კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩემმა არაკაცურმა საქციელმა
ოჯახი და ახლობლები სამუდამოდ დამაკარგვინა

ამ წერილს ციხიდან გწერთ. უკვე შვიდი წელი ხდება, ვზივარ. რამდენიმე თვეში ჩემი სასჯელის ვადა იწურება და ძალიან ვნერვიულობ – არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, როგორ უნდა შევხედო თვალებში ჩემს ოჯახსა და ნათესავებს. ვიცი, რომ ნამდვილი არაკაცობა ჩავიდინე, ისეთი, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ძალიან ვნანობ. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ყველაფერს შევცვლიდი, მაგრამ, გვიანია სინანული, მოსახდენი მოხდა და, არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახისა და ნათესავების ცხოვრება თავდაყირა დადგა. ჩემს არაკაცობას შეეწირა ჩემი ნაამაგარი ბიძა (დეიდის ქმარი), ლოგინად ჩავარდა დედა და ჩაიშალა ჩემი დის ქორწილი – საქმროს ოჯახმაც და თვითონ საქმრომაც უარი თქვეს ჩვენს ოჯახთან დანათესავებაზე.

უფრო გასაგები რომ იყოს, დაწვრილებით გიამბობთ, რაც ჩავიდინე, იქნებ ამით ოდნავ მაინც მომეშვას გულზე.

ლაწირაკი ბიჭი ვიყავი, 16 წლის. მკლავი მერჩოდა და სულ ჩხუბზე მეჭირა თვალი. სკოლაში სიარულიც, პრაქტიკულად, შევწყვიტე და სულ ქუჩაში ვეგდე. ჩემი მშობლები დილიდან გვიან საღამომდე მუშაობდნენ და სათანადო ყურადღებას ვერ მაქცევდნენ. ამიტომ, მე და ჩემი და ძირითადად დეიდაჩემთან ვცხოვრობდით – სახლში მარტო დასაძინებლად თუ მივდიოდით. დეიდა გვერდითა სადარბაზოში ცხოვრობდა ქმარ-შვილით, არ მუშაობდა და ჩვენც ისევე გვივლიდა, როგორც საკუთარ ერთადერთ შვილს. ბიძაჩემიც არაჩვეულებრივი კაცი იყო, თან გვყვებოდა. ყველგან იმას ამბობდა, სამი შვილი მყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი (თვითონ ქალიშვილი ჰყავდათ), გოგონები გათხოვდებიან და წავლენ, მე კი ზურამ (ანუ – მე) უნდა მიპატრონოს, ამან უნდა დამასაფლავოსო. სამწუხაროდ, მართლაც ისე მოხდა – მე დავასაფლავე, ოღონდ, არა იმ გაგებით, როგორც ბიძაჩემი ამბობდა. ჩემ გამო გაუსკდა გული და გარდაიცვალა.

ერთი სიტყვით, ნამდვილი ქუჩის ბიჭი გავხდი. მერე, ნელ-ნელა ჩამითრიეს უბნის უსაქმურებმა. ერთხელ „საქმეზეც“ წამიყვანეს, სადაც, ასე ვთქვათ, „თავი გამოვიჩინე“ და საკმაოდ ხშირად დავიწყე მათთან ერთად საქურდავად სიარული.

