მიყვარს ექსტრემი, ადრე „პარკურით“ ვიყავი დაკავებული. ინსტიტუტში რომ ჩავაბარებ, მერე ისევ დავუბრუნდები, უდიდესი ექსტრემია. ტრავმებიც მქონია, ექსტრემალური ბიჭი ვარ.
– თეა, გოგონები ხშირად ამბობენ, არ მოგვწონს მოდელი ბიჭებიო.
– ყველა მოდელი ბიჭი ნამდვილად არ არის ცისფერი, მაგრამ არ მიყვარს ისეთი ბიჭი, რომელიც სულ იპრანჭება. ამიტომ, მოდელ ბიჭს, ალბათ, ვერ შევხედავ სერიოზულად. ნიკა ძალიან კარგი და საყვარელია.
ნიკა: მე დიდხანს არ ვდგავარ სარკის წინ, მაგრამ ვცდილობ, რამე არ მქონდეს ცუდად, თმა კარგად დავივარცხნო. რაც შეეხება მოდელ გოგონებს, მომწონს, რატომაც არა, ძალიან კარგები არიან. არ მაქვს რაღაც კრიტერიუმები. გააჩნია, ტიპაჟს და მე როგორ ხასიათზე ვიქნები. ადამიანი თუ ვიზუალურად არ მოგეწონა, იმასთან არ გექნება ურთიერთობა. ამიტომ, ჯერ გარეგნობით ვაფასებ გოგონას.
– ფეხის სიგრძეზე აკვირდები?
– არა, მთლად მასეც არ ვარ. მთავარია, გოგონას ფეხები ყურებიდან ეწყებოდეს, მაგრამ არ გამოიყურებოდეს კარგად; ან ყველაფერი ნახევარ-ნახევარი ჰქონდეს, მაგრამ კარგად გამოიყურებოდეს.
თეა: მეც თავიდან მამაკაცის გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. თუ ვიზუალურად არ მომეწონა, მისი შინაგანი სამყაროც აღარ დამაინტერესებს.
– როდესაც მამაკაცი მოგეწონება, პირველად რისკენ გაგირბის თვალი?
– პირველ ყოვლისა, ალბათ, თვალებში შევხედავ და მერე დანარჩენზე. სიმაღლესაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემზე დაბალი ბიჭი არ მომეწონება. ჭკვიანური, ლამაზი გამოხედვა უნდა ჰქონდეს, რომ დამაინტერესოს. რაც შეეხება ხასიათს, სერიოზული უნდა იყოს, ყურადღებიანი და თბილი.
– გოგონები ხშირად ამბობენ, ბიჭს ერთ უარს რომ ეტყვი, მაშინვე სხვა გოგონასკენ გარბიანო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– არ მქონია ისეთი შემთხვევა, მამაკაცი პირველივე უარზე გაქცეულიყოს ჩემგან. მამაკაცთან არასდროს დამიფასებია თავი, იმას ვამბობ ხოლმე, რასაც გულით ვგრძნობ. თუ რაღაც არ მინდა, უარს ვეუბნები და თუ მინდა, მაშინ – „კის“ ვამბობ. უფრო ხშირად უარის თქმა მიწევს. როდესაც გოგოს არ მოსწონს ბიჭი, მან რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც არ დათანხმდება. ჩემს შემთხვევაშიც ასეა.
ნიკა: თუ გოგონა ძალიან მომწონს, მზე და მთვარე მასზე ამომდის და ია-ვარდი მასზე ჰყვავის, მაშინ ცდას გავაგრძელებ, არ დავანებებ თავს. მაგრამ, არ მინდა, თავი შევაკლა და მისგან არაფერი მივიღო სანაცვლოდ. თუ ვხედავ, გოგონა თავს იფასებს, მაშინ წავალ და იყოს ისე.
– რას აკეთებ, როცა გოგონა მოგწონს?
– არ მაქვს კომპლექსები, რომ გავწითლდე... იცი, რა მინდა გითხრა და ვერ მოვახერხო ვერაფრის თქმა. პირიქით, შეიძლება, ქუჩაში გავაჩერო გოგონა და გავეცნო. ვისთანაც მივსულვარ, ყველა გამიცვნია. უარი არავის უთქვამს.
თეა: მამაკაცი არ უნდა იყოს მორიდებული, არც მორცხვი. პირიქით, თამამი უნდა იყოს და ცოტა თავხედიც.
– მოგეწონება, რომ გაწვალოს?
– ეჭვიანი არ ვარ. სხვა გოგონასთან რომ გაიაროს, მზერით მივხვდები, რომ მასთან არის. არ მინდა, ვინმემ მაეჭვიანოს, მირჩევნია, მე ვაეჭვიანო.
– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?
– მას ისეთი შევუყვარდი, როგორიც ვარ და რატომ უნდა ამიკრძალოს რამე? კოჭებამდე კაბით და ყელიანი მაისურებით ვერ ვივლი. მაცვია ის, რაც მიხდება და ზედმეტად არაფერი მიჩანს. გააჩნია, რას მთხოვს და როგორ. მირჩევნია, მამაკაცმა მომთხოვოს, ვიდრე შემეხვეწოს. თუ შემეხვეწება, არ დავთმობ. თუმცა, მე გენდერული თანასწორობის მომხრე არ ვარ. მამაკაცი უფრო მაღლა უნდა იდგეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავში აუვარდეს და ქალი დაიმონოს.
– შენს დამონებას შეძლებს მამაკაცი?
– არა, ვერ დამიმონებს. პატივს უნდა მცემდეს. კაცი ქალს უნდა მოუფრთხილდეს, მოუაროს და ქალიც მოუვლის. მამაკაცი ჩემს ჭკუაზე თუ ივლის, არ დამაინტერესებს; მე, რაც მინდა თუ ყველაფერს გააკეთებს, მაშინ რაღა გამოვა?!
ნიკა: მე იმ დონემდე მივიყვან ქალს, რომ საბოლოოდ, პირიქით, მე ვატარებ ჩემს ჭკუაზე. ისეთ რაღაცეებს ჩავაწვეთებ, რაც მე მჭირდება, რომ მითხრას.
– თეა, მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონება?
– კი. თუ არ მაკონტროლებს, არ აინტერესებს სად ვარ, მაშინ, რა აზრი აქვს ურთიერთობას? მამაკაციც უნდა გააკონტროლო ჩუმად. თუ იტყუება, მაინც გამოიჭერ.
ნიკა: ვერ ვიტან, თავზე რომ მევლებიან, ზედ მყვებიან, დღეში რამდენჯერმე მირეკავენ, სად ხარო. რაღა სიტყვით გადამევლოს თავზე, ისე არ ჯობია?!
– თეა, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს? ხშირად გოგონები იმასაც ამბობენ – მერე რა, მიღალატოს მამაკაცმა, მთავარია, ეს მე არ გავიგოო.
– რომ გავიგო, ჩემნაირად ჰყავს ვინმე, დავშორდები. მაგრამ, თუ მთვრალია და ერთხელ გაივლის ვინმესთან, ამის გამო ისტერიკებს ხომ არ მოვაწყობ.
ნიკა: ქალმა უნდა შეასრულოს ყველაფერი, რასაც კაცი მოითხოვს და ისიც არ წავა სხვასთან. როდესაც ქალთან მექნება რაღაც კავშირი, არ მივცემ თავს იმის უფლებას, სხვასთან წავიდე. მაგრამ, თუ მასთან არ მაქვს ახლო ურთიერთობა, სხვა ქალთან რომ წავიდე, არაფერი არ უნდა მითხრას.