ერთხელ ბიძაჩემმა რაღაც იეჭვა, ცალკე გამიყვანა და მითხრა: როგორ მიყვარხარ ხომ იცი, საკუთარ შვილად მიმაჩნიხარ, თან, შენზე პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული და, რომ არ გითხრა, არ შემიძლია: ეს ბოლო ხანებია, რაღაცით არ მომწონხარ, მეჩვენება, რომ ცუდ წრეში მოხვდი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ძალიან საეჭვოდ დადიხარ სადღაც შუაღამემდე. ამ ცალფეხა კაცმა (ბიძაჩემი ინვალიდი იყო) როგორ გდიო კუდში, არადა, აშკარად რაღაც ცუდი ხდება ჩვენს თავს. მოკლედ, ჯერჯერობით არც დეიდაშენს ვეტყვი არაფერს და არც შენს მშობლებს – იქნებ, მართლაც, ვცდები. მაგრამ იცოდე, თუ რამე ცუდში გამოგიჭირე, არ დაგინდობ. დარწმუნებული იყავი, მოთვალთვალეები გეყოლება მოჩენილი, თან ისე, აზრზე რომ ვერ მოხვალ და შენი ყოველი ნაბიჯი მეცოდინებაო. ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ბიძაჩემს ძალიან კი ვუყვარდი, მაგრამ, ვიცოდი, რამე რომ გაეგო, კარგი დღე არ გამითენდებოდა. ამიტომ, ჩემს „საძმოს“ ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და ერთთვიანი „შვებულება“ ავიღე: თითქმის მთელ დღეს სახლში (ანუ, ბიძაჩემთან) ვატარებდი და ყველას თვალებში შევციცინებდი. ჩემმა ეშმაკობამ გაჭრა: ერთი თვის დაკვირვებისა და აღმზრდელობითი საუბრების შემდეგ, ბიძაჩემს ეჭვები გაუქარწყლდა და ჩემ მიმართ ნდობა ისევ აღუდგა. თვის ბოლოს მითხრა კიდეც, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება, რომ შევცდი და ბოდიშს გიხდი, შენში ეჭვი რომ შემეპარაო. მე არც კი გავწითლებულვარ, ისე „ვაპატიე“ უნებლიე „შეცდომა“.

სწორედ იმ კვირაში ბიძაჩემს ფეხის მდგომარეობა ძალიან გაურთულდა და ექიმმა უთხრა, სასწრაფო ოპერაციას თუ არ გაიკეთებ, საერთოდ ვეღარ გაივლი და მერე ოპერაციაც აღარ გიშველისო. რადგან ოპერაციისთვის საჭირო ფული არ ჰქონდათ, სასწრაფოდ გაყიდეს მანქანა თავის გარაჟიანად და ფული სახლში შეინახეს, ბანკში აღარ შეუტანიათ. ოთხშაბათი საღამო იყო, ორშაბათს კი უკვე საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ. ჩემი თანდასწრებით დეიდაჩემმა ისე შეინახა ამხელა თანხა კარადაში, თეთრეულის ქვეშ, ერთი წუთითაც არ უფიქრია არც ცოლს და არც ქმარს ჩემი თვალისთვის მოერიდებინათ ის. გამიხარდა, ასე რომ მენდობოდნენ და მადლიერებით ისე ამევსო გული, ლამის ცრემლები წამოვყარე. ღმერთს გეფიცებით, იმწუთას თუ რამე ცუდი აზრი მქონოდა. ისე გავიდა ის ორი-სამი დღე, ის თანხა აღარც გამხსენებია.

პარასკევს, საღამოს, ისევ გავიპარე ბირჟაზე. ბიჭები დიდი ოვაციით შემხვდნენ, მაგრამ, ცუდი ამბავი დამახვედრეს: ერთ-ერთი მათგანი რაღაც ძალიან დიდ შარში გახვეულა და თუ ორშაბათს, დილას, საკმაოდ დიდ თანხას არ მიიტანდა დანიშნულ ადგილზე, მასაც მოკლავდნენ და მის ოჯახსაც არ დააყრიდნენ ნაკლებ დღეს. ისეთ „გალავარეზებს“ იყო გადაყრილი, რა უნდა გვექნა, დავტრიალდით, მივდექ-მოვდექით, ზოგი „შევაწერეთ“, ზოგი ვითხოვეთ, ზოგი წავართვით, ზოგიც ჩვენივე სახლებიდან გავიტანეთ რაღაც ნივთები და გავყიდეთ (თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ სახლიდან მარტო მე მოვპარე ნივთები ჩემს მშობლებს, დანარჩენებმა სხვების სახლებიდან გაიტანეს). მაგრამ, ნახევარ თანხასაც ვერ მოვუყარეთ თავი. არადა, დროში „ვიწვებოდით“. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. „სხოდკის“ მაგვარი რაღაც მოვაწყვეთ და ყველას საყურადღებოდ დაისვა კითხვა – ვინმეს ხომ არ ეგულება რომელიმე ნაცნობის ოჯახში, სახლში დადებული რაიმე თანხა. მხოლოდ მაშინ მომაგონდა ბიძაჩემის ფული, მაგრამ თავიდან ხმამაღლა არაფერი მითქვამს, თუმცა კი ავწრიალდი. ბიჭებმა შემატყვეს, რომ ვიშმუშნებოდი და პირდაპირ მომთხოვეს, მისამართი დამესახელებინა. მე არ დამიმალავს და ყველაფერი ისე ვუამბე, მათ, როგორც სინამდვილეში იყო. მაგრამ, მაინც მკაცრი განაჩენი გამოიტანეს: ბიძაშენი უკვე ხნიერია (სულ 60 წლის იყო მაშინ) და, ლოგინადაც რომ ჩავარდეს, არაფერი უჭირს, აქ კი ახალგაზრდა კაცსა და მის ოჯახს სიკვდილი ელითო. ამიტომ, ის თანხა აუცილებლად კვირა საღამომდე უნდა გამოგვეტანა ბინიდან, რომ ორშაბათს დილითვე ჩაგვებარებინა, თორემ მერე უკვე აზრი აღარ ექნებოდა. ხმა ვერ ამოვიღე, იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. ბიჭებმა ის „შეღავათი“ გამიკეთეს, რომ თან არ წამიყოლეს, მე მხოლოდ ბინის გეგმა დავხაზე.

მერე კი მოხდა საშინელება: ბინაში შუაღამისას შესულ ჩემს ძმაკაცებს ბიძაჩემი მღვიძარე დახვედრია და წინააღმდეგობა გაუწევია. ამიტომ, დაუბამთ და პირი „სკოჩით“ აუკრავთ. ხმაურზე დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილი შემოცვენილან და კივილი აუტეხავთ. ამათ კი ქალები ჯერ უცემიათ, მერე თავში რაღაც ჩაურტყამთ და, რომ გაითიშნენ, ისინიც დაუბამთ. ფული, ცხადია, წამოიღეს. მეორე დილით მეზობელს დაუნახავს ღიად დატოვებული კარი და იმას უპოვია სამივე ასეთ მდგომარეობაში. დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილი შედარებით მალე მოასულიერეს, მაგრამ ბიძაჩემისთვის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და მძიმე ინფარქტით საავადმყოფოში წაიყვანეს.

ისე მოხდა, რომ ჩემი „ძვირფასი“ მეგობრები სამ დღეში დააკავეს. თუმცა, თანხა უკვე გადაცემული ჰქონდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბიძაჩემი მაშინვე მიხვდა, რომ ამ საქმეში მე ვერიე, თუმცა გამომძიებელთან არ დავუსახელებივარ, ისევ „ძმაკაცებმა“ ჩამიშვეს – „ნაკოლი“ ზურამ მოგვცაო. რა თქმა უნდა, მეც დამაპატიმრეს. ეს რომ გაიგო, ბიძაჩემს ხელმეორედ დაემართა ინფარქტი და გარდაიცვალა. ეტყობა, გულში კიდევ იტოვებდა იმედს, მაგრამ, ეს იმედიც რომ გაუქრა, გულმა ვეღარ გაუძლო. ჩემს დაპატიმრებას კიდევ ის მოჰყვა, რომ დედაჩემს დამბლა დაეცა, დღემდე ლოგინსაა მიჯაჭვული და მამაჩემი და ჩემი და უვლიან. ერთმა ნაცნობმა მომიტანა ამბავი, შენი სახელის ხსენებაც კი აკრძალული აქვთ შენს მშობლებსო. ნამდვილად ასე იქნება, რადგან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც კი, არც ერთი მათგანი არ მოსულა ჩემ სანახავად. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დედაჩემმა და დეიდაჩემმა სამუდამოდ დაკარგეს ერთმანეთი. ჩემ დაზე კი, რომელიც, ქურდობა რომ მოხდა, იმ თვის ბოლოს უნდა გათხოვილიყო ძალიან კარგ ბიჭზე (ქორწილიც კი დანიშნული ჰქონდათ), ბიჭმაც და მისმა ოჯახმაც უარი თქვეს – ასეთი ძმის პატრონი თვითონ რით იქნება უკეთესიო. ერთი სიტყვით, ჩემს დასაც დავუნგრიე ცხოვრება და ახლაც გაუთხოვარი ზის სახლში.

აი, ყველაფერ ამის შემდეგ რამდენიმე თვეში, სახლში უნდა დავბრუნდე, მაგრამ, არ ვიცი, მიმიღებენ თუ არა.

P. S. მაინც არ მინდა, რომ თანამოსაკნეები და ჩემი ყოფილი ძმაკაცები მიხვდნენ, ამ წერილის ავტორი რომ მე ვარ. ამიტომ, ბევრი სიტუაცია, ნათესაური კავშირები, სახელები და რაღაც ნიუანსები თავის დასაზღვევად შევცვალე.

ზურა, 24 წლის.



მშობლები მე და ჩემს ქმარს არ გვირიგდებიან

გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ერთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი გავიპარეთ, რადგან ჩემი ოჯახი იყო წინააღმდეგი. მიზეზად კი ის ჰქონდათ, ნათესავები ხართ და თქვენი ქორწინება არ შეიძლებაო. მაგრამ, რანაირი ნათესავები ვართ, როცა, ლევანი ბიცოლაჩემის დის შვილიშვილია, ანუ, ერთმანეთთან არანაირი სისხლისმიერი ნათესაობა არ გვაკავშირებს. სხვათა შორის, სანამ გავიპარებოდით, ეკლესიაშიც ვიყავით და მოძღვარს ვკითხეთ. მან კი ნება დაგვრთო, მაგრამ ჩემს მშობლებს (სხვათა შორის, ლევანის მშობლებსაც) ამის გაგონებაც არ უნდათ და გაიძახიან, ღმერთი არ გაპატიებთ ასეთ ცოდვასო. არც ერთი მხარე არ გველაპარაკება. ვერ გავიგეთ, რა უნდათ, რას გვერჩიან, რატომ გვიმწარებენ ცხოვრებას? მათი წყალობით ისეთი დაძაბული ცხოვრება გვაქვს, ლამისაა, მუცელი მომეშალოს. ამ ბოლო ხანებში ვატყობ, რომ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს უმიზეზოდ ვეკინკლავებით და სული ყელში გვაქვს ამოსული. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მშობლები ერთმანეთს ასწრებენ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, მაინც ვცდილობთ, საკუთარი მშობლები გავამართლოთ და ყველაფერი მეორისას გადავაბრალოთ. მერე ლევანი იწყებს ყვირილს, მე ვიწყებ ტირილს და ერთმანეთს საღამომდე ვებუტებით. მართალია, ბოლოს მაინც ვრიგდებით, მაგრამ ასეთი სისტემატური დაკა-დაკა ჩვენს ურთიერთობას აშკარად ცუდ დაღს ასვამს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ, შვილიშვილის გაჩენამ მაინც მოულბოთ მათ გული და მიხვდნენ, რომ ძალიან ცდებიან.

გვანცა, 19 წლის.



როგორ გახდა ჩემი დაქალი ჩემი რძალი

ძალიან სიმპათიური ძმა მყავს. სხვა მხრივაც, იმდენად კარგი ტიპია, გოგონები ვენებს იჭრიან, ოღონდ გაიცნონ და ერთხელ მაინც გაიარონ მის გვერდით. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ნამდვილად თავში არ ავარდნია და ყველა გოგონასთან, თუნდაც ნაკლებად ლამაზთან, მეგობრული ურთიერთობა აქვს. სხვათა შორის, სულ არ არის ეშმაკი და ცინიკური ბიჭი, პირიქით, ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ მიმნდობი, გულჩვილი და გულუბრყვილოა. შეიძლება, გაგიკვირდეთ, ან არ დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ასეთია და ამის დასადასტურებლად მოგიყვებით, რაც დაემართა.

ჩემი ჯგუფიდან რამდენიმე გოგონასთან ვდაქალობდი, უფრო ზუსტად, თავიდან დაქალები ოთხნი ვიყავით. მათგან ერთ-ერთი – ნანა, ვახოს მოეწონა, ნანასაც მოსწონდა და უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მეხუთე დაქალი კი, ნინო, სულ რამდენიმე თვის წინ შემოგვიერთდა, უფრო სწორად, უხეშად თუ ვიტყვი, შემოგვეკედლა. რაღაცნაირად, უარი ვერ ვუთხარით და მივიღეთ ჩვენს „სასტავში“. თავიდან ცოტა მორიდებით იყო, მერე კი ისე გაიდგა ფესვები, აშკარად ოთხივეს გვმართავდა და ჩვენც ყველაფერში ვემორჩილებოდით მის ნება-სურვილებსა და მითითება-ბრძანებებს. მე და ჩემი დაქალები ძირითადად ჩემთან ვიკრიბებოდით ხოლმე, რადგან მამაჩემს არ უყვარდა, როცა დიდი ხნით სახლიდან გავდიოდი. დედაც და ჩემი ძმაც სულ იმას მეუბნებოდნენ, ოღონდ აღმა-დაღმა ნუ იბოდიალებთ და, თუ გინდა, ყოველდღე ათ-ათი მეგობარი მოიყვანე სახლშიო. ჩვენს მყუდრო ოჯახში თავს ყველა კარგად გრძნობდა და ამიტომ სხვაგან წასვლის სურვილი იშვიათად გვიჩნდებოდა. ის კი არა, ძალიან ხშირად ჩემი დაქალები ღამითაც კი რჩებოდნენ ხოლმე ჩვენთან და არც მათი მშობლები იყვნენ ამის წინააღმდეგი, რადგან იცოდნენ, რომ აქ არაფერი გაუჭირდებოდათ.

ცოტა რომ შემოგვეჩვია, ჩემთან დარჩენა ნინომაც დაიწყო. თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ, მერე და მერე, რომ მოუხშირა დარჩენას, სადღაც, გულის სიღრმეში რაღაც უსიამოვნო გრძნობა მქონდა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ერთ დღეს კი ჩემი წინათგრძნობა ახდა: იმ ღამეს ნინო ისევ დარჩა ჩემთან. ჩემი ძმა გვიან მოვიდა სახლში, ნასვამი იყო და მაშინვე დაწვა დასაძინებლად. მე და ნინომ კარგა ხანს ვიჭორავეთ და, შუაღამეს გადაცილებული იყო, რომ ჩაგვეძინა. დილაუთენია წყურვილმა გამაღვიძა. ნახევრად მძინარე წამოვდექი, რომ სამზარეულოში გავსულიყავი, მაგრამ ნინო საწოლში არ დამხვდა. ვიფიქრე, ტუალეტში გავიდა-მეთქი, მაგრამ, იქაც არ იყო. შეშფოთებულმა დავუწყე ძებნა, რომ, უცებ, გაიღო ჩემი ძმის ოთახის კარი და იქიდან ნინო გამოვიდა ქურდული ნაბიჯით. თვალი რომ მომკრა, უცებ ტირილი დაიწყო – შენმა ძმამ გამაუპატიურაო. მაშინვე შევვარდი ჩემი ძმის ოთახში, იმას კი ღრმად ეძინა. ამ ალიაქოთზე ჩემი მშობლებიც გამოცვივდნენ და ატყდა ერთი ამბავი. ჩემი ძმა ძლივს გავაღვიძეთ და გონზე ვერ მოვიდა. რომ გამოფხიზლდა, თავს იკლავდა, მსგავსი არაფერი მომხდარაო, მაგრამ ჩვენი სისულელით, არ დავუჯერეთ, მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნინო ჩემი რძალი გახდა. თავიდან ფისოსავით იქცეოდა, თუმცა, ცოტა ფესვი რომ გაიდგა, ისეთი ბრჭყალები გამოიჩინა, ლამის ყველა გაგვაქციოს სახლიდან. საწყალი ჩემი ძმა ისეთ დღეშია, დანა კბილს არ უხსნის. ქალბატონმა კი გამოაცხადა, ამათი (ანუ, ჩვენი) ზეგავლენის ქვეშ ხარ, იმიტომ არ გიყვარვარ და ცალკე უნდა ვიცხოვროთო. ახლა ბინას ვყიდით, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ. აღარაფერს დავეძებთ, ოღონდ მაგათი ურთიერთობა მოგვარდეს. მაგრამ, საცოდავმა ჩემმა ძმამ როგორ უნდა იცხოვროს ამ აფთრის გვერდით, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი აზრით, ვერც შვილების გაჩენა გამოასწორებს მათ ურთიერთობას, თუ პირიქით არ მოხდა.

ეთო, 22 წლის.



გოგონებს ფულიანი ბიჭები უყვართ

რა უნდათ ამ გოგონებს, ვერ გავიგე. კაცმა რომ ჰკითხოს, რომანტიკულები არიან და უპირატესობასაც რომანტიკულ, ყურადღებიან, მზრუნველ, რბილი და თბილი ხასიათის ბიჭებს ანიჭებენ. მეც ასე მეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე, ეტყობა, განსხვავებული გოგონები შემხვდნენ.

შეიძლება, გაგეცინოთ, ან, უბრალოდ, არ დამიჯეროთ, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხმა გოგონამ მიმატოვა. ამ ოთხიდან არც ერთისთვის არ მომიკლია ყურადღება, არც სეირნობა, არც სიურპრიზები და საჩუქრები, მაგრამ, გამოვიდა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყარა. რაღაც დრომდე ყველა მშვენივრად იფერებდა ჩემს ასეთ თან გადაყოლას, მაგრამ რაღაც მომენტში, უცბად, ისეთ „პენალს“ დამირტყამენ ხოლმე, გაოგნებული, და გამოგიტყდებით, ძალიან გულნატკენი ვრჩები. რაღა დაგიმალოთ და, დავკომპლექსდი. ვერ გავიგე, რატომ მიწუნებდნენ გოგონები, რით ვიყავი სხვა ბიჭებზე ნაკლები: გარეგნობით, ბრეტ პიტი ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც აღნაგობით, არც სახით, არც განათლებით, არც ინტელექტით, არც იუმორის გრძნობით, ნამდვილად არავისზე ნაკლები არ ვარ; არც ხასიათი მაქვს ღრჯუ და აუტანელი. საგონებელში ჩავვარდი. ბევრი ვიფიქრე, ოთხივე გოგონასთან ურთიერთობა, რომ იტყვიან, სათითაოდ, გავაანალიზე და ერთ დასკვნამდე მივედი: ჩემთან ყოფნა მანამ სიამოვნებდათ, სანამ რესტორნებში, დისკოთეკებზე, „ტუსოვკებსა“ და სხვა მსგავს „ღონისძიებებზე“ დამყავდა; არც ძვირფას საჩუქრებზე ამბობდნენ უარს, მაგრამ, საკმარისი იყო, ან ფეხით გასეირნება შემეთავაზებინა, ან რაიმე ოდნავ ინტელექტუალური „გასვლითი ღონისძიება“, ან, თუ შემატყობდნენ, რომ იმ დღეს ფულის ნაკლებობას განვიცდიდი და დაქალებიანად ვერ წავიყვანდი რომელიმე „სამარიაჟო“ სიტუაციაში, მაშინვე თავს მამეტებდნენ და მაგრძნობინებდნენ, რომ მათი ღირსი არ ვიყავი. ერთი სიტყვით, რაც მეტად ვყვებოდი თან, მით მეტს მოითხოვდნენ ჩემგან და, ვაი ჩემი ბრალი, თუ ბოლომდე ვერ „გავქაჩავდი“ მათი პრეტენზიების დაკმაყოფილებას – მაშინვე თავს მაყვედრიდნენ და მიტოვებით მემუქრებოდნენ, რასაც, საბოლოოდ, ასრულებდნენ კიდეც. ეს დასკვნა რომ გამოვიტანე, იმაშიც დავრწმუნდი, ოთხივე მხოლოდ გართობისა და გამორჩენის მიზნით დადიოდა ჩემთან. კიდევ იმას მივხვდი, რომ, ჩემში კი არ არის ამის მიზეზი, არამედ გოგონების უმრავლესობაა ასეთი და ბიჭებს სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ რჩეულ გოგონას ის ისეთი უყვარს, როგორიც არის (ცხადია, ერთეულ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). თუ ჩემი არ სჯერათ, ჩაატარონ ასეთი ექსპერიმენტი: უთხრან შეყვარებულს, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში ფული არ ექნებათ, მანქანით ვერ ასეირნებენ, საჩუქრებს ვერ გაუკეთებენ და რეაქციას დაელოდონ. შემიძლია, ნიძლავი დავდო, ათი გოგონადან ცხრა, აუცილებლად მიატოვებს, ზოგი – მაშინვე, ზოგი კი – მოკლე ხანში. ის მეათე კი იმ ორი-სამი თვის გასვლას დაელოდება და, თუ ბიჭის ფინანსური მდგომარეობა არ აღდგა, ისიც მიხედავს თავს – ვინმე ფულიანს მოძებნის.

ყველას წარმატებას ვუსურვებ, მე კი, თუ გოგონა მომეწონა, ღარიბ ბიჭად გავეცნობი და თუ ასეთთან მაინც მოინდომა ურთიერთობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ მასზე სერიოზულად.

თემო, 23 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3